3კ-920-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის ყადაღისაგან განთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბათუმში ..... მდებარე ოროთახიანი ბინა ირიცხება რ. მ-ის სახელზე აღნიშნული ბინა დაყადაღებული იქნა 2000წ. 17 ნოემბერს რ. მ-ის ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად დადგენილია, შპს “მ-ე და კომპანიას”, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი და დირექტორია რ. მ-ე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად 2000წ. 17 ნოემბერს დაყადაღებულ იქნა ქ. ბათუმში ..... მდებარე რ. მ-ის სახელზე რიცხული ოროთახიანი ბინა.
2001წ. თებერვალში ს. კ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში რ. მ-ის, ჯ. შ-ის და ქ. ბათუმის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის შ. ჯ-ის მიმართ საცხოვრებელი ბინის ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ბინა შეიძინა ქ. სამტრედიაში გაყიდული სამემკვიდრეო სახლიდან მიღებული თანხით, თუმცა ბინა აღირიცხა მისი მეუღლის რ. მ-ის სახელზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ყადაღა მოიხსნა სადავო ბინის 1/2½ ნაწილზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. კ-ემ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ს. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სადავო ბინა არ უნდა ჩათვლილიყო მეუღლეთა თანასაკუთრებად, რადგან იგი შეძენილია მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული სახლის გასხვისებისას აღებული თანხით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ს. კ-ე და რ. მ-ე ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1988წ. 19 ივლისს.
ბათუმში ..... მდებარე ბინა შეძენილია – 1997წ. 25 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით.
აღნიშნული ბინა წარმოადგენს ს. კ-ის და რ. დმ-ის თანასაკუთრებას, როგორც მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება.
სკ-ს 1158-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშვება მაშინაც თუ ერთ-ერთ მხარეს არ ქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. სადავო ბინაზე საკუთრების უფლების წარმოსაშვებად არ ქონდა მნიშვნელობა იმ გარემოებას, თუ რა წვლილი შეიტანა თითოეულმა მეუღლემ ამ ბინის შეძენაში.
სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა დადგენილად ის გარემოება, რომ სადავო ბინა შეძენილი იყო 1989 წელს სამტრედიაში მემკვიდრეობით მიღებული სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
ს. კ-ის მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ ყოფილა წამოყენებული. ს. კ-ე თავდაპირველად სასარჩელო განცხადებით მოითხოვდა ბინის ნახევრის ყადაღისაგან განთავისუფლებას. სასამართლოს მთავარ სხდომაზე გაზარდა სარჩელი და მოითხოვა ყადაღისაგან მთლიანი ბინის განთავისუფლება. დარღვეული იქნა სსკ-ს 83-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის მომზადების სტადიის გასვლის შემდეგ სარჩელის გადიდება შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. მოპასუხე მხარეს არ მიუცია ასეთი თანხმობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.