¹ 3კ-953-02 17 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ხელშეკრულების ბათილობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 14 ნოემბერს ა. მ.-მ ნ. ც.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. ქობულეთში ..., ¹51 ოროთახიანი ბინა არის მისი საკუთრება. მითითებული ბინა ნ. ც.-ისა და მისი ოჯახის წევრების უკანონო მფლობელობაშია. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, იგი არ ათავისუფლებს ბინას.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის, მისი ოჯახის წევრებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლება და ბინის კანონიერი მესაკუთრისათვის ჩაბარება.
მოპასუხეს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარუდგენია, მაგრამ მისმა მეუღლემ რ. ც.-მ ა. მ.-ისა და ზ. ბ.-ის წინააღმდეგ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს.
შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ მან 1995წ. 30 მაისს შეიძინა სარჩელში მითითებული ბინა. 2001 წელს რ. ჩ.-ის მუქარის გამო იძულებული შეიქმნა ამ ბინის ნასყიდობის თაობაზე ხელშეკრულება გაეფორმებინა ზ. ბ.-თან, რაც დასტურდებოდა მოცემულ საქმეზე გამომძიებლის მიერ 2001წ. 14 ნოემბერს გამოტანილი დადგენილებით.
შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე 2001წ. 14 სექტემბერს ზ. ბ.-სა და ა. მ.-ს შორის ამ ბინის ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2001წ. 20 დეკემბერს ა. მ.-მ დამატებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, მოპასუხეს აქვს მისი ვალი 8000 აშშ დოლარის ოდენობით და მოითხოვა მისი დაბრუნება.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა (დამატებითი სარჩელით მოთხოვნილი 8000 აშშ დოლარის დაბრუნების საკითხი სასამართლოს არ განუხილავს). ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება რ. ც.-სა და ზ. ბ.-ს შორის, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა ზ. ბ.-სა და ა. მ.-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით შეიცვალა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება 2001წ. 23 აგვისტოს რ. ც.-სა და ზ. ბ.-ს შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივი შეფასების ნაწილში და იგი ჩაითვალა ბათილად არა როგორც თვალთმაქცური, არამედ როგორც მოჩვენებითი. დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, რ. ც.-ს თ. ბ.-ის მიმართ წარმოეშვა ვალი, რის გამოც მან იკისრა პასუხისმგებლობა, ვალი დაეფარა მისი ქონების, მათ შორის სადავო ბინის გაყიდვის შედეგად აღებული ფულით. ამ მოლაპარაკების რეალიზაციის მიზნით, რ. ც.-მ სადავო ბინის 10000 აშშ დოლარად გასხვისების უფლებით მისცა მინდობილობა თ. ბ.-ს. ამ ბინის შესყიდვა სურდა ა. მ.-ეს, მაგრამ ვინაიდან მას მიაჩნდა, რომ ბინა 10000 აშშ დოლარზე მეტი ღირდა რ. ც.-ს თ. ბ.-ის თანდასწრებით გადასცა ბინის საფასური 10000 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ თუკი რ. ც.-ე ამ ბინას ერთი თვის ვადაში უფრო ძვირად გაყიდდა, მაშინ იგი დაუბრუნებდა თავის ფულს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადაიფორმებდა ბინას.
ამის შემდეგ რ. ც.-ემ, დ. დ.-მ, რ. ჩ.-მ და ზ. ბ.-მ მოილაპარაკეს, რომ მოეტყუებინათ ა. მ.-ე, რის გამოც რ. ც.-მ გააუქმა თ. ბ.-ზე გაცემული მინდობილობა და ბინა ფორმალურად გადაუფორმა ზ. ბ.-ს, რათა არ შესრულებულიყო ა. მ.-ესთან დადებული ხელშეკრულება და მის მიერ გადახდილი 10000 აშშ დოლარი შერჩენოდათ. ერთი თვის შემდეგ, როცა ა. მ.-ემ გადაწყვიტა ამ ბინის გადაფორმება გაიგო, რომ თ. ბ.-ზე გაცემული მინდობილობა რ. ც.-ს გაუქმებული ჰქონდა და 2001წ. 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინა გადაფორმებული იყო ზ. ბ.-ზე. ა. მ.-მ მიმართა ზ. ბ.-ს და მოითხოვა სადავო ბინის მასზე გადაფორმება, რადგან ბინა ფაქტობრივად მის მიერ იყო შესყიდული, რაშიც 10000 აშშ დოლარიც ჰქონდა გადახდილი. ზ. ბ.-მ ფაქტების დადგენის შემდეგ ბინა გასხვისების უფლების მინდობილობით გადასცა თ. ბ.-ის ძმას გ. ბ.-ს, რომელმაც ბინა საკუთრების უფლებით გადაუფორმა მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ც.-სა და ზ. ბ.-ს შორის ბინაზე დადებული გარიგება იყო მოჩვენებითი და არა თვალთმაქცური, რადგან იგი მხარეებს შორის დადებული იყო მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი შედეგი მოჰყოლოდა. ამ გარიგებით ზ. ბ.-ს ბინა ფაქტობრივად არ გადაცემია და ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმალური ხასიათისა იყო.
