გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-949-02 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხე ნ. ბ-ის (ამჟამად გარდაცვლილი) წინააღმდეგ და მოითხოვა 5000 აშშ დოლარის გადახდა. დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხისავთის 1993-96 წლებში გადაცემული თანხის 5%, რაც შეადგენს 18682 აშშ დოლარს და 427 ლარს და მორალური ზიანისათვის 5000 აშშ დოლარი; სულ მოითხოვა 30733 აშშ დოლარი. თავის მოთხოვნას მოსარჩელე ასაბუთებდა იმით, რომ მოპასუხის ოჯახთან ჰქონდა ახლო მეზობლური ურთიერთობა. 1990 წლიდან მოპასუხის წინადადებით საცხოვრებლად გადავიდა მოპასუხის მეუღლის სახელზე რიცხულ სამოთახიან ბინაში, მდებარე ... ქ. ბათუმში, სადაც ქირის გადახდის გარეშე ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. 1992 წელს მოპასუხემ, რომელიც ამ დროისათვის ქ. მინსკში ცხოვრობდა, შემოუთვალა, რომ იგი აპირებდა სადავო ბინის გაყიდვას 3000 აშშ დოლარად და თხოვდა მოლაპარაკების მიზნით ჩასულიყო ქ. მისნკში. იგი ჩავიდა ქ. მინსკში და თან ჩაიტანა 500 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ფეხსაცმელი, რომელიც გასაყიდად დაუტოვა მოპასუხეს. ამავე დროს მათ შორის შედგა მოლაპარაკება სადავო ბინის ნასყიდობის შესახებ. შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე ბინის ღირებულების ნახევარს (1500 აშშ დოლარი) გადაუხდიდა ერთი თვის ვადაში, ხოლო დანარჩენს კი 6 თვის შემდეგ. ერთი თვის შემდეგ მოპასუხე ჩამოვიდა ქ. ბათუმში, სადაც გადაუხადა 1330 აშშ დოლარი და მისცა ქალის ტყავის პალტო, ღირებული 200 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ თავისად დაიგულვა სადავო ბინა, რის გამოც ბინა გაარემონტა. რემონტის ხარჯები საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგენს 1384 ლარს. 1993-96 წლებში მოპასუხეს კიდევ გადაუხადა 1675 და 400 აშშ დოლარი, სულ გადაუხადა 5035 აშშ დოლარი.
1999 წელს მხარეებს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რის გაომც მოპასუხემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად გადასცა 1330 აშშ ამერიკული დოლარი; 500 დოლარის ღირებულების ფეხსაცმელების გადაცემის ფაქტი არ ახსოვს, ხოლო დანარჩენი თანხების მიღება უარყო. სადავო ბინის რემონტის შესახებ განმარტა, რომ მოსარჩელემ ბინა გაარემონტა მასთან შეუთანხმებლად, ხოლო მიღებულ 1330 აშშ დოლარს იგი უთვლის ბინის ქირაში, რადგან მოსარჩელე სადავო ბინაში ათ წელზე მეტია ცხოვრობს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 12467 ლარის გადახდა, ხოლო მორალური ზიანისა და 1993-1997 წლებში მოპასუხისათვის გადაცემული თანხის 5%-ის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლის გარდაცვალების გამო საქმის განხილვაში ჩაება მისი უფლებამონაცვლე დ. ბ-ი.
სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებების და მხარეთა განმრატებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 1992 წელს ქ. მინსკში შ. დ-ს გადასცა 500 აშშ დოლარის ღირებულების ფეხსაცმელი. მხარეთა განმარტების და მოპასუხის ხელწერილის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ ნ. ბ-ს გადასცა 1992 წელს 1330 აშშ დოლარი; ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჩაატარა 1384 ლარის ღირებულების რემონტი. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში სასამართლომ არ გაიზიარა წერილობითი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს 2000წ. 8 მაისის გადაწყვეტილებით სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად არ იქნა ცნობილი მოპასუხემ მიღებული თანხა (1330 აშშ დოლარი) უნდა დააბრუნოს, როგორც სესხის სახით მიღებული. ასევე უნდა დაეკისროს 500 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი და სადავო ბინაზე ჩატარებული რემონტის ხარჯები 1384 ლარი; სულ 5344 ლარი.
ამდენად, სააპელაციო პალატამ 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 5344 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 624-ე და 987-ე მუხლები.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
კასატორი _ დ. ბ-ი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მოწმეთა ჩვენებებს, ასევე სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა ექსპერტიზის დასკვნას, რადგან სადავო ბინაში რემონტი არ გაკეთებულა. მოსარჩელემ ბინიდან წაიღო მისი ავეჯი, მოხსნა ყველაფერი, რისი მოხსნაც შეიძლებოლდა, სასამართლომ კი აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა და უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ბინის დათვალიერების შესახებ.
კასატორის მოსაზრებით სასამართლოს 1330 აშშ დოლარი უნდა ჩაეთვალა ბინის ქირაში.
კასატორი მიუთითებს, რომ მართალია მამამისი უარს არ ამბობდა, რომ შ. დ-მა დაუტოვა 500 აშშ დოლარის ღირებულების ფეხსაცმელი, მაგრამ უვარგისობის გამო ვერ გაყიდა და უკანვე დაუბრუნა.
დაზუსტებულ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს, რომ სადავო ბინაში რემონტი გაკეთდა მანამ, სანამ ნ. ბ-ი ვითომდა ბინის გაყიდვას გადაწყვეტდა. მოსარჩელე ცხოვრობდა 6 წლის განმავლობაში და ამ პერიოდში რემონტი გაუფუჭდა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 987-ე მუხლი, რადგან მოპასუხე რემონტის გაკეთებით არ გამდიდრებულა.
კასატორი _ შ. დ-ი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და სასამართლომ დადგენილ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შ. დ-ის და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
მოცემული საქმის მასალების და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მოპასუხე ადასტურებს სადავო ბინაში რემონტის ჩატარების ფაქტს. აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ბინა გაარემონტა მასთან შეუთანხმებლად. საქმის მასალებში არ არის ასახული ის გარემოება, რომ მოპასუხემ განაცხადა შუამდგომლობა სადავო ბინის დათვალიერების შესახებ. მოპასუხეს სხდომის ოქმის მიმართ არ შეუტანია შენიშვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა ექსპერტიზის დასკვნას, რადგან სადავო ბინაში რემონტი არ გაკეთებულა და სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ბინის დათვალიერების შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე არ იაზარებს კასატორ დ. ბ-ის პრეტენზიას იმ გარემოების თაობაზე, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა რომ, ბინიდან წაღებულია მათი კუთვნილი ავეჯი და სხვა ნივთები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე აწ გარდაცვლილი ნ. ბ-ის განმარტებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ ავეჯი გადასცა თვითონ ნ. ბ-ს, რომელიც მან გაყიდა და აღნიშნულზე მას პრეტენზია არ გამოუთქვამს. კერძოდ, ნ. ბ-ი განმარტავს, რომ “ჩემი ნივთები არაფერი არ იყო სახლში, ტელევიზორი სხვაგან იყო, ასევე მაცივარიც. მე არსად არ მიჩივლია. გაფუჭებული ავეჯი მომიტანა მანქანით და მომიყარა ბინაში, სადაც ვცხოვრობდი, რომელიც მე გავყიდე იაფ ფასებში”.
კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია 500 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მოწმეთა ჩვენებებს. ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივარში თავად მიუთითებს, რომ მართალია მამამისი უარს არ ამბობდა, რომ შ. დ-მა დაუტოვა 500 აშშ დოლარის ღირებულების ფეხსაცმელი, მაგრამ უვარგისობის გამო ვერ გაყიდა და დაუბრუნა ისევ მოსარჩელეს.
სსკ-ს 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არ არსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე ადასტურებს 500 აშშ დოლარის ღირებულების ფეხსაცმლის მიღებას, რაც საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის დასადასტურებლად, ხოლო რაც შეეხება ფეხსაცმლის უკან დაბრუნების ფაქტს, აღნიშნული მოპასუხის მიერ არ არის დადასტურებული.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორ დ. ბ-ის მოსაზრებას იმის შესახებ მოპასუხის მიერ მიღებული 1330 აშშ დოლარი სასამართლოს უნდა ჩაეთვალა ბინის ქირაში, რადგან დადგენილია, რომ მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ დადებულა.
საქმის მასალებით, მხარეთა განმარტებებით და მოწმეთა განმარტებებით ასევე დადგენილია, რომ ნ. ბ-ს მოსარჩელის მიერ მის ბინაში რემონტის ჩატარება სადავოდ არ გაუხდია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. ბ-ის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები სავალდებულოდ უნდა იქნეს მიჩნეული.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 987-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.
კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი ბინის გარემონტების შემდეგ არ გამდიდრებულა ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სადავო ბინის გარემონტების შედეგად შესაბამისად გაიზარდა სადავო ბინის ღირებულება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე შ. დ-ის საკასაციო საჩივარი.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კასატორ შ. დ-ის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მან მოპასუხეს სხვადასხვა დროს გადასცა სხვადასხვა ნივთები და თანხა, სულ 5000 აშშ დოლარის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების საფუძვლად არ უდევს კანონის მითითებული დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ბ-ის და შ. დ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.