Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-892-02 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამკვიდროს გაყოფა და ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ხ-ი და ლ. ჭ-ა ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1963 წელს.

ნ. ხ-ს ჰყავდა შვილი პირველი ქორწინებიდან ს. ხ-ი-ღ-ე, ლ. ჭ-ას შვილი პირველი ქორწინებიდან არის ჯ. ჭ-ა-მ-ი.

ნ. ხ-მა და ლ. ჭ-ამ ერთად ცხოვრების პერიოდში ქ.ფოთში ... ააშენეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც როგორც უკანონო ნაგებობა ირიცხებოდა ლ. ჭ-ას სახელზე.

1995წ. ოქტომბერში გარდაიცვალა ნ. ხ-ი, ხოლო 2000წ. სექტემბერში – ლ. ჭ-ა.

ნ. ხ-ის მემკვიდრეა ს. ხ-ი – ღ-ე, ლ. ჭ-ას მემკვიდრეს მისი ქალიშვილი ჯ. ჭ-ა-მ-ი.

2001წ. სექტემბერში ს. ხ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში სამკვიდრო ქონების გაყოფისა და დედინაცვლის დაკრძალვაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

ფოთის საქალაქო სასამართლომ 2001წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ს. ხ-ა-ღ-ეს გამოეყო სამკვიდრო ქონების ¼1/4; მოპასუხე ჯ. ჭ-ა-მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯები-620 ლარი და სახლის უფლებრივი რეგისტრაციის თანხა – 271 ლარი

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სვეტლანა ხ-ი-ღ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გაწეული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

ჯ. მ-მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელისათვის სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნების ნაწილში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ს. ხ-ი-ღ-ის სააპელაციო საჩივარი. დაკმაყოფილდა ჯ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამკვიდრო ქონებიდან 1/4-ის ს. ხ-ი-ღ-ისათვის მიკუთვნების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ს. ხ-ი-ღ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ის დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. დედინაცვლის გარდაცვალების შემდეგ სახლი მისი ხარჯებით გატარდა სამართლებრივ რეგისტრაციაში, მამის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ ქ.თბილისში წაიღო გარდაცვლილის კუთვნილი საათი და ლაბადა, რომლებიც წარმოადგენდა სამკვიდრო ქონებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განცხადებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ.ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი აშენდა მეუღლეების: ნ. ხ-ისა და ლ. ჭ-ას ერთად ცხოვრების პერიოდში.

1995წ. ოქტომბერში გარდაცვლილი ნ. ხ-ს დარჩა პირველი რიგის ორი მემკვიდრე: მეუღლე – ლ. ჭ-ა და შვილი პირველი ქორწინებიდან ს. ხ-ი-ღ-ე. ლ. ჭ-ა ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად აღნიშნულ სახლში, სვეტლანა ხ-ი-ღ-ე კი ქ.თბილისში.

სააპელაციო პალატამ ს. ხ-ი-ღ-ის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ საათის და ლაბადის დაუფლება არ ითვლება სამკვიდროს მიღებად, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა.

სააპელაციო პალატამ არასრულყოფილად გამოარკვია სადავო სახლის სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარებასთან დაკავშირებული გარემოებები და არსებითი მნიშვნელობა მიანიჭა იმ ფაქტს, რომ რეგისტრაცია გაკეთვებულია ლ. ჭ-ას სახელზე.

სკ-ს 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე _ (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ ამ ქონების ღირებულება.

თუ ნ. ხ-ისა და ლ. ჭ-ას გარდაცვალებისას სახლი არ იყო გატარებული სამართლებრივ რეგისტრაციაში იგი ვერ ჩაითვლებოდა სამკვიდრო ქონებად და სანოტარო კანტორა ს. ხ-სა და ჯ. მ-ზე არ გასცემდა მემკვიდრეობის უფლების მოწმობებს.

სადავო სახლი სამკვიდრო მასაში მოექცეოდა იმ დროიდან, როდესაც მოხდებოდა მისი სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარება.

პალატა თვლის, რომ იმისდა მიუხედავად, რომ სახლი სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარდებოდა ნ. ხ-ისა თუ ლ. ჭ-ას სახელზე, იგი მაინც იქნებოდა მეუღლეთა საერთო თანასაკუთრება და აქედან გამომდინარე ორი მამკვიდრებლის საერთო ქონება.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოარკვიოს – აღიძრა თუ არა სარჩელი სადავო სახლზე სამკვიდრო მასაში მოხვედრიდან კანონით დადგენილ ვადაში.

ასევე არასრულყოფილადაა გამორკვეული ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მტკიცებულებები არ არის შეფასებული სსკ-ს 105-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ხ-ი-ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.