Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-686-03 17 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “ზ. ხ.” მესაკუთრე პ. ო-მა და მოპასუხე მ. ც-ისაგან მოითხოვა თავისი კუთვნილი თხევადი აირის ორი _ ¹61 და ¹88 საცავის დაბრუნება.

მოსარჩელე მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე:

შპს “ხ.” დამფუძნებელი და წილთა 100%-ის მესაკუთრეა თვითონ პ.ონიანი, ხოლო დირექტორი – ბ. ლ-ე. ხორცკომბინატის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია თხევადი აირის სარეალიზაციო პუნქტი, რაც ასევე წარმოადგენს შპს “ხ.” საკუთრებას. მისი დავალებითა და თანხით, ბ.ლ-ემ ქ.რუსთავში ს.ს. “გ.” დაამზადებინა თხევადი აირის ორი ჭურჭელი, რომლებიც ბ.ლ-ემ 2001 წელს სიტყვიერი გარიგებით მიაქირავა მ.ც-ეს. მ.ც-ემ ბ.ლ-ესთან შეთანხმებით იმავე საწარმოში აღნიშნული ჭურჭლის მოცულობა სიგრძეში გადიდებით გაზარდა, რაც ც-ეს დაუჯდა 1000 აშშ დოლარი. ჭურჭლის გადაკეთებისათვის დახარჯული თანხა მათ მ.ც-ისათვის ქირაში უნდა ჩაეთვალათ. მ.ც-ემ ფაქტობრივად არ გადაიხადა თხევადი აირის ჭურჭლის გამოყენებისათვის ქირა და არც ისინი დააბრუნა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა: მ.ც-ეს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა შპს “პ.” დამფუძნებელთან კ-ესთან და ე-ესთან. ც-ე რუსეთიდან ეზიდებოდა თხევად აირსა და სარეალიზაციოდ აბარებდა შპს “პ.”.

აირის ღირებულების გადაუხდელობით მათ დაუგროვდათ 1100 აშშ დოლარის დავალიანება. როცა მ.ც-ემ ვალის გადახდა მოითხოვა გამოარკვია, რომ შპს “პ.” ჰყოლია კიდევ ერთი დამფუძნებელი, შპს “ზ. ხ.” დირექტორი ბ. ლ-ე, რომელსაც ე-ისაგან სარეალიზაციოდ წაუღია აირი და აღნიშნული თანხაც მას უნდა გადაეხადა. შპს “პ.” ბალანსზე იმ დროისათვის ირიცხებოდა თხევადი აირი ¹61 ჭურჭელი, რომელიც ბ.ლ.ეს წაღებული ჰქონდა გასაყიდად ქ.გორში. მ.ც-ემ ბ.ლ-ეს შესთავაზა აღნიშნულს ვალში ხომ არ აიღებდა. მ.ც-ემ გადაწყვიტა, რომ თუ აღნიშნულ საცავს “გრდემლი” მოცულობაში გადააკეთებდა, იგი ვალში, თანხის სანაცვლოდ აეღო. იმავდროულად გამოირკვა, რომ სს “გ.” ლ-ეს შეკვეთილი ჰქონდა აირის მეორე ჭურჭელი ¹86, მაგრამ თანხას ვერ იხდიდა. ლ-ემ შესთავაზა მისი შეძენაც. ც-ემ ორივე საცავში გადაიხადა 5200 ლარი, ხოლო 1100 დოლარი აირის ღირებულება გადახდილად ჩაუთვალა ბ.ლ-ეს. შემდგომში ც-ემ კვლავ მიუზიდა სარეალიზაციოდ ლ-ეს აირი, რისი ღირებულებაც მან კვლავ ვერ გადაიხადა. მთლიანად დავალიანებამ მიაღწია 7500 აშშ დოლარს. ც-ეს აქვს ორივე მათგანის პასპორტებიც. ლ-ემ აირსაცავების დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, სადავო საცავები შპს “ხ.” მესაკუთრეს პ.ო-ს გადასცა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა თხევადი აირის ¹61 და ¹88 საცავების მათი მესაკუთრის, შპს “ხ.” დაბრუნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “ხ.” დირექტორის ბ.ლელაძის შეკვეთითა და მის მიერ საწარმოში შეტანილი მასალების საფუძველზე მოხდა თხევადი აირის ¹61 და ¹88 ჭურჭლის დამზადება სს “გ.”. ბ.ლ-ის სახელზე გასცეს აღნიშნული საცავების პასპორტები, ხოლო 2001წ. იანვრიდან ისინი აღებულია საწარმოს ბალანსზე და საწარმო მათი ღირებულების გათვალისწინებით იხდის ქონების გადასახადს. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ დაადასტურა, რომ აპელანტმა მოახდინა სადავო საცავების მოცულობის სიგრძეში გადიდება, რაც მხარეთა შორის სიტყვიერად დადებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ორივე მხარეს აწყობდა. სიტყვიერი შეთანხმების თანახმად მოსარჩელე მოპასუხეს მის მიერ დახარჯულ თანხას ეტაპობრივად ქირაში უქვითავდა.

პალატა უთითებს, რომ რაც შეეხება მხარეთა შორის სხვადასხვა სახის დავალიანებებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, მხარეთა შორის დავა სხვა საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ემ. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

როდესაც სასამართლოს განჩინებაში მითითებული არ არის მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც ის ხელმძღვანელობდა, განჩინება არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებულად.

სსკ-ს 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თანახმად სსკ-ს 102-ე მუხლისა, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს ეკისრებოდა მტკიცების ტვირთი. მას უნდა დაემტკიცებინა გარემოებანი, თუ რის გამო ეკუთვნის თხევადი აირის სადავო საცავები მას და არა მის მოწინააღმდეგე მხარეს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მითითება დაუსაბუთებელია. სსკ-ს 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამრთლებრივი თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენად სწორად იყო დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები რაიონული სასამართლოს მიერ და თუ ის სწორად არ არის დადგენილი თვითონ დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები.

ვინაიდან მოცემულ საქმეზე მოსარჩელე არის შპს “ზ. ხ.” სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, მან უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს “ხ.” დირექტორის, ბ. ლ-ის შეკვეთითა და მის მიერ საწარმოში შეტანილი მასალის საფუძველზე მოხდა თხევადი აირის ¹61 და ¹88 ჭურჭლის დამზადება სს “გ.”, ბ.ლ-ის სახელზევე მოხდა აღნიშნული საცავების პასპორტების გაცემა, ხოლო 2001წ. იანვრიდან ისინი აღებულია საწარმოს ბალანსზე და საწარმო, მათი ღირებულების გათვალისწინებით იხდის ქონების გადასახადს.

სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სკ-ს 186-ე მუხლის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

იმის დასადგენად, თუ ვის აქვს მოძრავი ნივთის ფლობის ან მისი გამოთხოვის უფლება, აუცილებელია დადგინდეს, რომ მოთხოვნის ავტორს აქვს ნამდვილი უფლება ნივთზე.

მართალია, სააპელაციო სასამართლო უთითებს, ცალკეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, მაგრამ არ მიუთითებს, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებებია მის მიერ დადგენილი: ვისი საკუთრება იყო ნივთი, როდის და ვის მიერ გადაეცა იგი მოსარჩელეს საკუთრებაში, რა ურთიერთობები იყო მხარეთა შორის, რა ურთიერთობა იყო შპს “პ.” და ც-ეს შორის; როგორია ამ ურთიერთობების სამართლებრივი შეფასება, ვისგან და რა პირობით გადაეცა სადავო ნივთები მ. ც-ეს. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამიჯნოს სადაო ურთიერთობებში ლ-ე შპს ,,ხ.” სახელით მოქმედებდა, თუ თავისი სახელით.

სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.