Facebook Twitter

საქმეN 330100122005918109

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №589აპ-23 ქ. თბილისი

გ. მ., 589აპ-23 2 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ.-ს, – დაბადებულის 19.. წლის .. თებერვალს, – ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ა-მ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების შეცვლას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობას, მის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მინიმალური სასჯელის განსაზღვრას; კასატორი მიიჩნევს, რომ განაჩენი უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან მ. გ-ს მისი ბავშვობის მეგობრის – ნ. ჯ-სათვის – ნარკოტიკული საშუალებები არასდროს მიუსაღებია. ისინი ნარკოდამოკიდებული პირები არიან, ერთობლივად არაერთხელ შეუძენიათ და მოუხმარიათ ნარკოტიკული საშუალებები და თანხას, როგორც წესი, სწორედ ნ. ჯ. იხდიდა. 2022 წლის 13 აპრილს ნ. ჯ. შეუთანხმდა მ. გ-ს, რომ მეორე დღეს ერთად უნდა წასულიყვნენ ფონიჭალაში ნარკოტიკების შესაძენად, მაგრამ 14 აპრილს მსჯავრდებული მარტო გაუშვა, რამაც იგი გააკვირვა, თუმცა მის განზრახვაში დაეჭვების გარეშე, ნ. ჯ-ს მითითებით, გამსაღებლისგან შეიძინა ნარკოტიკი და გადასცა მას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. გ.–ს ბრალად დაედო: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა და შენახვა; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის 14 აპრილს, ... , მ. გ–მ უკანონოდ შეძენილი და შენახული – 2,9867 გრამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ მიასაღა ნ. ჯ-ს, რაც იმავე დღეს ამოიღეს მისგან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. მ. გ-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით მ. გ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, მ. გ-ს, მიესაჯა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 10 მაისიდან. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა – ი. ბ-მ და ვ. ა-მ, რომლებიც ითხოვდნენ განაჩენის შეცვლასა და მ. გ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლოს აღნიშვნით, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მ. გ-მ 2022 წლის 14 აპრილს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი გადასცა ნ. ჯ-ს, თუმცა, ბრალდების მხარის მტკიცებით, მ. გ-მ ნარკოტიკული საშუალება მიასაღა ს. მ-ს, ხოლო დაცვის მხარის მითითებით, მ. გ-ს ნარკოტიკული საშუალება არ გაუსაღებია, არამედ ნ. ჯ-ს თანხით შეიძინა და გადასცა მას.

3. ამდენად, მხარეები თანხმდებიან მ. გ-ს მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს ნ. ჯ-სათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტზე, მაგრამ მათი პოზიციები განსხვავდება მსჯავრდებულის ქმედების – ნარკოტიკული საშუალების გადაცემის – კვალიფიკაციასთან მიმართებით. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების ნ. ჯ-სათვის გადაცემით, მ. გ–მ, ანაზღაურების სანაცვლოდ გაასაღა იგი, ხოლო დაცვის მხარის პოზიციით, ნარკოტიკული საშუალების ნ. ჯ-სათვის გადაცემის დროს მსჯავრდებულს მისი რეალიზაციის მიზანი არ ჰქონია.

4. იმისათვის, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რომელიც მან ჩაიდინა, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭოს, ხოლო იმის გამოსარკვევად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII – ნარკოტიკული დანაშაულის – თავით გათვალისწინებული, რომელი დანაშაულის შემადგენლობაა გამოკვეთილი მ. გ-ს ქმედებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე გადაწყვეტს მსჯავრადშესარაცხი ქმედების საკითხს.

5. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ. გ-ს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში მსჯავრდებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ ორი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, ერთი მხრივ, მ. გ-მ გამოართვა თანხა ნ. ჯ-ს და მოგვიანებით გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება, ხოლო, მეორე მხრივ, ნ. ჯ-მ დაადასტურა, რომ მ. გ-სათვის გადახდილი თანხის სანაცვლოდ, შეიძინა მისგან ნარკოტიკული საშუალება.

6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასკვნა იმის თაობაზე, რომ მ. გ-მ 2022 წლის 14 აპრილს უკანონოდ მიასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნ. ჯ-ს, არ გამომდინარეობს მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:

7. 2022 წლის 13 აპრილის განცხადების შინაარსით ირკვევა, რომ ნ. ჯ-მა მიმართა სამართალდამცავებს და აცნობა, რომ მისი ნაცნობი, მ. გ. იყო ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი, კერძოდ, ერთ შეკვრა ჰეროინს ყიდდა 600 ლარად და დასთანხმდა, გამოძიებასთან ეთანამშრომლა მ. გ-ს გამოაშკარავების მიზნით.

8. მოწმე ნ. ჯ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ 2022 წლის 13 აპრილს მ. გ-მ შესთავაზა, რომ 600 ლარად მისცემდა ნარკოტიკს, რის გამოც, განცხადებით მიმართა პოლიციას. მომდევნო დღეს ავტომანქანით მიაკითხა მ. გ-ს ფონიჭალაში და 10 გრამი ნარკოტიკის შესაძენად, მანქანაშივე გადასცა 1200 ლარი. ადგილზე მისვლისას მ. გ. გადავიდა ავტომანქანიდან, ხოლო დაბრუნების შემდეგ გადასცა მას ორ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც წარუდგინა გამომძიებელს. რეალიზატორს, რომლისგანაც მ. გ–მ ფონიჭალაში შეიძინა ნარკოტიკი, იგი არ იცნობდა.

9. ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებელმა, ქ. ც-მ, ნ. ჯ-ს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით 2022 წლის 14 აპრილს გადასცა 1200 ლარი.

10. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ 2022 წლის 14 აპრილს ნ. ჯ-მ ოპერატიული მანქანით მიაკითხა მ. გ-ს და ისინი ერთად მივიდნენ დანიშნულებისამებრ. ნ. ჯ-მ მ. გ-ს თანხა გადასცა ავტომანქანაში. მ. გ. გადავიდა ავტომანქანიდან და დაბრუნებისას მოუტანა ნ. ჯ-ს ორ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება. ნ. ჯ-მ შესთავაზა ნარკოტიკის ერთად მოხმარება, რაზეც მ. გ-სგან მიიღო უარი.

11. 2022 წლის 10 ივნისის ფონოსკოპიური №- და 2022 წლის 13 ივლისის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური №- ექსპერტიზების დასკვნების თნახმად, 2022 წლის 14 აპრილის შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერს არ აღენიშნება მონტაჟის ნიშნები და მასზე გამოსახულია მ. გ.

12. ამოღების ოქმის მიხედვით, ნ. ჯ-ს 2022 წლის 14 აპრილს 07:20-07:32 საათზე, ... მიმდებარედ, გამომძიებელმა ქ. ც-მ ამოუღო პოლიეთილენის ორ პარკში მოთავსებული ნივთიერებები, რომლებიც, თავის მხრივ, ნ. ჯ-ს გადასცა მ. გ-მ.

13. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 14 აპრილის №- ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნ. ჯ-სგან ამოღებული ნივთიერებები საერთო წონით – 5,8067 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, საერთო წონით – 2,9867 გრამს.

14. ამდენად, არც მხარეები ხდიან სადავოდ და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ 2022 წლის 14 აპრილს მ. გ-მ გამოართვა ნ. ჯ-ს – 1200 ლარი და მოგვიანებით გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

15. იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად ქმნის ერთი პირის მიერ სხვა პირისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი (ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მიზნების, ვითარებისა და იმ ურთიერთობების მხედველობაში მიღების გარეშე, რომელიც წინ უსწრებს ნარკოტიკების გადაცემას) ,,a priori“, მისი უკანონო გასაღების შემადგენლობას, სასამართლომ საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები – მოწმე ნ. ჯ-ს ჩვენება და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალები – რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია ნ. ჯ-ს და მ. გ-ს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობის, ნარკოტიკული საშუალებების გადაცემამდე მათ შორის არსებული შეთანხმებისა და ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის პროცესში არსებული კომუნიკაციის შინაარსის დასადგენად და, შესაბამისად, დავის საგნად ქცეული – ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის – საკითხის გადასაწყვეტად.

