Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-825-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: წესდებასა და სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელეებმა (ლ-ი, ქ-ი) სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ტ. ქ-ის აღდგენა შპს “ლ. მ-ის” ...ის თანამდებობაზე, საწარმოს წესდების და შესაბამისად სამეწარმეო რეესტრში 1998წ. 28 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების გაუქმება და პარტნიორთა თანაბარი წილის უცვლელად დატოვება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1996წ. 16 მაისს ლენტეხის რაიონის ადგილმრეწველობის კომბინატის მუშა-მოსამსახურეთა ხუთკაციანმა ჯგუფმა დააფუძნა ამხანაგობა, რომელიც 1996წ. 20 აგვისტოს რეგისტრირებულ იქნა სასამართლოში როგორც შპს “ლ. მ.”. წესდებით განისაზღვრა პარტნიორთა უფლება-მოვალეობები. თითოეული პარტნიორის შენატანს უნდა შეედგინა 595 აშშ დოლარი ე.ი. განსაზვრული იქნა საწესდებო ფონდის შექმნის წევრთა შორის თანაბარი პირობები. პარტნიორები იყვნენ: ტ. ქ-ი, შ. ლ-ი, მ. გ-ე, ნ. ლ-ი და ი. მ-ი. მესამე პირმა არაპარტნიორმა ს. გ-ემ შვილის მ. გ-ის სახელზე საწესდებო ფონდში კაპიტალის შეტანა განახორციელა უკანონოდ, პარტნიორთა კრების გარეშე, რითაც გაზარდა მ. გ-ის წილი საწესდებო კაპიტალში.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ს. გ-ემ ვაუჩერები შეიძინა შავ ბაზარზე, მათთან შეუთანხმებლად ჩარიცხა თანხა თავისი შვილის სახელზე, რის გამოც მათ ვერ გამოიყენეს თავიანთი ვაუჩერები.

სარჩელის საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ არ არსებობს ბრძანება ტ. ქ-ის გათავისუფლების შესახებ. 1998წ. 28 დეკემბრის ცვლილებათა რეგისტრაციით სამეწარმეო რეესტრში შეიცვალა პარტნიორთა შორის წილთა გადანაწილება და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შპს-ს შეემატა ახალი პარტნიორი – მ. გ-ე, რომელსაც არ გააჩნდა წილის დათმობის შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებს გაშვებული აქვთ გასაჩივრების ორთვიანი ვადა. რაც შეეხება ტ. ქ-ის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნას, მოპასუხეების განმარტებით ტ. ქ-ი სამუშაოდან განთავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც მესამე ოქმით მიღებულ იქნა სათანადო გადაწყვეტილება. თავის მხრივ მოპასუხეებმა სასამართლოს მიმართეს შეგებებული სარჩელით და მოითხოვეს ტ. ქ-ის დირექტორობის პერიოდში საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ 1995წ. ნოემბერში, ვიდრე შეიქმნებოდა შპს, ს. გ-ემ შეისყიდა საზოგადოებაში წილი 50%-ზე მეტი ოდენობით, 1500 აშშ დოლარის ღირებულებით. შემდგომ თავისი წილი გადასცა შვილს 1995 წელს, რაც უნდა ასახულიყო საზოგადოების შექმნის დროს. საზოგადოების წესდება და სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტები შედგენილი იქნა არასწორად, ოქმზე და წესდებაზე არ არის პარტნიორთა ხელმოწერა. იმ პერიოდში ს. და მ. გ-ეებმა ვერ მიაქციეს სათანადო ყურადღება საზოგადოების სარეგისტრაციო დოკუმენტების შექმნასა და დამფუძნებელთა შორის წილების განაწილების საკითხებს, რის გამოც ს. გ-ის მიერ ვაუჩერებით დაფარული საპრივატიზაციო თანხები არ აისახა საზოგადოების დამფუძნებელთა შორის პროპორციულად. სწორედ აღნიშნულის გამო მოხდა 1998წ. 28 დეკემბრის ცვლილებების რეგისტრაცია, რა დროსაც სწორად აისახა წესდებაში წილების განაწილების წესი და ოდენობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 მუხლის თანახმად დაუშვებელია პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.

