Facebook Twitter

საქმე N 050100121004357279

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №999აპ-23 30 ნოემბერი 2023 წელი

გ–ე გ., №999აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ–ე (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

ჩ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ე–ში მცხოვრები გ. გ–ე 2012 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. ხ–სთან და ეწევა მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2020 წლის დეკემბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ. გ–მ ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, მისაღებ ოთახში, ძლიერად დაქაჩა თმები მეუღლეს, ნ. ხ–ს, რის შემდეგაც პატარა ხის სკამი დაარტყა მარჯვენა ფეხზე. გ. გ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად ნ. ხ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით გ. გ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. გ–ს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 9 ივნისს ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ჩხაიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 23 ივნისს გამართლებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ–მ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: არასრულწლოვანი მოწმის - ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - დ. ი–ს და ა. ბ–ს გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი, მასზე თანდართული ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი უტყუარად ადასტურებენ გ. გ–ს ბრალეულობას. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის N97აპ-20 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც კასატორის განმარტებით, პირდაპირ მტკიცებულებად იქნა მიჩნეული დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმი და მასზე დართული დოკუმენტაცია, აგრეთვე იმ მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლებმაც პირადად ნახეს თუ რას განმარტავდა დაზარალებული მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. კასატორი ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს N315აპ-20; N49აპ-20; N679აპ-20; N442აპ-21 განჩინებებზე, სადაც მისი მითითებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა და თუ დაზარალებული სასამართლოს არ მისცემს ჩვენებას მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი უნდა იქნეს გამოყენებული.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ქრონოლოგიურად მიყვება კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებს და მიუთითებს, თუ რატომ არ აკმაყოფილებს მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ნ. ხ–მ (მეუღლემ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, გ. გ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებების შინაარსზე, კერძოდ: მოწმეების - დ. ი–სა და ა. ბ–ს გამოკითხვის ოქმებზე, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 23 დეკემბერს, შს ჩ–ს რაიონული სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ნ. ხ–ს მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. დაზარალებულის მითითებით მივიდნენ ჩ–ს რაიონში, სოფელ ე–ში, მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ნ. ხ–მ მიუთითა შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, შეშის ღუმელთან, იატაკზე არსებულ ხის პატარა სკამზე და განმარტა, რომ სწორედ მითითებულ სკამზე იჯდა 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, როდესაც მეუღლე - გ. გ–ე წვდა თმაში და ძლიერად მოქაჩა. მანვე მიუთითა იმავე ოთახში მდგარ ხის პატარა სკამზე და აღნიშნა, რომ სწორედ ეს სკამი დაარტყა გ. გ–მ მას მარჯვენა ფეხზე, მუხლის არეში. არასრულწლოვანი მოწმის - ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმით კი ირკვევა, რომ იგი ხშირად გამხდარა მშობლების, ნ. ხ–სა და გ. გ–ს სიტყვიერი დაპირისპირების შემსწრე, თუმცა მამის მხრიდან დედაზე ძალადობის ფაქტს არ შესწრებია.

5.5. კასატორის მიერ მითითებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის და მასზე დართული ფოტოილუსტრაციის თანახმად: 2020 წლის 23 დეკემბერს, 11:40 საათიდან 12:25 საათამდე პერიოდში, შს გ–ს პოლიციის დეპარტამენტის ჩ–ს რაინული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ თ. უ–ს მიერ, ინსპექტორ - გამომძიებლების: დ. ი–ს, ა. ბ–ს და ექსპერტ ნ. გ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისას, ნ. ხ–მ მიუთითა მისაღებ ოთახში, შეშის ღუმელთან მდგარ ხის პატარა სკამებზე და განმარტა, რომ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში, ერთ-ერთ სკამზე ჯდომისას, მას ძლიერად მოქაჩა თმა მეუღლემ - გ. გ–მ, მეორე სკამი კი - ძლიერად დაარტყა მარჯვენა მუხლის არეში.

5.6. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი, იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ გ. გ–ს მიერ, მეუღლის, ნ. ხ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს. კასატორის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში - 1) ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2) საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.

5.8. აღსანიშნავია, რომ ნ. ხ–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მოწმემ თავის საცხოვრებელ სახლში მიუთითა იმ ადგილზე/საგნებზე, სადაც და რისი გამოყენებითაც გ. გ–მ იძალადა მასზე. მხედველობაშია მისაღები, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ მომხდარა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა. არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებითი მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მონაწილე პირების, მოწმეების - დ. ი–სა და ა. ბ–ს გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებით, დადასტურებულია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სინამდვილე და კანონთან შესაბამისობა. მათი ჩვენებები გ. გ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების დადასტურების თვალსაზრისით ეფუძნება დაზარალებულ ნ. ხ–ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც მათი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.

5.9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ. გ–ს მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და ამის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი, სასამართლოში ჩვენება არ მიუცია.

5.12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ასევე უმნიშვნელოა არასრულწლოვანი მოწმის - ლ. გ–ს გამოკითხვის ოქმის მტკიცებულებითი ღირებულებაც, ვინაიდან ხსენებულიც არ ადასტურებს გ. გ–ს მიერ ნ. ხ–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.13. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის N97აპ.-20 გადაწყვეტილებაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული განაჩენით და განჩინებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. გ–ეის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე