Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №29აგ-23 თბილისი

დ-ი ე., 29აგ-23 8 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ე. დ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. 2023 წლის 7 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ე. დ-ის ადვოკატმა მ. ნ-მა, რომელმაც მოითხოვა ე. დ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა, საქმის არსებითი განხილვა და ახალი განაჩენის დადგენა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ადვოკატმა მ. ნ-მა, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას შუამდგომლობის დაშვებისა და გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე ე. დ-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება სასამართლოს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც აღარ ექვემდებარება სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრებას. ამავე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელიც აპელანტს უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად მიაჩნია, შეუძლია, გაასაჩივროს სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ან მაგისტრატი მოსამართლის განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.

4. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

5. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 279-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი მხოლოდ ისეთი განაჩენი, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და შემაჯამებელიც (საბოლოო – რომელიც აღარ საჩივრდება). ამდენად, დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, მაგრამ არ არის შემაჯამებელი (საბოლოო).

6. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით გაირკვა, რომ მსჯავრდებული ძებნილია და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მსჯავრდებულ ე. დ-ის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და სამართალწარმოება არ დასრულებულა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განაჩენი არ წარმოადგენს შემაჯამებელ (საბოლოო) გადაწყვეტილებას, რის გამოც დაუშვებელია ამ განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა (მაგ., იხ. სუსგ: №3აგ-22, №38აგ-21, №39აგ-21, 21აგ-17).

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ე. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე