Facebook Twitter

3კ-688-03 20 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისის ვაკე საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. და მ. ს-ებს თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 3000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა.

ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით იყო დატვირთული ქ.თბილისში ... მდებარე, შ. ს-ის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინა. კრედიტორმა თ. ს-ემ სასამართლო აღმასრულებლის 2002წ. 5 აპრილის ¹12–01-04 განკარგულების საფუძველზე განმეორებით აუქციონზე შეიძინა შ. ს-ის კუთვნილი ბინა. მყიდველი ქ.თბილისის საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ.

2002წ. მაისში თ. ს-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში შ. და მ. ს-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მესაკუთრეს შეეძლო მფლობელისგან მოეთხოვა ნივთის უკან დაბრუნება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა – შ. და მ. ს-ებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის განჩინებით რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.

შ. და მ. ს-ები საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სკ-ს 303-ე მუხლის შესაბამისად მათ უფლება ჰქონდათ დარჩენილიყვნენ სადავო ბინაში დამქირავებლებად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კრედიტორმა თ. ს-ემ განმეორებით აუქციონზე შეიძინა ქ.თბილისში, ... მდებარე მოვალეების _ შ. და მ. ს-ების კუთვნილი ოროთახიანი ბინა.

სასამართლო აღმასრულებლის 2002წ. 5 აპრილის განკარგულების საფუძველზე განმეორებით აუქციონზე საჯარო ვაჭრობის წესით გაყიდული ბინა საჯარო რეესტრში ირიცხება თ. ს-ის სახელზე.

სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სკ-ს 303-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალე მარტო ან თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს იმ შენობაში ანუ შენობის ნაწილში, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, მას უფლება აქვს დარჩეს დამქირავებლად და მოვალეა გადაიხადოს საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა. მოვალეებს შ. და მ. ს-ებს საკასაციო ინსტანციის სასამართლომდე შედგენამდე არ გამოუთქვამთ სურვილი სადავო ბინაში დამქირავებლად დარჩენისა და საბაზრო პირობების შესაბამისი ბინის ქირის გადახდის სურვილი. მოპასუხეები არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებიათ, თუ რა ფარგლებში იყვნენ ისინი თანახმა ეხადათ საბაზრო პირობების შესაბამისი ქირა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ აუქციონი ჩატარდა კანონით დადგენილი წესის დარღვევით. რადგან ასეთი საერთოდ სარჩელი არ ყოფილა სასამართლო განხილვის საგანი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. და მ. ს-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.