გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-976-02 10 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართალოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ.კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქუთაისის სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი “...ის” სარჩელი და ბ. გ-ე, თ. ჩ-ე, ქ. გ-ე და მათთან ერთად მცხოვრები პირები გამოსახლებულ იქნენ ქ.ქუთაისის სს “ბ-ის” საკუთრებაში არსებული, ქ.ქუთაისში ... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს.
ბ.გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო არ დააკმაყოფილა ბ.გ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ბ.გ-ემ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სააპელაციო პალატას მიმართა საჩივრით და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაიცო პალატამ 2001წ. 13 ივნისს გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც უცვლელი დატოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ბ.გ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 12 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი, გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 13 ივნისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის განჩინებით ბ.გ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ.გ-ის მიერ წარდგენილი ცნობა არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება ბ.გ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის განხილვაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი.
კასატორმა ბ. გ-ემ 2002წ. 28 ივნისს საკასაციო საჩივრით მიმართა საქართევლოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 233-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რაც, როგორც კასატორი მიიჩნევს, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკმაოდ მყარი საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ. გ-ემ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება. სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2000წ. 22 იანვარს, რის შესახებ ეცნობა ბ. გ-ეს კანონით დადგენილი წესით.
ბ.გ-ის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომა გადაიდო 2001წ. 13 მარტისათვის, რის თაობაზეც აპელანტი გაფრთხილებულ იქნა. ამ უკანასკნელმა 2001წ. 12 მარტს განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა საჩივრის განხილვის გადავადება იმ საფუძვლით, რომ ავადმყოფობის გამო ვერ ცხადდება პროცესზე. განცხადებასთან ერთად აპელინტმა წარადგინა ¹... პოლიკლინიკის მიერ გაცემული ცნობა.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 233-ე მუხლის “ბ” პუნქტის მოთხოვნა.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ მიიჩნია ბ.გ-ის მიერ განცხადებაზე დართული, ქუთაისის ¹... პოლიკლინიკის მთავარი ექიმ დ.კ-ას მიერ გაცემული ცნობა ბ.გ-ის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად. 2001წ. 12 მარტს გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ბ.გ-ე ავად იყო 2001წ. 26 თებერვლიდან 2001წ. 14 მარტამდე და მკურნალობდა ¹... პოლიკლინიკაში ამბულატორიულად. 2001წ. 12 მარტს გაცემული ცნობით ვერ დადასტურდებოდა ავადმყოფის მომავალში ავადმყოფობის ფაქტი, მითუმეტეს, როცა ცნობაში მითითებულია, რომ ბ.გ-ე ავად იყო და მკურნალობდა. ცნობაში არ არის მითითებული, რომ იგი აგრძელებს მკურნალობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სსკ-ს 240-ე მუხლზე მითითებით კანონიერად არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.