¹3კ-700-03 22 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. კ-მა 2002წ. 15 თებერვალს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. მ-ას მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დ. მ-ა გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დ. მ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დ. მ-ამ კვლავ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე დ. მ-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, სსკ-ს 401-ე მუხლის საფუძველზე შეამოწმა დ. მ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა მოცემულია სსკ-ს 397-ე მუხლში, რომელიც საკასაციო საჩივრის შეტანის ვადას ეხება.
სსკ-ს 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
დადგენილია, რომ დ. მ-ამ სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2003წ. 7 მარტს, საკასაციო საჩივარი კი შეიტანა 2003წ. 17 აპრილს, ე.ი. 1 თვისა და 10 დღის შემდეგ, რითაც დაარღვია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. საქართველოს სსკ-ს მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თვეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. მ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. მ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.