¹3კ-691-03 15 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 23 დეკემბერს ა. პ-სა და კ. დ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება ქ. თბილისში, ..... მდებარე ¹8 ბინის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, ა. პ-მა ლ., ნ. და თ. პ-ების მიერ 1999წ. 22 დეკემბერს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, გამოსყიდვის უფლებით გაყიდა, ხოლო კ. დ-ემ იყიდა ზემოაღნიშნული ბინა. გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა ხელშეკულების შედგენიდან სამი თვით – 2000წ. 23 დეკემბერს.
2000წ. ივნისში კ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქ. თბილისში, ..... მდებარე ¹8 ბინიდან მოპასუხეების – ლ., ნ. და თ. პ-ების გამოსახლება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამოსყიდვის სამთვიან ვადაში მოპასუხეების ბინის გამოსყიდვის სურვილი არ გამოუთქვამთ. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ათავიოსუფლებენ მის კუთვნილ ბინას. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ., ნ. და თ. პ-ებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 23 თებერვლის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა აპელანტთა მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
2001წ. სექტემბერში თ. პ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. პ-ისა და მესამე პირის კ. დ-ის მიმართ და მოითხოვა სადავო ბინის 1999წ. 23 დეკემბრის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მას არ გაუცია მინდობილობა მამის ა. პ-ის სახელზე ბინის გასხვისების უფლების გადაცემით.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. პ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატი 2003წ. 5 თებერვლის განჩინებით თ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კ. დ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ იგი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე საოლქო სასამართლოს კოლეგიების გადაწყვეტილებები მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში კასატორი კ. დ-ე წარმოადგენს მესამე პირს, რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, ამდენად, იგი არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება).
სსკ-ს 401-ე მუხლი პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორი წარმოადგენს მესამე პირს და მოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება