Facebook Twitter

საქმე # 020142223701129450

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №21აგ-23 თბილისი

ბ. ბ., 21აგ-23 14 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ბ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) ლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, ბ. ბ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 16 მარტიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის განაჩენით ბ. ბ-ს მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ო-ს საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. მსჯავრდებულმა ბ. ბ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გაუქმების თაობაზე. შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ 2022 წლის 21 ივნისს მსჯავრდებულის ინიციატივით დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა, ხოლო ექსპერტიზის №.... დასკვნით კი, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, დეტალურად დგინდება პისტოლეტის მუშაობის პრინციპი; პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე იცრუეს, ვინაიდან მათ კარგად იცოდნენ იარაღის მოქმედების მექანიზმი და ასევე ის, რომ იარაღი ვერ მოვიდოდა საბრძოლო მდგომარეობაში, რადგან ცარიელი იყო. შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა მათი საქმიანობიდან გამომდინარე სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გამორიცხული იყო; მისი ბრალეულობა არ დასტურდება არც დაქტილოსკოპიური და არც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით; აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ის, რომ ფსიქოლოგიურ-სტაციონარული დასკვნის მიხედვით, მას ჰქონდა პარანოიდული შიზოფრენია, რის გამოც, არ აქვს თავდაცვის ინსტინქტი და შენელებული აქვს რეაქცია.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. ბ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ ბ. ბ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მოსაზრება, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი გარემოება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი მხარეების ან სასამართლოსათვის და რომელიც დაადასტურებდა მის პოზიციას. ამასთან, ბ. ბ-ს მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვისას შეაფასა სამივე ინსტანციის სასამართლომ და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. რაც შეეხება მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიერ მითითებულ ბალისტიკური ექსპერტიზის 2023 წლის 10 იანვრის № დასკვნას, რომელშიც ზოგადად განმარტებულია „TT”-ს ტიპის პისტოლეტის მუშაობის მექანიზმი და პრინციპი, არარელევანტურია მსჯავრდებულის უდანაშაულობის სამტკიცებლად. გარდა ამისა, მსჯავრდებულ ბ. ბ-ს მიერ ანალოგიური საფუძვლებით წარდგენილ შუამდგომლობებზე საკასაციო სასამართლომ უკვე არაერთხელ იმსჯელა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრების განხილვისას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოების №68აგ-21, №4აგ-22) .

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბ. ბ-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი