Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 1601-1175(კ-05) 30 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 24 თებერვალს რ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:

1993წ. გვისტოდან რ. ჯ-ე მუშაობდა სოციალური უზრუნველყოფის ზუგდიდის განყოფილებაში ..... 1994 წლიდან გადაიყვანეს ამავე განყოფილებაში ..... თანამდებობაზე, ხოლო 2000წ. 1 მაისიდან მუშაობდა ინსპექტორ-რევიზორად. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის უფროსის 2004წ. 26 აპრილის ¹10 ბრძანებით გათავისუფლდა სამუშაოდან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2004წ. 28 დეკემბერს რ. ჯ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით სოცდაზღვევის ფონდის ზუგდიდის ფილიალს დაეკისრა რ. ჯ-ვის იძულებითი განაცდურის _ 1408 ლარის ანაზღაურება, რაც არ შესრულებულა. ამასთან, რ. ჯ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ 2004წ. 29 დეკემბრის ბრძანების გამოცემის მიუხედავად, სამუშაოდან არ გათავისუფლებულა მის თანამდებობაზე მომუშავე ხ. რ-ა.

2005წ. 20 იანვრის ¹16 ბრძანებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით რ. ჯ-ე გათავისუფლდა სამუშაოდან, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, განხორციელდა უკანონოდ.

მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე:

განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა მხოლოდ თანამდებობათა სახელწოდებები, ხოლო შტატებისა და მუშაკთა რიცხოვნობა არ შემცირებულა, რადგან 2005წ. საშტატო განრიგით გათავალისწინებული იყო 26 ძირითადი საშტატო განაკვეთი და 10 ვადიანი ხელშეკრულებით. ასევე 26 საშტატო განაკვეთი იქნა გათავალისწინებული 2005წ. საშტატო განრიგით.

მოსარჩელის მითითებით, სამუშაოდან გათავისუფლებისას არ გაუთვალისწინებიათ მისი კვალიფიკაცია, გამოცდილება, ოჯახური მდგომარეობა, რითაც დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 97-ე მუხლი, რადგან გათავისუფლება მოხდა სხვა სამუშაოს შეთავაზების გარეშე. გარდა ამისა, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ რ. ჯოხაძე გააფრთხილეს 2004წ. 13 იანვარს, სამუშაოდან გათავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე.

რ. ჯ-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალმა და შესაგებლით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

არასწორია მოსარჩელის მოსაზრება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შესახებ, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2004წ. 28 დეკემბერს რ. ჯ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე და აუნაზღაურდა განაცდური 706 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხის _ 816 ლარის ანაზღაურება განხორციელდება 2005წ. II კვარტალში. ამდენად, მოპასუხის მითითებით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის მიერ შესრულებულია ყველა მოთხოვნა.

მოპასუხის მოსაზრებით, 2005წ. 20 იანვარს რ. ჯ-ის გათავისუფლება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების შესასრულებლად და ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹01/163-ი ბრძანების თანახმად, რ. ჯ-ე 2005წ. 13 იანვარს წერილობითი ფორმით გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. შესაბამისად, განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო, შრომის კანონთა კოდექსის 36-37-ე მუხლების საფუძველზე, რ. ჯ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოებისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის უფროსის 2005წ. 20 იანვრის ¹9 ბრძანების ბათილად ცნობა, მისი აღდგენა საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მის აღდგენამდე ფილიალში განხორციელებული ხელფასის ცვლილებების გათვალისწინებით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის 2005წ. 20 იანვრის ბრძანება, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა რ. ჯ-ის აღდგენა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2005წ. 20 იანვრიდან 2005წ. 2 აგვისტომდე პერიოდისათვის საშტატო განაკვეთში არსებული ცვლილებებით, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში განხორციელდა რეორგანიზაცია, რაც გახდა რ. ჯ-ის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი.

რაიონული სასამართლოს მითითებით, არსებითად დაირღვა გასაჩივრებული ბრძანების მომზადების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, მე-13 მუხლები, რაც ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. რ. ჯოხაძის გათავისუფლებისას ასევე დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის 411-ე მუხლით განსაზღვრული, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ერთთვიანი ვადა, ამავე კოდექსის 36-37-ე, 42-ე მუხლები, რადგან რ. ჯ-ის გათავისუფლებისას არ გაუთვალისწინებიათ მისი კვალიფიკაცია და შრომის ნაყოფიერება.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე შრომის კანონთა კოდექსის 206-208-ე მუხლების შესაბამისად, ექვემდებარება სამუშაოზე აღდგენას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალმა და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:

სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2004წ. 20 დეკემბრის ¹01/171-ო ბრძანების თანახმად, რეგიონალურ, რაიონულ და საქალაქო ფილიალებში ჩატარებული სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციის გამო, თანამშრომლები წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. ¹01/163-ო ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, შეიქმნა კომისია, რომელმაც შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით განიხილა თანამშრომელთა პირადი საქმეები. კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებებით მოხდა მუშაკთა დანიშვნა-გათავისუფლება.

