Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-977-02 30 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: კომლში უკანონოდ ჩაწერილი პირის ამოწერის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. გ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 1994 წელს ჩოჩხათის თემის საკრებულოს მიერ მის კომლში შვილიშვილის, თი. გ-ის ჩაწერის გაუქმება შემდეგი საფუძველით: მოპასუხე თ. გ-ის ჩაწერა მოხდა საკომლო წიგნში 1994წ. ჩოჩხათის თემის საკრებულოს ყოფილი გამგებლის მიერ, რის შესახებაც არ იცოდა არც თვითონ და არც მისმა მეუღლემ, შესაბამისად, არც მათი თანხმობა ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით. საკომლო წიგნში შეტანილი ჩანაწერის თაობაზე ორი წლის წინ შეიტყო, ამიტომ სასამართლოსაც მოგვიანებით მიმართა.

მოპასუხე თი. გ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომლში მისი ჩაწერა კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა. საკომლო დავთარში მისი ჩაწერის თაობაზე მოსარჩელისა და მისი მეუღლის წერილობითი თანხმობაც არსებობდა.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. გ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძველით: მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე თი. გ-ის ჩაწერა საკომლო წიგნში მოხდა მოსარჩელე თ. გ-ისა და მისი მეუღლის თანხმობით.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე თ. გ-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 27 ივნისის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩოჩხათის საკრებულოს 1994წ. 25 თებერვლის ¹7 გადაწყვეტილებაში მოპასუხე თი. გ-ის კომლში ჩაწერის საფუძვლად ოჯახის წევრთა წერილობითი თანხმობები იყო მითითებული და აქედან გამომდინარე, ივარაუდა, რომ საკომლო დავთარში ჩანაწერი კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 2001წ. 27 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001წ. 8 თებერვლის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 27 ივნისის განჩინება გაუქმდა და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ თ. გ-ის მოთხოვნა საკომლო წიგნში მისი შვილიშვილის კომლის წევრად Dჩაწერის გაუქმების შესახებ წარმოადგენს კერძო (სამოქალაქო-საოჯახო) სამართლებრივი ხასიათის დავას და სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება. თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, თი. გ-ე ამოწერილ იქნა თ. გ-ის კომლიდან. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ საკომლო წიგნში თი. გ-ის ჩაწერა მოხდა 1994 წელს. ჩოჩხათის თემის საკრებულოს გამგეობის 1994წ. 25 თებერვლის ¹7 გადაწყვეტილების თანახმად თი. გ-ის კომლში ჩაწერის საფუძველი იყო თ. გ-ისა და მისი ოჯახის წევრების წერილობითი განცხადებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თი-ს ჩაწერა მოხდა ბებიისა და პაპის თანხმობის გარეშე, რაზეც მეტყველებს ჩოჩხათის თემის ადგილობრივი მმართველობის მიერ გაცემული ცნობა. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თი. გ-ის განცხადებები რეგისტრირებულია 1994წ. რეგისტრაციის ჟურნალში 7 და 25 თებერვალს და, რომ ყოფილიყო თ. და მ. გ-ეების განცხადებები, ისინიც იქნებოდა გატარებული რეგისტრაციაში. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პაპა და ბებია ფაქტობრივად ცხოვრობდნენ შვილის _ თი-ს მამის თამაზ გ-ის კომლში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაპა მ. გ-ემ თავისი კომლი გააერთიანა თამაზ გ-ის კომლთან. ამას გარდა, თი. ჯერ კიდევ 1992 წლიდან წასული იყო ქ. ბათუმში და არ მოუპოვებია ამ კომლის ქონებაზე რაიმე უფლება. შესაბამისად, თ. გ-ეს არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ მის კომლში ჩაწერილი იყო შვილიშვილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცება ხანდაზმულობის ვადის შესახებ უსაფუძვლოა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თი. გ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებაEYშემდეგ გარემოებათა გამო: მისი კომლში ჩაწერა მოხდა ბებიისა და პაპის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ კასატორის საკომლო წიგნში ჩაწერა მოხდა მისი ბებიისა და პაპის წერილობითი თანხმობით, ხოლო ის ფაქტი, რომ ამგვარი განცხადებები არ არის რეგისტრირებული ჟურნალში, შეიძლება მდივნის შეცდომით იყოს გამოწვეული. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ პერიოდისათვის თი. გ-ე 15 წლის იყო და არ შეიძლებოდა საკრებულოს განეხილა მისი განცხადება, უსაფუძვლოა, რადგან სასამართლო ვერ მიუთითებს შესაბამის ნორმას. კასატორი ასევე მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სარჩელის წარდგენის ვადა, რაც სასამართლოსათვის სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თი. გ-ის ჩაწერა პაპის და ბებიის კომლში მოხდა 1994 წელს. ამ დროისათვის მოქმედი სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 123-ე მუხლის თანახმად საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა ყველა წევრის თანხმობის საფუძველზე. იგივე წესი მოქმედებდა საკოლმეურნეო კომლში ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებით. ახალი წევრის მიღება დასაშვები იყო კომლის სრულწლოვანი წევრების წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ თი. გ-ის ჩაწერა მოხდა კომლის წევრების, მისი ბებიისა და პაპის – თ. და მ. გ-ეების თანხმობით. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცება, რომ თი. გ-ის ჩაწერა სადავო კომლში მოხდა მ. და თ. გ-ეების წერილობითი თანხმობის საფუძველზე. საქმეში არ მოიძებნება და საკრებულოს მიერაც არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული თანხმობები იმ საფუძვლით, რომ საოქმო საქმის შავი მასალები არ არსებობს და დაკარგულია ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მისი ჩაწერის შესახებ არსებობდა კომლის წევრების, ბებიისა და პაპის თანხმობები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ განცხადება ჩაწერასთან დაკავშირებით შეტანილია 1994წ. 7 და 25 თებერვალს თი. გ-ის მიერ. აქედან გამომდინარე, ჟურნალში არ არის გატარებული კომლის წევრების _ მოსარჩელის და მისი მეუღლის განცხადებები ჩაწერასთან დაკავშირებით, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ ასეთი განცხადებები სინამდვილეში არ არსებობდა. გარდა ამისა, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ მიუთითა, რომ 1994 წელს მოპასუხე თი. გ-ე იყო 15 წლის და ამდენად მას, როგორც შეზღუდულქმედუნარიანს, არ შეიძლებოდა განცხადებით მიემართა კომლში ჩაწერასთან დაკავშირებით. ასეთი განცხადება უნდა გაეკეთებინათ მის მშობლებს. რეგისტრაციის ჟურნალში კი მათი განცხადება რეგისტრირებული არ არის.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თ. გ-ის სარჩელი ხანდაზმულია, აღნიშნულის დასადასტურებლად საკასაციო ინსტანციაში კასატორმა წარმოადგინა ...ის საკრებულოს თავჯდომარის ტ-ის მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ თ. გ-ეს შეტანილი ჰქონდა განცხადება კომლიდან შვილიშვილის ამოწერის შესახებ 1997წ. 7 ივლისსა და 3 სექტემბერს. დამადასტურებელი არგუმენტი იმისა, რომ თ. გ-ემ 1997 წლამდე იცოდა მის კომლში მოპასუხის ჩაწერის შესახებ, კასატორმა ვერ წარმოადგინა. პალატამ რომც გაიზიაროს წარმოდგენილი ცნობა, გამოდის, რომ ხანდაზმულობის ვადა სკ-ს (1964წ.) 80-ე მუხლით უნდა აითვალოს 1997წ. ივლისიდან. როგორც ცნობილია, ახალი სკ სამოქმედოდ ძალაში შევიდა 1997წ. 25 ნოემბრიდან. ახალი კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილმა ხანდაზმულობის ახალი ათწლიანი ვადა დაადგინა. ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მოსარჩელეს არ ჰქონდა გაშვებული ძველი კოდექსის 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. პალატა თვლის, რომ ამ შემთხვევაში ახალი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვადები ამოქმედდა, ამიტომ სარჩელი არ შეიძლება ხანდაზმულად ჩაითვალოს.

პალატას მიაჩნია, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.