Facebook Twitter

ბს-1600-1174(კ-05) 31 მაისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ქ. ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – საიჯარო ქირის გადახდევინება, ფართიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 18 აპრილს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ. ს-ის მიმართ და მოითხოვა მოიჯარესთან გაფორმებული ¹1473 საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, საიჯარო ქირისა და მასზე დარიცხული საურავის _ 1241 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და მოპასუხის ფართიდან გამოსახლება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. I ჩიხის ¹4-ში მდებარე 1126,86 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2000 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგად, იჯარის უფლება მოიპოვა ნ. ს-მ, რაზეც გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ¹1100 და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2000 წლის 15 აგვისტოდან 2005 წლის 15 აგვისტომდე.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იჯარით გაცემულ ფართს არაკანონიერად ფლობდა მოქალაქე ლ. ბ-ი, რის გამოც მოიჯარისათვის შეუძლებელი იყო ობიექტის სრულფასოვანი გამოყენება. ფართზე წარმოშობილი დავა დასრულდა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 მაისის განჩინებით, რომელმაც უცვლელად დატოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება 2000 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგების კანონიერად ცნობისა და სადავო ფართიდან ლ. ბ-ის გამოსახლების თაობაზე.

მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ 2004 წლის 3 ივნისს ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ ნ. ს-ს გაუფორმა ახალი ¹1473 საიჯარო ხელშეკრულება, რომლის 2.2. პუნქტის მიხედვით, მოიჯარეს ყოველთვიური საიჯარო ქირა 110,68 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა შეეტანა ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მოპასუხეს ერიცხებოდა სურავი 0,5%-ის ოდენობით.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ნ. ს-ე სისტემატურად არღვევდა სახელშეკრულებო პირობებს, რის გამოც საიჯარო ქირის დავალიანებამ შეადგინა 1241 აშშ დოლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოიჯარესთან გაფორმებული ¹1473 საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, მოპასუხისათვის საიჯარო ქირისა და მასზე დარიცხული საურავის - 1241 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება და ზემომითითებული ფართიდან გამოსახლება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და ნ. ს-ს შორის 2004 წლის 3 ივნისს გაფორმებული ¹1473 საიჯარო ხელშეკრულება; ნ. ს-ე გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ... ქ. I ჩიხის ¹4-ში მდებარე 1126,86 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართიდან; მასვე დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირა 1241 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ს-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ უთითებს მიზეზებზე, რამაც განაპირობა ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ: ფართი ვერ მიიღო დროულად და როცა მიიღო, უვარგის მდგომარეობაში იყო, რის გამოც ვერ გამოიყენა იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, რაც, თავის მხრივ, გაზიარებული არ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.

სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2003 წლის 3 სექტემბრიდან სადავო ფართი იჯარით გადაეცა მოქალაქე ნ. ს-ს. ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების ფაქტს ადასტურებს აქტზე ნ. ს-ის ხელმოწერა, რის გამოც მისი პრეტენზია ფართთან მიმართებაში სასამართლომ ჩათვალა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.

სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა არ გადაიხადა ქირა სამი თვის განმავლობაში. კანონის აღნიშნული მოთხოვნა რეგლამენტირებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 31.2 პუნქტშიც, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლეოდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ს-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარისათვის უწყების ჩაბარებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რითაც უხეშად დაირღვა კანონით მინიჭებული მისი უფლებები და არ მიეცა საქმის განხილვაში მონაწილეობის საშუალება.

კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოკვლევის შესახებ; განჩინებას საფუძვლად დაუდო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არაკანონიერი გადაწყვეტილება, არ შეაფასა სხვა ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულება ¹1473, რომლითაც იჯარით გადაეცა 1126,86 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ქონებასთან ერთად, იყო ნივთობრივად და უფლებრივად ნაკლის მქონე და საიჯარო ვადაში, ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ ახერხებდა ქონების მიზნობრივად გამოყენებას.

კასატორი მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად, «იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა". ამავე მუხლის მე-2 ნაწილით «იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები", ხოლო ქირავნობის ხელშეკრულებით, გამქირავებელი, ე.ი. «მეიჯარე" მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. ამავე კოდექსის 532-ე მუხლის საფუძველზე «გამქირავებელი" მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა". კასატორის განმარტებით, კანონის მითითებული მოთხოვნები «მეიჯარის" მხრიდან დაცული არ ყოფილა.

რაც შეეხება საიჯარო ქირის დავალიანებას - 1241 აშშ დოლარისა და საურავის - 426 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ, კასატორის აზრით, არ არის მართებული, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულება ¹1473 დაიდო 2004 წლის 10 მაისს და ძალაში შევიდა სანოტარო აქტით დამოწმების შემდეგ და არა 2004 წლის 16 თებერვალს, რასაც უთითებდა მოსარჩელე. მომდევნო 6 თვის ქირა, ბეს სახით 1324 ლარი, გადახდილი ჰქონდა, როდესაც კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა, ე.ი. უნდა ჩათვლილიყო გადახდილად მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, კასატორის აზრით მიუხედავად იმისა, რომ იგი საერთოდ ცნობს ქირის დავალიანებას, დარჩენილი დღეების მიხედვით, საურავისა და ქირის სწორად გამოთვლით მიიღება ნაკლები თანხა, ვიდრე ეს სარჩელშია მითითებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას და მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობა უნდა შემოწმებულიყო 2006 წლის 29 მარტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 იანვრის განჩინებით ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საფუძვლებთან ერთად მიუთითებს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველზე და თვლის, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მისი დასწრების გარეშე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ბ" პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.

იმის გათვალისწინებით, რომ მითითებული საპროცესო დარღვევა უცილობლად იწვევს გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნული დამოკიდებული არ არის სასამართლოს შეხედულებაზე, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს ზემოაღნიშნული გარემოების გამოკვლევა-დადგენას.

საქმეში _ ს.ფ. 65-ზე წარმოდგენლია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, რომლითაც მხარეს (კასატორს) ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღი. იმავე გზავნილზე გაკეთებული მინაწერით დასტურდება, რომ ადრესატი არ იმყოფებოდა სახლში, რის გამოც უწყება ვერ ჩაჰბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მე-2 ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ხოლო ამავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ უწყების მიმტანმა პირმა სასამართლოში გამოძახებული მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაჰბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ ისინიც არ იმყოფებიან ადგილზე _ იმავე სახლში მცხოვრებY სახლის მფლობელს, დამქირავებელს, რომლებიც თანახმა იქნებიან გადასცენ უწყება ადრესატს, ანდა სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.

ამდენად, მითითებული ნორმა ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადრესატისათვის უწყების ჩაბარების წესს.

საგულისხმოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2005 წლის 26 ოქტომბერს ისე ჩაატარა პროცესი, რომ არ შეუმოწმებია მხარისათვის შეტყობინების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ჩაბარების ფაქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით. ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მე-2 ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარსს და განმარტავს, რომ უწყება ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ უწყების მე-2 ეგზემპლარზე, რომელსაც ხელს აწერს ადრესატი, აღნიშნულია მისი ჩაბარების დრო და იგი დაბრუნებულია სასამართლოში.

საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასამართლო გზავნილის ჩაბარების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას, რომელიც შეიცავს ინკვიზიციურობის გარკვეულ ელემენტებს, აღნიშნავს, რომ ამავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე მკაცრადაა დაცული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოდავე მხარეები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებით, განკარგონ პროცესუალური საშუალებები, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადგენა-დადასტურების მიზნით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მითითებული პრინციპის დაცვას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «გ" პუნქტი, რომლის დარღვევის ფაქტიც უდავოდ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და რომლის გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო ვალდებულია, გააუქმოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნოს იმავე სასამართლოს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: კასატორი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს მხოლოდ საიჯარო ქირის დავალიანების - 1241 აშშ დოლარისა და საურავის - 426 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

ზემოაღნიშნული მუხლების დებულებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო შებოჭილია კასატორის ნებით, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებას აუქმებს მხოლოდ საიჯარო ქირის დავალიანებისა და საურავის დაკისრების ნაწილში და საქმეს ამ ნაწილში განსახილველად უბრუნებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 26 ოქტომბრის განჩინება ნ. ს-ისათვის საიჯარო ქირის დავალიანების - 1241 აშშ დოლარისა და საურავის - 426 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.