საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №880აპ-23 თბილისი
ს-ე ი., 880აპ-23 1 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძის, ასევე მსჯავრდებულ ი. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. ა-ისა და პ. გ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, ი. ს-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის), ხოლო შ. მ-ეს, გ. ბ-ს, გ. თ-სა და ბ. რ-ს – სსკ-ის 376-ე მუხლით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია; დანაშაულის შეტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით, 21:00-22:00 საათამდე პერიოდში, გ-ის რაიონის სოფელ ნ-ში არსებულ, ბ. ი-ის კუთვნილ ე.წ. „ფაცხებში“ სახმელეთო ჯარების -- სარდლობის --- საარტილერიო ბრიგადის ბატალიონის სერჟანტმა ი. ს-ემ სიტყვიერი შეკამათების დროს ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ს. ჯ-ს მუშტი დაარტყა სახის არეში. მათი გაშველება დროებით მოახერხეს თვითმხილველებმა. პირველი დარტყმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ს. ჯ-მა სცადა, დაერტყა ი. ს-ისათვის, რაც, ნასვამმა, ვერ მოახერხა. ამით ისარგებლა ი. ს-ემ, წაქცეულ ს. ჯ-ს მოექცა ზემოდან და შურისძიების მოტივით, მუშტების თავის არეში მრავალჯერ დარტყმის შედეგად მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება.
· ი. ს-ის მიერ დაზარალებულ ს. ჯ-ზე თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს -- საარტილერიო ბრიგადის -- შტაბის უფროსი შ. მ-ე, რომლისთვისაც შემთხვევის ადგილზე ყოფნისას პირადად გახდა ცნობილი ს. ჯ-ის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. იგი პირადად მონაწილეობდა შემთხვევის ადგილიდან დაზარალებულ ს. ჯ-ის გადაყვანაში ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში და შემდეგ – ავტომანქანიდან საავადმყოფოს შენობაში, რა დროსაც დაზარალებულს აშკარად აღენიშნებოდა თავდასხმისა და ძალადობის კვალი, შემოხეული ტანსაცმლისა და თვალბუდის არეში მიყენებული ჩალურჯებების სახით. მიუხედავად იმისა, რომ შ. მ-ემ ნამდვილად იცოდა ი. ს-ის მიერ ს. ჯ-ის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულის თაობაზე, მან სცადა ჯერ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლ ნ. დ-ის მოტყუება და მასთან პირად საუბარში არაერთხელ აღნიშნა ს. ჯ-ის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შესახებ, შემდეგ კი, დანაშაულის ჩადენის ღამეს, იგი პირადად ესაუბრა ბრალდებულ ი. ს-ეს მის მიერ ს. ჯ-ის მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულზე. მიუხედავად იმისა, რომ შ. მ-ეს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი სამართლებრივი და მოქალაქეობრივი ვალდებულების შესასრულებლად, მან სამართალდამცავებს არ შეატყობინა ი. ს-ის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის თაობაზე, რამაც საქმეზე გამოძიების დაწყების სამი დღით დაგვიანება, რითი მტკიცებულებების განადგურება, დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნისათვის ხელის შეშლა გამოიწვია.
· ი. ს-ის მიერ დაზარალებულ ს. ჯ-ზე თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის --ის ბატალიონის მომარაგების ასეულის მზარეულთა ოცეულის სპეციალისტი გ. ბ-ი, რომლისთვისაც ცნობილი იყო ი. ს-ის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით გ. ბ-მა პირადად დარეკა საინფორმაციო ცენტრში და განაცხადა ს. ჯ-ის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის თაობაზე, მაშინ, როდესაც უგონოდ მყოფ ს. ჯ-ს აშკარად ეტყობოდა მასზე განხორციელებული თავდასხმისა და ძალადობის კვალი შემოხეული ტანსაცმლისა და თვალბუდის არეში მიყენებული ჰემატომის სახით. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი ფაქტი ჩადენილია 2018 წლის 25 მაისს და გ. ბ-ს ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, მომხდარი დანაშაულის შეტყობინების მიზნით დაჰკავშირებოდა სამართალდამცავებს, მან არ შეასრულა საკუთარი მოქალაქეობრივი და სამართლებრივი ვალდებულება, რამაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების სამი დღით დაგვიანება, რითი მტკიცებულებების განადგურება, დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნისათვის ხელის შეშლა გამოიწვია.
· ი. ს-ის მიერ დაზარალებულ ს. ჯ-ზე თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს -- საარტილერიო ბრიგადის -- შტაბის სერჟანტი გ. თ-ი, რომლისთვისაც შემთხვევის ადგილზე ყოფნის გამო პირადად გახდა ცნობილი ს. ჯ-ის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. იგი პირადად მონაწილეობდა დაზარალებულ ს. ჯ-ის გადაყვანაში შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში და შემდეგ – ავტომანქანიდან საავადმყოფოს შენობაში, რა დროსაც დაზარალებულს აშკარად აღენიშნებოდა თავდასხმისა და ძალადობის კვალი, შემოხეული ტანსაცმლისა და თვალბუდის არეში მიყენებული ჩალურჯებების სახით. მიუხედავად იმისა, რომ გ. თ-მა ნამდვილად იცოდა ი. ს-ის მიერ ს. ჯ-ის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულის თაობაზე, მან სცადა ჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლ ნ. დ-ის მოტყუება და მასთან პირად საუბარში არაერთხელ აღნიშნა ს. ჯ-ის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შესახებ, შემდეგ კი, დანაშაულის ჩადენის ღამეს, იგი პირადად ესაუბრა ბრალდებულ ი. ს-ეს მის მიერ ს. ჯ-ის მიმართ ჩადენილ მძიმე დანაშაულზე. მიუხედავად იმისა, რომ გ. თ-ს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება საკუთარი სამართლებრივი და მოქალაქეობრივი ვალდებულების შესასრულებლად, მან სამართალდამცავებს არ შეატყობინა ი. ს-ის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის თაობაზე, რამაც საქმეზე გამოძიების დაწყების სამი დღით დაგვიანება, რითი მტკიცებულებების განადგურება, დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გახსნისათვის ხელის შეშლა გამოიწვია.
· ი. ს-ის მიერ დაზარალებულ ს. ჯ-ზე თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების -- სარდლობის --- საარტილერიო ბრიგადის --ის ბატალიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ბ. რ-ი, რომლისთვისაც შემთხვევის ადგილზე ყოფნისას ცნობილი გახდა ი. ს-ის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის შესახებ. ბ. რ-ის დავალებით, რიგითმა თანამშრომელმა გ. ბ-მა პირადად დარეკა საინფორმაციო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით და, მისივე კარნახით, განაცხადა ს. ჯ-ის ალკოჰოლური ინტოქსიკაციის თაობაზე, მაშინ, როდესაც უგონოდ მყოფ ს. ჯ-ს აშკარად ეტყობოდა მასზე განხორციელებული თავდასხმისა და ძალადობის კვალი შემოხეული ტანსაცმლისა და თვალბუდის არეში მიყენებული ჰემატომის სახით. დაზარალებულ ს. ჯ-ის გადაყვანისას ი. ბ-ას სახელობის თ-ის რ. საავადმყოფოში და ოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში ბ. რ-ი პირადად ესაუბრებოდა ბრალდებულ ი. ს-ესა და ფაქტის თვითმხილველ სხვა პირებს დანაშაულის გარემოებებზე და იღებდა დეტალურ ინფორმაციას ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი ფაქტი ჩადენილია 2018 წლის 25 მაისს და ბ. რ-ს ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, მომხდარი დანაშაულის შეტყობინების მიზნით დაჰკავშირებოდა სამართალდამცავებს, მან არ შეასრულა მოქალაქეობრივი და სამართლებრივი ვალდებულება, რამაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების სამი დღით დაგვიანება და რითი მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განაჩენით ი. ს-ე, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 28 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 7 ივნისიდან 2019 წლის 5 მარტის ჩათვლით.
