გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-690-03 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: თანასაკუთრების სახლში საცხოვრებელი და დამხმარე ფართის რეალურად გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ყ-ი-თ-მა სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გარდაბნის რაიონის ... დასახლებაში, ... მდებარე თანასაკუთრების სახლის გაყოფა, კერძოდ, სახლში მდებარე 16.9 კვ.მ ოთახის, ამ ოთახის ქვემოთ მდებარე სარდაფისა და ჰოლის გაყოფა.
მოსარჩელის განმარტებით, გარდაბნის რაიონის სასამართლოს 1999წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით იგი ს. ჭ-ესთან ერთად ცნობილ იქნა ზემოაღნიშნული სახლის თანამესაკუთრედ. სასამართლოს არ მოუხდენია სახლის საცხოვრებელი და დამხმარე ფართის გაყოფა. ვერ სარგებლობს სადავო სახლით, შეკედლებულია ნათესავის ერთოთახიან ბინაში.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ნ. ყ-ი-თ-ს რეალურად გამოეყო გარდაბნის რაიონის დიდი ლილოს დასახლებაში, ... მდებარე ს. ჭ-ის სახელზე რიცხული, თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ერთი ოთახი 13,9 კვ.მ და მის ქვემოთ არსებული 17,5 კვ.მ სარდაფი საცხოვრებელი სახლის ჰოლი და აივანი დარჩა საერთო სარგებლობაში.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ყ-ი-თ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ყ-ი-თ-ს გამოეყო სადავო სახლის ერთი ოთახი 16.9 კვ.მ. ფართით და მის ქვემოთ არსებული 22,7 კვ.მ. ფართის სარდაფი, საცხოვრებელი სახლის ჰოლი და აივანი დარჩა საერთო სარგებლობაში.
ს. ჭ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა მხოლოდ აპელანტისა და მისი მოწმეების განმარტება-ჩვენებები, არანაირი შეფასება არ მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად გამოყენებული და განმარტებული კანონის საფუძველზე დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა, რისთვისაც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში გამოიყენა მხოლოდ მისი განმარტებები.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა რა საზიარო უფლებათა ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთობანი, გადაწყვეტილებაში არ დაასაბუთა თუ რატომ, რა სპეციალურ დათმობაზე იქნა გაკეთებული მინიშნება, არ იქნა დაცული წილთა თანაბრობის პრინციპი, რითაც უგულველყო სკ-ს 954-ე მუხლის მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ყ-ი-თ-ი და ს. ჭ-ე გარდაბნის რაიონის ..... ... მდებარე სახლის თანამესაკუთრეები არიან. მოსარჩელის ნ. ყ-ი-თ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა სადავო სახლში მდებარე 16.9 კვ.მ ოთახის, ამ ოთახის ქვემოთ არსებული 22,7 კვ.მ სარდაფის, სახლის ჰოლისა და აივნის გამოყოფა;
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ნ. ყ-ი-თ-ის სარჩელი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გამოუყო მას ოთახი და სარდაფი მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო ჰოლი და აივანი დატოვა საერთო სარგებლობაში. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 961-ე, 963-ე მუხლებზე;
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. პალატა ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 961-ე, 963-ე მუხლები და მიღებული გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს კანონიდან;
სკ-ს 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება;
ამავე კოდექსის 963-ე მუხლის მიხედვით კი საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. 964-ე მუხლით განსაზღვრულია საზიარო უფლების გაუქმების წესი საგნის გაყოფით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია;
საზიარო უფლება შეიძლება შეწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საზიარო უფლების საგანი, (ნივთი) მხარეებს, (თანამესაკუთრეებს) შორის შეიძლება გაიყოს მთლიანად. საზიარო უფლების იმგვარად შეწყვეტა, როგორც სააპელაციო სასამართლომ მოახდინა, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსით საზიარო უფლების გაუქმებისათვის დადგენილ წესს, კერძოდ, შეუძლებელია საზიარო უფლების შეწყვეტა მხოლოდ საცხოვრებელი ფართის გაყოფით, როცა დამხმარე ფართი, ჰოლი და აივანი მოსარჩელის მოთხოვნისა და ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ რჩება მხარეთა სარგებლობაში. საზიარო უფლების გაუქმებას ნივთის ნაწილზე სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს.
პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ნ. ყ-ი-თ-ის მოთხოვნა მის მფლობელობაში არსებული ფართის გამოყოფის თაობაზე საფუძვლიანია, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ და მისმა წარმომადგენელმა დაადასტურეს, რომ სადავო ოთახს და სარდაფს წლების მანძილზე ს. ჭ-ე ფლობს.
პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს ვინ არის სადავო ფართის მფლობელი და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს საქმის გარემოებებს, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომ შეიძლება თუ არა ნივთის ნაწილის ფლობა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი გახდეს და განჩინებაში მოყვანილი მითითებების გათვალისწინებით მიიღოს სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.