მოპასუხეების შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ტ. ქ-ს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება შპს “ლ. მ-ის” სასარგებლოდ 1754,97 ლარის ოდენობით.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ქ-მა. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1995 წელს ლენტეხის რაიონის ადგილმრეწველობის კომბინატის მუშა-მოსამსახურეებმა დააფუძნა ამხანაგობა, რომელმაც 1995წ. 12 ოქტომბერს შეიძინა ლენტეხის ადგილმრეწველობის კომბინატის ქონება. 1996წ. 20 აგვისტოს ამხანაგობის ბაზაზე რეგისტრაციაში გატარდა შპს “ლ. მ.”. ამხანაგობის წევრებმა 2977 აშშ დოლარად შეფასებულ ქონებაში გადაიხადეს თანაბარი წილი 1511 დოლარი და 50 ცენტი. გადასახდელი დარჩათ 1466 აშშ დოლარი, რომელიც ქონების მართვის სამინისტროს 1995წ. 17 ნოემბრის წერილის შემდგომ ვაუჩერების სახით გადაიხადა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის მამამ – ს. გ-ემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია განხორციელდა 1998წ. 28 დეკემბერს, ხოლო პარტნიორთა კრების ოქმი ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია 1998წ. 30 დეკემბერს ე.ი. სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაციის შემდეგ. კრებას არ ესწრებოდნენ საზოგადოების პარტნიორები – ტ. ქ-ი და ნ. ლ-ი. სასამართლომ მიიჩნია, რომ წესდებაში ცვლილებების შეტანა განხორციელდა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.2 მუხლის უგულვებელყოფით, არ იყო დაცული 47.5 მუხლით გათვალისწინებული კრების მოწვევის პროცედურა.

შპს “ლ. მ-ის” 1996წ. 20 აგვისტოს წესდების 4.1 პუნქტის თანახმად საზოგადოების საწესდებო კაპიტალი პარტნიორთა შორის განაწილებული იყო თანაბარ წილად და თითოეულის წილი შეადგენდა 744,25 ლარს ანუ 595 აშშ დოლარს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წესდებით გათვალისწინებული წილთა ოდენობა უნდა დარჩენილიყო უცვლელად, ვიდრე პარტნიორთა კრება კანონის შესაბამისად სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. პალატამ მიიჩნია, რომ რადგან ხარვეზი მნიშვნელოვანია და მისი გამოსწორება შეუძლებელია 5.8 მუხლის თანახმად რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელი. საზოგადოებაზე დარიცხული სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება და საზოგადოებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური სასამართლომ არ ჩათვალა დირექტორის მიერ საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანად, რადგან აღნიშნული გადასახადების გადახდა კანონის შესაბამისად ევალება საწარმოს. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სკ-ს 412-ე მუხლზე.

სააპელაციო პალატამ მსჯელობის საგნად არ გახადა ს. და მ. გ-ეების პრეტენზია საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და ობიექტის პრივატიზაციის კანონიერების შესახებ, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენდა სარჩელის საგანს.

აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი, გაუქმდა შპს “ლ. მ-ის” წესდებასა და შესაბამისად ლენტეხის რაიონული სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში 1998წ. 28 დეკემბერს შეტანილი ცვლილებები.

ს. და მ. გ-ეებს უარი ეთქვათ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ს. გ-ეებმა, რომლებიც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ შეგნებულად აარიდა თავი იმ გარემოების დადგენას, რომ ს. გ-ე იყო ამხანაგობის წევრი, რაც დასტურდება 1995წ. ოქმით ¹3 და ასევე ადასტურებენ მოსარჩელეები. ამხანაგობის წევრმა ს. გ-ემ, როგორც პარტნიორმა, ჩუქების ხელშეკრულებით 1996წ. 19 აგვისტოს გაასხვისა თავისი წილი საზოგადოებაში. კასატორი თვლის, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რადგან მათ საწარმოს დაფუძნებისას ჩადეს თავიანთი წილის შესაბამისად პრივატიზებული ქონება.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ქონების მართვის სამინისტროს წერილი, საპრივატიზაციო ბარათების შეტანის აქტი და სხვა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ ამხანაგობამ ვერ შეასრულა სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები ქონების პირდაპირ მიყიდვის წესით შეძენის შესახებ, ს. გ-ეს უფლება ჰქონდა არა მარტო გადაეხადა ქონების ღირებულება, მონაწილეობა მიეღო ქონების გამოსყიდვაში და შესაბამისად ყოფილიყო საზოგადოების დამფუძნებელი შენატანის გათვალისწინებით, არამედ აუქციონის წესით შეეძინა ქონება.

კასატორის მოსაზრებით გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უნდა დადებოდა ის გარემოება, რომ ცვლილებების რეგისტრაცია განხორციელდა 28 დეკემბერს, ხოლო კრების ოქმი დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ 30 დეკემბერს, რადგან რეგისტრაციის შემდეგ სასამართლოს მითითებით გამოასწორეს ხარვეზი. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 1996წ. წესდება არ არის ხელმოწერილი პარტნიორების მიერ და არ არის დამოწმებული ნოტარიალურად. წესდებაზე მხოლოდ იმდროინდელი დირექტორის – მოსარჩელის ხელმოწერაა, რაც არ ნიშნავს მხარეთა შეთანხმებას წილთა განაწილების შესახებ.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად შეაფასა კრების ოქმი, როცა მიუთითა, რომ წარმოდგენილი კრების ოქმი ვერ ჩაითვლება სრულყოფილ იურიდიულ დოკუმენტად, რადგან მასში არაფერია ნათქვამი იმ ცვლილებების შესახებ, რაც უნდა გატარებულიყო სამეწარმეო რეესტრში. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა ლენტეხის სასამართლოს ცნობას იმის შესახებ, რომ ცვლილება შეეხებოდა საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა წილის განსაზღვრას.

სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.2 მუხლის მეორე წინადადება, რომლის თანახმად ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა და სანოტარო წესით დამოწმება. ასევე არ გამოიყენა 47.5 მუხლი, რომლის თანახმად კრება გადაწყვეტუნარიანია თუ მასში მონაწილეობენ ის პარტნიორები, რომლებსაც აქვთ ხმების უმრავლესობა. კასატორის მოსაზრებით სასამართლო ვალდებული იყო 5.8 მუხლის შესაბამისად მიეცა ვადა ხარვეზისათვის.

კასატორი მიუთითებს, რომ საზოგადოების კრების შესახებ იცოდა მოსარჩელეებმა და თვლის, რომ სასამართლო მიკერძოებულია, ხელმოუწერავი წესდება ცნო კანონიერად, ხოლო 1998წ. წესდება უკანონოდ.

სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნები და თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ მოუთხოვია, კერძოდ ნ. ლ-ს არ ჰქონდა შეტანილი სააპელაციო საჩივარი, პალატამ კი დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.

