გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-955-02 19 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა და სამკვიდრო ქონების მიკუთვნება (სარჩელში); ბინიდან გამოსახლება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 4 აპრილს ნ. ს-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ნ. ძ-ისა და ქ.ბათუმის ნოტარიუს მ. მ-ის მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ე. ს-ის მიერ 1993წ. 19 მარტს შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა, რომლითაც მოანდერძემ თავისი ქონება უანდერძა ნ. ძ-ეს და მისთვის, როგორც კანონისმიერი მემკვიდრისათვის, ე. ს-ის დანაშთი ქონების მიკუთვნება. მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს იმით, რომ მისი ბიძაშვილის, ე. ს-ის, საანდერძო განკარგულება, რომელიც შემდგომ დამოწმებულ იქნა ნოტარიუს მ. მ-ის მიერ, შედგენილ იქნა მოანდერძის ნების საწინააღმდეგოდ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2001წ. 23 ივლისს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო: დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ბათუმის ნოტარიუს, მ.მ-ის მიერ 1993წ. 19 მარტს დამოწმებული ანდერძი, რომლითაც ე. ს-ემ მთელი თავისი ქონება უანდერძა მოპასუხე ნ. ძ-ეს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრდა ნ. ძ-ის მიერ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს განჩინებით ნ. ძ-ის საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვა.
ნ. ძ-ემ 2001წ. დეკემბერში შეგებებული სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ნ. ს-ის გამოსახლება ქ.ბათუმში, ... მდებარე, ე. ს-ის სახელზე რიცხული სამკვიდრო სახლიდან და სამკვიდრო ქონებით უკანონოდ სარგებლობით მიღებული თანხის, 3000 ლარის, დაკისრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელს ეთქვა უარი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მოპასუხე ნ. ძ-ის შეგებებული სარჩელი, საქმის წარმოების შეწყვეტის, ნ. ს-ის სადავო სახლიდან გამოსახლებისა და მასზე 3000 ლარის დაკისრების შესახებ, დატოვებულ იქნა განუხილველად.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ნ. ს-ემ, ისე _ ნ. ძ-ემ და მ. მ-ემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი. ნ. ძ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არ დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მოსარჩელე ნ. ს-ეს, როგორც არასათანადო მოსარჩელეს, უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე; ნ. ძ-ის შეგებებულ სარჩელს ზიანის ანაზღაურებისა და ნ. ს-ის სადავო სახლთმფლობელობიდან გამოსახლობის ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის განჩინება სადავო ბინაზე ყადაღის დადების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ.
კასატორმა ნ. ძ-ემ თავისი საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ნ. ს-ის წარმომადგენელმა ვ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრები და თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ნ. ძ-ის, ასევე ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2001წ. 23 ივლისს გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე ნ. ძ-ის გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ე. ს-ის მიერ 1993წ. 19 მარტს გაცემული საანდერძო განკარგულება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხე ნ. ძ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს განჩინებით ნ.ძ-ის კერძო საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა სხდომის დღე საქმის ხელახლა განსახილველად. მოპასუხე ნ.ძ-ემ საქალაქო სასამართლოს წარუდგინა შეგებებული სარჩელი 2001წ. 4 დეკემბერს. რომლითაც მოითხოვა ნ. ს-ის გამოსახლება ბათუმში, ... მდებარე, ე.ს-ის სახელზე რიცხული სამკვიდრო სახლიდან და ნ.ს-ისათვის 3000 ლარის დაკისრება.
ბათუმის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით არსებითად იქნა განხილული როგორც სარჩელი, ისე _ შეგებებული სარჩელი. სასამართლომ უარი თქვა მათ დაკმაყოფილებაზე.
სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის მიღების შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს განჩინება, რომელშიც უნდა აღინიშნოს საქმის ხელახლა განხილვის დღე. რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 20 აგვისტოს განჩინებით მიიღო ნ.ძ-ის საჩივარი (კერძო საჩივარი) წარმოებაში და დანიშნა საქმის ხელახალი განხილვა. სსკ-ს 240-ე მუხლის მიხედვით სასამართლო განიხილავს საჩივარს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და არა სარჩელს და მსჯელობს, არსებობს თუ არა სსკ-ს 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები; თუ არსებობს სსკ-ს 233-ე მუხლით გათალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, სასამართლო აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მხოლოდ აღნიშნული საპროცესო მოქმედების შემდეგ წყვეტს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის მიზანშეწონილობის საკითხს სსკ-ს 188-190-ე მუხლების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც წესი, სააპელაციო სასამართლო მისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს სააპელაციო საჩივარს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მიღებულ რაიონული სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში ან რაიონული სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა მიღებულ იქნა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სსკ-ს 230-ე, 233-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
პალატა თვლის, რომ დაირღვა სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილით გათალისწინებული საპროცესო სამართლის ნორმები, რის გამოც შესაძლოა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. აღნიშნული კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს არა საქმის არსებით გარემოებებზე, არამედ _ რაიონული სასამართლოს მიერ დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზე და ისე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში.
ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.