Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-837-02 10 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: მემკვიდრეობის უფლების აღდგენა და სამკვიდროდან წილის მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 21 სექტემბერს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ე. ა-ამ და მოითხოვა მემკვიდრეობის უფლების აღდგენა და სამკვიდრო წილის მიღება.

განმცხადებელმა ე. ა-ამ სარჩელში აღნიშნა, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ სამ შვილს – ე-ს, ი-ს და ბ-ს მემკვიდრეობა იურიდიულად არ გადაუფორმებიათ. აღნიშნულის მიზეზი იყო ძმა ი., რომელიც რუსეთში ცხოვრობდა და შეთანხმებისამებრ ელოდნენ მის ჩამოსვლას, რათა გაენაწილებინათ მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. ი. ს-ის ჩამოუსვლელობით ისარგებლა ძმის, ბ-ს, მეუღლე ე. ს-ამ და 1998 წ. 20 იანვარს მემკვიდრეობა უკანონოდ მთლიანად გადაიფორმა.

მესამე პირმა დამოუკიდებელი მოთხოვნით ი. ს-მა მოითხოვა გაშვებული მემკვიდრეობის ვადის აღდგენა, სამკვიდრო ქონებაში მისი წილის განსაზღვრა-გამოყოფა და ნოტარიუსის მიერ ე.ს-აზე 1998წ. 20 იანვარს გაცემული მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაუქმება.

ქ.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. ა-ას სარჩელს ე. ს-ასთან - და ქ.ბათუმის ნოტარიუს მ.მ-ესთან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებისა და მის წილ ქონებაზე უფლების ცნობაზე და მესამე პირს ი. ს-ის სასარჩელო მოთხოვნას ე. ს-ასა და ქ.ბათუმის ნოტარიუს მ.მ-ესთან სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებისა და მისი ხვედრი ქონების ნაწილზე უფლების ცნობის შესახებ უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო. საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. საბოლოოდ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტების: ე. ა-ასა და ი. ს-ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

გაუქმდა ბათუმის ნოტარიუს მ. მ-ის მიერ 1998წ. 20 იანვარს ე. ს-ას საქმეზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.

სამკვიდრო ქონება თანაბარ წილად განაწილდა მემკვიდრეებს – ე.ს-ას, ი.ს-ას და ე.ა-ას შორის და თითოეულის წილი განისაზღვრა 1/3-ით.

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ აპელანტებმა ე.ა-ამ და ი.ს-მა სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს; სკ-ს 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ჩათვალა, რომ სამკვიდრო ქონება თანაბარწილად უნდა განაწილდეს მემკვიდრეებს: ე.ა-ას, ი.ს-სა და ე.ს-ას შორის და თითოეულს უნდა მიეკუთვნოს სამკვიდრო ქონების 1/3.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ელიზავეტა ს-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

კასატორი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართოს სააპელაციო პალატის 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ შეასრულა საკასაციო პალატის მითითებები. სააპელაციო პალატამ მტკიცებულებები შეაფასა სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. მტკიცებულებათა შეფასება არაობიექტურია. ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია მტკიცებულებათა გარეშე ან მტკიცებულებათა საპირისპიროდ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე. ა-ა, ი. ს-ი და ბ. ს-ი და-ძმანი არიან; 1992წ. 16 აპრილს გარდაიცვალა მათი მამა ს. ს-ი, რომლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობა გაიხსნა ბათუმში, ... მდებარე ს.ს-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე. 1995წ. 24 აპრილს გარდაიცვალა დედა მ. ს-ა, ხოლო 1997წ. 13 ივნისს ბ. ს-ი; 1998წ. 20 იანვარს კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე ბ. ს-ის მეუღლემ ელიზავეტა ს-ამ აღიდგინა მემკვიდრეობა ს. ს-ის დანაშთ ქონებაზე.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მამის ს. ს-ის და დედის, მ. ს-ას გარდაცვალების შემდეგ ე. ა-ა შეუდგა სამკვიდროს ფლობას; სამკვიდრო ქონებიდან მიიღო სხვადასხვა ნივთები, გაზქურა, საწოლი, კარადა, სხვადასხვა სახის ჭურჭელი და დედასთან ერთად გააგრძელა ცხოვრება მამისეულ სახლში; აღნიშნული დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე _ ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის ქვითრებით.

გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას ე. ა-ას მიერ სამკვიდრო ქონების მიღების ნაწილში.

პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქმის მასალებით ი. ა-ის მიერ დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების ფაქტი არ დასტურდება. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არ ემყარება სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, ვინაიდან მტკიცებულებებით არ დასტურდება, რა ქონება მიიღო სამკვიდროდან ივანე ს-მა, უფრო მეტიც, მისი წარმომადგენელი, როგორც სასარჩელო განცხადებით, ისე მოგვიანებით სასამართლო სხდომებზე არაერთგზის ადასტურებს, რომ მისმა რწმუნებულმა გაუშვა სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა; პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ ამ ნაწილში დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაა წარმოდგენილი.

პალატას მიაჩნია, რომ სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასამართლოს სადავო ურთიერთობის გადასაწყვეტად სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი უნდა გამოეყენებინა.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. ამავე კოდექსის 557-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ, თუკი იგი ვადის გადაცილების მიზეზებს საპატაიოდ მიიჩნევს. განსახილველ შემთხვევაში ი.ს-ის მხრიდან ადგილი არა აქვს არც სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებას და არც სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაშვებას;

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები, ს. ს-ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებაზე კანონისმიერი მემკვიდრეები გახდნენ შვილები ე. და ბ. ს-ები და მეუღლე მ. ს-ა, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ კი შვილები: ე. და ბ. ს-ები; ამდენად, სადავო სახლმფლობელობა უნდა განაწილდეს თანაბარ წილად ე. ა-ასა და ბ. ს-ის მეუღლე ე. ს-ას შორის.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით არ გაიზიარა მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მ. ს-ამ უარი თქვა მემკვიდრეობაზე, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 560-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონისმიერ ან ანდერძისმიერ მემკვიდრეს შეუძლია, ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან უარი თქვას მემკვიდრეობაზე. მ.ს-ას განცხადება კი მემკვიდრეობაზე უარის თქმის შესახებ სამკვიდროს გახსნიდან ორი წლის შემდეგაა გაკეთებული. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ ჩათვალა აღნიშნული განცხადება მტკიცებულებად, რომელსაც შეიძლება გარკვეული სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ე. ს-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

დაკმაყოფილდეს ე. ა-ას სარჩელი. არ დაკმაყოფილდეს დამოუკიდებელი მოთხოვნით მესამე პირის ი. ს-ის სარჩელი.

გაუქმდეს ბათუმის ნოტარიუსის მიერ 1998წ. 20 იანვარს ე. ს-ას სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.

სამკვიდრო ქონება, საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ.ბათუმში, ... თანაბარ წილად განაწილდეს ე. ა-ასა და ე. ს-ას შორის და თითოეულ მათგანს მიეკუთვნოს სახლის 1/2.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.