Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1022აპ-23 თბილისი

პ-ი ზ., 1022აპ-23 7 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენით ზ. პ-ი, – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ზ. პ-ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 13 ივლისიდან.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზ. პ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ზ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განაჩენით ზ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ზ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 8000 ლარი.

· საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის სამჯერ ნასამართლევი ზ. პ-ი 2022 წლის 13 ივლისს, დღის საათებში, თ-ში, მეტროს სადგურ „დ-ის“ მიმდებარედ, რ. ა-ის ხელჩანთიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ, 30 ლარად ღირებულ საფულეს მასში არსებული 120 ლარით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ზ. პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ტ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის განაჩენის გაუქმებას და ზ. პ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქმის შედეგით, და მათ არ მიიღეს ზომები ზ. პ-ის ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. სუსგ: №423აპ-23, №124აპ-23) და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. პ-ის მიერ ქურდობის ჩადენა. კერძოდ:

6.1. მოწმე გ. პ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2022 წლის 13 ივლისს ნ. ქ-თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მეტრო „დ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გვირაბის გამოსასვლელთან, ზ. პ-მა ასაკოვან ქალბატონს ხელჩანთიდან ამოაცალა საფულე. ზ. პ-ის პირადი ჩხრეკისას საფულე ამოიღეს; ამოღებული მტკიცებულებები დალუქეს პოლიეთილენის პარკებში, რომლებზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაილუქა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი ხელმოწერით დაადასტურა ბრალდებულმა. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ნ. ქ-მაც.

6.2. დაზარალებულ რ. ა-ის ჩვენების მიხედვით, 2022 წლის 13 ივლისს იმყოფებოდა მეტროს სადგურ „დ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შეაჩერა პოლიციელმა და ჰკითხა, ზურგჩანთაში ედო თუ არა საფულე; ჩანთას ელვა შესაკრავი ჰქონდა ღია და საფულე, რომელშიც იდო 120 ლარი, 2 ლარამდე ხურდა ფული და სალომბარდე ხელშეკრულება, ჩანთაში არ იყო. ზ. პ-ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

6.3. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2022 წლის 13 ივლისს, 11:56 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია ზ. პ-ი; მისი პირადი ჩხრეკისას, სხვა ნივთებთან ერთად, შარვლის მარჯვენა, წინა ჯიბიდან ამოღებულია მოლურჯო ფერის ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა – 120 ლარი, სალომბარდე ხელშეკრულება რ. ა-ის სახელზე და მის სახელზევე გაცემული ჩეკი.

6.4. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2022 წლის 19 აგვისტოს №- დასკვნით (რომლის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. კ-ემ), საფულედან აღებულ ანაწმენდებზე „გარე ზედაპირიდან არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ანაწმენდებზე შიდა ზედაპირიდან არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ზ. პ-ს...“.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლების დაინტერესებასა და მსჯავრდებულისათვის რაიმე ნივთის ჩადებას. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17). მოცემულ შემთხვევაში მოწმე პოლიციელების ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილი დაზარალებულის ჩვენებასა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. პოლიციელთა ჩვენებებში მცირედი სხვაობა დამნაშავის ადგილმდებარეობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით ვერ გახდება მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და გაუზიარებლობის საფუძველი. ამასთან, საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონიერად, სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ადვოკატის სააპელაციო საჩივარს (რომელშიც საკასაციო საჩივრის ანალოგიური მოტივებია გადმოცემული) გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, §34, ECtHR, 02/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

10. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე