3კ-975-02 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
შეგებებული სარჩელის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლიოს 8 ივნისს ს. დ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მ. დ-ის გამოსახლება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ჩაწერილია და ცხოვრობს ვანის რაიონის სოფ. ......-ში. მისმა ძმამ _ მ. დ-მა 1996 წლიდან დაიკავა მისი საცხოვრებელი სახლი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამკვიდრო ქონებიდან წილის მიკუთვნება. ვანის რაიონული სასამართლოს 1998წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით ს. დ-ს უარი ეთქვა სარჩელზე ძმის გამოსახლების შესახებ. მ. დ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და სამკვიდრო ქონება გაიყო მხარეთა შორის.
ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. დ-ის უფლებამონაცვლე მისი მეუღლე დ. დ-ი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლდა სადავო სახლიდან.
დ. დ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილეველად დაუბრუნდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მხარეები არიან ძმები. ს. დ-ი ჩაწერილია და ცხოვრობს მშობლების სახლში, ვანის რაიონის სოფ. ......-ში. დ-ების მამა _ დ. დ-ი გარდაიცვალა 1984 წელს, ხოლო დედა _ ჟ. დ-ი გარდაიცვალა 1994 წელს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992წ. 21 ოქტომბრის დეკრეტით “საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის წესის შესახებ” და “სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 22 ოქტომბრის ¹949 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად კოლმეურნეობები რეორგანიზებული იქნა და შეიქმნა მიწათმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურეობის საწარმოები. აღნიშნულ დადგენილებაში 1993წ. 5 მარტის ¹199 დადგენილებით შესული ცვლილებების საფუძველზე საქართველოში კოლმეურნეობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება და ამასთან 1993 წლიდან იურიდიული საფუძველი გამოეცალა საკოლმეურნეო კომლს, სადაც მიწის ნაკვეთის გარდა, ყველა სხვა ქონება წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლის წევრთა თანასაკუთრებას აქედან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ დ-ების კომლი 1993 წლიდან წარმოადგენს საადგილმამულო ფერმერულ მეურნეობას, რომელსაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სასაქონლო პროდუქციის შესაქმნელად, რის გამოც მხარეთა შორის დავა უნდა გადაწყდეს არა კომლის წევრთა თანასაკუთრების პრინციპით, არამედ სკ-ს 1421-ე, მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ დ-ის გარდაცვალების შემდეგ (1994 წელს) ვანის რაიონის სოფ. .......-ში, მდებარე საცხოვრებელი სახლს ს. დ-თან ერთად ფლობდა მისი ძმა _ მ. დ-ი. 1960წ. 6 ივლისის აქტის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად ცნო, რომ კომლის ქონება გაიყო შვილებზე, ს. დ-ს მიეკუთვნა ცალკე ეზოში მდებარე სახლი, სადაც ჩაწერილი იყო, ხოლო მ. დ-ს წილად ერგო 15200 მანეთი ფულად გამუსახულებაში, რისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიც არ არსებობს და აქტზეც მისი ხელმოწერა არ არის დაფიქსირებული. სასამართლომ მოწმეთა განმარტების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ სოფ. .......-ში მდებარე სადავო სახლს ფაქტიურად ფლობდა ს. დ-თან ერთად მ. დ-ი, რომელმაც სადავო სახლში გააკეთა რკინის ჭიშკარი, ტალავერი, ქვის კიბე და სხვა, უვლიდა პირუტყვს. ამდენად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მშობლების დანატოვარი ქონება მემკვიდრეობის წესით, თანახმად სკ-ს 1336-ე მუხლის პირველი ნაწილისა, თანაბარი წილის უფლებით ეკუთვნის როგორც ს. დ-ს, ასევე მ. დ-ს.
აღნიშნული საფუძვლით, სააპელაციო პალატამ 2002წ. 8 მაისის განჩინებით უცვლელად დატოვა ვანის რაიონული სასამართლოს 1998წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. დ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის მოსაზრებით მოპასუხის მშობლების დანატოვარი ქონებიდან არ ეკუთვნოდა არაფერი, რადგან დედის გარდაცვლების შემდეგ იგი ითვლებოდა კომლის ერთადერთ წევრად. ამასთან მოპასუხეს კანონით წილი რომ ეკუთვნოდეს, მას ქონების ღირებულება ანაზღაურებული აქვს 2000 მანეთი და იგი გასტუმრებული იყო ყოველგვარი წილის მიღებისაგან კომლიდან.
კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხე კომლიდან ამოეწერა 1960 წელს, შეირთო ცოლი და დასახლდა ქ. რუსთავში. დედის გარდაცვალების შემდეგ დარჩა კომლის უფროსად. 1996 წელს მოპასუხე ჩამოვიდა ისარგებლა მისი სახლში არ ყოფნით, შევიდა სახლში და მას შემდეგ იმყოფება იქ. მან იგი გააგდო სახლიდან და ღამეს ათევს სხვის სახლში. დედა გარდაიცვალა 1994 წელს, მოპასუხეს სკ-ს 1421-ე და 1424-ე მუხლების შესაბამისად 6 თვის ვადაში არ მიუღია სამკვიდრო, არც ფაქტიურად დაუფლებია. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხეს არ მოუთხოვია სკ-ს 1426-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენა. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხე ფაქტიურად ფლობდა სამკვიდროს.A
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე დამტკიცებულად არის ცნობილი, რომ სოფ. .......-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, დედის გარდაცვალების შემდეგ ს. დ-თან ერთად ფლობდა მ. დ-იც, რომელმაც აღნიშნულ სადავო სახლში გააკეთა რკინის ჭიშკარი, ტალავერი ქვის კიბე და სხვა.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას საკასაციო პალატა მიიჩნევს სავალდებულოდ, რადგან კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე მტკიცებულებაზე რომელიც გამორიცხავდა დადგენილ გარემოებას.
უსაფუძვლოა ასევე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ მოუთხოვია სკ-ს 1426-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული რადგან როგორც აღინიშნა სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მოპასუხე ფლობდა სამკვიდრო ქონებას. სკ-ს 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი მემკვიდროს მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი ფაქტობრივად შეუდგა სმკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე დედის გარდაცვალების შემდეგ ფლობდა სამკვიდროს, სადავო სახლში გააკეთა რკინის ჭიშკარი, ტალავერი ქვის კიბე და სხვა, სკ-ს 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ითვლება, რომ მან მიიღო სამკვიდრო და შესაბამისად უსაფუძვლო იქნებოდა მის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნა. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მას მოპასუხისათვის გადახდილი აქვს ქონების ღირებულება, რადგან საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება.
სკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მშობლების დანატოვარი ქონება სკ-ს 1336-ე მუხლის შესაბამისად თანასწორი წილის უფლებით ეკუთვნის ორივე ძმას.
ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის მითითებული დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.