საქმე N 330100122006055301
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №696აპ-23 21 ნოემბერი, 2023 წელი
წ. ე., №696აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას,
პროკურორების - ანრი არსენიშვილისა და ამირან გულუაშვილის,
მსჯავრდებულ - ე. წ–ს,
ადვოკატ - თ. გ–ს
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ანრი არსენიშვილისა და მსჯავრდებულ ე. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჩ–ს და თ. გ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. წ–ე (პირადი ნომერი: ...............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 12 ივნისის ბრძანებით ე. წ–ე დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-ს სამმართველოს უფროსი დეტექტივის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. 2022 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 17:40 საათზე, ე. წ–ე იმყოფებოდა ქ. თ-ში, სადაც მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. დანაშაულის შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, იგი მეწყვილესთან ერთად მივიდა დ-ის მიმდებარედ - ზ. გ-ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის შესაძლო ადგილას და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, შეეცადა ზ. გ–ს დაკავებას. ზ. გ–ი არ დაემორჩილა ე. წ–ს მოთხოვნას, რის გამოც, ე. წ–ე შეეცადა მის დაკავებას შებოჭვის გზით, რა დროსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი. დაკავებისას ე. წ–ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გაისროლა ზ. გ–ს მიმართულებით, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენით:
ე. წ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ანრი არსენიშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. წ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. მსჯავრდებულ ე. წ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. გ–მ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე. წ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ანრი არსენიშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. წ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. მსჯავრდებულ ე. წ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ი. ჩ–მა და თ. გ–მ მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე. წ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, ე. წ–სათვის დანიშნული სასჯელის ზომა არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მისი ჩადენის ხერხი და შედეგად საგამოძიებო უწყების ავტორიტეტის შელახვის ფაქტი. ამასთან, ე. წ–ე არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დაზარალებულის უფლებამონაცვლეც ითხოვდა მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, დანიშნული სასჯელის ზომა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.
4.2. დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მხარე ე. წ–ს ედავება ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ანუ მის პასიურ გამოყენებას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, მაშინ როდესაც, ხსენებული კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები მიემართება ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ და არა - პასიურ გამოყენებას. ადვოკატთა მტკიცებით, ე. წ–ს ჰქონდა უფლებამოსილება, ლეგიტიმური მიზნების – პირის დაკავებისა და მტკიცებულების განადგურების პრევენციის – მისაღწევად, პასიურად გამოეყენებინა ცეცხლსასროლი იარაღი და მოეხდინა მისი დემონსტრირება. ამდენად, კასატორების მოსაზრებით, ე. წ–ს უფლებამოსილებისათვის არ გადაუმეტებია. ამასთან, ადვოკატების განმარტებით, იარაღიდან შემთხვევით გასროლა განაპირობა დაზარალებულის მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ და რომ არა ამგვარი წინააღმდეგობა, ვერც საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგებოდა, რის გამოც, დამდგარი შედეგი არ შეიძლება შეერაცხოს ე. წ–ს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ დაცვის მხარისათვის სადავოა ე. წ–ს მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება (პასიური გამოყენება) მიიჩნევა თუ არა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად და შესაძლებელია თუ არა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი შეერაცხოს ე. წ–ს.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. წ–ს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება ბრალდების ამ ნაწილში ე. წ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედების ჩადენა, კერძოდ:
5.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ ე. წ–ე, 2022 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.... უფროსი დეტექტივის პოზიციაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ე. წ–ემ 2014 წლის 16 აპრილს დადო პოლიციელის ფიცი და საქართველოს შსს-ის აკადემიაში სწავლის პერიოდში გაიარა და ჩააბარა საცეცხლე მომზადების სპეციალური სრული კურსი. უდავო ფაქტობრივ გარემობას წარმოადგენს, რომ 2022 წლის 18 აპრილს, ე. წ–ე იმყოფებოდა დ. და მეწყვილესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ასევე, უდავო გარემოებაა, რომ ძ............ მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს უფროსმა – დ. ქ–მა, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, ძ.......... სამმართველოს თანამშრომლისგან – გ. ბ–სგან მიიღო ინფორმაცია, რომ წ......... ქუჩაზე, შემთხვევით დაინახა, რომ უცნობი მამაკაცი მიწაში რაღაც ნივთს ეძებდა და მიიჩნია, რომ ეს შესაძლოა, ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. 2022 წლის 18 აპრილს, დ. ქ–ი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ასრულებდა ე. წ–სთან ერთად და გ. ბ–სგან მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე.
5.5. საქმეში არსებული მტკიცებულებებით (თვითმხილველი მოწმეების – მ. გ–ს, ნ. ხ–ს, დ. ქ–ის ჩვენებებით) დადასტურებულია, რომ სამოქალაქო ფორმაში მყოფი ე. წ–ე მივიდა ზ. გ–თან იმ დროს, როდესაც იგი სავარაუდოდ აკრძალული საგნის ძებნით იყო დაკავებული. ზ. გ–მ ნივთის ძებნა გააგრძელა ნ. ხ–სგან ნათხოვარი ნიჩბის გამოყენებით, მალევე იპოვა ძებნის ობიექტი და სწრაფი სვლით წავიდა ავტომანქანისკენ - „ტაქსისაკენ“, რომლითაც მისული იყო შემთხვევის ადგილზე. ე. წ–ემ ზ გ–ს მიმართა - „დაკავებული ხარ!“ და იარაღის დემონსტრირებით გაჰყვა მას. ამ დროს ზ. გ–მ პირში ჩაიდო მიწაში ნაპოვნი ნივთი. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, ე. წ–მ დაიჭირა ზ. გ–ი და იარაღიანი ხელი იღლიის ქვეშ ამოსდო. შემდეგ კი მათ შორის დაწყებული ძიძგილაობის დროს მოხდა გასროლა.
5.6. სამედიცინო, ჰისტოლოგიური, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №............ დასკვნით დგინდება, რომ სიკვდილი გამოწვეულია გულმკერდისა და მუცლის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობით – მარცხენა ფილტვის, კუჭის, მუცლის აორტისა და მარჯვენა თირკმლის დაზიანებით, მასიური შინაგანი სისხლდენითა და მწვავე სისხლნაკლებობის განვითარებით. ამასთან, ზ. გ–ს გვამზე არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი მეტალ ტყვიის შემცველი ჭურვის მოქმედების შედეგად, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. სროლა ნაწარმოებია მიბჯენით. ასევე, დადგენილია, რომ ცეცხლნასროლი დაზიანება უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება თარიღს - 2022 წლის 18 აპრილს.
5.7. ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N............. დასკვნით დგინდება, რომ ე. წ–ს სამსახურებრივი იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, უცხოური (ისრაელის) წარმოების, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, 9 მმ კალიბრიან „JERICHO 941 PSL“ მოდელის N........... პისტოლეტს სტანდარტული მჭიდით. იგი ვარგისია სროლისათვის და მისგან სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლა არ ხდება. პისტოლეტს გააჩნია მცველი ალამი, რაც დამცველ პოზიციაში კეტავს სასხლეტ ფეხს და არ იძლევა გასროლის საშუალებას, ასევე, გააჩნია დამცავი სისტემის ჩახმახი, რომლის ნაწილობრივ უკან გადაწევით, იგი დგება მცველ პოზიციაში და იცავს მას ნემსასთან შემთხვევით კონტაქტისგან. გამოსაკვლევად წარდგენილი ვაზნები და მასრა განკუთვნილია, მათ შორის, გამოსაკვლევად წარდგენილი „JERICHO 941 PSL“ მოდელის პისტოლეტისთვის. გამოსაკვლევი მასრა ნასროლია „JERICHO 941 PSL“ მოდელის N........... პისტოლეტიდან. გარდა ამისა, გამოსაკვლევად წარდგენილ ზ. გ–ს ქურთუკზე, ჯემპრსა და მაისურზე არსებული N.. დაზიანება ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემავალია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვით ძლიერ ახლო, დიდი ალბათობით, მიბჯენით სროლისას. იგი შეესაბამება სხეულზე მდებარე შემავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას. N.. დაზიანება წარმოადგენს გამავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას, რომელიც შეესაბამება სხეულზე არსებულ გამავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას.
5.8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომა თავად დაზარალებულის წინააღმდეგობამ განაპირობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციელისათვის სრულიად მოსალოდნელი და განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო დაკავების მომენტში შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირისაგან წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ე. წ–ე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ცეცხლსასროლი იარაღით ხელში შეეცადა ზ. გ–ს შებოჭვასა და მის დაკავებას. მართალია, მოქმედი კანონმდებლობა პოლიციელს არ უკრძალავს საბრძოლო მდგომარეობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილებას, მაგრამ პოლიციელს ევალება დაიცვას შესაბამისი წინდახედულობის ნორმა, რაც ცეცხლსასროლ იარღთან სათანადო მოპყრობას გულისხმობს. მოცემულ შემთხვევაში, პირის დაკავების პროცესში, ე. წ–ემ დაარღვია წინდახედულობის ნორმა, რამაც გამოიწვია შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო შედეგი. დაზარალებულის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობა არ ყოფილა მიზეზობრიობის ჯაჭვიდან იმგვარი გადახრა, რასაც ვერ გაითვალისწინებდა მსჯავრდებული. შესაბამისად, წინდახედულობის ნორმის დარღვევით დამდგარი შედეგი სწორედ ე. წ–ს შეერაცხება.
5.9. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. წ–ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ე. წ–ს მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
5.10. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ე. წ–ს ედავება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რაც გამოიხატა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინაპირობების არარსებობის პირობებში, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ზ. გ–ს დაკავების დროს მისი შებოჭვისას, დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობით, იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლის შედეგად.
5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური და პასიური გამოყენების ფორმებს. კერძოდ, ხსენებული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება პოლიციელის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება იარაღიდან გამიზნული გასროლა. იმავდროულად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამომწურავად ადგენს პოლიციელის მიერ უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევებს. ბრალდების მხარე ე. წ–ს ედავება ცეცხლსასროლი იარაღიდან არა – გამიზნულ გასროლას (აქტიურ გამოყენებას), არამედ – მის დემონსტრირებას (პასიურ გამოყენებას). განსახილველ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებას და საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მიემართება თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით ამომწურავად დადგენილი ლეგიტიმური მიზნები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების როგორც აქტიურ, ისე პასიურ ფორმას.
5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმა ადგენს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევებს და არ შეიცავს მითითებას მისი გამოყენების ფორმების (პასიური და აქტიური) შესახებ. ნორმის გრამატიკული, სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, იგი შესაძლოა, მიემართებოდეს ცეცხლსასროლი იარაღის როგორც აქტიური, ისე - პასიური გამოყენების შემთხვევებს, თუმცა, საკასაციო სასამართლო არ შემოიფარგლება ნორმის მხოლოდ გრამატიკული განმარტებით და ყურადღებას მიაქცევს კანონის სისტემურ განმარტებას, კერძოდ:
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს რა ცეცხლსასროლი იარაღის პასიური გამოყენების დეფინიციას, მის წინაპირობად ადგენს ლეგიტიმური მიზნის არსებობას, თუმცა, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც განმარტავს ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას, განსხვავებით მე-3 პუნქტისაგან, არ მიუთითებს ლეგიტიმური მიზნის არსებობაზე, თუმცა, საგულისხმოა, რომ მას მოსდევს მე-5 პუნქტი, რომელიც ამომწურავად ადგენს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევებს.
5.14. ზემოაღნიშნულ ნორმათა სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის (იარაღის აქტიური გამოყენების) კონკრეტიზაციას და ამომწურავად განსაზღვრავს ცეცხლსასროლი იარაღის სწორედ აქტიური გამოყენების შემთხვევებს, ხოლო იარაღის პასიური გამოყენებისათვის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი საკმარისად მიიჩნევს ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნის არსებობას, რის შესახებაც ამავე პუნქტში პირდაპირაა მითითებული. თუ დავუშვებთ, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი შემთხვევები მიემართება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ორივე ფორმას, მაშინ გაუგებარია, რატომ მიეთითა ამავე მუხლის მე-3 პუნქტში (პასიური გამოყენება) დამატებით ლეგიტიმური მიზნის არსებობის შესახებ, მაშინ როდესაც მსგავსი მიდგომა არ გვხვდება მე-4 პუნქტში (აქტიური გამოყენება).
5.15. საგულისხმოა, რომ ამ მიდგომას ცხადყოფს ნორმის ისტორიული განმარტებაც. კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონის ამოქმედებამდე, ხსენებული კანონის ძველი რედაქცია (კერძოდ, კანონის მე-13 მუხლი) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად მხოლოდ გამიზნულ გასროლას (დღეისათვის – აქტიურ გამოყენებას) მიიჩნევდა და ცალკე პუნქტად დადგენილი უკიდურესი ღონისძიების სახით იარაღის გამოყენების საფუძვლები მხოლოდ მას მიემართებოდა. საგულისხმოა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს ახალმა კანონმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გამიზნულ გასროლას უწოდა აქტიური გამოყენება და იმავე რედაქციით შეინარჩუნა როგორც მისი დეფინიცია, ისე მისთვის დადგენილი საფუძვლები. იმავდროულად, ახალი კანონის 34-ე მუხლს ცალკე პუნქტად დაემატა ცეცხლსასროლი იარაღის პასიური გამოყენების ცნება და იქვე დაკონკრეტდა ლეგიტიმური მიზნის არსებობის საჭიროება.
5.16. ამდენად, ნორმის განმარტების მეთოდთა გამოყენებით, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით ამომწურავად დადგენილი საფუძვლები (ლეგიტიმური მიზნები) მიემართება ცეცხლსასროლი იარაღის მხოლოდ აქტიურ გამოყენებას, ხოლო პასიური გამოყენებისათვის დასაშვებია ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნის არსებობა.
5.17. ნორმის ამგვარი განმარტება იმ დასაბუთებითაც აიხსნება, რომ იარაღის აქტიური და პასიური გამოყენება თავისი ხასიათით, ბუნებით, საშიშროებით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. შესაბამისად, შეუძლებელია, კანონმდებელი ამ ორი არსებითად განსხვავებული შემთხვევისათვის – ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებისა და იარაღიდან გამიზნული გასროლისათვის – აბსოლუტურად იდენტურ საფუძვლებს ადგენდეს.
5.18. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების შინაარსს და აღნიშნავს, რომ თითოეული შემთხვევა, რომელიც უშვებს პოლიციელის მიერ უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას (პირისა და საკუთარი თავის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; მისთვის წინასწარი ცნობით ძალადობრივი ქმედებისათვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულის გაქცევის აღსაკვეთად; ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი წინააღმდეგობას უწევს პოლიციელს; დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოგერიებისას; საშიში ცხოველის თავდასხმისაგან ადამიანის დასაცავად; სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მისი დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება პოლიციელის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისათვის სროლისა) ასახავს იმგვარ ექსტრემალურ ვითარებას, რომელთა განეიტრალება სწორედ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენებით მიიღწევა.
5.19. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება (პასიური გამოყენება) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვს სათანადო ლეგიტიმური მიზნის არსებობას, რაც, მათ შორის, შესაძლოა იყოს დაცვის მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნებიც – პირის დაკავება და მტკიცებულების განადგურების პრევენცია, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ საჯარო ინტერესს.
5.20. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, განმარტავს, რომ მარტოოდენ ლეგიტიმური მიზნის არსებობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პირის ქმედება მოექცეს კანონით გათვალისწინებულ საზღვრებში. პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თანაზომიერების პრინციპი, რომლის ძირითადი დატვირთვა ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოსთვის ფარგლების განსაზღვრაა. იგი კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი ღონისძიება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). სწორედ აღნიშნულ სტანდარტს განამტკიცებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლიც, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული.“
5.21. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება ლეგიტიმური მიზნის – პირის დაკავებისა და მტკიცებულების განადგურების პრევენციის – მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად იყო პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება ხსენებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის აუცილებელი (ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება) და რამდენად იყო შესაძლებელი იარაღის დემონსტრირების გარეშე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა.
5.22. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების – მ. გ–სა და დ. ქ–ის ჩვენებებით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც ზ. გ–მ მიწიდან ამოიღო ნივთი, სწრაფი სვლით გაემართა ტაქსისკენ, რომელიც იქვე ელოდებოდა, გააღო ავტომანქანის კარი და მძღოლს სთხოვა, რომ წასულიყვნენ. ამ დროს კი ე. წ–ემ იარაღის დემონსტრირებით მიმართა: „არ გაინძრე, დაწექი, დაკავებული ხარ“. ამის შემდეგ, ზ. გ–მ სწრაფად შემოუარა ავტომანქანას და მიწიდან ამოღებული საგანი გადაყლაპა.
5.23. თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების გაანალიზების შედეგად, ირკვევა, რომ ზ. გ–ი შემთხვევის ადგილას მისული იყო ავტომანქანით, რომელიც იქვე ელოდებოდა და ჰქონდა შესაძლბელობა, ნივთის პოვნის შემდეგ დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ტერიტორია. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ე. წ–ე შემთხვევის ადგილას – ზ. გ–თან ახლოს – იმყოფებოდა მარტო, ხოლო მეწყვილე ავტომანქანაში მოშორებით ელოდებოდა. მოწმე დ. ქ–ის განმარტებით, ოპერატიული ფუნქციების მიზნებიდან გამომდინარე ე. წ–ს იმ დროს ხელბორკილიც კი არ ჰქონდა. მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ზ. გ–ი ნივთის პოვნის შემდეგ სწრაფად გაემართა ავტომანქანისკენ და შეეცადა დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი. თავის მხრივ, ე. წ–ე ფლობდა ოპერატიულ ინფორმაციას, რომ ზ. გ–ს მიერ ნაპოვნი ნივთი წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას. შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წასწრება კი, მას, როგორც პოლიციელს ავალდებულებდა ემოქმედა კანონის შესაბამისად – აღეკვეთა სავარაუდო დამნაშავის მიმალვა და მტკიცებულების განადგურება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ე. წ–ე აღმოჩნდა სწრაფი რეაგირების საჭირეობის წინაშე და ევალებოდა, ემოქმედა ეფქეტიანად პირის დაკავებისა და მტკიცებულების განადგურების აღკვეთის მიზნით.
5.24. ამდენად, ე. წ–ე ვალდებული იყო გამოეყენებინა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად მის ხელთ არსებული გამოსადეგი, ყველაზე ეფექტიანი და იმავდროულად, ნაკლებად მზღუდავი საშუალება. სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ვერ დასტურდება, რომ ე. წ–ს ხელთ არსებობდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომელიც უზრუნველყოფდა პირის დაკავებასა და მტკიცებულების განადგურების თავიდან აცილებას.
5.25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ დგას თანაზომიერების ტესტის შემდგომი ეტაპის - პროპორციულობის შეფასების საჭიროების წინაშე, რადგან პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიების პროპორციულობა გულისხმობს კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანის ნაკლებ მნიშვნელობას იმ სიკეთესთან შედარებით, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ე. წ–ს მიერ იარაღის დემონსტრირება ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენდა მიზნის მიღწევის გამოსადეგ, აუცილებელ საშუალებას, მას ზიანიც კი არ გამოუწვევია. კერძოდ, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ფარგლებში ე. წ–სათვის ბრალად შერაცხილი შედეგი – ფიზიკური პირის უფლების დარღვევა, კერძოდ, დაზარალებულის სიცოცხლის ხელყოფა, არ შეიძლება წარმოადგენდეს ბრალდების მხარის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად მიჩნეულ იარაღის პასიური გამოყენების – დემონსტრირების შედეგს, რადგან დაზარალებულის გარდაცვალება გამოიწვია არა იარაღის დემონსტრირებამ, არამედ – წინდახედულობის ნორმის დარღვევამ, რამაც განაპირობა პირის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევას, იმ პირობებში, როდესაც ე. წ–ს კანონის შესაბამისად ჰქონდა იარაღის დემონსტრირების უფლება და იმავდროულად, მან ეს უფლება განახორციელა თანაზომიერების პრინციპის დაცვით, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესის არსებითი დარღვევა საფუძველშივე გამოირიცხება. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ როგორც უკვე აღინიშნა, თავის მხრივ, საბრძოლო მდგომარეობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის ფლობაც არ წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელისათვის აკრძალულ ქმედებას.
5.26. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ე. წ–ე მოქმედებდა რა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის პასიური გამოყენების – დემონსტრირების უფლება და მან ეს უფლება განახორციელა თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შესაბამისად, მის ქმედებაში არ იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები, რის გამოც, ე. წ–ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5.27. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ე. წ–ე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს, საკასაციო სასამართლო სასჯელის პროპორციულობას შეაფასებს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სანქციის ფარგლებში.
5.28. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელ გარემოებებსა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს.
5.29. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ე. წ–ე არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან და დაზარალებულის უფლებამონაცვლეც ითხოვდა მისთვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებები (დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დაზარალებულთან შერიგება) წარმოადგენს მსჯავრდებულის უფლებას და არა - ვალდებულებას, ხოლო უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის N952აპ-20 განჩინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 იანვრის N633აპ-20 განჩინება). იმავდროულად, პირისათვის წარდგენილი ბრალდების არაღიარების პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა ირიბად ეწინააღმდეგება ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის ფუნდამენტურ უფლებას, ხოლო, გამოძიებასთან თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმაა და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 29 დეკემბრის N607აპ-20 განჩინება). ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ე. წ–ე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში უნდა გამართლდეს, საფუძველი გამოეცალა პროკურორის მიერ სასჯელის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად მითითებულ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის უგულებელყოფას და ამ ფაქტზე აპელირებით ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების წარმოჩენას.
5.30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ე. წ–სათვის საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. წ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჩ–ს და თ. გ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ანრი არსენიშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ე. წ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
5. ე. წ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
6. ე. წ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია. ე. წ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან – 2022 წლის 18 აპრილიდან;
7. გასაჩივრებული განაჩენი ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე
მოსამართლე შალვა თადუმაძის განსხვავებული აზრი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. წ–ს მიმართ
1. ე. წ–ს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, არ ვეთანხმები ჩემი კოლეგა მოსამართლეების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და თავს ვალდებულად მივიჩნევ დავრჩე განსხვავებულ აზრზე და წერილობით ჩამოვაყალიბო ჩემი სამართლებრივი პოზიცია.
2. საკასაციო პალატის ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ ე. წ–ს ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც, ბრალდების ამ ნაწილში გაამართლეს, ხოლო დამნაშავედ ცნეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ვეთანხმები საკასაციო პალატის გადაწყვტილებას იმის შესახებ, რომ ე. წ–ს ქმედება არ შეიცავს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, თუმცა, არ ვიზიარებ მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მიმაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლი წარმოადგენს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ზოგად ნორმას და მოიცავს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის ყველა იმ შემთხვევას, რომლებიც არ რეგულირდება სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური მუხლით. საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებლად ვერ განიხილება სპეციალური სუბიექტი – სპეციალური სტატუსის მქონე პირი, რომლის მიერ საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით ხელყოფა სისხლის სამართლის კოდექსის სპეციალური მუხლითაა კრიმინალიზებული. განსახილევლ შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის დროს, მსჯავრდებულ ე. წ–ს გააჩნდა სპეციალური სტატუსი, კერძოდ, იგი იყო პოლიციელი და ასრულებდა საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც – დაკავების პროცესში, სიცოცხლე მოუსპო დაზარალებულს.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის N57აპ-19 განაჩენით განიმარტა, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია გულისხმობს ნორმის ზუსტ შესაბამისობას ქმედებასთან. იგი წარმოადგენს შემეცნებით-ლოგიკურ პროცესს, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივად საშიში ქმედების იურიდიულ შეფასებას. დანაშაულის კვალიფიკაციისას, სისხლისსამართლებრივი ნორმების კონკურენციის დროს, გამოყენებული უნდა იქნეს ის ნორმა, რომელიც სრულად მოიცავს ქმედების შემადგენლობას და მასში ამომწურავად არის მოცემული დანაშაულის ნიშნები.
5. მიმაჩნია, რომ ე. წ–ს მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით – სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, კერძოდ:
6. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა, მათ შორის, გულისხმობს მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვება ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
7. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ე. წ–ე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------–-------–---------------------------–--------–-–-------------------–-----------–------- უფროსი დეტექტივის პოზიციაზე და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. ასევე, უტყუარად დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს – 2022 წლის 18 აპრილს, იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მოქმედებდა, როგორც პოლიციელი. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ ე. წ–ემ 2014 წლის 16 აპრილს დადო პოლიციელის ფიცი და საქართველოს შსს-ის აკადემიაში სწავლის პერიოდში გაიარა და ჩააბარა საცეცხლე მომზადების სპეციალური სრული კურსი.
8. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ძებნის ობიექტის პოვნის შემდეგ, დაზარალებული ზ. გ–ი სწრაფად წავიდა ავტომანქანისკენ, რა დროსაც, ე. წ–ემ მას მიმართა – „დაკავებული ხარ!“ და გაჰყვა იარაღის დემონსტრირებით. შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების – მ. გ–სა და ნ. ხ–ს ჩვენებებით, ე. წ–ემ დაიჭირა ზ. გ–ი და იარაღიანი ხელი იღლიის ქვეშ ამოსდო. შემდეგ კი მათ შორის დაწყებული ძიძგილაობის დროს მოხდა გასროლა. არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ ე. წ–ე ფლობდა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილ ცეცხლსასროლ იარაღს. იმავდროულად, ბალისტიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ე. წ–ს სამსახურებრივი იარაღიდან სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლა არ ხდება. ამასთან, პისტოლეტს გააჩნია მცველი ალამი, რაც დამცველ პოზიციაში კეტავს სასხლეტ ფეხს და არ იძლევა გასროლის საშუალებას, აგრეთვე – დამცავი სისტემის ჩახმახი, რომლის ნაწილობრივ უკან გადაწევით, იგი დგება მცველ პოზიციაში და იცავს მას ნემსასთან შემთხვევით კონტაქტისგან.
9. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად, დგინდება, რომ ე. წ–ემ არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი მოვალეობა, კერძოდ, ვერ გააცნობიერა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება – საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ცეცხლსასროლი იარაღით დასაკავებელ პირთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლა და იარაღთან იმგვარი მოპყრობა, რამაც სასხლეტის გამოწევა განაპირობა, ასევე, ვერ გაითვალისწინა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, თუმცა, ამის გათვალისწინება ევალებოდა და შეეძლო კიდეც. მსჯავრდებულს რომ ჯეროვნად შეესრულებინა საკუთარი მოვალეობა, მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი იყო საბრძოლო მდგომარეობაში და იარაღთან მოპყრობისას დაეცვა შესაბამისი წესები, გამოეჩინა სათანადო წინდახედულობა შესაძლო მართლსაწინააღმდეგო შედეგის თავიდან ასაცილებლად. ე. წ–ს ევალებოდა და შეეძლო კიდეც ამგვარად მოქმედება, რაც არ შეასრულა ჯეროვნად საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ზ. გ–ს სიცოცხლის მოსპობა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება:
1. ე. წ–ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილზე;
2. ე. წ–ე ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
მოსამართლე: შალვა თადუმაძე