კასატორს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით მოსარჩელე დროულად არ იხდიდა დავალიანებებს, რის გამოც საზოგადოებას ერიცხებოდა საურავი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

დადგენილია, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს შპს “ლ. მ-ის” წესდებასა და შესაბამისად სამეწარმეო რეესტრში 1998წ. 28 დეკემბერს შეტანილი ცვლილებები, ხოლო შეგებებული სარჩელის საგანს კი მოსარჩელის დირექტორობის პერიოდში საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

კასატორის მიერ მითითებული პრეტენზიები საზოგადოების 1996წ. სადამფუძნებლო დოკუმენტების, წესდების, ობიექტის პრივატიზაციის და აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა გარემოებების თაობაზე არ ყოფილა არც სარჩელის და არც შეგებებული სარჩელის საგანი, შესაბამისად აღნიშნული გარემოებები ვერ გახდებოდა სასამართლოს მსჯელობის საგანი. კასატორები უფლებამოსილები არიან მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით იდავონ სასარჩელო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერც საკასაციო პალატა იმსჯელებს კასატორების აღნიშნულ პრეტენზიებზე.

საკასაციო პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ საზოგადოების 1998წ. 16 დეკემბრის პრტნიორთა კრებას არ ესწრებოდნენ მოსარჩელეები _ პარტნიორები, ისინი არ იყვნენ მოწვეული “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.5 მუხლის შესაბამისად. მითითებული ნორმის თანახმად დირექტორებს შეუძლიათ მოიწვიონ საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისათვის ერთი კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყათრებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა ვერ დაამტკიცეს ის გარემოება, რომ მოსარჩელეები მოწვეულნი იყვნენ კრებაზე კანონით დადგენილი წესით. მათ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად.

აღნიშნულის გამო, კასატორების მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებმა იცოდნენ პარტნიორთა კრების დროისა და დღის წესრიგის შესახებ ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად. აქედან გამომდინარე, ვინაიდან არ იყო დაცული კრების მოწვევის პროცედურა, სააპელაციო პალატამ მართებულად არ გამოიყენა 47.2 მუხლის მეორე წინადადება.

ლენტეხის რაიონული სასამართლოს ცნობით სასამართლოს მიერ შპს “ლ. მ-ის” პარტნიორთა კრების 1998წ. 16 დეკემბრის სხდომის ოქმის საფუძველზე განხორციელდა ცვლილებები წესდებაში. აღნიშნულ კრების ოქმში დღის წესრიგად მითითებულია “წესდებაში ზოგიერთ მუხლში ცვლილებების და დამეტებების შეტანის შესახებ”, შემდეგ აზრი გამოთქვეს დამსწრე პარტნიორებმა (რის შესახებ არ არის აღნიშნული) და ბოლოს პარტნიორთა კრებამ დაადგინა: “შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები შპს “ლ. მ-ის” წესდების რამოდენიმე მუხლში “საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად”.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნს იმის შესახებ, რომ პარტნიორთა კრების ოქმი ვერ ჩაითვლება სრულყოფილ იურიდიულ დოკუმენტად, რადგან მასში არაფერია ნათქვამი იმ ცვლილებების შესახებ, რაც უნდა გატარებულიყო სამეწარმეო რეესტრში.

ლენტეხის სასამართლოს მიერ გაცემულ ცნობაში მითითებულია ასევე, რომ პარტნიორთა წილი განისაზღვრა თანხების ჩარიცხვის ქვითრების საფუძველზე. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.2 მუხლის თანახმად კი საზოგადოების წესდების შეცვლა შეიძლება მხოლოდ პარტნიორთა გადაწყვეტილებით. მოცემულ შემთხვევაში კი პარტნიორთა კრება მოწვეულია კანონის დარღვევით, ხოლო დამსწრე პარტნიორთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი პარტნიორთა შორის წილთა განაწილებაზე არაფერია ნათქვამი.

კასატორის მიერ არ არის წამოყენებული ასევე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ზიანის ანაზღაურების ნაწილში. დადგენილია, რომ საზოგადოებას ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის და მიწოდებული ელექტროენერგიის დავალიანება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დირექტორის მიერ საზოგადოებისათვის მიყენებულ ზიანად.

რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ საპროცესო ნორმების დარღვევაზე, იგი ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი თანახმად სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილისა, რადგან არსებითად საქმეზე მიღებულია სწორი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. და მ. გ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.