17. მოწმე ნ. ჯ-მ სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ მსჯავრდებულთან დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა. მ. გ-თან ერთად ნარკოტიკული საშუალება სხვა დროსაც შეუძენია და მოუხმარია, რომლის საფასურს ხან ის იხდიდა, ხან – მ. გ. მსჯავრდებულის შეკითხვაზე: ,, – ეს (ანუ შემთხვევის დღეს შეძენილი) წამალი ერთად უნდა მოგვეხმარა თუ არა?“ ნ. ჯ. დაეთანხმა და უპასუხა: ,, – როცა ვყიდულობდით, ერთად ვიკეთებდით ხოლმე“. პროკურორის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ნ. ჯ-მ დასძინა, რომ შემთხვევის დღეს მ. გ-მ ნარკოტიკული საშუალებები გადასცა, თუმცა მათ ერთობლივად მოხმარებაზე წინასწარ არ შეთანხმებულან. მ. გ-ს კი შესთავაზა ნარკოტიკის მოხმარება, მაგრამ მისგან უარი მიიღო.

18. ამდენად, მოწმე ნ. ჯ-ს ჩვენებით დგინდება, რომ მ. გ-თან აკავშირებდა ხანგრძლივი, მეგობრული ურთიერთობა. მეტიც, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე იყო ნარკოდამოკიდებული პირი, წარსულში ერთობლივად არაერთხელ შეუძენიათ და მოუხმარიათ ნარკოტიკული საშუალებები. მსჯავრდებულის შეკითხვაზე ნ. ჯ-მ დაადასტურა, რომ ნარკოტიკული საშუალებების საფასურს ხან ერთი იხდიდა, ხან მეორე, ხოლო ერთობლივად შეძენილი ნარკოტიკის ერთობლივად მოხმარება იყო დამკვიდრებული წესი და არა – გამონაკლისი. ამასვე მიუთითებს ასევე შემთხვევის დღეს, ნარკოტიკის გადაცემის შემდეგ, ნ. ჯ-ს შეთავაზება მსჯავრდებულისადმი, მოეხმარა ნარკოტიკული საშუალება, რაზეც მხოლოდ იმიტომ მიიღო უარი, რომ მ. გ-ს, ნარკოტიკული საშუალების შეძენის პროცესში, სავარაუდოდ, უკვე მიეღო სამყოფი დოზა.

19. მ. გ-ს მიერ ნ. ჯ-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის მიზნების დასადგენად, ასევე მეტად საყურადღებოა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერები, რომელთა შინაარსი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცხადყოფს, რომ ნ. ჯ-სათვის იმთავითვე ცნობილი იყო ფაქტი –ნარკოტიკულ საშუალებას იგი მ. გ-სგან კი არ ყიდულობდა, არამედ თავადაც ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულს დაუკავშირდა სხვა, გამოძიებით დაუდგენელი სავარაუდო გამსაღებელი, რომლისგანაც, მ. გ-ს დახმარებით (შუამავლობით) შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ:

20. 2022 წლის 14 აპრილის შეხვედრისას, ნ. ჯ-ს ავტომანქანაში ჩაჯდომის შემდეგ მ. გ. ეკითხება მას: – ,,ვყიდულობთ?“, რაზეც ნ. ჯ. პასუხობს: ,, – ჰო, გამოართვი რა, ოღონდ ორი ცალის არის.“ მ. გ.: ,, – აბა, არაო? ასე, ასე, ასეო? არ გეშინია მერე?“ ნ. ჯ.: ,, – რა გავაკეთო?!“ [...] ნ. ჯ.: ,, – რაო გუშინ?.. რომ უთხარი, რომ მოდიოდი?“ მ. გ.: ,, – ვუთხარი ძმაო, მაგრამ ახლა, დილით მომწერა, რომ გახდა ექვსის ნახევარი, თვითონ მომწერა ჩემი დედას ...! [...] აბა, ვერ მოდიხართ დღესო. ექვს საათამდე თუ მოხვალთ, ჰოო. მეთქი, კაი!“ სატელეფონო შეტყობინების მიღების შემდეგ მ. გ. განაგრძობს: ,, – რაო? აჰა! მიდი, მიდი, წადი, ჭიშკართან“. ნ. ჯ-ს მიერ თანხის გადაცემისას მ. გ. ეკითხება: ,, – რამდენია?“, რაზეც ნ. ჯ. პასუხობს: ,, – 1200 ლარი“ და მ. გ. გადადის ავტომანქანიდან, რის შემდეგ ბრუნდება და გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებებს ნ. ჯ-ს, რომლის შეთავაზებაზე პასუხობს: ,, – არ მინდა“, რაზეც ნ. ჯ. კვლავ სთავაზობს: ,, –მიდი!“, ხოლო მ. გ. უხსნის: ,, – ჩემს დედას ..., ის ვქენი, მოვიხოდე“ და მოგვიანებით ამატებს: ,, – მოვიხოდე მეთქი ახლა და რაღად მინდა, ძმაო, ამდენი, რომ ვიკეთო?“

21. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის საპირისპიროდ, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის – არც მოწმე ნ. ჯ-ს ჩვენებით, არ დასტურდება მ. გ-თან შეთანხმების ფაქტი, თანხის სანაცვლოდ მიესაღებინა მისთვის ნარკოტიკული საშუალება. იმავდროულად, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, რომლებიც ასახავს, ერთი მხრივ, მ. გ-სა და, მეორე მხრივ, გამოძიებით დაუდგენელ, სავარაუდო გამსაღებელს შორის ნარკოტიკების შეძენამდე არსებულ კომუნიკაციას, რომელიც თვალსაჩინოა ნ. ჯ-ს და მ. გ-ს შეხვედრის აუდიო-ვიდეოჩანაწერში; მოწმე ნ. ჯ-ს ჩვენების გათვალისწინებით, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ მის მეგობართან, მასავით ნარკოდამოკიდებულ მ. გ-თან ერთობლივად არაერთხელ შეუძენია და მოუხმარია ნარკოტიკული საშუალება, რომლის საფასურს ხან ერთი იხდიდა, ხან – მეორე; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების შინაარსის მხედველობაში მიღებით, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მ. გ. ნ. ჯ-მა თავისი ავტომანქანით მიიყვანა ფონიჭალაში, ნარკოტიკების სავარაუდო რეალიზატორის სახლთან (რომელსაც ნ. ჯ., მისივე მტკიცებით, არ იცნობდა) და რომლისგანაც, მ. გ-ს დახმარებით (შუამავლობით), შეიძინა მან ნარკოტიკული საშუალებები, ასევე – მ. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების დაუფლებიდან ნ. ჯ-სათვის გადაცემამდე დროის ხანმოკლე მონაკვეთის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მ. გ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ს თანხით შეძენილი ჰეროინის მისთვის გადაცემით მ. გ-მ ჩაიდინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება.

22. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რომელმაც ერთხელ უკვე განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საქმეზე №844აპ-22, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).

23. ამრიგად, ვინაიდან უტყუარად არ დასტურდება ნარკოტიკული დანაშაულის თავით ნასამართლევი მ. გ-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, არამედ მის ქმედებაში გამოკვეთილია – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის შეძენაში დახმარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მ. გ. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

24. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რომლისთვისაც მსჯავრი უნდა დაედოს მ. გ-ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

26. საკასაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი ქმედება, რასაც სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა სასამართლომ; ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და დამამძიმებელი (პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალი, განზრახი დანაშაულის ჩადენა, რაც ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას ზრდის) გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მ. გ-ს უნდა მიესაჯოს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, ვინაიდან პირობით მსჯავრდებულმა მ. გ-მ გამოსაცდელი ვადის პერიოდში ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მ. გ-ს, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ მ გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. მ. გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით მ. გ-ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი;

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, მ. გ-ს მიესაჯოს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2022 წლის 10 მაისიდან;

7. მ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვას – 5 წლით; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას – 15 წლით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 10 წლით;

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილი:

· ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების შესაფუთი მასალა და მ. გ-ს ნერწყვის ნიმუში – განადგურდეს;

· ლაზერული დისკი – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი