საქმე N 330802223007876280
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№46I-23 13 ნოემბერი 2023 წელი
გ. ჰ., 46I-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ. გ-ს, – დაბადებულის 19.. წლის .. აგვისტოს, – მიმართ სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
1.1. 2023 წლის 25 მაისს სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის დადგენილებით ჰ. გ-ს მიმართ დაიწო სისხლისსამართლებრივი დევნა და მას ბრალად დაედო სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტითა (ფულის გათეთრება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, გამოიხატა შემდეგით:
1.1.1. 2019 წლის მეორე ნახევრიდან, სომხეთის რესპუბლიკაში, ჰ. გ-მ ა. მ-მ, კ. მ-მ და გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა სხვა პირებმა სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, ტელეგრამის და სხვა მსგავს ინტერნეტსაკომუნიკაციო ქსელში შექმნეს და მართავდნენ ,,Narco Pharm New“, ,,Narco Pharm“ და სხვა მსგავსი დასახელების ონლაინ პლატფორმებს, რომელთა მეშვეობით უკანონოდ ვაჭრობდნენ ნარკოტიკული საშუალებებით. ისინი ზემოხსენებულ ონლაინ პლატფორმებზე ტვირთავდნენ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების ფოტოებს, მიუთითებდნენ მათ ოდენობას, შესაბამის ფასს წონის მიხედვით, კრიპტოვალუტის საფულეთა მონაცემებს, რის შემდეგაც დაფასოებულ ნარკოტიკებს, მათი შემდგომი გასაღების მიზნით, ათავსებდნენ სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქებში მოწყობილ სამალავებში, რომელთა ადგილმდებარეობას უზიარებდნენ კლიენტებს. ჩადენილი ქმედებების შედეგად, 2019-2023 წლებში ზემოხსენებულმა პირებმა უკანონოდ გაასაღეს, სულ მცირე: 0,307 გრამი მეტამფეტამინი, 0,133 გრამი მარიხუანა, კოკაინი, ,,მდმა“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვა ნარკოტიკული საშუალებები.
1.1.2. გარდა ზემოაღნიშნულისა, ჰ. გ-მ და სხვა პირებმა ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლის – 1 152 734 220 სომხური დრამის – ნამდვილი წარმოშობის დაფარვისა და ნამდვილი ბუნების შენიღბვის მიზნით, მიღებული თანხები ჩარიცხეს სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ მათთან დაკავშირებული პირების სხვადასხვა ელექტრონულ საფულეებსა და საბანკო ანგარიშებზე, რომლებსაც რეალურად თავად მართავდნენ და გაანაღდეს თანხები ან სხვაგვარად გამოიყენეს ისინი.
1.2. 2023 წლის 26 მაისს სომხეთის რესპუბლიკის ... ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჰ. გ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
1.3. 2023 წლის 30 მაისს ჰ. გ-ზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა.
2. ჰ. გ-ს მიმართ საქართველოში ჩატარებული საექსტრადიციო პროცედურები:
2.1. 2023 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს ჰ. გ.
2.2. 2023 წლის 2 ივნისს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, ჰ. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.
2.3. 2023 წლის 8 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისგან მიიღო ჰ. გ-ს ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.
2.4. 2023 წლის 22 აგვისტოს ჰ. გ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა – 3 თვით – 2023 წლის 1 დეკემბრამდე.
2.5. ამჟამად ჰ. გ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. 2023 წლის 18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა ჰ. გ-ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2023 წლის 25 მაისის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ დადგენილებაში და ისჯება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ფულის გათეთრება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. გ-ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2023 წლის 25 მაისის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ დადგენილებაში და ისჯება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ფულის გათეთრება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. გ-ს – ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. კ*-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ჰ. გ-ს სისხლისსამართლებრივ დევნას საფუძვლად უდევს მისი და მისი ოჯახის წევრების პოლიტიკური საქმიანობა, კერძოდ, ჰ. გ-ს მამა – ა. გ., რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის დაპატიმრებული, დაექვემდებარა წამებას, ხოლო დედა – ვ. ფ. გ. – რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს, რისი გათვალისწინებითაც, კასატორი ვარაუდობს, რომ ჰ. გ-ს სომხეთში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი გახდება პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი და, შესაძლოა, მამის მსგავსად, დაექვემდებაროს წამებას.
6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. გ-ს – ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ*-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
7. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ჰ. გ. 2023 წლის 1-ელ ივნისს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:
5. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
6. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას სიღრმისეულად მიმოიხილა დაცვის მხარის მტკიცება, ჰ. გ-ს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლო რისკების თაობაზე, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც და არგუმენტირებულად მიიჩნია, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. გ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, რაზეც მიუთითებს ასევე სომხეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალები, რომლებშიც დაეჭვების გონივრული საფუძველი, შუამდგომობის განმხილველ სასამართლოს არ გასჩენია. მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტიები, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. გ-ს ექნება დაცვისა და ყველა სხვა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა; ჰ. გ. არ დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას; ექსტრადიცია არ ისახავს მიზნად ჰ. გ-ს დევნას, მათ შორის – პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით; ჰ. გ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს პოლიტიკური, რელიგიური ან ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით და რომ ჰ. გ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა მხოლოდ ექსტრადიციის შუამდგომლობაში მითითებული დანაშაულების ფარგლებში. ხაზგასასმელია, რომ სომხეთის რესპუბლიკამ საქართველოს წარმოუდგინა დამატებითი გარანტია, რომ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობას ექნება ჰ. გ-ს შეუზღუდავად მონახულებისა და მონიტორინგის შესაძლებლობა როგორც სისხლის სამართლის დევნის პროცედურების მიმდინარეობისას, ასევე – სასჯელის მოხდისას.
7. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე, მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ.: Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Jano.usek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება, გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012), რაც მოცემულ შემთხვევაში ასევე არ არის გამოკვეთილი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. გ-ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2023 წლის 25 მაისის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ დადგენილებაში და ისჯება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 296-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-3 ქვეპუნქტით (ფულის გათეთრება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებით უკანონო ვაჭრობა).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი