გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-915-02 10 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ.კვანტალიანი,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. გ-ემ სარჩელით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თ. ყ-ის მიმართ და მოითხოვა ყოფილ მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი საცხოვრებელი ბინების გაყოფა შემდეგნაირად: ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი დარჩენილიყო მის საკუთრებაში, ხოლო ქ.ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი კი გადასცემოდა თ. ყ-ს საკუთრებაში, ვინაიდან მოპასუხე და მისი არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ ბორჯომში. ა. გ-ემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ის და თ. ყ-ი 1989 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. 1995წ. აპრილში ა. გ-ემ იყიდა ქ.ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი, რომელიც ოთხი ოთახისაგენ შედგებოდა, ხოლო 1996წ. სექტემბერში ქ.თბილისში, ... მდებარე ლიტ “ა” საცხოვრებელი სადგომის 21/95, რომელიც მის სახელზე აღირიცხა საკუთრებაში. 1999წ. აპრილში ა. გ-ე და თ. ყ-ი ოჯახური უსიამოვნების გამო განქორწინდნენ.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ის სარჩელი: მას საკუთრების უფლებით მიეკუთვნა თ. ყ-თან ერთად შეძენილი, ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, ხოლო თ. ყ-ს მიეკუთვნა საკუთრების უფლებით ბ.ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2000წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი დარჩა ა. გ-ის საკუთრებაში, ხოლო ქ.ბორჯომში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/4¼ ნაწილი, რომელიც ირიცხებოდა ა. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით გადაეცა თ. ყ-ს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან _ თ.ყ-თან, სადავო ბინა, მდებარე, ქ.ბორჯომში, ღირს 17000 ლარი, ხოლო თბილისში მდებარე ბინა, 5800 ლარი. Mმიზანშეწონილია მეუღლეთა წილის თანაბრობის პრიციპიდან გადახვევა და ბორჯომში მდებარე სადავო ბინის თ. ყ-ისათვის, ხოლო ქ.თბილისში, მდებარე ბინის ა. გ-ისათვის მიკუთვნება.
თ. ყ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატის 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
თ. ყ-მა თავის საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ განჩინება დაუსაბუთებელია, არაკანონიერია და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია სკ-ს 1168-ე, 1169-ე, 1158-ე მუხლების მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის მიერ დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ბორჯომში მდებარე სადავო ბინის სასტარტო ღირებულება განისაზღვრა 17000 ლარით, ხოლო თბილისში, ... მდებარე ბინის სასტარტო ღირებულება 5800 ლარად.
კასატორმა თ. ყ-მა სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნა თვითონ მოითხოვა სააპელაციო წესით საქმის განხილვისას საკასაციო საჩივარში ჩამოყენებული პრეტენზია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა მიკერძოებით, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მის მიერ წამოყენებული პრეტენზია არ არის არც დასაბუთებული და არც დამატებითი.
სააპელაციო პალატამ სწორად მიაკუთვნა თ.ყ-ს ქ.ბორჯომში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ვინაიდან სკ-ს 1168-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ქონების გაყოფისას ერთ-ერთი მეუღლის წილი იზრდება, თუ არასრულწლოვანი შვილები მასთან ცხოვრობენ. ასეთ შემთხვევაში ქ.ბორჯომის ბინის ღირებულება ქ.თბილისში მდებარე ბინის ღირებულებაზე სამჯერ მეტია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა სოფ. რველში არსებული მიწის ნაკვეთის გაყოფაზე მაშინ როცა იგი წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ იმსჯელებდა აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა მხარეებს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე დადგენილი საპროცესო ფორმით სასამართლოში არ დაუყენებიათ და ამდენად მიწის ნაკვეთის გაყოფა არ ყოფილა დავის საგანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.