სააპელაციო სასამართლომ ა. მ.-ე კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია, ვინაიდან მას ბინისათვის გადახდილი ჰქონდა შესაბამისი თანხა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რ. ც.-ის განმარტება ნასყიდობის ხელშეკრულების იძულებით დადების შესახებ იმ მოტივით, რომ საქმეზე დართული სისხლის სამართლის საქმით დადგენილად იყო მიჩნეული, რომ რ. ც.-ის მიერ როგორც ვალის აღიარება, ისე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები იძულების გარეშე იყო დადებული.
2002წ. 9 აგვისტოს ნ. ც.-ისა და რ. ც.-ის წარმომადგენლის სახელით ჟ. ჯ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ასევე მოითხოვა რ. ც.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით:
საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მას მიაჩნია, რომ ა. მ.-ე სკ-ს 187-ე და 312-ე მუხლის საფუძველზე ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად, ამიტომ 2001წ. 23 აგვისტოს გარიგება ბათილად უნდა ჩაითვალოს და 2001წ. 13-14 სექტემბერს ზ. ბ.-ს არ ჰქონდა ამ ბინის გასხვისების უფლება, ვინაიდან ხელშეკრულების ბათილობა იწყება მისი დადების მომენტიდან.
საქმეზე საკასაციო საჩივრის განხილვამდე რ. ც.-ე გარდაიცვალა, რის გამოც 2002წ. 5 ნოემბერს მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოება შეჩერდა.
2003წ. 2 ივლისს გარდაცვლილი რ. ც.-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე ნ. ც.-ე და საქმის წარმოება განახლდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს მოცემულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები გარდა 2001წ. 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა, დადგენილი აქვს სწორად და სწორი სამართლებრივი შეფასებაც აქვს მიცემული, მაგრამ 2001წ. 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოებები არ არის გამოკვლეული სრულყოფილად და არც სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული მოცემული ფაქტის ირგვლივ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
უმაღლესი სასამართლო 2001წ. 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებას ნამდვილად მიიჩნევს იმ გარემოებათა გამო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება იძულების გარეშე იყო დადებული და ა. მ.-ეს ამ ბინისათვის გადახდილი ჰქონდა შესაბამისი ღირებულება. ამ გარემოებათა დასადასტურებლად უმაღლესი სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის საქმის 41-46, 86-88, 108-110, 111-114 და 144-147 ფურცლებზე. მითითებულ ფურცლებზე განთავსებულია მოწმობების თ. ბ.-ის, გ. ხ.-ის, გ. ბ.-ის, დ. დ.-ის და ზ. ბ.-ის ჩვენებები. მითითებული მტკიცებულებებით მართლაც დადასტურებულია ა. მ.-ის მიერ რ. ც.-ისათვის ბინის საფასურად 10000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი (ბინის საფასურის ღირებულების სახით 10000 აშშ დოლარის მიღების ფაქტს არც რ. ც.-ე უარყოფს თავის განმარტებებში), მაგრამ ამ განმარტებებში არსად არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ 2001წ. 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, არსებობდა უფლებამოსილი პირის თანხმობა ბინის ა. მ.-ეზე გასხვისების შესახებ.
ვინაიდან 2001წ. 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით, მისი მოჩვენებითობის გამო, ბათილად იქნა მიჩნეული, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება დადების მომენტიდან იყო ბათილი და ხელშეკრულების მონაწილე მხარე ბ.-ს არ გააჩნდა უფლებამოსილება ამ ბინის განკარგვისა. ასეთ შემთხვევაში 2001წ. 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი ა. მ.-ის მიერ ბინის ღირებულების გადახდა. ეს ხელშეკრულება ნამდვილად რომ იქნეს ცნობილი აუცცილებელია არსებობდეს უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობა. მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი არის რ. ც.-ე. უმაღლეს სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებით დადგენილად აქვს მიჩნეული, რომ 2001წ. 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინის გასხვისება ბ.-ის სახით მოახდინა არაუფლებამოსილმა პირმა.
სკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განკარგვა ხდება ნამდვილი თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს.
უმაღლესმა სასამართლომ 2001წ. 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის დადგენის მიზნით, უნდა გამოიკვლიოს ზ. ბ.-ის მიერ მ.-ეზე ბინის გასხვისების დროს არსებობდა თუ არა რ. ც.-ის წინასწარი თანხმობა ან განკარგვის განხორციელების შემდეგ რ. ც.-მ მოიწონა თუ არა იგი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებათა გამოკვლევის და დადგენის გარეშე უმაღლესი სასამართლოს მოსაზრებანი 2001წ. 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის შესახებ, დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობა სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
თუკი უმაღლესი სასამართლო დაადგენს, რომ საგნის განკარგვამდე არსებობდა უფლებამოსილი პირის თანხმობა, ან განკარგვის შემდეგ უფლებამოსილმა პირმა მოიწონა ხელშეკრულება, მაშინ ეს ხელშეკრულება ნამდვილი იქნება, ხოლო თუ ასეთი არ დადგინდება, უმაღლესმა სასამართლომ ამავე საქმეში უნდა გადაწყვიტოს ორმხრივი რესტიტუციის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 ივლისის გადაწყვეტილება ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ც.-ის შეგებებული სარჩელი 2001წ. 14 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და დაკმაყოფილდა ა. მ.-ის სარჩელი ნ. ც.-ის, მისი ოჯახის წევრებთან ერთად ბინიდან გამოსახლების შესახებ. ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს შესაბამის პალატას.
დანარჩენ ნაწილში მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.