Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-934-02 13 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: 1. ბინიდან გამოსახლება და ქირის დაკისრება (ძირითადი სარჩელი); 2. ბინაში მოქირავნედ დატოვება; 3. ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობა და საქმის წარმოების შეწყვეტა. ბინის მესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ვ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თ. ჯ-ის, შ., ნ., თ. კ-ების გამოსახლება თბილისში, ... მდებარე სახლის ¹13-14 ოთახებიდან და ბინის ქირის გადიდებული ოდენობით დაკისრება, ასევე _ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, და ვ.ხ-ის გამოსახლება სადავო სახლის ¹4 ოთახიდან. მოსარჩელე თავის სარჩელს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე: სადავო სახლი არის მისი საკუთრება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მის სახელზე. მოპასუხეები არიან მდგმურები. სახლი სჭირდება თავისი ოჯახის წევრებისათვის. მოპასუხეები უარს აცხადებენ, გადაუხადონ ბინის ქირა.

თ. ჯ-ემ, ნ., შ. და თ. კ-ებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობა და საქმის წარმოებით შეწყვეტა იმ მოტივით, რომ ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ სადავო ფართში. თ. ჯ-ე 80 წელი უწყვეტად ფლობს ამ ბინას, როგორც საკუთარს. მას მოპოვებული აქვს ბინაზე საკუთრების უფლება, ხოლო კ-ებს მოპოვებული აქვთ ბინის ფართზე სარგებლობის უფლება. სასამართლოს მიმართა ასევე ხ-ემ და მოითხოვა საკუთრებაში გადასცემოდა სადავო სახლის ¹4 ოთახი, რომელიც მას აქვს დაკავებული საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეები გამოსახლდნენ მათ მიერ დაკავებული ფართიდან. თ. ჯ-ისა და ვ. ხ-ის გამოსახლება მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ვ-ი საკუთრების უფლებით გადასცემდა მათ სხვა ფართს იმავე დასახლებული პუნქტის ფარგლებში. ჯ-ეს ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის _ თვეში 10 ლარის გადახდა, ხოლო ხ-ეს თვეში _ 20 ლარის გადახდა. შეგებებულ სარჩელებს ეთქვა უარი.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გააწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თ. ჯ-ე გამოსახლდა თბილისში, ... მდებარე სახლის ¹13 და ¹14 ოთახების ნამეტი 24 კვ.მ ფართიდან და სარგებლობის უფლებით დარჩა იმავე ოთახების 9 კვ.მ ფართში. ნ. ჯ-ე-კ-ა, შ. კ-ა და თ. კ-ა გამოსახლდნენ ... მდებარე ¹13 და ¹14 ოთახებიდან. ხ-ე გამოსახლდა ... მდებარე ¹4 ოთახიდან. თ. ჯ-ეს ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ქირის 323,19 ლარის გადახდა 1997წ. 1 ივლისიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდისათვის. გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან კი თვეში _ 5,67 ლარის ოდენობით. უარი ეთქვა თ. ჯ-ის, ნ. ჯ-ე-კ-ას, შ. და თ. კ-ების შეგებებულ სარჩელს. უარი ეთქვა ასევე ხ-ის მოთხოვნას ¹4 ოთახში დამქირავებლის უფლებით დატოვების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, ... მდებარე სახლის 2/3 ნაწილი საკუთრების უფლებით ირიცხება მ. ვ-ის სახელზე. აღნიშნულ ფართში შედის თ. ჯ-ის და ვ. ხ-ის მიერ დაკავებული ოთახები. პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან მას, როგორც ბინის მესაკუთრეს, სკ-ს 170-ე მუხლის მოთხოვნის თანახმად შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლოდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები წლების განმავლობაში არ უხდიდნენ ქირას ვ-ს, რადგან თვლიდნენ, რომ ბინა მათი საკუთრებაა და ვ. ხ-ე შეგებებული სარჩელით ითხოვდა დაკავებული ფართის საკუთრებაში გადაცემას. სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვ. ხ-ე გარდაიცვალა და საქმეში მის უფლებამონაცვლედ ჩაება ა. ხ-ე, რომელმაც მოითხოვა ფართში მდგმურის უფლებით დატოვება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ა. ხ-ის მოთხოვნა არ შეიძლება იქნეს გაზიარებული, რადგან მესაკუთრე არ არის თანახმა დადოს ქირავნობის ხელშეკრულება ხ-ესთან. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ჯ-ის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მის მიერ დაკავებული ფართი მისმა მშობლებმა შეიძინეს 1915 წელს და იგი არის მესაკუთრე. პალატამ ჩათვალა, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს მოსარგებლისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემას. პალატამ ასევე არ გაიზიარა ვ-ის მოთხოვნა თ. ჯ-ის მის მიერ დაკავებული ფართიდან გამოსახლებისა და სხვა ოთახში შესახლების შესახებ. პალატამ ჩათვალა, რომ კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” ითვალისწინებს ნამეტი ფართიდან გამოსახლებას და არა სხვა ფართში შესახლებას და აღნიშნული კანონის საფუძველზე თ. ჯ-ე გამოასახლა ნამეტი ფართიდან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარემ. ვ-ი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას თ. ჯ-ის ნამეტი ფართიდან გამოსახლების და ბინის ქირის დაკისრების ნაწილში შემდეგი საფუძვლით: იგი არის სახლის მესაკუთრე. თ. ჯ-ის მიერ დაკავებული ფართი ესაჭიროება თვითონ და მისი ოჯახის წევრებს. სააპელაციო სასამართლომ გამოასახლა რა თ. ჯ-ე ნამეტი ფართიდან, არ დაუდგენია, თუ როგორ და ვისი ხარჯებით უნდა მოხდეს გადაკეთებები და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ასეთი გადაკეთება, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულება ამ ნაწილში შეუძლებელია. სასამართლომ არასწორად დააკისრა ბინის ქირა ჯ-ეს, რადგან თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1997წ. 4 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ჯ-ეს და თ. ჯ-ეს შესაბამისად დაეკისრათ ბინის ქირა _ თვეში 20 და 10 ლარის ოდენობით.

თ. ჯ-ე და კ-ები მოითხოვდნენ გადაწყვეტილების გაუქმებას მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, თ. ჯ-ის ნამეტი ფართიდან გამოსახლების და კ-ების ბინიდან გამოსახლების ნაწილში. ა. ხ-ე მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას მის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმისა და ბინიდან გამოსახლების ნაწილში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი. საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს თ. ჯ-ის ნამეტი ფართიდან გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებთა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისში, ... მდებარე სახლის 2/3 საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე მ. ვ-ის სახელზე. მის კუთვნილ ფართში ჩაწერილები არიან თ. ჯ-ე და ასევე ჩაწერილი იყო ვ. ხ-ე (რომელიც გარდაიცვალა სასამართლოში საქმის განხილვის დროს). სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა ვ. ხ-ის უფლებამონაცვლის ა. ხ-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა სადავო სახლის ¹4 ოთახში მოქირავნის უფლებით დატოვებას. ვ. ხ-ე წლების მანძილზე ცხოვრობდა სადავო ოთახში. იგი იყო იმ კატეგორიის მოსარგებლე, რაც გათვალისწინებულია კანონით “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ. ამდენად, ურთიერთობა ხ-ესა და ვ-ს შორის უნდა მოწესრიგდეს ამ კანონით. რაც შეეხება ა. ხ-ეს, იგი სადავო ფართში რეგისტრირებული არ ყოფილა. აღნიშნული კანონი კი არ ითვალისწინებს დამქირავებლის უფლებების გადასვლას მისი ოჯახის წევრებზე. ხოლო ხელახალი ქირავნობის ხელშეკრულების დადებისათვის ვ. ხ-ის უფლებამონაცვლე ა. ხ-ესა და მესაკუთრე ვ-ს შორის საჭიროა ორივე მხარის თანხმობა. მესაკუთრე კი არ არის თანახმა ქირავნობის ხელშეკრულება გააგრძელოს ა. ხ-ესთან. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად არ გაიზიარა კასატორ თ. ჯ-ის განმარტება იმის შესახებ, რომ მისმა მშობლებმა 1915 წელს იყიდეს მის მიერ დაკავებული ფართი ვინმე გრემშტეინისაგან. არასოდეს არც თ. ჯ-ე და არც მისი მშობლები არ ყოფილან რეგისტრირებული საჯარო რეესტრში როგორც სადავო ფართის მესაკუთრე. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად კანონის თანახმად საჭიროა სანოტარო წესით დადასტურებული ნასყიდობის ხელშეკრულება და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში არც ნასყიდობის ხელშეკრულება და არც მესაკთურედ რეგისტრაცია სახეზე არა გვაქვს. ხოლო რაც შეეხება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების” შესახებ კანონს, აღნიშნული კანონის ის მუხლი, რომლითაც მოსარგებლე გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში შეიძლებოდა მესაკუთრედ ჩათვლილიყო, ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ნ. ჯ-ის, შ. და თ. კ-ების პრეტენზიას, რომ ისინი სარგებლობის უფლებით უნდა დარჩენილიყვნენ სადავო ფართში. ნ. ჯ-ე, შ. და თ. კ-ები სადავო ფართში ჩაწერილები არ არიან და არც არასოდეს ყოფილან, ისინი არ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომელიც “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების” შესახებ კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად გათვალისწინებულია მოსარგებლისათვის. ამდენად, ისინი არ არიან იმ კატეგორიის მოსარგებლეები, რომლებსაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს და სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ვ-ის მოთხოვნა მათი ბინიდან გამოსახლების შესახებ. პალატა თვლის,

რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად განსაზღვრა ბინის ქირის ოდენობა, რადგან “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბინის ქირის რაოდენობა ერთ სულზე შეადგენს დაუბეგრავი მინიმუმის 1%. აქედან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს ვ-ის საკასაციო პრეტენზიას გაზრდილი ბინის ქირის დაკისრების ნაწილში.

რაც შეეხება თ. ჯ-ის გამოსახლებას ნამეტი ფართიდან და მის დატოვებას სარგებლობის უფლებით 9 კვ.მ ფართში, პალატა თვლის, რომ აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული, თუ როგორ უნდა მოხდეს 9 კვ.მ გამოყოფა მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართიდან, რა გადაკეთებები უნდა გაკეთდეს და ტექნიკურად შესაძლებელია, თუ არა აღნიშნული გადაკეთებების ჩატარება. ასევე არ არის განსაზღვრული, თუ ვისი სახსრებით უნდა მოხდეს გადაკეთებები. მოცემული საკითხების გადაწყვეტის გარეშე კი გადაწყვეტილების ამ ნაწილის აღსრულება შეუძლებელია. საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა გაარკვიოს ზემოაღნიშნული საკითხები, მით უფრო, რომ მესაკუთრე მ. ვ-ი თავის განცხადებით ითხოვს გადაკეთებების ჩატარებას და ასეთ შემთხვევაში იგი თანახმაა, ჯ-ე საცხოვრებლად დატოვოს სარგებლობის უფლებით 9 კვ.მ ფართში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ. ჯ-ის, ნ. ჯ-ე-კ-ას, შ. კ-ას, თ. კ-ას საკასაციო საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ასევე მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.

ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილება. კერძოდ, გადაწყვეტილება გაუქმდეს თ. ჯ-ის თბილისში, ... მდებარე სახლის ¹13 და ¹14 ოთახების 24 კვ.მ. ნამეტი ფართიდან გამოსახლების და სარგებლობის უფლებით იმავე ოთახების 9 კვ.მ ფართში დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.