გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-764-02 31 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან წილის გამოყოფა, მეუღლის ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. უ-მა სარჩელით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ჟ. და ჯ. მ-ეების საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც მდებარეობს ლაგოდეხის რაიონის სოფ. ...ში, წილის გამოყოფა, კომლზე რიცხული 1,25 ჰა მიწის ნაკვეთიდან 0,75 ჰა-ზე საკუთრების უფლების დადგენა. მოსარჩელის განმარტებით 1995წ. 16 სექტემბრიდან ფაქტობრივ ცოლქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ჯ. მ-ესთან. მათ შეეძინათ ორი შვილი, ცხოვრობდნენ დედამთილის, ჟ. მ-ის, კომლში ს....ში. 1999წ. აგვისტოში იძულებული გახდა დაეტოვებინა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი.
საქმის მთავარ სხდომაზე განხილვამდე მოპასუხე ჯ. მ-ე გადაიცვალა. ნ.უ-მა შეცვალა თავისი სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ჟ. მ-ის სახელზე რიცხულ კომლში სარგებლობის უფლებით შესახლება, ასევე 0,75 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა და კუთვნილი ნივთების დაბრუნება.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.უ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: იგი თავის ორ მცირეწლოვან შვილთან, ჟ. და ჯ. მ-ეებთან ერთად, შესახლებულ იქნა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ჟ. მ-ის სახელზე რიცხული კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში საერთო სარგებლობის უფლებით.
მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილებთან ერთად სარგებლობის უფლებით მიეცა ჟ. მ-ის სახელზე რიცხული კომლის კუთვნილი 1,25 ჰა მიწის ნაკვეთიდან 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი და დაუბრუნდა პირადი საკუთრების ნივთები.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა ნ. უ-ისა და მისი არასრულწლოვანი შვილებისათვის მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემის ნაწილში და ნ.უ-ს უარი ეთქვა ჟ.მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გამოყოფაზე, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად მიიჩნია შემდეგი:
სკ-ს 1323-ე მუხლით გათვალისწინებულ “კომლში” იგულიხმება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სამეურნეო კომლი, რადგან უ. მ-ე და ჟ. მ-ე ცალ-ცალკე თანამესაკუთრედ არ იყვნენ რეგისტრირებულები საადგილმამულო წიგნში, ამდენად, სადავო ქონება წარმოადგენდა უ. მ-ის საკუთრებას. ნ.უ-ი ფაქტობრივ ქორწინების საფუძველზე შევიდა მის ოჯახში, არის ოჯახის წევრი და მარლთზომიერი მფლობელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეასახლა სადავო საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვნები ჟ. და ჯ. მ-ეები, რადგან ჯ. მ-ე რეგისტრირებულია კომლში და მის საცხოვრებელ ადგილად ითვლება სადავო სახლი.
გადაწყვეტილება ნ.უ-ზე მიწის ნაკვეთის სარგებლობით გადაცემის ნაწილში უნდა გაუქმდეს, რადგან სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხე ჟ. მ-ეზე და არ არსებობს ნ.უ-ისათვის სარგებლობის უფლებით მისი გამოყოფის სამართლებრივი საფუძველი.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ჟ. მ-ემ საცხოვრებელ ბინაში შესახლების ნაწილში და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მითითება უ. მ-ის მესაკუთრედ ცნობის შესახებ საფუძველს მოკლებულია. სასამართლო არ უთითებს ნ.უ-ის მართლზომიერი ფლობის საფუძველს, მაშინ როცა დადგენილად მიაჩნია მის მიერ 1999 წლიდან სადავო ბინის დატოვების ფაქტი. კასატორის პოზიციით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის მოთხოვნა, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა “სასოფლო-სამეურნეო დანიშუნლების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლებზე, მაშინ როცა ეს უკანასკნელი მუხლი გაუქმებულია, ხოლო მე-4 მუხლი მნიშვნელოვნად შეცვლილია (ცვლილებები შეტანილია 1999წ. 9 ივნისისა და 2000წ. 26 ივნისს მიღებული კანონების საფუძველზე).
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რა ნ.უ-ი მართლზომიერ მფლობელად, არ მიუთითა მართლზომიერი ფლობის საფუძველზე და დადებით შემთხვევაშიც კი იურიდიულად არ დაასაბუთა მესაკუთრის ნების საწინაამდეგოდ მართლზომიერი მფლობელის კასატორის საცხოვრებელ სახლში შესახლების სამართლებრივი საფუძველი.
ერთ შემთხვევაში სასამართლომ მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გამოყოფაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში _ სარგებლობის უფლებით გამოუყო ჟ.მ-ის საკუთარი საცხოვრებელი სახლის ნაწილი. ამდენად სააპელაციო სასამართლოს დასკვნები წინააღმდეგობრივია. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, როცა მიუთითებს, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა უ. უ-ის საკუთრებას. გაუგებარია სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო კომლს განიხილავს როგორც უ. მ-ის, ისე ჟ. მ-ის კომლად.
გასაზიარებელია კასატორის მოტივაცია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად; ნ.უ-ის მიერ 1999 წელს სადავო სახლის დატოვების ფაქტი ხომ არ უნდა შეფასდეს მფლობელობის შეწყვეტად სკ-ს 156-ე მუხლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არაა დადგენილი, პალატა მოკლებულია საშუალებას, მიიღოს გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიაჩნია საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს არსებობს თუ არა მოსარჩელის მართლზომიერი ფლობისა და დადებით შემთხვევაში მისი დედამთილის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში შესახლების სამართლებრივი საფუძველი. ხომ არ ჰქონდა ადგილი მფლობელობის შეწყვეტას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება. მოსარჩელე ნ. უ-ის თავის ორ მცირეწლოვან შვილებთან: ჟ. და ჯ. მ-ეებთან ერთად ლაგოდეხის რაიონის სოფ. ...ში მდებარე ჟ. მ-ის სახელზე რიცხული კომლის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში საერთო სარგებლობის უფლებით შესახლების ნაწილში და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.