¹ 3კ-701-03 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ ცნობა, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. კ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ რ. კ.-ისა და ს. მ.-ის მიმართ და მოითხოვა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება, მამის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა და რ. კ.-სა და ს. მ.-ს შორის 2001წ. 11 აგვისტოს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მამას _ გ. კ.-ს ქ.თბილისში, ... საკუთრების უფლებით ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და მასთან ერთად ცხოვრობდა მეორე შვილი რ. კ.-ი. გ. კ.-ი გარდაიცვალა 1994წ. 13 სექტემბერს. მოსარჩელის განმარტებით, მან მოგვიანებით შეიტყო, რომ მის ძმას _ რ. კ.-ს მისგან ფარულად 2000წ. 7 აგვისტოს აუღია კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, ხოლო მეორე დღესვე აღნიშნულ ბინაზე ს. მ.-თან დაუდო იპოთეკის ხელშეკრულება, ამ უკანასკნელისაგან აღებული სესხის უზრუნველსაყოფად. ამასთან, მოსარჩელისთვის მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მის ძმას ვალი ვერ დაუბრუნებია და სამკვიდრო ქონება აუქციონის წესით გაყიდულია ს. მ.-ზე.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა რ. კ.-ის განმარტება, რომ მან სამკვიდროს მიღებისას ნოტარიუსს დაუმალა მისი დის არსებობის ფაქტი და არ დაელოდა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლას, ისე დადო 4 დღეში იპოთეკის ხელშეკრულება. ამასთან, იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული ფართი არარეალურია, ხოლო შეფასების აქტში თანხა შემცირებულია შეგნებულად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 11 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ სამკვიდროს მისაღებად სასამართლოს მიმართა სამკვიდროს გახსნიდან 8 წლის შემდეგ და არ არსებობს ვადის გაშვების საპატიო მიზეზი, რ. კ.-მ 2000წ. 10 აგვისტოს მიიღო სამკვიდრო მოწმობა და მხოლოდ ამის შემდეგ დატვირთა სახლი იპოთეკით, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს სკ-ს 1427-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევად.
ნ. კ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას მამის ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი ფლობით. განცხადებით ნოტარიუსისთვის მას არ მიუმართავს, ხოლო სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის გასვლამდე არც ნოტარიუსს და არც მის ძმას უფლება არ ჰქონდათ გაეცათ ან აეღოთ სამკვიდრო მოწმობა. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1427-ე მუხლი, რადგან ამ მუხლით მემკვიდრე, რომელიც სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლამდე შეუდგება სამკვიდროს ფლობას, უფლება არ აქვს განკარგოს იგი, მისმა ძმამ კი სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში განკარგა ქონება მისი თანხმობის გარეშე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. როგორც კასატორი მიუთითებს, მის ძმასა და ს. მ.-ს შორის დადებული ხელშეკრულება ბათილია, რადგან იგი დადებულია სხვა გარიგების დასაფარად. ხელშეკრულებაში მითითებული პროცენტი არ შეესაბამება სკ-ს 625-ე მუხლის მოთხოვნებს. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1424-ე, 1426-ე და 1427-ე მუხლები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ე.ი. გ. კ.-ის სამკვიდრო გაიხსნა არა 2000წ. 7 აგვისტოს, როგორც ამას უთითებს კასატორი, არამედ 1994წ. 13 სექტემბერს _ გ. კ.-ის გარდაცვალების დღეს.
მითითებული კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას. სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა განმარტებული სკ-ს 1424-ე მუხლის შინაარსი, რომ სამკვიდროს მიღების ვადა შეადგენს 6 თვეს სამკვიდროს გახსნის დღიდან.
კასატორი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მითითებულ ვადაში არცერთ მემკვიდრეს ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს. რაც შეეხება კასატორის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტს, აღნიშნული გარემოება დადგენილი არ არის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამიტომ, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მიიჩნიოს აღნიშნული გარემოება დადგენილად. მითუმეტეს, რომ აღნიშნულის თაობაზე წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სკ-ს 1426-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ნ. კ.-ი არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივარში არ უთითებს, თუ რა საპატიო მიზეზის გამო უნდა გაგრძელდეს ვადა. საპატიო მიზეზის გარეშე კი შეუძლებელია აღნიშნული ნორმის საფუძველზე სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა.
რაც შეეხება იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საკითხს, უნდა აღინიშნოს, რომ რ. კ.-ი, როგორც ბინის კანონიერი მესაკუთრე უფლებამოსილი იყო იპოთეკით დაეტვირთა თავისი ბინა. გარდა ამისა, იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია არა სესხის ხელშეკრულების დასაფარავად, არამედ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამიტომ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ბათილ გარიგებად სკ-ს 56-ე მუხლის საფუძველზე. რაც შეეხება სესხისათვის პროცენტის ოდენობას, ხელშეკრულებით იგი განსაზღვრული არ არის, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სესხისათვის დაწესებული პროცენტის ოდენობა ვერ შელახავდა კასატორის უფლებებს, რადგან იგი სადავო ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.