¹3კ-696-03 12 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს “ს-ში” ტვირთების საბუთების დამუშავების ცენტრში ბუღალტერის თანამდებობაზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით: 2000წ. 25 დეკემბერს გააფრთხილეს მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ხოლო ორი თვის შემდეგ 2001წ. 27 თებერვალს დააწერინეს განცხადება სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ. ძირითადი სამუშაოდან ისე გაათავისუფლეს, რომ ბრძანება არ ჩაუბარებიათ. ბრძანება შემცირებაზე პროფკავშირებთან არ ყოფილა შეთანხმებული. მოპასუხემ დაარღვია შკკ-ს 37-ე, 68-ე და 204-ე მუხლები.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ლ. მ-ი 2001წ. 27 თებერვალს ადმინისტრაციის ინიციატივით არ დაუთხოვიათ სამსახურიდან. იგი შკკ-ს 26-ე მუხლის თანახმად, პირადი თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს სხვა სამუშაოზე იმავე შპს-ს სისტემაში, სადაც იმუშავა 2002წ. 5 ივლისამდე.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 06 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-მა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შეიტყო 2001წ. 23 აპრილს, სარჩელი კი სასამართლოში სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით შეიტანა 2002წ. 7 ოქტომბერს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ლ. მ-მა გაუშვა შკკ-ს 204-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სასამართლოში წარდგენის ერთთვიანი ვადა. მართალია, მას არ ჩაბარებია ბრძანება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, მაგრამ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ მან იცოდა სარჩელის აღძვრამდე 1,5 წლით ადრე. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ბრძანების ჩაბარებას კანონმდებელი ფორმალურ მნიშვნელობას ანიჭებს. ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ბრძანების ჩაბარების მომენტი ითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მუშაკი ბრძანების ჩაბარებისას იგებს თავისი დათხოვნის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. მ-მა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მართალია, იცოდა სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ, მაგრამ მოპასუხე არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად მოექცა, რაც მიზნად ისახავდა მის სამსახურიდან განდევნას. არ მისცეს ბრძანება განთავისუფლების შესახებ, მოპასუხის რჩევით, იგი დათანხმდა დროებით დამლაგებლად ემუშავა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი ლ. მ-ი ბუღალტრის თანამდებობაზე, რომელზეც აღდგენასაც იგი ითხოვს, აღარ მუშაობს 2001წ. 27 თებერვლიდან. მან ამავე დროიდან შეიტყო სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს კასატორიც, თუმცა საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ მოპასუხე მხარე მას არაკეთილსინდისიერად მოექცა, მათი რჩევით დათანხმდა დროებით ემუშავა დამლაგებლად და ითხოვს გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლას.
პალატა თვლის, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ლ. მ-ის საჩივარი, რადგან შკკ-ს 204-ე მუხლის თანახმად, სამუშაოდან დათხოვნის შემთხვევაში მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ერთი თვის ვადაში. ასევე, სწორად განმარტა სასამართლომ, რომ შკკ-ს 204-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დინება უნდა აითვალოს, არა განთავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარების დროიდან, არამედ იმ დროიდან, როცა მუშაკისათვის ცნობილი გახდა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ.
რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, რომ გაშვებული ვადა საპატიოდ ჩაეთვალოს, პალატა თვლის, ის გარემოება, რომ კასატორი ენდო მოპასუხე მხარეს და გადავიდა სამუშაოდ დამლაგებლად, არ შეიძლება გახდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საპატიო მიზეზი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 6 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.