Facebook Twitter

¹ 3კ-685-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისის სასამართლოს 1996წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ.-ს “ს.-ის” ქუთაისის განყოფილების სასარგებლოდ დაეკისრა 2120 აშშ დოლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 530 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ეროვნული ვალუტის – ლარის გადახდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად 1996წ. ივლისში დ.გ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ.ქუთაისში, ..., საჯარო ვაჭრობის წესით შეიძინა მ. ბ.-მ, რომელზედაც გაიცა საჯარო ვაჭრობის აქტის ასლი ტექაღრიცხვის ბიუროში რეგისტრაციისათვის წარსადგენად. 1997წ. 30 სექტემბერს გ. ბ.-სა და თ. ბ.-ს შორის დაიდო სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

1998წ. 31 მარტს ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა დ. და ქ. გ.-ების სარჩელი და საჯარო ვაჭრობის აქტი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული სახლი შეიძინა მ.ბ.-მა, ცნობილ იქნა ბათილად. სადავო სახლი აღირიცხა გ.-ის სახელზე.

თ.ბ.-მ სარჩელი აღძრა ქ.ქუთაისის სასამართლოში მოპასუხეების დ.გ.-ისა და ქ.ქუთაისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიმართ და მოითხოვა ტექაღრიცხვის ბიუროს რეგისტრაციის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა საჯარო ვაჭრობის აქტი, მაგრამ არ გაუქმებულა მ. ბ.-ის სახლმფლობელობა და რეესტრში სათანადო რეგისტრაცია; არ გაუქმებულა აგრეთვე, სანოტარო წესით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც თ. ბ.-მ შეიძინა საცხოვრებელი სახლი მ. ბ.-ისაგან. სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომლითაც ტექბიურომ იხელმძღვანელა, არაფერია ნათქვამი საჯარო ვაჭრობის წესით გაყიდული საცხოვრებელი სახლის დ.გ.-ისთვის დაბრუნებაზე; დ. და ქ. გ.-ების სარჩელი ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ ისე იქნა განხილული, რომ საქმის წარმოებაში არ იქნა ჩაბმული თ.ბ.-ი.

ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ბ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ.ბ.-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი – ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის დ. გ.-ის სახელზე 1998წ. 6 აგვისტოს რეგისტრაციის შესახებ და ძალაში დარჩა სახლთმფლობელობის თაობაზე აღნიშნულ რეგისტრაციამდე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.გ.-მ, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 29 მაისის განჩინებით დ. გ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 26 დეკემბრის განჩინებით თ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ბ.-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 ივნისის განჩინებით თ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 26 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 1 ივნისის გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა თ.ბ.-ის სარჩელი. გაუქმდა ქუთაისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 1998წ. 6 აგვისტოს ჩანაწერი ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის დ. გ.-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ, ძალაში დარჩა სახლმფლობელობის შესახებ აღნიშნულ რეგისტრაციამდე არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ.-მ და ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი საფუძვლით: ქ.ქუთაისის სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით 1996წ. ივლისში ჩატარებული საჯარო ვაჭრობის აქტი, რომლითაც გაიყიდა გ.-ის სახლი და გადავიდა ბ.-ის სახელზე, ცნობილ იქნა ბათილად. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. ბ.-მ სადავო სახლი ბ.-ზე გაყიდა იმ დროს, როცა სასამართლოში იხილებოდა საქმე საჯარო ვაჭრობის გაუქმების შესახებ, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი არა მხოლოდ საჯარო ვაჭრობა, არამედ ბ.-ის სახელზე სახლის გადასვლაც. ბათილობის შედეგი კი არის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც 1997წ. 30 სექტემბერს დაიდო ბ.-სა და თ. ბ.-ს შორის ძალაშია, არავის გაუუქმებია და ბ.-ი კანონირად იყო რეგისტრირებული სადავო სახლის მესაკუთრედ. სადავო სახლის გ.-ის სახელზე აღრიცხვა, მოხდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც 1996წ. ივლისში სადავო სახლზე შემდეგი საჯარო ვაჭრობის აქტის ცნობილ იქნა ბათილად. გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი სახლის კვლავ გ.-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ, ხოლო მოსამართლე ფ.-ის წერილი გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია მტკიცებულებად, რადგან იგი შედგენილი არ არის იმ დროს მოქმედი სსკ-ს 213-ე მუხლის შესაბამისად. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 31 მარტის გადაწყვეტილებაში არა მხოლოდ საჯარო ვაჭრობის აქტი იქნა ბათილად ცნობილი, არამედ ვაჭრობის შედეგად ბ.-ის სახელზე სახლის გადასვლა, რადგან ასეთი ხსენებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, ხოლო მოსამართლე ფ.-ის წერილის საფუძველზე ბინის გ.-ის სახელზე აღრიცხვა მოკლებულია კანონიერ საფუძველს, გარდა ამისა სკ-ს 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად რეგისტრირებული არის საჯარო რეესტრში.

ბ.-ი უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ შემძენად, რადგან მის მიერ ბინის შეძენის დროს ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ბ.-ი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 416-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.