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ რ. ჯ-ე თითქოს არ გაუფრთხილებიათ შტატების მოსალოდნელი შემცირების შესახებ, რადგან სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში ჩატარებულ მორიგ კრებაზე საშტატო ერთეულის მოსალოდნელი შემცირებისა და ოპტიმიზაციის თაობაზე შესაბამისი აქტით მოხდა გაცნობა. რ. ჯ-ე სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად მეორედ, ერთი თვის შემდეგ, 2005წ. 13 იანვარს გააფრთხილეს, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა ხელმოწერით.

გარდა აღნიშნულისა, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დირექტორის ბრძანებით გაუქმდა რევიზორის საშტატო განაკვეთი. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური შემოწმების აქტის საფუძველზე, ფილიალის დირექტორს დაევალა რ. ჯ-ის .... თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა, რის გამოც რ. ჯ-ის მიმართ სამეგრელო-ზემო-სვანეთისა და გურიის რეგიონის საფინანსო პოლიციის მთავარ სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამდენად, აპელანტის მითითებით, აღნიშნული გარემოებაც დაედო საფუძვლად რ. ჯ-ის გათავისუფლებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 აგვისტოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის სააპელაციო საჩივრის მოტივები საფუძვლიანია, რადგან რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო კანონის დარღვევითა და ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასების შედეგად, კერძოდ, რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე და 112-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა და განსახილველი დავა უნდა გადაეწყვიტა შრომის კანონთა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

რ. ჯ-ე 2000წ. 1 მაისიდან მუშაობდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში ..... სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹01/163-ო ბრძანების საფუძველზე, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ რეგიონულ, რაიონულ და საქალაქო ფილიალებში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის უფროსის 2005წ. 20 იანვრის ¹9 ბრძანებით, შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, რ. ჯ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 20 დეკემბრის ¹01/168-ო ბრძანების საფუძველზე, შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის ფილიალში დასაქმებული ყველა პირი, მათ შორის, რ. ჯ-ე 2003წ. 13 იანვარს გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. გაფრთხილების შემდეგ, ფილიალის ყველა თანამშრომელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში რეორგანიზაციისა და შტატების ოპტიმატიზაციის შედეგად, ფილიალში გაუქმდა უფროსი ინსპექტორის, ინსპექტორ-რევიზორის, ბუღალტერ-ინსპექტორის, ბუღალტერ-კონტროლიორის, ზონის ინსპექტორის, ზონის მოანგარიშის, საქმის მწარმოებლის და სხვა თანამდებობები, რის შედეგადაც შეიქმნა ბუღალტრის, მთავარი ბუღალტრის მოადგილის, მთავარი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობები, რომელთა ფუნქციური დატვირთვა და უფლება-მოვალეობები განსხვავდება მანამდე არსებული თანამდებობების მუშაკთა უფლება-მოვალეობებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე რ. ჯ-ის მოსაზრება, რომ მისი გათავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლის მოთხოვნა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკის გაფრთხილების თაობაზე, მაგრამ განმარტა, რომ მითითებული მოთხოვნის დაუცველობა არ წარმოადგენს რ. ჯ-ის სამუშაოზე აღდგენის საფუძველს, რადგან შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონოდ დათხოვნილი მოხელე ექვემდებარება წინანდელ სამუშაოზე აღდგენას. ინსპექტორ-რევიზორის თანამდებობა, რომელზეც მუშაობდა რ. ჯ-ე გათავისუფლებამდე, რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობს, ხოლო ახალი საშტატო ერთეულების დაკომპლექტება ადმინისტრაციის პრეროგატივაა და მისი გადასაწყვეტია, კონკრეტულად, ვისთან გააფორმოს ახალი შრომითი ხელშეკრულება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლზე.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელი დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელია, რადგან რ. ჯ-ეს არ დაუკონკრეტებია, რომელ თანამდებობაზე ითხოვს აღდგენას და ზოგადად მიუთითებს, რომ ითხოვს ზუგდიდის ფილიალში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე აღდგენას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები ფაქტობრივად არ განხორციელებულა, რადგან საქმეში წარმოდგენილია სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის 2004წ. 3 დეკემბრის ¹01/163-ო და 14 დეკემბრის ¹01/168-ო ბრძანებები საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში რეორგანიზაციისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-ემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი აღდგენა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი და იგნორირება გაუკეთა აღნიშნული ნორმის იმპერატიულ მოთხოვნას. კასატორის მითითებით, რეალურად რეორგანიზაციას თან არ ახლდა შტატების შემცირება და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც რ. ჯ-ეს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, ჰქონდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება კვალიფიკაციის დონის, შრომის ნაყოფიერებისა და ხანგრძლივი სამუშაო სტაჟის გათვალისწინებით. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ რ. ჯ-ის აღდგენა წინანდელ სამუშაოზე შეუძლებელი იყო, რადგან იმ ფუნქციას, რაც გათვალისწინებული იყო .... თანამდებობისთვის, ასრულებს .....

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რადგან გათავისუფლებულ მუშაკებს შრომის უფლება გარანტირებული აქვთ სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 5 მაისის განჩინებით რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე მუხლი, 394-ე მუხლის «ე» პუნქტი, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს შრომის კანონთა კოდექსის დებულებები და არა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი, რადგან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი შეიცავს ჩამონათვალს იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა, რომლებშიც საქმიანობა მიჩნეულია საჯარო სამსახურად, ანუ რომელთა საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთოებებსაც არეგულირებს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი. მითითებული ნორმის თანახმად, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არ წარმოადგენს საჯარო სამსახურს, რის გამოც მასზე არ ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 422-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ მითითებული მუხლის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევა არ წარმოადგენს რ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც, რაც დაირღვა რ. ჯ-ის გათავისუფლებისას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კანონის აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით შეილახა მოსარჩელის შრომითი უფლება, რაც წარმოადგენს სამუშაოდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, არასწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ მოსარჩელის მითითება ზემოაღნიშნული ნორმის დარღვევაზე და დავის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია, დაირღვა თუ არა რ. ჯ-ის გათავისუფლებისას მითითებული ნორმა და ადმინისტრაციამ თუ გაითვალისწინა რ. ჯ-ის სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება და დაადგინოს, შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რ. ჯ-ეს ჰქონდა თუ არა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება და აღნიშნული ადმინისტრაციამ გაითვალისწინა თუ არა.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სრულიად დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო არსებული თანამდებობების, მათ შორის, ინსპექტორ-რევიზორის თანამდებობის გაუქმების შედეგად შექმნილი თანამდებობები ფუნქციური დატვირთვისა და უფლება-მოვალეობების თვალსაზრისით, განსხვავებულია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ არ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელზე დაყრდნობითაც მივიდა ამგვარ დასკვნამდე. აღნიშნული არც საქმის მასალებით დასტურდება. საქმეში წარმოდგენილია რეორგანიზაციამდე და რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის საშტატო განრიგები, რომელთა თანახმად, შეცვლილია საშტატო ერთეულების სახელწოდებები. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები, შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილების საფუძველზე, შესაბამისად, უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და სათანადო შეფასება მისცეს ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, საშტატო ერთეულების სახელწოდებების შეცვლას მოჰყვა თუ არა ფუნქციური ცვლილებებიც. ასევე გამოკვლეულ უნდა იქნეს სოციალური დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ზუგდიდის ფილიალში არსებული წამყვანი სპეციალისტის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც ითხოვს რ. ჯ-ე, ფუნქციურად შეესაბამება თუ არა რ. ჯ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობას.

გარდა აღნიშნულისა, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება საშტატო ერთეულების რიცხოვნობის შემცირებაც, რადგან 2004წ. საშტატო განრიგით დასაქმებულ მუშაკთა რიცხოვნობა განისაზღვრებოდა 36 ერთეულით, მათ შორის‚ 10 იყო ხელშეკრულებით დასაქმებული, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად დარჩა 26 საშტატო ერთეული და გაუქმდა ხელშეკრულებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული გარემოება და მისცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სარჩელის დაუზუსტებლობისა და დაუსაბუთებლობის შესახებ, რადგან სააპელაციო სასამართლოს სარჩელის დაზუსტების გზით უნდა ემსჯელა და გაერკვია, რა წარმოადგენს რ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, რომელ თანამდებობაზე ითხოვს აღდგენას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დასაბუთებელია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.