3კ-960-02 9 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. გ.-მ სარჩელით მიმართა თერჯოლის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებდა იმით, რომ მოპასუხეებმა სოფ. ...-ში დაანგრიეს მისი კუთვნილი მაღაზიის შენობა, რითაც მიაყენეს 4160 ლარის ქონებრივი ზიანი. აღნიშნული ფაქტის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 15 მაისის განაჩენით მ. კ.-ე მსჯავრდებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მ. ა.-ის და ვ. ს.-ის მიმართ ვითარების შეცვლის გამო არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მოსარჩელემ მოითხოვა მაღაზიის დანგრევით მიყენებული ზიანი – 2710 ლარი; ადვოკატის მომსახურების ხარჯები _ 60 ლარი; მიუღებელი შემოსავალი _ 1350 ლარის გადახდა.
მოპასუხე მ. კ.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო მაღაზია ეკუთვნოდა თერჯოლის რაიკავშირს და 1989 წლიდან 1999 წლამდე თვითონ მუშაობდა გამგე-გამყიდვლად. მაღაზია იყო ავარიულ მდგომარეობაში, საჭიროებდა შეკეთებას, რის გამოც ვ. ს.-ის, მ. ა.-ის და სხვა მეზობლების დახმარებით დაანგრია მაღაზიის შენობა მისი გარემონტების მიზნით. როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მაღაზიის შენობა მანონ გ.-ს მამის საკუთრება იყო, მის მიერ დანგრეული მაღაზია აღდგენილ იქნა ისევ მეზობლების დახმარებით.
მოპასუხეებმა მ. ა.-მ და ვ. ს.-მ სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ისინი ეხმარებოდნენ მ. კ.-ს მაღაზიის დანგრევაში, სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით. მათთვის ცნობილი არ იყო იმის შესახებ, რომ მაღაზია მ. გ.-ს მამის საკუთრება იყო, აღნიშნულის შეტყობის შემდეგ მაღაზია აღდგენილი იქნა მათივე ხარჯებით. მაღაზია გამართულ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 2214 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1999წ. 7 ივნისს მ. კ.-მ სოფლის მოსახლეობის დახმარებით (დაახლოებით 60-80 კაცი) დაანგრია სადავო მაღაზია, მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 2154 ლარი, რის გამოც 2001წ. 25 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო 2000წ. 18 ივლისის დადგენილებით მ. ა.-ის და ვ. ს.-ის მიმართ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ვითარების შეცვლის გამო. ზარალის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი დატოვებულ იქნა ღიად.
მოწმეების განმარტებების და სოფ. ...-ის საკრებულოს ცნობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1999წ. 7 ივნისს მაღაზია დაშლილ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, ათი დღის ვადაში აღდგენილ იქნა მ. კ.-ის მიერ თანასოფლელთა დახმარებით. ჩაუტარდა რემონტი და მაღაზია აღდგენილია იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე იგი დაშლამდე იყო. შენობა 1999წ. ივლისში ჩაიბარა მოსარჩელემ. შენობის ნაწილობრივ აღდგენის ფაქტი დაადასტურა მოსარჩელემაც.
მოსარჩელის განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მაღაზიის შენობა ჩაიბარა სამუშაო მდგომარეობაში, გაყვანილი იყო ელექტროობა და მუშაობდა მაცივრები. მოსარჩელის განმარტებით დანაშაულის მომენტისათვის ტექაღრიცხვის ბიუროს ცნობის თანახმად მაღაზიის ღირებულება შეადგენდა 2154 ლარს.
თერჯოლის სახანძრო რაზმის 2002წ. 22 თებერვლის ცნობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო შენობა 2002წ. 18 ივლისს მთლიანად დაიწვა ელექტროდანადგარების არასწორი ექსპლუატაციის გამო და მატერიალური ზარალი შეადგენს 1209 ლარს.
მატერიალურ ზარალში შედიოდა მაღაზიაში არსებული მ. გ.-ს ქონებაც _ სავაჭრო საქონელი, ელექტროდანადგარები. 1999წ. 7 ივნისისათვის კი შენობაში მოსარჩელის მატერიალური ფასეულობა არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პლაატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა უსაფუძვლოა.
მოსარჩელე 2710 ლარის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებდა შპს “დ.-ის” მიერ შედგენილ ხარჯთაღრიცხვას. აღნიშნული მტკიცებულება სასამართლომ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ ხარჯთაღრიცხვის შემდგენის განმარტებით ხარჯთაღრიცხვა შედგენილი იყო მოსარჩელის მიერ მითითებული შესასრულებელი მოქმედებების ჩამონათვალისა და ტექაღრიცხვის მიერ გაკეთებული ნახაზის მიხედვით, რაც არ ასახავს, რეალურ სინამდვილეს, რადგან არ მომხდარა ადგილზე შემოწმება, ამასთან ხარჯთაღრიცხვა შედგენილია შენობის მიღებიდან ერთიწ. შედმეგ.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა თერჯოლის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. გ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 102-ე მუხლი.
კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები და არ გამოიყენა სკ-ს 992-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ 1999წ. 7 ივნისს მ. კ.-მ სოფლის მოსახლეობის დახმარებით დაანგრია სადავო მაღაზია. მაღაზია მ. კ.-ის მიერ აღდგენილ იქნა, ჩაუტარდა რემონტი და 1999წ. ივლისში მოსარჩელემ მაღაზია ჩაიბარა სამუშაო მდგომარეობაში, გაყვანილი იყო ელექტროობა და მუშაობდა მაცივრები. დადგენილია, რომ 2002წ. 18 ივლისს სადავო შენობა მთლიანად დაიწვა ელექტროდანადგარების არასწორი ესპლუატაციის გამო.
დადგანილია, რომ ხარჯთაღრიცხვა შედგენილ იქნა შენობის ჩაბარებიდან ერთიწ. შემდეგ, ადგილზე შემოწმების გარეშე, მოსარჩელის მითითებით.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების წინააღდმეგ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს საქმეში არსებული რაიმე მტკიცებულებებზე, რომელიც არ არის შეფასებული სააპელაციო პალატის მიერ და რომელიც გამორიცხავდა დადგენილ გარემოებებს.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის მოთხოვნას, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. გ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 31 მაისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.