Facebook Twitter

3კ-956-02 21 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქობულეთში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ე. ს-ეზე, რომელსაც ს. ს-ესთან ქორწინების პერიოდში შეეძინა რვა შვილი. 1944 წელს ოჯახი რეპრესირების შედეგად გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც გარდაიცვალა ს. ს-ე. ს. ს-ის გარდაცვალების შემდეგ ე. ს-ემ არარეგისტრირებული ქორწინებით ცოლად შეირთო ლ. შ-ა. 1955 წელს ე. ს-ის ოჯახი რეაბილიტირებულ იქნა. ე. ს-ის ვაჟიშვილი ზ. ს-ე დედმამიშვილებთან ერთად დაბრუნდა ქობულეთში და გააგრძელა ცხოვრება სადავო სახლში. მოგვიანებით იმავე სახლში საცხოვრებლად დაბრუნდა ე. ს-ე ცოლთან და სამ შვილთან ერთად (მათ შორის _ ვ. და ა. ს-ეებთან).

1974 წელს გარდაიცვალა ე. ს-ე. 1979წ. 30 მაისს ზ. ს-ემ მამის სახელზე რიცხული სახლი გადაიფორმა თავის სახელზე. აღნიშნული გარემოება სადავო გახადა ვ. ს-ემ, რომელმაც სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ. ს-ის სახელზე რიცხული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება და საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ს-ის სარჩელი: გაუქმდა 1979 წელს ზ. ს-ეზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობა და მის საფუძველზე გაცემული სახლთმფლობელობის პასპორტი ¹..... .

ზ. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა სამემკვიდრეო ქონებიდან¾3/4-ის მიკუთვნება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მას სამკვიდრო ქონებიდან მიეკუთვნა 5/12, ხოლო ზია ს-ეს – 7/12.

როგორც ვ., ასევე ზ. ს-ეებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 5 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება და ვ. ს-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა არანაირი მტკიცებულებით არ დგინდება. ამასთან, კასატორის განმარტებით, მან მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ს-ეს გაუგრძელდა მემკვიდრეობის მიღების ვადა, ასევე _ სახლის ტექნიკური აღრიცხვის პასპორტი და საარქივო მასალები, რომლებიც არ მიიღო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები გავლენას იქონიებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

კასატორის აზრით, საქმეში მოპასუხედ ჩართულია ქობულეთის ქალაქის მერია, რადგან იგი სადავო სახლის თანამესაკუთრეა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია.

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით დადგენილად ცნო ის ფაქტი, რომ სადავო სახლი, მდებარე ..... ქ. ქობულეთში, საკუთრების უფლებით თანაბარ წილად ეკუთვნოდა ე. და ს. ს-ეებს. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემების საფუძველზე. ასეთი მონაცემი კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ე. ს-ის გარდაცვალების შემდეგ გახსნილი სამკვიდროს მოცულობა და ამ უკანასკნელის სამკვიდრო ქონებად მიიჩნია სადავო სახლის 1/6 წილი.

ამასთან, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, გაცემული ზ. ს-ეზე, საქმეში წარმოდგენილია ასლის სახით. სასამართლოს მიერ უგულებელყოფილია სსკ-ს 135-ე მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით და პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია.

საკასაციო პალატა ამასთანავე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ვ. ს-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე არასრულია. სასამართლო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დადგენისას ემყარება 2000წ. 22 დეკემბრის სააპელაციო პალატის სხდომაზე ვ. ს-ის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მან სამი წლის წინ გაიგო სამკვიდრო ქონების ძმაზე აღრიცხვის ფაქტი. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატის სხდომა ჩატარდა არა 2000წ. 22 დეკემბერს, არამედ _ 2001წ. 23 მარტს. ვ. ს-ეს სამი წლის წინაც რომ გაეგო აღნიშნულის თაობაზე, სარჩელი შეტანილია 2000წ. 24 ოქტომბერს, ე.ი. სამწლიანი ვადის გასვლამდე. მითუმეტეს, რომ ვ. ს-ის ნათქვამიდან გამომდინარე, მას უფლების დარღვევის თაობაზე შეუტყვია 1998 წელს, როდესაც მოქმედებდა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომლის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს (128-ე მუხლი), ხოლო ის ფაქტი, რომ ტექაღრიცხვის თანამშრომლის, თ. შ-ის, განმარტებით, ვ. ს-ემ იცოდა სახლის ზ. ს-ეზე აღრიცხვის ფაქტი, რადგან ისინი ცხოვრობდნენ ახალი ტექნიკური ინვენტარიზაციის შენობის მოპირდაპირე მხარეს და ძმები ხშირად მიდიოდნენ იქ, არასაკმარისი მტკიცებულებაა, იმისათვის, რომ ვ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვალოს.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზ. ს-ემ სააპელაცო საჩივრით მოითხოვა სადავო სახლის 3/4-ის მიკუთვნება, სასამართლომ კი სსკ-ს 248-ე მუხლის დარღვევით მიაკუთვნა მთელი სადავო საცხოვრებელი სახლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლოს მიერ გამოთხოვილ უნდა იქნეს სამემკვიდრეო საქმე, რომლის საფუძველზეც ზ. ს-ეზე გაცემულია კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა. ამასთან, უნდა დადგინდეს, თუ რა ქონებაზე გაიხსნა ე. ს-ის მემკვიდრეობა და რა ქონება მიიღო მემკვიდრეობით ზ. ს-ემ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.