4. იმავე განაჩენით შ. მ-ე, –ნასამართლობის არმქონე, გ. ბ-ი, – -, ნასამართლობის არმქონე, ბ. რ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, და გ. თ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნენ უდანაშაულოებად და გამართლდნენ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. გამართლებულებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ნუგზარ მახათაძემ და მსჯავრდებულ ი. ს-ის ადვოკატებმა: მ. ა-მა და პ. გ-ემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენის გაუქმებას, ბ. რ-ის, შ. მ-ის, გ. ბ-ისა და გ. თ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ი. ს-ისათვის – უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7. ადვოკატები: მ. ა-ი და პ. გ-ე – ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ასევე – წინასასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შემდეგ სასამართლოში საქმეზე განაჩენის დადგენის 24-თვიანი ვადის გასვლის გამო საქმის შეწყვეტაზე უარის თქმის საოქმო განჩინების გაუქმებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
8. გამართლებულების: გ. ბ-ის, შ. მ-ისა და გ. თ-ის ადვოკატები: გ. გ., გ. ს. და ა. ჩ-ი შესაგებლებით ითხოვენ, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
11. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრებით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს შ. მ-ის, გ. ბ-ის, გ. თ-ისა და ბ. რ-ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო ი. ს-ის – სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მსჯავრდება.
12. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას შ. მ-ის, გ. ბ-ისა და გ. თ-ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გამართლების თაობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენას.
13. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ შემადგენლობათა კატეგორიას, რომელიც დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი გახდა, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ამასთან, მუხლის დისპოზიცია მკაფიოდ გულისხმობს იმის აუცილებლობას, რომ პირი ფლობდეს ან პირმა იცოდეს ნამდვილი/სარწმუნო ინფორმაცია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ, კერძოდ, პირს უნდა გააჩნდეს სარწმუნო ინფორმაცია დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან იმ პირზე, ვინც უნდა ჩაიდინოს ან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან მძიმე დანაშაული, ხოლო ცოდნის ნამდვილობა კი შესაძლებელია, ეფუძნებოდეს იმას, რომ პირი იყო დანაშაულის თვითმხილველი ან დამნაშავეებთან/თანამონაწილესთან საუბრის დროს გაიგო სიმძიმე ან მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის შესახებ ინფორმაცია პირისთვის შესაძლებელია, ცნობილი/მოპოვებული გახდეს ასევე დოკუმენტებიდან, კერძო მიმოწერიდან და ა.შ.. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში (უმოქმედობაში), კერძოდ, პირის მიერ კომპეტენტური ორგანოებისათვის შეუტყობინებლობაში, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ხოლო აღნიშნული ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ შესაბამის ორგანოებს/პირებს არ ატყობინებს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის თაობაზე, რომლის შესახებაც დანამდვილებით იცის და სურს ეს შედეგი, ხოლო შეუტყობინებლობის მოტივი შესაძლებელია იყოს შურისძიების შიში, ანგარება, დამნაშავისთვის ხელის დაფარება და ა.შ..
14. საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც მან იცის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის შესახებ, თუმცა მას დაუძლეველი ძალით, უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით ან მასზე განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების გამო არ გააჩნდა რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის თაობაზე ეცნობებინა სათანადო ორგანოებისათვის/პირებისათვის. ამასთან, ეს დანაშაული, როგორც წესი, დენადი ფორმით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი იწყება უმოქმედობით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება.
15. გარდა ამისა, შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ აუცილებელია, გაკეთდეს უმოკლეს ვადაში. კანონში არ არის მითითებული კონკრეტული დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს შეტყობინება, ვინაიდან ეს ვადა დამოკიდებულია კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს, რომ პირს რეალურად შეეძლო, შეეტყობინებინა დანაშაულის მზადების ან ჩადენის თაობაზე. პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ შეუტყობინებლობა განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით, უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით, პირზე ფიზიკური ან ფსიქიკური იძულების ან სხვა გარემოების გამო.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით პირდაპირ არ დასტურდება, რომ ბ. რ-ს, გ. ბ-ს, შ. მ-ესა და გ. თ-ს ჰქონდათ ი. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობის განზრახვა. გ. ბ-ი უშუალოდ კონფლიქტს არ შესწრებია და შემთხვევის ადგილზე მყოფებს შეუერთდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩხუბი დასრულებული იყო და ცდილობდნენ ს. ჯ-ის გონზე მოყვანას. ბ. რ-მა გ. ბ-ს მისცა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების მითითება, შეთხვევისთანავე დარეკა დ. ბ-თან (მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური), სამხედრო პოლიციელ ი. თ-თან, ასევე – მორიგესთან და აცნობა ჯერ ინტოქსიკაციის, შემდეგ – ი. ს-ესა და ს. ჯ-ს შორის მომხდარი ჩხუბის თაობაზე. შ. მ-ემ რამდენჯერმე დარეკა სამხედრო ნაწილის სამორიგეოში (როგორც ეს სამხედრო განაწესით აქვთ დადგენილი) და თანმიმდევრულად შეატყობინა მომხდარი; განმეორებით დარეკვისას უკვე აცნობა ტრავმის შესახებ; ასევე, დარეკა სარდლობასა და სამხედრო პოლიციასთან. რაც შეეხება გ. თ-ს, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ იგი შეესწრო ინციდენტს. მოწმე კ. ც-ის ჩვენებით, ის და გ. ტ. მოშორებით იდგნენ და მხოლოდ ხმაურზე მივიდნენ ახლოს, ხოლო უშუალოდ როდის გაიგო მომხდარის შესახებ გ. თურაზაშვილმა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან შ. მ-ეს, ბ. რ-სა და გ. ბ-ს უკვე ჰქონდათ გაკეთებული შეტყობინებები. ამასთან, ჩხუბი იმდენად ხანმოკლე იყო, რომ მას აურზაური არ მოჰყოლია.
17. ამდენად, დადგენილია, რომ სამხედრო პოლიცია ინფორმირებული იყო მომხდარის თაობაზე, სამხედრო პოლიციელები – გ. გ. და ი. თ. – გამოცხადდნენ საავადმყოფოში და ი. ს-ესთან, შ. მ-ესა და ბ. რ-თან საუბრის შედეგად გაიგეს, რომ ს. ჯ-ის გონების დაკარგვა გამოიწვია ი. ს-ესთან კონფლიქტმა. ასევე მნიშვნელოვანია გარდაცვლილის ოჯახის წევრების ჩვენებები, რომელთა ანალიზით ცალსახად დასტურდება, რომ საავადმყოფოში მისვლისას მათ უთხრეს ს. ჯ-სა და ი. ს-ეს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ და სამხედრო პოლიციელი გ. გ. დაჰპირდა, რომ ყველა დაისჯებოდა, ვინც რაიმე დააშავა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდაა დადგენილი, რომ შემთხვევის საღამოს (2018 წლის 25 მაისიდან 26 მაისის ღამეს) როგორც სარდლობის, ისე – სამხედრო პოლიციის თანამშრომლებისათვის ბ. რ-ის, შ. მ-ისა და უშუალოდ ი. ს-ის მხრიდან ცნობილი იყო ს. ჯ-სა და ი. ს-ეს შორის მომხდარი ჩხუბისა და ტრავმული დაზიანებების თაობაზე. სამხედრო პოლიციას სრული საშუალება ჰქონდა, საჭიროდ მიჩნევის შემთხვევაში, დაეწყო გამოძიება. ამავე დროს ინფორმაცია მიიღო კრიმინალურმა პოლიციამაც და სამართალდამცველები მოქალაქეებთან ამყარებდნენ კომუნიკაციას დეტალების დასაზუსტებლად. ამასთან, მომხდარი ინციდენტი გარეშე პირისათვის აღსაქმელად შეიძლებოდა, ყოფილიყო მხოლოდ ცემა, მით უფრო, რომ გარეგნული დაზიანებები, რომლებიც ს. ჯ-ს მიგვიანებით აღენიშნებოდა, განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე ხარისხს. ფაქტი, რომ შ. მ-ემ, გ. ბ-მა, გ. თ-მა და ბ. რ-მა გააცნობიერეს და აღიქვეს ს. ჯ-ის დაზიანებების სიმძიმე, არაფრით არ დასტურდება. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი, რომლითაც დაიწყო გამოძიება დაზარალებულის დედის განცხადების საფუძველზე, ნაკლებად მძიმე დანაშაულია და მისი შეუტყობინებლობა არ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
19. საფუძველსაა მოკლებული ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული გარემოება, რომ, თითქოსდა, შ. მ-ის, გ. ბ-ის, ბ. რ-ისა და გ. თ-ის ქმედებამ გამოიწვია საქმეზე გამოძიების სამი დღით დაგვიანება, რიგი მტკიცებულებების განადგურება და დანაშაულის გახსნისათვის ხელისშეშლა. სასამართლოს შეფასებით, 2018 წლის 25 მაისის გვიან საღამოდან მათ აღარ გააჩნდათ კანონისმიერი ვალდებულება, კიდევ ერთხელ შეეტყობინებინათ სათანადო ორგანოებისათვის მომხდარის თაობაზე, როდესაც ამ ორგანოებისათვის უკვე ყველაფერი ცნობილი იყო.
20. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას შ. მ-ის, ბ. რ-ის, გ. თ-ისა და გ. ბ-ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს“ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
21. ,,უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-77).
22. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. ამ დანაშაულის დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახვის დადგენა – პირდაპირ ან არაპირდაპირ ჯანმრთელობის დაზიანება და დამოკიდებულია ობიექტურად დამდგარ შედეგზე, რომლის განსაზღვრაც ხდება, როგორც წესი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით (იხ. სუსგ №1024აპ-21). სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ს. ჯ-ს აღენიშნებოდა: მარცხენა შუბლის თხემ-საფეთქლის მიდამოს მწვავე სუბდურული ჰემატომა, თავის ტვინის გარსებსა და ნივთიერებაში სისხლჩაქცევებით, თავის ტვინის ნივთიერების ვრცელი დარბილებით და მენინგოენცეფალიტით, აბსცესებით, თავის ტვინის შეშუპებით, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით კეფის დიდ ხვრელში; დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
23. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ს. ჯ-ის ქმედებებით განაწყენებულმა ი. ს-ემ ხელების დარტყმით მიაყენა მას ზემოჩამოთვლილი დაზიანებები. დაცვის მხარის ვერსია, რომ ს. ჯ-ი ი. ს-ისათვის დარტყმის მცდელობისას ინერციით ჩავარდა მაგიდასა და სკამებს შორის და ამ დროს მიიღო ექსპერტიზის დასკვნებში აღწერილი დაზიანებები, – არაფრითაა გამყარებული. დაზიანებების სიმრავლიდან, ასევე – სხეულზე მათი განლაგებიდან – გამომდინარე, გამორიცხულია, რომ პირმა ასეთი დაზიანებები მიიღოს ერთხელ დაცემით. მოწმეებმა: ხ. ზ-ემ, თ. ც-მა და ე. მ-ემ (რომელთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია) სასამართლოში ჩვენებების მიცემისას დაადასტურეს, რომ პირველი შეკამათების შემდეგ ს. ჯ-ი კვლავ გაემართა ი. ს-ისაკენ, მოუქნია მუშტი, რომელიც ი-ის მოხვდა მარცხენა ყურის არეში, თვითონ ს. ჯ-ი ინერციით წაიქცა და გვერდულად ჩავარდა ბოძსა და სკამებს შორის, რითიც ისარგებლა ი. ს-ემ და მუშტები დაარტყა სახისა და თავის არეში, ხოლო როდესაც თანამშრომლებმა იგი გაიყვანეს, ნახეს, რომ ს. ჯ-ი, გათიშული, იწვა ზურგზე და, რადგანაც ვერ მოასულიერეს, გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე, ი. ს-ემ დაურეკა ს. ჯ-ის ძმას და დაუდასტურა, რომ მან დაარტყა ხელი ს-ს.
24. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთმანეთს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ი. ს-ის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევის გარეშე (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და კანონიერად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
25. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი დაადგინა საქართველოს სსსკ-ის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ვადის გადაცილებით, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას, რადგან არ ახდენს გავლენას მსჯავრდებულის მიმართ საქმის საბოლოო სამართლებრივ შედეგზე და არ არის გათვალისწინებული საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალში.
26. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ი. ს-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით – განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილის სანქციით დადგენილი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.
27. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები, დეტალურად განიხილა და მიღებული გადაწყვეტილებით ამომწურავად დაასაბუთა, თუ რატომ დატოვა უცვლელად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა მხარეთა სააპელაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეებზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34; „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020)); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
28. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა. ამასთან, განსახილველი საკითხების ირგვლივ უკვე არსებობს ჩამოყალიბებული, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგ., იხ. სუსგ: №119აპ-23, №355აპ-20, №742აპ-16). საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
30. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ მახათაძის, ასევე – მსჯავრდებულ ი. ს-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. ა-ისა და პ. გ-ის – საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე