Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-752-02 26 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. კ-ა-ლ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ვ. ც-ის, ს. ხ-ის, გ. ვ-ის, თ. და ზ. ა-ების, ქ. ბათუმის ყიდვა-გაყიდვის და გაცვლის ბიუროს, ქ. ბათუმის ¹... და ¹.... სანოტარო კანტორების მიმართ და მოითხოვა ლ.კ-ასა და ზ. ა-ს შორის ქ.ბათუმში მდებარე ერთოთახიანი ¹... ბინის და იმავე მისამართზე მდებარე ¹...-ე ბინის თაობაზე ვ. შ-სა და ვ. ც-ეს შორის დადებულ ხელშეკრულებათა ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები დადებულია იძულებით, რაც გამოიხატა მოპასუხე თ. ა-ის მიერ ლ. კ-ას მამამთილის ხ. ლ-ის მძევლად აყვანაში.

ლ. კ-ამ სარჩელით მოითხოვა ასევე ვ. ც-ესა და ს. ხ-ს შორის და ზ. ა-სა და გ. ვ-ს შორის 1994წ. 27 ივლისს დადებული, ზემოთ მითითებული ბინების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ მას ბინის საკუთრების უფლება წაერთვა იძულებით, ხოლო ვ. ც-ეს ბინაზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს ყალბი საბუთის გამოყენებით. ამასთან ერთად ლ. კ-ამ სასამართლოს წინაშე დააყენა ს.ხ-ისა და ვ.ვ-ის გამოსახლების საკითხი მათთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად და თ. ა-ისათვის ბინიდან მისი ნივთების გამოტანით მიყენებული ზარალის _ 10000 ლარის დაკისრება.

თ. ა-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ. ლ-ისა და ლ. კ-ასაგან ქ.ოდესაში 1994 წელს ჩაის რეალიზაციისას ვალად დარჩენილი სამოცი მილიონი რუბლის შესაბამისი კურსით ლარებში ანაზღაურება.

ქ.ბათუმის სასამართლოს 1998წ. 19 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სარჩელი საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო 10000 დოლარის მოთხოვნის ნაწილში, მისივე განცხადების საფუძველზე, დატოვებულ იქნა განუხილველად. თ. ა-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 1998წ. 24 თებერვლის განჩინებით.

1999წ. 20 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ განხილულ იქნა ლ. კ-ა-ლ-ის საზედამხედველო საჩივარი და მიღებული განჩინებით გაუქმდა ქ.ბათუმის სასამართლოს 1998წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება, ასევე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 24 თებერვლის განჩინება _ ნაწილობრივ, კერძოდ, ქ. ბათუმში ... არსებული ¹.. ოროთახიანი საცხოვრებელი ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ბინიდან ს. ხ-ის ოჯახის გამოსახლებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა ქ. ბათუმის სასამართლოს.

ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ვ. ც-ესა და ს. ხ-ს ბინა შეძენილი აქვთ სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, რეგისტრირებულნი არიან საჯარო რეესტრში და ითვლებიან კანონიერი საფუძვლით შემძენ მესაკუთრეებად. ისინი კეთილსინდისიერი შემძენები არიან. ხოლო ს. ხ-ს, როგორც მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს მისი ბინით.

ლ. კ-ამ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. კ-ას სააპელაციო საჩივარი. სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებებს, რომ შულიგინი რეგისტრირებული იყო მესაკუთრედ კანონით დადგენილი წესით. ასევე კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა ვ. ც-ეც შ-ის შემდგომ ბინის მესაკუთრედ, ხოლო ხ-მა მესაკუთრისაგან შეიძინა ბინა. მინდობილობის სიყალბის შესახებ ცნობილი არ იყო ც-ისათვის. ამიტომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია.

ლ. კ-ამ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა მესაკუთრის საკუთრებიდან გავიდა მისი ნების გარეშე, რაც ფაქტიურდ სასამართლომაც დაადასტურა. ასევე, კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რადგან მან უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა. ასევე, სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ შემძენთა კეთილსინდისიერებაზე, რითაც ფაქტიურად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ას თანხმობა არ არსებობდა გაყიდვაზე. კასატორის აზრით ც-ე და ხ-ი არაკეთილსინდისიერი შემძენები არიან, რასაც ადასტურებს მათ მიერ მიცემული, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დავის განხილვისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით. იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო გამოიყენებდა კასატორის მიერ მითითებულ სამართლებრივ ნორმას, ლ. კ-ას მოთხოვნა გარიგებათა ბათილობის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდებოდა. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ქონება შეძენილია უსასყიდლოდ იმ პირისაგან, რომელსაც არ ჰქონდა მისი გასხვისების უფლება, მესაკუთრეს უფლება აქვს გამოისყიდოს იგი ყველა შემთხვევაში. ვ. ც-ის მიერ ბინის საფასურის გადაუხდელობის გამო მხოლოდ ბინის მესაკუთრეს, ე.ი. ვ. შ-ს ჰქონდა უფლება გამოეთხოვა მის საკუთრებაში არსებული ქონება უკანონო მფლობელისაგან. ლ. კ-ა 1994 წელს ბინის გასხვისების დროისათვის არ წარმოადგენდა სადავო ბინის მესაკუთრეს. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ იგი დღეისთვისაც ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი სწორედ რეგისტრაცია წარმოშობს საკუთრების უფლებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ლ. კ-ა საკასაციო საჩივარში მითითებული ნორმის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ვ.შ-სა და ვ.ც-ეს შორის დადებული გარიგების ბათილობა.

იგივე საფუძვლით უარი უნდა ეთქვას ლ. კ-ას მოთხოვნას ხ-სა და ვ. ც-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე. კასატორის მიერ მითითებული იგივე ნორმის საფუძველზე (სამოქალაქო სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით), როდესაც ქონება სასყიდლითაა შეძენილი იმ პირისაგან, რომელსაც არ ჰქონდა მისი გასხვისების უფლება, ხოლო შემძენმა ეს არ იცოდა, ქონების გმოთხოვის უფლება წარმოეშობა მესაკუთრეს. ვინაიდან ლ. კ-ა არ არის რეგისტრირებული ვ.ც-ის მიერ გაყიდული ბინის მესაკუთრედ, ხსენებული ნორმის საფუძველზე მას არ წარმოეშობა უფლებამოსილება მოითხოვოს ქონების დაბრუნება.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დღეისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსიც იცავს შემძენის ინტერესებს. აღნიშნული კოდექსის 185-ე მუხლის საფუძველზე შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. საქმის მასალების მიხედვით ორივე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გამყიდველი (როგორც ვ.შ-ი, ასევე ვ. ც-ე) მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ამიტომ, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლებელია აღნიშნული ნორმის საფუძველზე სადავო ნივთის დაბრუნება უკანონო მფლობელობიდან, მითუმეტეს რომ დღეისათვის მოქმედი სკ-ს 172-ე მუხლის საფუძველზე მესაკუთრეა უფლებამოსილი მოთხოვოს მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება. ეს უფლებამოსილება კი ლ. კ-ას ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

ლ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.