საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1058აპ-23 თბილისი
მ-ი ს., 1058აპ-23 2 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით ს. მ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე,64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ს. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 5 მარტიდან იმავე წლის 19 ივნისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ-მა ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ძალადობა, ე.ი. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 5 მარტს, დღის საათებში, თ-ში,- №- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში, ს. მ-მა არასრულწლოვნების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეზე – რ. უ-ზე, კერძოდ, ცხვირზე მოუჭირა და პირზე ააფარა ხელი, თმაში წვდა და მოქაჩა, რის შემდეგაც რ. უ-ი წაიქცა და მიიღო დაზიანებები. ს. მ-მა ასევე მუცლის არეში ჩაარტყა მას ხელი და ნაჯახის გამოყენებით მიაყენა დაზიანება ხელის არეში.
· 2023 წლის 5 მარტს, დღის საათებში, თ-ში, --ს №- კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში, ს. მ-მა არასრულწლოვნების თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლ. უ-ზე, კერძოდ, ხელი მოუჭირა ხელზე და დაარტყა მკლავის არეში. ს. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად ლ. უ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 5 მარტს, დღის საათებში, თ-ში, - კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში, ს. მ-ი წინასწარი შეცნობით ორსულ მეუღლეს – რ. უ-ს, არასრულწლოვნების თანდასწრებით, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ „ყელს გამოსჭრიდა“. ს. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად რ. უ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აგვიტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ანა კაპანაძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ს. მ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებულ სასჯელს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ს. მ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით) და შემამსუბუქებელი (დანაშაულის აღიარება და მონანიება, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენა, ნასამართლობის არქონა, მტკიცებულებათა ნაწილის უდავოდ ცნობა, დაზარალებულების პოზიცია მის მიმართ პრეტენზიების არარსებობის თაობაზე, ის ფაქტი, რომ მან გარკვეული პერიოდი გაატარა პენიტენციურ დაწესებულებაში) გარემოებების, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, თითოეული მუხლით, მიუხედავად ალტერნატიული, უფრო მსუბუქი სასჯელების არსებობისა, განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა ბრალად შერაცხული ქმედებების სანქციებით გათვალისწინებულ ფარგლებში შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.
8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მისი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ს. მ-ისათვის განსაზღვრული სასჯელები სამართლიანია და მათი კიდევ უფრო დამძიმების საფუძველი არ არსებობს.
9. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე