¹ 3კ-689-03 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. მ.-მ 2002წ. 14 მაისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. გ.-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის გამო.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის მთავარ სხდომაზე გ. გ.-მ იშუამდგომლა მოსამართლის აცილების შესახებ და მას შემდეგ, რაც მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, დატოვა სასამართლო დარბაზი. მოსარჩელის რწმუნებულმა კი იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რაც დაკმაყოფლდა. 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით გ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილ იქნა სადავო ბინა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. გ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 აგვისტოს განჩინებით გ.გ.-ს უარი ეთქვა საჩივრის მიღებაზე იმ მოტივით, რომ საჩივარი ეხება მხოლოდ საქმის არსებით მხარეს. გ.გ.-ემ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს, სადაც მოითხოვა 2002წ. 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან, სასამართლოს მისთვის არ განუმარტავს თუ რა შედეგი მოყვებოდა მხარის მიერ პროცესის დატოვებას.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლომ 2002წ. 17 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი ეხება 2002წ. 2 აგვისტოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, თუმცა სასამართლომ იმავეწ. 19 აგვისტოს განჩინებით საჩივარი ანალოგიური მოთხოვნით დასაშვებად არ ჩათვალა. ამრიგად, გ.გ.-ს კერძო საჩივარის უარი ეთქვა მიღებაზე.
გ.გ.-მ კვლავ შეიტანა კერძო საჩივარიOქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 სექტემბრის განჩინებაზე და იმავე საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ნოემბრის განჩინებით გ.გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამავე სასამართლოს 2002წ. 17 სექტემბრის განჩინება და გ.გ.-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილბის გაუქმების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის განჩინებით გ. გ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა სხდომის დატოვების საპატიო მიზეზის არ არსებობის გამო.
აღნიშნული განჩინება გ.გ.-მ გაასაჩივრა სააპელციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა. პალატამ დაადგინა, რომ აპელანტი არ იქნა გაფრთხილებული გამოუცხადებლობის შედეგებზე სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად მოცემულ პირობებში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებლია. აღნიშნული, კი ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 6 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. გ.მ.-ი მიუთითებს, რომ რაიონულ სასამართლოში სხდომის დაწყებისთანავე მხარეებს განემარტათ თუ რა შემთხვევაში გამოაქვს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამრიგად, საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ს 72-ე, 232-ე, 233-ე და 241-ე მუხლები. გ.მ.-მა აღნიშნა, რომ გ.გ.-ს ჰყავდა იურიდიული განათლების მქონე წარმომადგენელი დ.გ.-ე, რომელსაც ევალებოდა მარწმუნებლის ინტერესების დაცვა, მათ შორის პროცესის დატოვების შედეგების შესახებ გაფრთხილება. კასატორის აზრით, ის გარემოება, რომ მხარეები გამოცხადდნენ დათქმულ დროს სასამართლო სხდომაზე, ადასტურებს სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით მხარეთა გაფრთხილებას.
გ.მ.-მ მოითხოვა საოლქოს სასამართლოს განჩინების გაუქმება და რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის განჩინების ძალაში დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2002წ. 2 აგვისტოს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე გ. გ.-ის გამოუცხადებლობის გამო სსკ-ს 232-ე მუხლზე დაყრდნობით, რომლის თანახმად გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით და საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ გ.გ.-ე რაიონული სასამართლოს მიერ არ იყო გაფრთხილებული გამოუცხადებლობის შედეგებზე, სსკ-ს 72-ე მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რომლის თანახმად სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის ჩატარების თაობაზე სხვა აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას პროცესში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აგვისტოს სხდომის ოქმით დადასტურებულია ის გარემოება, რომ გიორგი გ.-ე არ გაფრთხილებულა სასამართლო სხდომის დატოვების შედეგებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ გ. გ.-ე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლოს მიერ არ იყო გაფრთხილებული სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც ამავე კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 72-ე მუხლი და არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლები, რაც 393-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ.მ.-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.