საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№992აპ-23 თბილისი
ჩ. ფ., №992აპ-23 13 ნოემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ო. ო-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ას, ასევე მსჯავრდებულ ფ. ჩ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. კ-ისა და გ. ნ-ის – საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მაისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: ფ. ო. ო-ა, - – საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლითა და 6 თვით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით კი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 13 აგვისტოდან; ჩ. მ. ო. (ძებნილი), დაბადებული - საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით კი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; ფ. ჩ., - – საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლითა და 6 თვით, 194-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 3 წლით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით კი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2020 წლის 13 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ო. ო-ამ და ფ. ჩ.მ ჩაიდინეს: თაღლითობა, ე.ი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით; უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ფ. ჩ.მ ასევე – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა: ფ. ო. ო-ამ, ფ. ჩ.მ და ჩ. მ. ო.მ – განიზრახეს არარეზიდენტი ფიზიკური პირის დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მათ სოციალურ ქსელში გამოგონილი პირის – ფ. ლ. ბ.ის – სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი, რომლის გამოყენებითაც კომუნიკაცია დაამყარეს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დ. რ. კ-თან, რომელიც დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში მყოფი, ვითომდა, გერმანელი წარმოშობის ფ. ლ. ბ.ი ცხოვრობდა საქართველოში, სადაც მოგებული ჰქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობაზე. საქართველოში საქმიანობის დასრულებისა და მისთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემდეგ ფ. ლ. ბ.ი, თითქოსდა, აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დ. რ. კ-თან გამგზავრებას და მასთან ოჯახის შექმნას.
· დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები წინასწარ დაგეგმილი, თანმიმდევრული ნაბიჯებით, დ. რ. კ-ის ნდობის მოპოვების შემდეგ, 2014 წლის 9-11 ნოემბრის ჩათვლით, მობილური ტელეფონის ქართული ნომრით, რომლითაც ფ. ჩ. სარგებლობდა, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით რამდენჯერმე დაუკავშირდნენ დ. რ. კ-ს, აცნობეს, რომ ფ. ლ. ბ.ი მოყვა ავარიაში, და მიაწოდეს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; მასვე სთხოვეს მკურნალობის ხარჯების დასაფარად თანხების გადაგზავნა საქართველოში კონკრეტული პირების სახელზე. მეტი დამაჯერებლობისათვის, გამოგონილი პირების სახელით, დ. რ. კ-თან ელექტრონული ფოსტით მიმოწერისას იგი დაარწმუნეს, რომ მომავალში ფ. ლ. ბ.ის მიერ ხიდების მშენებლობისათვის მისაღები 900 000 აშშ დოლარი საქართველოდან გადაირიცხებოდა დ. რ. კ-ის საბანკო ანგარიშზე აშშ-ში. ფ. ჩ.მ, ფ. ო. ო-ამ და ჩ. მ. ო.მ ზემოაღნიშნული გზით დ. რ. კ-სა და მის მეუღლეს, ბ. კ-ს, 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით, ფ. ო. ო-ასა და მათთან დაკავშირებული ფიზიკური პირების: ა. მ. ნ.ეს, დ. ე. ი-ს, ფ. ო. ა-ის, ლ. ი. ნ-ს, ვ. ს-ის, ა. ს-ის, ჯ. ა-ის, მ. ჭ-სა და ს. თ-ის სახელზე სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, ასევე ნ. გ-ის სახელზე სს --- გახსნილ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით გადმოარიცხინეს ჯამურად 233 250 აშშ დოლარი, რასაც დაეუფლნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები.
· დ. რ. კ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შემდეგ ფ. ჩ.მ, ფ. ო. ო-ამ და ჩ. მ. ო.მ განიზრახეს უკანონოდ მიღებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა, აგრეთვე, მათი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, განთავსების, მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა. ამ მიზნით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ფულადი თანხები დაანაწევრეს და, როგორც პირადად, ასევე – ს. თ-ის, ნ. გ-ის, მ. ბ-ის, ა. მ. ნ.ეს, ფ. ო. ა-ის, ი. დ. ე-სა და ჯ. ა-ის მეშვეობით, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში, მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით გადარიცხეს ნიგერიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მათთან დაკავშირებული პირების, ხოლო თურქეთის რესპუბლიკაში – პირადად ჩ. მ. ო.ს სახელზე, რითაც მოახდინეს ჯამურად – 124 008 აშშ დოლარის – უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
· მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების შემდეგ ფ. ჩ.მ განიზრახა უკანონოდ მიღებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა, რა მიზნითაც 2015 წლის 26 იანვარს მ. ბ-ს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება გააფორმებინა თ-ში, კ-ის გზატკეცილის №-ში მდებარე 49.19 მ2 უძრავი ქონების მფლობელთან – ლ. ნ-თან, რითაც შენიღბა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ლ. ნ-თვის გადაცემული 10 200 აშშ დოლარის უკანონო წარმოშობის წყარო, მოძრაობა და მასზე საკუთრების უფლება. აღნიშნული გზით ფ. ჩ-მ მოახდინა 10 200 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ ფ. ო. ო-ას ადვოკატი მ. ხ-ა და მსჯავრდებულ ფ. ჩ.ს ადვოკატები: გ. კ-ი და გ. ნ-ი – საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ფ. ო. ო-ასა და ფ. ჩ.ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა. მსჯავრდებულთა ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს ანალოგიურ (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული, გასაჩივრებულ განაჩენში კი წარმოდგენილია ყველა არგუმენტზე დეტალური მსჯელობა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მათი გამეორება მიზანშეუწონლად მიაჩნია. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, და აღნიშნავს: ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც დაადგინა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით (დაზარალებულების: დ. რ. კ-ისა და ბ. ჩ. კ-ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: ს. თ-ის, მ. ჭ-ის, ნ. გ-ის, მ. ბ-ის, თ. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, თემატური რევიზიის დასკვნით, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით, დათვალიერების ოქმებით, თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაციით, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის 2015 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებითა და სხვა მასალებით) უტყუარად დადასტურდა ფ. ო. ო-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ფ. ჩ.ს მიერ – საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
9. რაც შეეხება კასატორთა პოზიციას ბრალდების მხარის მიერ გარკვეული პირების დასაკითხ მოწმეთა სიაში არშეყვანის თაობაზე, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, დაცვის მხარეს ენიჭება როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ., სუსგ: N951აპ-20, N925აპ-20, N30აპ-20, N669აპ-20, №881აპ-22). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს....მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).
10. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დაცვის მხარეს საჭიროდ მიაჩნდა საკასაციო საჩივრებში მითითებული პირების არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვა, ისინი თავად უნდა შეეყვანა დასაკითხ პირთა სიაში, რაც არაერთხელ განმარტა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), No18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების არაგონივრულ შეზღუდვად იმ პირობებში, როდესაც მომჩივნის რელევანტური არგუმენტები შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ (Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, § 34, ECtHR, 2/09/2014). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, იმ საფუძვლით რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ., Tchankotadze v. Georgia, № 15256/05, §103, 2016 წლის 21 ივნისი, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84; და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 2015 წლის 21 ივლისი).
12. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია და საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები არ იკვეთება.
13. შესაბამისად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ო. ო-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ-ას, ასევე მსჯავრდებულ ფ. ჩ.ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. კ-ისა და გ. ნ-ის საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე