Facebook Twitter

საქმე # 140100121005202351

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №567აპ-23 თბილისი

ბ-ი გ, 567აპ-23 28 ნოემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის, მსჯავრდებულ ვ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-სა და მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. ნ-სა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

გ. ო-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებითა და განსაკუთრებული სისასტიკით;

ზ. ფ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებითა და განსაკუთრებული სისასტიკით;

გ. ქ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, არაერთგზის; განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებითა და განსაკუთრებული სისასტიკით;

გ. ბ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, არაერთგზის; განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჯგუფურად, ანგარებითა და განსაკუთრებული სისასტიკით;

ვ. ო-მ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, კერძოდ:

2021 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ-ი, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ო-ი, ზ. ფ-ი, ქურდობისათვის ნასამართლევი გ. ქ-ი და ასევე ქურდობისათვის ნასამართლევი გ. ბ-ი ბ-ის მოქალაქის ტ. კ-ის კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ მას და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათსა და ფულს. ამის შემდეგ, გ. ო-მა, ზ. ფ-მა, გ. ქ-მა და გ. ბ-მა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ტ. კ-ი; განსაკუთრებული ტანჯვის გამოსაწვევად ხელებითა და ფეხებით სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენეს, რის შემგედაც მდინარე მ-ში დაახრჩვეს.

მომხდარის შესახებ გ. ო-მა, ზ. ფ-მა, გ. ქ-მა და გ. ბ-მა დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ, ინფორმაცია მიაწოდეს ვ. ო-ს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე და გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17, 24 ივნისის განაჩენით:

გ. ო-ი, დაბადებული .. წლის .. ივლისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ერთი მეოთხედით - 4 წლით - და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ერთი მეოთხედით - 2 წლით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმით, მსჯავრდებულ გ. ო-ს საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2021 წლის 10 ოქტომბრიდან;

ზ. ფ-ი, დაბადებული … წლის … მაისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმით, მსჯავრდებულ ზ. ფ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან, 2021 წლის 10 ოქტომბრიდან;

გ. ქ-ი, დაბადებული … წლის … ივლისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ,“ ,,გ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმით, მსჯავრდებულ გ. ქ-ს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2021 წლის 21 მაისის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და გ. ქ-ს საბოლოოდ მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 10 ოქტომბრიდან.

გ. ბ-ი, დაბადებული … წლის … ნოემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმით, მსჯავრდებულ გ. ბ-ს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 წელი და გ. ბ-ს საბოლოოდ მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 10 ოქტომბრიდან;

ვ. ო-ძე, დაბადებული … წლის … ნოემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავებიდან 2021 წლის 10 ოქტომბრიდან.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 აპრილის განაჩენით:

მსჯავრდებულების: გ. ქ-ს, ზ. ფ-ისა და გ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ჯ-ის, მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. ნ-სა და ლ. ბ-ის, მსჯავრდებულ ვ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. თ-ის, მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის, მსჯავრდებულ გ. ქ-ის და მსჯავრდებულ გ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17, 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი, მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი, ე. მ-ი ითხოვს გ. ბ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის შემცირებას.

4.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, ვინაიდან გ. ბ-მა და სხვებმა მთელი დღე გაატარეს ტ. კ-ან ერთად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სწორედ მათ მოკლეს იგი. ფარულ ჩანაწერთა პირდაპირი სახის მტკიცებულებად მიჩნევა გაუმართლებელია, მაშინ როცა ფარულ ჩანაწერებში ნათქვამი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ბრალდებულთა გარკვეული ნაწილი მიუთითებდა კანონის შესაძლო დარღვევით მის მოპოვებასა და ზეწოლაზე, თუმცა, მოცემულის შედეგი ჯერ ცნობილი არ არის. პასუხისგაუცემელია კითხვა, თუ როგორ მოხვდა ტ. კ-ი წყალში.

5. კასატორი, მსჯავრდებულ ვ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. ბ-ძე ითხოვს ვ. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, ვ. ო-ძე კატეგორიულად უარყოფდა დანაშაულის ჩადენას. მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, ჩადენილი იყო თუ არა რაიმე დანაშაული და ამასთან, თუ, კონკრეტულად, ვინ ჩაიდინა იგი. შესაბამისად, მას არც ჰქონდა რაიმე შესატყობინებელი შესაბამისი უწყებისათვის.

6. კასატორები, მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები: მ. ნ-ძე და ლ. ბ-ძე ითხოვენ გ. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას საქართველოს სსკ-ის 109-ე და 179-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

6.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, გ. ო-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის უტყუარი მტკიცებულება არ არსებობდა. სასამართლომ არასწორად განმარტა ,,Khan-ის“ საქმე, სადაც ევროსასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა არ დაადგინა (ამ საქმეში ბრალდებულმა ისაუბრა ნებაყოფლობით და მის მიმართ ზეწოლა არ ყოფილა. ასევე ჰქონდა ჩანაწერის გაპროტესტების შესაძლებლობა). განსახილველ საქმეში კი ჩანაწერი მიღებულია ბრალდებულთა წამებითა და მათზე ზეწოლით. ბრალდებულებმა აღნიშნულზე ისაუბრეს და მიმართეს სპეციალურ ორგანოებს შესაბამისი საჩივრით. სასამართლომ არასწორად შეაფასა ფარული ვიდეოჩანაწერებისა და გ. ბ-ის საგამოძიებო ექსპერიმენტის მტკიცებულებითი წონა. არასწორად შეფასდა სამედიცინო ექსპერტიზაც. ექსპერტს არ უთქვამს, რომ 135 დაზიანება ტ. კ-იმ სიცოცხლის პერიოდში მიიღო. არასრულწლოვან გ. ო-ის დაკავების თაობაზე დედას მხოლოდ 10 ოქტომბერს შეატყობინეს, მაშინ, როდესაც გ-ი ხედავდა, რომ ტელეფონზე დედა ურეკავდა. სასამართლომ მიუთითა რომ ინდივიდუალური ანგარიშის საფუძველზე, არ გამოკვეთილა გ. ო-ის მიმართ შემამასუბუქებელი გარემოება, რაც არ შეესაბამება რეალობას. კასატორები აღნიშნავენ, რომ შეფასების ანგარიში შედგა დაგვიანებით გამოძიებასა და სასამართლო განხილვისას. არასრულწლოვანი შეფასდა დაკავებიდან მერვე თვეს. ვინაიდან, დასკვნა შედგა 1 კვირაში, შეიცავს ბევრ არაზუსტ ინფორმაციას. მაგალითად, მასში არაა მითითებული, რომ მსჯავრდებული აბარებს ეროვნულ გამოცდებს, კითხულობს წიგნებს.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებზე ბრალდების მხარემ, პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა წარმოადგინა შესაგებლები, რომლებითაც მოითხოვა საჩივართა დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან, ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მოთხოვნებს.

7.1. პროკურორი უთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ექსპერტის ჩვენებით, პირდაპირ დადასტურებულია, რომ მოკლულმა დაზიანებები მიიღო სიცოცხლეში (გარდა ქვედა კიდურებზე არსებული ოთხი დაზიანებისა). დამცველები უთითებენ, რომ დაუდგენელია, თუ ვინ დაახრჩო წყალში ტ. კ-ი და ასევე, რა როლი ჰქონდათ მსჯავრდებულებს აღნიშნულ პროცესში. მოცემული სრულად არაარგუმენტირებული მითითებაა, რადგან ოთხივე მსჯავრდებულმა არაერთი ფიზიკური დაზიანება მიაყენა ტ. კ-ის და შემდეგ, ოთხივემ ერთად ჩააგდო იგი წყალში. ამასთან, გ. ო-ის დაკავების ოქმის თანახმად, რომელიც მის მიერაც არის ხელმოწერილი, იგი დააკავეს 2021 წლის 10 ოქტომბერს, 08:20 საათზე. მისი დაკავების თაობაზე, კანონით დადგენილ სამსაათიან ვადაში ეცნობა მისი ოჯახის წევრს, რაც დადასტურებულია შესაბამისი ოქმითა და პოლიციელთა თანხვდენილი ჩვენებებით.

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

10. საკასაციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია, რომ კერძო სივრცეში მტკიცებულებათა მოპოვება განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს და ხშირად შეუძლებელიცაა, სწორედ ამიტომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დაუშვებელია არსებული მტკიცებულებების რაიმე სახით კლასიფიკაცია, რაოდენობრივი შეფასება, წინასწარ იურიდიული ძალის განსაზღვრა და შინაარსის ინტერპრეტაცია. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ერთმანეთთან შეთანხმებულად, აშკარად და დამაჯერებლად ადასტურებს მომხდარ ფაქტებს, ერთიანი ლოგიკური ჯაჭვით აღადგენს დანაშაულის ვითარებას და ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №269აპ.-22 და №1052აპ-22 გადაწყვეტილებები).

11. საკასაციო პალატა წარმოდგენილ მტკიცებულებათა შინაარსიდან გამომდინარე, შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს აანალიზებს ქრონოლოგიურად და მიუთითებს, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, გ. ქ-ის, გ. ბ-ის, გ. ო-ის, ზ. ფ-ისა და ვ. ო-ის ტ. კ-ნ ერთად ყოფნა და არაერთ ლოკაციაზე გადაადგილება უტყუარად დადასტურებული ფაქტია, კერძოდ:

მოწმე გ. ტ-მა სასამართლოში დაკითხვისას, დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, კერძოდ, 2021 წლის 7 ოქტომბერს, შუადღისას, ს-ის ბაღში გავლისას, დაინახა, რომ ლუდის ღია ბარში ისხდნენ მეგობრები: გ. ქ-ი, გ. ბ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი და ვ. ო-ძე. მათთან ერთად იყო უცხოელი მამაკაცი, რომელსაც ეტყობოდა, რომ მის მეგობრებს ლუდით მასპინძლობდა. ამ მამაკაცმა მოწმეც დაპატიჟა. იგი მათთან ცოტა ხნით გაჩერდა. შემდეგ მამამ დაურეკა ტელეფონზე და სახლში მისვლა სთხოვა. ასეც მოიქცა. მანვე განმარტა, რომ დაახლოებით, სამიდან ხუთ საათამდე იმყოფებოდა ბიჭებთან. ხუთ საათზე უკვე სახლში იყო. მისი იქ ყოფნის დროს რაიმე კონფლიქტი არ მომხდარა.

ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით (ოქმები შედგენილია 2021 წლის 21 ოქტომბრიდან ამავე წლის 5 ნოემბრამდე დროის პერიოდში, ტ. V, ს.ფ 160-273) დგინდება, რომ ტ. კ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი, გ. ქ-ი, გ. ბ-ი და ვ. ო-ძე 2021 წლის 7 ოქტომბერს, დღის განმავლობაში გ-ი ერთად გადაადგილდებიან და სხვადასხვა მაღაზიაში ყიდულობენ პროდუქტს.

12. შემთხვევის დღეს ტ. კ-ის გაცნობის, გ. ო-ან, გ. ქ-ან, ზ. ფ-ან, ვ. ო-ნ ერთად ყოფნისა და ლუდის დალევის ფაქტი არ უარყო თავად გ. ბ-მაც. მან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიუთითა: ლუდის თანხა ტ. კ-იმ გადაიხადა. შემდეგ ძველი ფოსტისკენ წავიდნენ. მაღაზიაში კიდევ იყიდეს ლუდი. თანხა კვლავ ტ-მა გადაიხადა. ფოსტის შენობასთან მარიხუანა მოსწიეს. იქ ტ. კ-ი უცხო პირთან, დაახლოებით თხუთმეტი–თექვსმეტი წლის ბიჭთან შელაპარაკდა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიიღო. გააშველეს, მაგრამ თვალის არეში მაინც მოხვდა „ერთი–ორი“. შემდეგ წავიდნენ რკინიგზის სადგურზე. სოფელ ს-ში, ვ. ო-ნ უნდოდათ წასვლა. გზად რამდენიმე მაღაზიაში შევიდნენ. თანხას კვლავ ტ. კ-ი იხდიდა. ამის შემდეგ, გ. ბ-ი, გ. ქ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი, ვ. ო-ძე და ტ. კ-ი გადავიდნენ მ-ის ხიდზე და შეჩერდნენ მოსაცდელთან. ტ. კ-ი მათზე ნაწყენი იყო და საყვედურობდა, რომ გააშველეს და არ მისცეს საშუალება, მოჩხუბარს გასწორებოდა. ვ. ო-მ თქვა, რომ ბიძაშვილთან დარჩებოდა და წავიდა. დაახლოებით, ოცი წუთის შემდეგ ტ. კ-მ მაღაზიაში წასვლა და ლუდის ყიდვა მოინდომა. მოწმე მას გაჰყვა. ტ-ს საპირფარეშოში უნდოდა შესვლა და გ. ბ-მა ქვემოთ ჩაიყვანა. ამ დროს გადაწყვიტა, ტელეფონი წაერთმია. გ. ბ-მა ტ-ს ტელეფონი გამოართვა, თითქოს, რაღაც უნდა დაეწერა მისთვის, რა დროსაც სახის არეში დაარტყა. დარტყმისგან სისხლის წამოსვლა არ დაუნახავს. ტ. კ-ი წაიქცა და ამოუვარდა პლასტიკური ბარათი. იგი წამოდგა და გაიქცა. გაეკიდა. შემდეგ გაიგონა წყალში ჩავარდნის ხმა. სიბნელე იყო და არ ჩანდა. ყურადღება აღარ მიაქცია, რადგან იმ ადგილზე წყალი ღრმა არ იყო. დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ, გ. ბ-ი მეგობრებთან დაბრუნდა. ტ. კ-ი რომ მოიკითხეს, უთხრა, რომ ტელეფონი მოჰპარა და წამოვიდა. ამის შემდეგ, მაღაზიაში ტ. კ-ის პლასტიკური ბარათით პროდუქტი და სიგარეტები იყიდა, რაც ბიჭებს დაურიგა. მანამდე მეგობრებისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ტოტალიზატორში თანხა ჰქონდა მოგებული. „გ-ან“ ვ. ო-ძე შეხვდა. დაახლოებით ღამის ორის ნახევარზე დაიშალნენ. მეორე დღეს, ტელეფონი 370 ლარად გაყიდა.

რაც შეეხება მის ფარულ აუდიოჩანაწერს, ამ დროს გ. ბ-ს ნარკოტიკი და ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. ამასთან, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. იმას ამბობდა, რასაც ეუბნებოდნენ. 9 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:00 საათზე, მიიყვანეს პოლიციაში. დეტექტივების სამმართველოს უფროსმა იატაკზე წააქცია, იარაღი ჩაუდო პირში და უთხრა, „მოყევი როგორ იყოო.“ რამდენჯერ დაარტყეს, არ ახსოვს. ხელი რაზე მოაწერინეს, არ იცის.

13. მაშასადამე, გ. ბ-ის ჩვენების მიხედვით, მას მხოლოდ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება სურდა, რა დროსაც იგი მარტო მოქმედებდა. სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოებების პარალელურად, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს გამოძიების სტადიაზე გ. ბ-ან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომლის შინაარსი ფაქტობრივად, განსხვავებულია მის მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული გარკვეული, მნიშვნელოვანი სახის გარემოებებისაგან, კერძოდ:

მოცემული საგამოძიებო მოქმედების თანახმად, გ. ბ-მა მიუთითა ე.წ. „ძველი ფოსტის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიცნო ტ. კ-ი, ხოლო შემდეგ ე.წ. „ს-ის ბაღში“ არსებულ ღია ბარზე, სადაც თვითონ, მისმა მეგობრებმა და ტ. კ-იმ დალიეს ალკოჰოლური სასმელი, რომლის ღირებულებასაც ტ. კ-ი იხდიდა. მიუთითა გ-ში, ჭ-ის ქუჩის №..–ში მდებარე მაღაზიაზე, სადაც შევიდნენ თვითონ, ტ. კ-ი და გ. ო-ი, ხოლო ზ. ფ-ი, გ. ქ-ი და ვ. ო-ძე ელოდებოდნენ გარეთ. ტ. კ-მ მათ უყიდა ლუდი. მიუთითა ტერიტორიაზე, სადაც შევიდნენ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მიზნით და სადაც ტ. კ-ის სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა იქ მყოფ უცნობ ბიჭთან, რა დროსაც მან ტ-ს ჰკრა ხელი, თუმცა, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა, რადგან ტ. კ-ი შეაკავეს, ხოლო უცნობი ბიჭი გაიქცა. გ. ბ-მა მიუთითა ს-ის გამზირის №..–ში მდებარე მაღაზია „დ-ზე,“ სადაც კვლავ თვითონ, გ. ო-ი და ტ. კ-ი შევიდნენ. გარეთ ელოდებოდნენ ზ. ფ-ი, გ. ქ-ი და ვ. ო-ძე. ტ. კ-მ შეიძინა ლუდი. ამის შემდეგ მიუთითა რკინიგზის სადგურის დასახლების დამაკავშირებელ ხიდსა და კიბეებზე, რომლის გავლით გავიდნენ ლიანდაგებზე, გადაკვეთეს და გავიდნენ სადგურის დასახლებაში სოფელ სკრისაკენ მიმავალ გზაზე, გაჩერდნენ ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც გ. ბ-მა ტ. კ-ის სთხოვა 50 ლარი. უარის მიღების შემდეგ, მან და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ტ. კ-ის წაერთმიათ ფული, რაზეც ვ. ო-მ განაცხადა უარი და წავიდა მათგან. გ. ბ-ი, გ. ქ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი და ტ. კ-ი გაჰყვნენ ლიანდაგებს, მოსაცდელიდან, დაახლოებით, 500 მეტრის მანძილზე გავიდნენ მდინარე მ-ის სანაპიროზე. გ. ბ-მა მიუთითა ლიანდაგებს შორის არსებულ ტერიტორიაზე, სადაც გ. ქ-მა ტ. კ-ის გამოართვა ტელეფონი, ხოლო გ. ბ-მა მას სახეში დაარტყა ხელი. ტ-სი წაიქცა და ჯიბიდან გადმოუვარდა პლასტიკური ბარათი, რომელიც აიღო გ. ო-მა. გ. ბ-მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გაქცევის დროს დაიჭირეს ტ. კ-ი და ერთი წუთის განმავლობაში სცემდნენ, რის გამოც, ტ-მა დაკარგა გონება. ვინაიდან ვერ მოიყვანეს გონზე, მათ ტ. კ-ის წყალში გადაგდება გადაწყვიტეს. ამის შემდეგ, მან და ზ. ფ-მა ტ-S ხელები მოჰკიდეს ფეხებში, ხოლო გ. ქ-მა და გ. ო-მა - ხელებში. მიუთითა ადგილი მ-ის ნაპირთან, სადაც მიიყვანეს ტ. კ-ი და შეაცურეს მდინარეში. შემთხვევის ადგილიდან წამოვიდნენ იმავე გზით და ე.წ. „ძველი ხიდის“ გავლით გავიდნენ ს-ოს ქუჩაზე. მიუთითა მაღაზიებზე, სადაც ტ. კ-ის პლასტიკური ბარათით შეიძინეს პროდუქტები. ასევე - თ. მ-ს ქუჩის №..-ში მდებარე სუპერმარკეტ „ბ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გადააგდო ტ. კ-ის პლასტიკური ბარათი. გ. ბ-მა ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ასევე მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იმავე ღამით კვლავ ნახეს ვ. ო-ძე და უამბეს მომხდარის შესახებ; ასევე გ-ში, ჭ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ლომბარდზე, სადაც ჩააბარა წართმეული მობილური ტელეფონი.

14. ამასთან, საგამოძიებო ექსპრიმენტში მითითებული ადგილების აღწერის პარალელურად, ოქმში აღნიშნულია ის ლოკაციები, სადაც განთავსებულია გარე სათვალთვალო კამერები.

15. მაშასადამე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ერთი პირის, გ. ბ-ის მიერ გამოძიებასა და სასამართლოში განსხვავებული ფორმით გადმოცემული ინფორმაცია (პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ჯგუფურად მოქმედებასთან მიმართებით), რის გამოც საკასაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, იზიარებს თუ რა რომელიმე მათგანს, ხოლო დადებითი პასუხის შემთხვევაში, უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ მივიდა მსგავს დასკვნამდე.

16. ზემოხსენებული საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა, პირველ რიგში, აანალიზებს საგამოძიებო ექსპერიმენტსა და სასამართლოსათვის მიცემული მოწმის ჩვენების შინაარსს, მის თანმიმდევრულობას, ხოლო შემდეგ, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ, ან უარყოფენ გ. ბ-ის მიერ დასახელებულ ფაქტებს. ესე იგი, სასამართლომ მტკიცებულება უნდა შეაფასოს: არა მხოლოდ მისი უშუალო შინაარსიდან გამომდინარე, არამედ ამ შინაარსის კავშირი სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულებებთან. გარკვეულ შემთხვევაში, ეს სხვა მტკიცებულება შესაძლოა, მოპოვებული იყოს სწორედ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც თავისთავად მეტად ამყარებს იმ დროისათვის მოწმის მიერ გაცხადებული ფაქტის რეალურ ხასიათს. მოცემულ პროცესში, სასამართლომ აგრეთვე უნდა შეაფასოს არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც მოწმე ცდილობს, ახსნას დროის სხვადასხვა პერიოდში, მოვლენათა განსხვავებული ფორმით აღწერის მიზეზები.

17. მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არის ამომწურავი და თანმიმდევრული. მისი მიმდინარეობისას მოწმემ გამოავლინა იმგვარი სახის ინფორმაციის ცოდნა, რომელიც სხვა პირობებში, მას ლოგიკურად, არ შეიძლება სცოდნოდა, კერძოდ: გ. ბ-მა მიუთითა ტ. კ-ის ნივთების ჯგუფურად დაუფლების, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მ-ში შეცურების ადგილები, ხოლო მომხდარი ფაქტის შემდეგ, ის მაღაზიები, რომლებშიც ტ. კ-ის პლასტიკური ბარათით შეიძინეს პროდუქტები. ასევე - ადგილები, სადაც გადააგდო ტ. კ-ის პლასტიკური ბარათი და სადაც ჩააბარა წართმეული მობილური ტელეფონი. მანვე მიუთითა ადგილი, სადაც იმავე ღამით ვ. ო-ს მომხდარის შესახებ მოუყვნენ.

18. საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როდესაც ბრალდებული აღარ ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, იგი, საგამონაკლისო შემთხვევებში, მაინც შესაძლოა იქნეს გამოყენებული, როგორც ბრალდების დამადასტურებელი პირდაპირი სახის მტკიცებულება (გამოძიების სტადიაზე მიცემული აღიარებითი ჩვენების გამოკლებით); აღნიშნული საგამონაკლისო შემთხვევები დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებით (მათ შორის იხ. №424აპ-16, №561აპ-15, №682აპ-21, №569აპ-22), კერძოდ:

N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, პირდაპირი მტკიცებულებაა, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“

ე.ი. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც, ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).

პალატამ სხვა საქმეში მიუთითა, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად, სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩენილი იქნება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს (იხ. უზენაესი სასამართლოს №682აპ-21 გადაწყვეტილება).

19. ზემომიმოხილული პრაქტიკის შესაბამისად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში იკვეთება, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც, რომლებითაც დადასტურდა გ. ბ-ის მიერ მითითებული ინფორმაციის მართებულობა, კერძოდ:

20. 2021 წლის 10 ოქტომბრის ამოღების ოქმის თანახმად, გ-ი, თ. მ-ის ქუჩის №..–ში, ბორდიურის გვერდით, თხრილიდან ამოიღეს ტ. კ-ის საბანკო ანგარიშის პლასტიკური ბარათი, რომლის შესახებ გ. ბ-მა თავად მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს. შესაბამისად, მოცემული საგამოძიებო ექსპერიმენტი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას ბრალდების დასადასტურებლად.

21. ვიდეოჩანაწერების დათვალიერებით დგინდება, რომ:

ტ. კ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი, გ. ქ-ი, გ. ბ-ი და ვ. ო-ძე 2021 წლის 7 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, გ-ში ერთად გადაადგილდებიან და სხვადასხვა მაღაზიაში ყიდულობენ პროდუქტს. 20:38 საათზე კადრში ჩნდება: გ. ბ-ი, გ. ქ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი, ტ. კ-ი და ვ. ო-ძე, რომლებიც გადაადგილდებიან ს-ის გამზირიდან სადგურის დასახლების მიმართულებით. 21:30 საათზე კადრში ჩნდება ვ. ო-ე, რომელიც გადაადგილდება ხიდზე სადგურის დასახლებიდან ს-ის ქუჩის მიმართულებით. 21:32 საათზე კადრში ჩნდება ვ. ო-ე (იგი სადგურის მხრიდან გადაადგილდება მარტო). 21:34 საათიდან კადრში ჩნდება მდინარე მ-ზე არსებული ე.წ. „ძველი ხიდის“ მხრიდან ს-ოს ქუჩაზე მომავალი: გ. ქ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი და გ. ბ-ი, რომლებიც მიემართებიან თ. მ-ს ქუჩის მიმართულებით. მათთან ერთად ტ. კ-ი აღარ იმყოფება. ისინი გ-ში არსებულ, არაერთ სასურსათო მაღაზიაში შედიან და ყიდულობენ პროდუქტს პლასტიკური ბარათით. 22:30 საათზე აღნიშნულ ოთხ პირთან ერთად, კადრში ჩნდება ვ. ო-ძეც. ამის შემდეგ, ხუთივე მათგანი აგრძელებს ერთად გადაადგილებას და სხვადასხვა მაღაზიაში პროდუქტის შეძენას.

22. ამასთან, გასათვალისწინებელია, მოწმეების: გ. ყ-ისა და დ. მ-ის ჩვენებებიც, რომლის მიხედვითაც იკვეთება, რომ მათ მომდევნო დღეს, ე.ი. 2021 წლის 8 ოქტომბერს, წყალში, ნახეს მამაკაცის ცხედარი გულაღმა. გვამს შარვალი წვივებამდე ჰქონდა ჩაწეული, მარჯვენა თვალი ჰქონდა დასიებული.

23. ასევე, გ-ში, ჭ-ის ქუჩის №..-ში მდებარე ლომბარდში ნ. გ-ან ამოიღეს მობილური ტელეფონი და ხელშეკრულება, რომელშიც ტელეფონის ჩამბარებლად მითითებულია სწორედ გ. ბ-ი.

24. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-მა საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, არამხოლოდ დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები და მიუთითა ჯგუფურად გადაადგილების არაერთ ტრაექტორიაზე, არამედ მის მიერ მითითებული ფაქტები შემოწმდა და დადასტურდა სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულებებითაც.

25. რაც შეეხება გ. ბ-ის ჩვენებაში მითითებულ გარემოებას, რომ საგამოძიებო ორგანოში მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის საფუძველზეც, დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის წონა სასამართლომ არასწორად შეაფასა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დეტალურად აფასებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს და აღნიშნავს, რომ:

გ. ბ-ის დაკავების ოქმის მიხედვით, მას რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. გასათვალისწინებელია, რომ იგი დაკავებულია მისი გამოკითხვის, ფარულად ჩაწერისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ჩატარების შემდგომ, 2021 წლის 10 ოქტომბერს, 08:30 საათზე (კერძოდ, გ. ბ-ი გამოკითხულია: 09/10/2021 23:25-23:40 საათზე და 10/10/2021 04:55-06:20 საათზე, ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია: 10/10/2021 03:15-03:23 საათზე, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია 10/10/2021 06:45-08:10 საათზე). მოცემულ გარემოებას საკასაციო პალატა იმ მოტივით უსვამს ხაზს, რომ როგორც თავად დაცვის მხარე აღნიშნავს, ფარული ჩანაწერი წარმოადგენს წამებისა და ზეწოლის შედეგს, ხოლო როგორც აღინიშნა, გ. ბ-ი დაკავებულია სწორედ ყველა ზემოხსენებული საგამოძიებო მოქმედებების შემდგომ, თუმცა დაზიანება სხეულზე არ აღენიშნებოდა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2021 წლის 19 ოქტომბერს, გარეგნული დათვალიერებისას, გ. ბ-ს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე, მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ ეკვეთება (იმ მოტივით, რომ ტანსაცმლის დაფარულ მიდამოზებზე დაზიანებები არ აქვს, ტანსაცმლის გახდაზე განაცხადა უარი). ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ როგორც იზოლატორში მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმით დგინდება, გ. ბ-ს 2021 წლის 10 ოქტომბერს, 11:12 საათზე (ესე იგი დაკავებიდან რამდენიმე საათში), ჩივილები არ ჰქონდა. შესაძლო ძალადობას გამორიცხავდა. პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა.

ამასთან, მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი. ქ-მ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გ. ბ-ზე ზეწოლა, მოტყუება, შანტაჟი არავის განუხორციელებია. არავის არ მიუთითებია რაიმე. შენიშვნა ან საჩივარი არც გ. ბ-ს შეუტანია. იგი მშვიდ გარემოში თავად ყვებოდა ყველაფერს და უთითებდა ადგილებს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდებულებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, მათ მიმართეს სპეციალურ ორგანოებს შესაბამისი საჩივრით, რაზეც რაიმე სახის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მათი მხრიდან არ წარმოდგენილა.

მაშასადამე, დაცვის მხარის არგუმენტები, რომლებიც უკავშირდება საგამოძიებო ექსპერიმენტის გამოყენების დაუშვებლობას, არ არის დასაბუთებული და სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მასზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

26. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ გ. ბ-მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც 2021 წლის 7 ოქტომბერს გაქცევის შემდეგ დაიჭირეს ტ. კ-ი და ერთი წუთის განმავლობაში სცემდნენ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (შესვლის თარიღი 2021 წლის 8 ოქტომბერი), დადგენილია, რომ ტ. კ-ის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრით. სიკვდილიდან გასულია დაახლოებით, 22–24 საათი. ამასთან, ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამს აღენიშნება სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ჭრილობები. შინაგანად - სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარველის შიგნითა ზედაპირზე, კანქვეშ კისრისა და გულმკერდის მიდამოში, ფილტვებსა და შუასაყარში, ნასკდომი ჭრილობა ფილტვზე. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. ოთხი მოყვითალო ნაჭდევი – ორი მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში და ორი – მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში, მიყენებულია სიკვდილის შემდეგ. დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში. მარცხენა ფილტვის დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დანარჩენი დაზიანებები ატარებენ მსუბუქი დაზიანების ნიშნებს, თუმცა სიკვდილი რომ არ დამდგარიყო, თავის მიდამოში არსებული დაზიანებები სიცოცხლეში პათოლოგიურად როგორ განვითარდებოდა და რას გამოიწვევდა, შეფასება შეუძლებელია. დაზიანებები მიყენებულია სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში და არ არიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. უკანა ტანის მიდამოში რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება.

ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ. კ-ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,12% ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა აცეტონი, მეთილისა და იზოპროპილის სპირტები, ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, ფოსფორორგანული და ქლორორგანული პესტიციდები.

27. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, მ. ჭ-მა, რომელმაც განმარტა, რომ გვამს აღენიშნებოდა 135 სიცოცხლისდროინდელი და სიკვდილის შემდგომი 4 დაზიანება. აქედან – 58 ნაჭდევი, დანარჩენი – სისხლნაჟღენთი. დაზიანებები აღენიშნება სხეულის ყველა ნაწილზე – სახის, კისრის, გულმკერდის მიდამოში, გვერდით, წინა და უკანა ზედაპირებზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, რომლებიც შესაძლებელია, მიყენებული იყოს ხელებითა და ფეხებით ცემის შედეგად. ექსპერტმა განმარტა, რომ სამედიცინო ექსპერტად მუშაობის 40 წლის სტაჟი აქვს. სამსახურის ძირითადი დრო გაატარა მ-ში, რომლის სპეციფიკა ის არის, რომ კაშხალია და ჩერდება კასპიდან, ხ-ან და გ-ნ წამოღებული გვამები. შესწავლილი აქვს ბევრი გვამი და წყალში დამხრჩვალ და წყალწაღებულ გვამს ამდენი დაზიანება არასოდეს ჰქონია. 20 წლის წინ ჰქონდა შემთხვევა, როდესაც სოფლის მოსახლეობამ მძღოლი ჩაქოლა, რომელიც ბავშვს დაეჯახა და მას ჰქონდა ამდენი დაზიანება. ფილტვის ჭრილობა და შუასაყარში ვრცელი სისხლჩაქცევა, რაც აღენიშნებოდა ტ. კ-ის, წყალში ჩავარდისას ძალიან შეუშლიდა ხელს კიდურების მოძრაობასა და ცურვაში. წყალში ჩავარდნისა და სუნთქვის შეწყვეტიდან ხუთიდან ათ წუთამდე დგება ადამიანის ბიოლოგიური სიკვდილი, რადგან ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. გამორიცხულია, რომ ხუთ-ათ წუთში მდინარეში ადამიანმა მიიღოს 135 სიცოცხლისდროინდელი დაზიანება.

28. მაშასადამე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, საკასაციო პალატა დაცვის მხარის მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში, არ იზიარებს, შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

· მსჯავრდებულებმა: გ. ბ-მა, გ. ქ-მა, გ. ო-მა, ზ. ფ-მა და ვ. ო-მ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაიცნეს ტ. კ-ი, რომელთან ერთადაც, დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე გადაადგილდებოდნენ და სვამდნენ ლუდს. ამ პერიოდში მათ მცირე ხნით შეუერთდნენ სხვა პირებიც. საბოლოოდ, ტ. კ-ი დარჩა სწორედ: გ. ბ-ან, გ. ქ-ნ, გ. ო-ნ, ზ. ფ-სა და ვ. ო-ნ. მაგალითად, გ. ტ-მა აღნიშნა, რომ ბიჭები დატოვა და სახლში წავიდა, კერძოდ, ხუთ საათზე, იგი უკვე სახლში იყო. მოწმე ბ. ხ-ის მითითებით, იგი აღნიშნულ პირებს დაახლოებით, რვა საათზე დაშორდა.

· საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში გ. ბ-ი დეტალურად აღწერს 2021 წლის 7 ოქტომბერს, ღამით, განვითარებულ მოვლენებს, მსჯავრდებულთა ჯგუფურად გადაადგილების ტრაექტორიას, მათ დანაშაულებრივ განზრახვას, ხოლო შემდგომ, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას. საკუთარი თავის გარდა, დეტალურად გამოკვეთს სხვა მსჯავრდებულთა (გ. ქ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი) კონკრეტულ როლებს, მონაწილეობის მოცულობასა და ხარისხს, რაც ზემოთ იქნა მიმოხილული (მათ შორის - ვ. ო-ნ კონკრეტული კომუნიკაციის ადგილებს);

· მომდევნო დღეს, კერძოდ, 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00-13:00 საათზე, გ. ყ-მა დაინახა, რომ დინებას მოჰქონდა ადამიანის გვამი, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა ტ. კ-ი;

· სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სიკვდილიდან გასულია დაახლოებით, 22–24 საათი.

· გ. ბ-ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები შემოწმდა. ამან ერთის მხრივ, შექმნა დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე უტყუარი სახის სხვა მტკიცებულება, ხოლო მეორეს მხრივ, გადამოწმებული ინფორმაციის მართებულობამ მეტად გაამყარა თავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსის სანდოობა; კერძოდ, ხსენებული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, გამომძიებელმა იმავე დღეს, ამოიღო ტ. კ-ის საბანკო ანგარიშის პლასტიკური ბარათი, რომლის შესახებაც, გ. ბ-მა თავად მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის დროს;

· ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ტრაექტორია და მოვლენათა განვითარების ქრონოლოგია დასტურდება ვიდეოჩანაწერების დათვალიერებითაც (კერძოდ, 20:38 საათზე კადრში ერთად ჩნდებიან: გ. ბ-ი, გ. ქ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი, ტ. კ-ი და ვ. ო-ე; გარკვეული პერიოდის შემდგომ, 21:32 საათზე, კადრში ჩნდება ვ. ო-ძე, რომელიც გადაადგილდება მარტო. გარკვეული ხნის შემდეგ, კადრში ჩნდებიან: გ. ქ-ი, გ. ო-ი, ზ. ფ-ი და გ. ბ-ი, რომლებიც მიემართებიან ისევ ერთად, თუმცა, მათთან ერთად ტ. კ-ი უკვე აღარ იმყოფება. ხსენებული პირები სასურსათო მაღაზიებში ყიდულობენ პროდუქტს (პლასტიკური ბარათით); 22:30 საათზე აღნიშნულ ოთხ პირთან ერთად კადრში ჩნდება ვ. ო-ც და ხუთივე მათგანი აგრძელებს ერთად გადაადგილებას).

· ლომბარდიდან ამოღებულია მობილური ტელეფონი და ხელშეკრულება, რომელშიც ტელეფონის ჩამბარებლად მითითებულია სწორედ გ. ბ-ი;

· არადამაჯერებელია გ. ბ-ის მიერ სასამართლოში გაცხადებული რიგი ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან, იგი ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მასალებს, კერძოდ:

· გ. ბ-ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაში, ტ. კ-მ ფიზიკური დაზიანება მიიღო ორჯერ: ერთხელ, როდესაც თხუთმეტი–თექვსმეტი წლის ბიჭთან შელაპარაკდა და გააშველეს, მაგრამ თვალის არეში მაინც მოხვდა „ერთი–ორი,“ ხოლო მეორედ, მიაყენა თავად, როდესაც ტელეფონი გამოართვა, თითქოს, რაღაც უნდა დაეწერა მისთვის, რა დროსაც დაარტყა. ტ. კ-ი წაიქცა და ამოუვარდა პლასტიკური ბარათი. იგი წამოდგა და გაიქცა. გაეკიდა. შემდეგ გაიგონა წყალში ჩავარდნის ხმა. ბნელოდა და არაფერი ჩანდა. ყურადღება აღარ მიაქცია, რადგან იმ ადგილზე წყალი ღრმა არ იყო. ექსპერტმა მ. ჭ-მა განმარტა, რომ გვამს აღენიშნებოდა 135 სიცოცხლისდროინდელი და სიკვდილის შემდგომი 4 დაზიანება. აქედან – 58 ნაჭდევი, დანარჩენი – სისხლნაჟღენთი. დაზიანებები აღენიშნება სხეულის ყველა ნაწილზე – სახის, კისრის, გულმკერდის მიდამოში, გვერდით, წინა და უკანა ზედაპირებზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, რომლებიც შესაძლებელია, მიყენებული იყოს ხელებითა და ფეხებით ცემის შედეგად (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის სხდომის ოქმი, 11:52-11:53 საათი). ექსპერტმა მისი პრაქტიკიდან მიუთითა, რომ ამდენი დაზიანება ახსენდება, მხოლოდ ადამიანზე, რომელიც სოფლის მოსახლეობამ ჩაქოლა. ამდენად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილ დაზიანებათა ოდენობა, ლოკაცია, სიმძიმე არ შეესაბამება და მეტიც, საგრძნობლად, აღემატება გ. ბ-ის მიერ მოწმის ჩვენებაში მითითებულ დაზიანებებს.

· გ. ბ-ი ჩვენებაში აგრეთვე უთითებს, რომ მათ გაიცნეს ტ. კ-ი, რომელთანაც დღის განმავლობში გადაადგილდებოდნენ და ლუდი მიირთვეს ერთად. როდესაც შელაპარაკდა უცხო პირთან, გააშველეს. ტ. კ-ი მათზე ნაწყენიც კი იყო და საყვედურობდა, რომ არ მისცეს საშუალება, მოჩხუბარს გასწორებოდა. მაშასადამე, მსჯავრდებულებს ტ. კ-ნ ჩამოუყალიბდათ გარკვეული სახის ურთიერთობა. აღნიშნულის შემდეგ, როცა გ. ბ-მა, საბოლოოდ, გაიგონა ტ. კ-ს წყალში ჩავარდნის ხმა (მიუხედავად იმისა, რომ მანამდე გაეკიდა), დატოვა ადგილზე და წამოვიდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გ. ბ-ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაში, არაბუნებრივია, რომ მან სრულებით არაფერი მოიმოქმედა, იმ მოცემულობაში, რომ როგორც თავად განმარტავს, იყო ღამე, ბნელოდა, არაფერი ჩანდა და იცოდა, რომ ტ. კ-ის მიღებული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ. კ-ს გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,12% ეთილის სპირტი) და ამასთან, მისი სიკვდილი არ სურდა.

· გ. ბ-ი მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოში იგი დაექვემდებარა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მან არ იცის, ხელი რაზე მოაწერა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, გ. ბ-ს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება. აგრეთვე არ დასტურდება საგამოძიებო ექსპერიმენტის უკანონოდ ჩატარების ფაქტი. ამასთან, როგორც დაცვის მხარე უთითებს, მათ მიმართეს სპეციალურ ორგანოებს შესაბამისი საჩივრით. რაიმე სახის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მათი მხრიდან არ წარმოდგენილა.

· მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი. ქ-მ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გ. ბ-ზე ზეწოლა, მოტყუება, შანტაჟი არავის განუხორციელებია. აღნიშნული მოწმისათვის გ. ბ-ს არ დაუსვამს შეკითხვები, მათ შორის ოქმზე ხელის მოწერასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, კითხვის დასმა ბრალდებულის უფლებაა, თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ზოგადად, გ. ბ-ი შეზღუდული არ ყოფილა მისი პოზიციისაგან განსხვავებული ფორმით ჩამოყალიბებულ ვერსიასთან დაკავშირებით, კრიტიკულად დაეკითხა მოწმე და მიეღო მისგან შესაბამისი პასუხები.

29. რაც შეეხება ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებს (ჩატარებულს პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილ ოთახში - გ. ბ-ან, გ. ქ-ან, ზ. ფ-ან, ვ. ო-ნ, სადაც ისინი აღწერენ შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენებს), იგი შესაძლოა, არღვევდეს კიდეც თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მათი გაზიარების გარეშეც, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია მსჯავრდებულთა მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

გ. ო-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ზ. ფ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, გ. ქ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, გ. ბ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ხოლო ვ. ო-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

30. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ არ არსებობს დაცვის მხარის საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

31. როგორც ევროპული სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61). ამდენად, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43). განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა, მიუთითეს თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

32. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v. Georgia), N12391/06, §175, 14/05/2020).

33. გ. ო-ის ადვოკატები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ინდივიდუალური შეფასების ანგარიში შედგა დაგვიანებით. მოცემულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ:

2022 წლის 17 ივნისს, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამართლემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-6 და მე-9 ნაწილებისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შესაბამის ორგანოს სთხოვა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და მისი გაგზავნა 2022 წლის 24 ივნისამდე. სასამართლომ ინდივიდუალური შეფასების ანგარიში მიიღო 2022 წლის 23 ივნისს, ხოლო 2022 წლის 24 ივნისს სასამართლო სხდომაზე მოუსმინა ბრალდებისა და დაცვის მხარეებს და გ. ო-ს მხოლოდ ამის შემდეგ დაუნიშნა სასჯელი. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა შეეფასებინა, როგორც ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, აგრეთვე მიეთითებინა სხვა, მისი აზრით, სასამართლოს მიერ გასათვალისწინებელ გარემოებებზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სრულად დაცულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლისა და 59-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

34. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ. ო-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის (ჩადენილი დანაშაულებიდან ყველაზე მკაცრი) დაენიშნა თავისუფლების აღკვეთის ზომის მინიმუმი 16 წელი, რაც კანონით დადგენილი წესით შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, მას განესაზღვრა 12 წელი (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის, დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა: თავისუფლების აღკვეთას ვადით: თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ). არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის მიხედვით, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობის, მოვალეობათა დარღვევის ზომის, ჩადენილი ქმედების სახისა და ხერხის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნის სტადიაზე გაითვალისწინა ყველა გარემოება, რაც მსჯავრდებულის პიროვნებას უკავშირდებოდა.

35. სხვა კასატორს, ვ. ო-ის ინტერესების დამცველ ადვოკატს, სასჯელთან დაკავშირებით, რაიმე სახის პოზიცია არ დაუფიქსირებია.

36. რაც შეეხება, გ. ბ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატს, იგი ითხოვს გ. ბ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის შემცირებას. როგორც აღინიშნა გამამართლებელი განაჩენის ნაწილში ადვოკატის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ხოლო სასჯელზე (რაც დაკავშირებულია უშუალოდ ყაჩაღობასთან), ადვოკატის საჩივარი არ შეიცავს არანაირი სახის მოტივაციას, რის გამოც, საკასაციო სასამართლო კონკრეტულ არგუმენტებზე ვერ მსჯელობს.

37. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

38. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ის, მსჯავრდებულ ვ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ბ-სა და მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. ნ-სა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი