Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3კ-984-02 14 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება, ქონების დაბრუნება და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ბ-ს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. წ-ის მიმართ და მოითხოვა 1998წ. 9 დეკემბრისა და 1999წ. 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება, ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონების დაბრუნება, მორალური ზიანის ანაზღაურება 200000 ლარის ოდენობით.

სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1995 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მოპასუხესთან 1997წ. 22 იანვარს შეეძინათ შვილი ა. წ-ი. თანაცხოვრების პერიოდში 1995წ. 12 ოქტომბერს შეიძინა ქ. ქუთაისში ... 50 მდებარე უნივერმაღის ტიპის სავაჭრო ობიექტი, ხოლო 1995წ. 13 დეკემბერს ასევე შეიძინა ქ. ქუთაისში, ... ¹9 მდებარე მუნიციპალური საწარმო “...” (აბანო ¹...).

1999 წლიდან მხარეთა შორის ფაქტიურად შეწყდა საქორწინო ურთიერთობები, რის გამოც 2000წ. 22 მაისს სარჩელით მიმართა უნგრეთში სენტენდრეს სასამართლოში განქორწინების თაობაზე. დღეისათვის კანონის შესაბამისად განქორწინებულები არიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში მოპასუხე არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა ოჯახის მიმართ და უფრო მეტიც განქორწინების შედეგად მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს შეგნებულად არიდებს თავს, რაც ალიმენტის გადაუხდელობაში გამოიხატება. ასევე მან მეუღლე და შვილი უსახლკაროდ დატოვა, რის გამოც იგი იძულებული გახდა დედის სახლში გადასულიყო საცხოვრებლად.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხის ანგარება და უპასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში იქნა გამოხატული. მან მისი მეუღლე მოტყუებითი და სხვადასხვა ხრიკებით იძულებული გახადა ქ. ქუთაისში შეძენილი ქონება მისთვის ეჩუქებინა. 1998წ. 9 დეკემბერს წარმომადგენლის მეშვეობით მათ შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს აჩუქა ქუთაისში, ... ¹50 მდებარე საცხოვრებელი ფართი, ხოლო 1999წ. 26 ოქტომბერს, როდესაც მათ შორის საქორწინო ურთიერთობები უკვე ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო, მოსარჩელემ აჩუქა ქ. ქუთაისში, ... ¹9 მდებარე საწარმო “...” აბანო ¹... .

განქორწინების თაობაზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე და შემდგომშიც აშკარად გამოვლინდა მოპასუხის უმადურობა და უპატივცემულობა მისი ოჯახის მიმართ, იგი დღემდე შეგნებულად თავს არიდებს მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ალიმენტის გადახდას და ასევე ისინი დატოვა უსახლკაროდ. ამდენად, მოპასუხის უმადური ქმედების გამო ისინი აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხემ სკ-ს 529-ე და 530-ე მუხლების შესაბამისად მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება და ქონების დაბრუნება თავდაპირველი მესაკუთრისათვის.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არასწორია მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცება იმის შესახებ, რომ თითქოს იგი არ იჩენდა მზრუნველყობას ოჯახის მიმართ და თავს არიდებდა დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. მოპასუხე მიუთითებდა განქორწინების შესახებ განჩინებაზე, რომლითაც დადგენილია, რომ 1999წ. ნოემბრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 8616000 ფორინტი, ასევე განჩინების გამოტანის შემდეგ ბავშვზე ალიმენტი წარმოდგენილი ქვითრების მიხედვით ყოველი 3 თვით ადრე არის გადახდილი. მოპასუხე მიუთითებდა, რომ ცოლ-შვილი უსახლკაროდ არ მიუტოვებია, თავად მ. ბ-მ მიატოვა მათი საერთო საცხოვრებელი და მიმართა სასამართლოს განქორწინების თაობაზე. სენტენდრეს სასამართლომ თავისი განჩინებით აღიარა ბინაზე მოპასუხის საკუთრება.

პეშტის საოლქო სასამართლოს დასკვნით მოსარჩელე Mუსსო 286 ტიპის 3 მილიონი ფორინტის ღირებულების ავტომანქანის და სადაჩე უძრავი ქონების მფლობელია, აგრეთვე შპს-ს დირექტორია, მის საკუთრებაში საქართველოში დაფიქსირებულია 300 მილიონი ფორინტის საწესდებო კაპიტალის მქონე შპს “ჯ.”, რომელსაც ჭავჭავაძის პროსპექტზე გახსნილი აქვს საფირმო მაღაზია “კ.”. აქედან გამომდინარე მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილა.

მოპასუხემ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. მისი მოსაზრებით ქორწინების შეწყვეტა და მხარეთა ცალ-ცალკე ცხოვრება ვერ გამოდგება მიყენებული მორალური ზიანის დასტურად.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1995წ. თებერვლიდან 2001წ. 9 მარტამდე მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ. ერთად ცხოვრების პერიოდში 1997წ. 22 იანვარს შეეძინათ ქალიშვილი ა. (დ.) წ-ი.

1995წ. 12 ოქტომბერს მ. ბ-მ შეიძინა ქ. ქუთაისში ... ¹50 მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, ხოლო 1995წ. 13 დეკემბერს კი შეიძინა ქ. ქუთაისში, ... ¹29 მდებარე მუნიციპალური საწარმო “...”.

1998წ. 9 დეკემბერს მ. ბ-მ ა. წ-ს აჩუქა ქ. ქუთაისში ... ¹50 მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, ხოლო 1999წ. 26 ოქტომბერს კი აჩუქა მუნიციპალური საწარმო “...”. ორივე ჩუქების ხელშეკრულება დადებულია უძრავი ნივთის შეძენის წესის დაცვით, დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

2001წ. 9 მარტს ქ. სენტენდრეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ბ-ს სარჩელი და მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ობიექტები მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში იყო შეძენილი და წარმოადგენდა მათ თანასაკუთრებას, ჩუქების ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ კი ა. წ-ის ინდივიდუალური საკუთრება გახდა.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მ. ბ-მ ოჯახის შენარჩუნების მიზნით, მეუღლე რომ მისგან არ წასულიყო აჩუქა სადავო ქონება, ხოლო ბოლო ნივთის ჩუქებიდან ერთი თვის შემდეგ ა. წ-მა ფაქტიურად შეწყვიტა მასთან ცხოვრება და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად მეგობარ ქალთან. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მ. ბ-ს, რაც იმაში გამოიხატა რომ მ. ბ-სთან ცხოვრების პერიოდში სხვა ქალთანაც ცხოვრობდა და მისგან ბავშვსაც ელოდებოდა.

გარდა აღნიშნულისა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ დიდი უმადურობაც გამოიჩინა, კერძოდ, მეუღლე და ქალიშვილი დატოვა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რადგან სრულად არ გადაუხადა სასამართლოს გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ის თანხა, რომელიც იმ ბინის სანაცვლოდ უნდა მიეცა მოსარჩელისათვის, რომელშიც თვითონ დარჩა საცხოვრებლად ე.ი. მოპასუხემ არ შეასრულა კანონით განსაზღვრული მოვალეობა მატერიალურად უზრუნველეყო დამსაჩუქრებელი მის ქალიშვილთან ერთად.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება იმის შესახებ ხანდაზმულობის ვადა უნდა ათვლილიყო 1999წ. ნოემბრიდან, როცა ფაქტიურად შეწყდა მხარეთა თანაცხოვრება, რადგან მოსარჩელე ყოველთვის ცდილობდა შეენარჩუნებინა ოჯახი, ძვირადღირებული ქონებაც აჩუქა მოპასუხეს. მაგრამ როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მოპასუხე მასთან არ იცხოვრებდა, ამიტომ შეიტანა სარჩელი განქორწინების შესახებ. გადაწყვეტილების გამოტანამდე კიდევ შეიძლებოდა მხარეებს ერთად ცხოვრება გაეგრძელებინა, რაც არ ისურვა მოპასუხემ და სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადგინა მათი განქორწინების ფაქტი. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ სკ-ს 525-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადა უნდა ათვლილიყო განქორწინების შესახებ სასამარლოს გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან ე.ი. 2000წ. 29 იანვრიდან|.

მორალური ზიანის – 200000 ლარის ანაზღაურების ნაწილში სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ ცნო.

სასამართლომ გამოიყენა სკ-ს 529-ე, 1160-ე და 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ს სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გაუქმდა 1998წ. 8 დეკემბრის და 1999წ. 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებები და სადავო ნივთები დაუბრუნდა მოსარჩელეს.

მოსარჩელეს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხის წარმომადგენელმა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:

კასატორს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სასამართლომ სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები.

კასატორის მოსაზრებით სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და ქონების დაბრუნების ნაწილში იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან და ურთიერთწინააღმდეგობრივია. სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად ასეთი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რის გამოც იგი აღნიშნულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა ამავე კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება.

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელემ ოჯახის შენარჩუნების მიზნით, მეუღლე რომ არ წასულიყო მისგან მოპასუხეს აჩუქა სადავო ქონება. მოპასუხემ კი ბოლო ნივთის ჩუქებიდან ერთი თვის შემდეგ შეწყვიტა მოსარჩელესთან თანაცხოვრება და საცხოვრებლად გადავიდა კანადაში მეგობარ ქალთან, რითაც მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მოსარჩელეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული და არც საქმის მასალებში მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ქონება აჩუქა რაიმე პირობით, კერძოდ ოჯახის შენარჩუნების მიზნით. თავად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხემ ხრიკებით მიაღწია ჩუქებას. ამასთან, სკ-ს 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

მითითებული ნორმით ჩუქების ხელშეკრულების ძირითად თავისებურებას მისი უსასყიდლო ხასიათი წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. აქედან გამომდინარე მოსარჩელეს არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოპასუხეს შემხვედრი დაკმაყოფილება, კერძოდ, ქონების ჩუქების გამო იგი არ უნდა წასულიყო სახლიდან და გაეგრძელებინა მასთან თანაცხოვრება. ამასთან, დადგენილია რომ თავად მოსარჩელემ მიმართა სარჩელით სასამართლოს და კატეგორიულად მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა.

საქმეში არსებული მასალებით, ასევე განქორწინების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია ორივე მხარის ნება და სურვილი ქორწინების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ გამოიჩინა უმადურობა, რაც გამოიხატა იმაში რომ არ იჩენდა მზრუნველობას ოჯახის მიმართ. საქმეში არსებული მასალებით და უნგრეთის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ჯერ კიდევ სასამართლო წესით განქორწინებამდე ნებაყოფლობით იხდიდა ალიმენტს, დადგენილია ასევე მოსარჩელე თვითონ წავიდა სახლიდან, რომელიც საქორწინო ხელშეკრულების თანახმად წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას და მოპასუხეს საცხოვრებელი ფართის საკომპენსაციოდ მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ნაწილი. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება მოსარჩელის მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

სკ-ს 529-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების საფუძველს აძლევს.

საკასაციო პალატა არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის დასკვნას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა აითვალოს განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. ჩუქების გაუქმების საფუძველი მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ჯერ კიდევ გადაწყვეტილების გამოტანამდე. თავად მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1999წ. ნოემბრიდან მიატოვა იგი და საცხოვრებლად გადავიდა კანადაში მეგობარ ქალთან. ასევე სარჩელში მიუთითებს, რომ მოპასუხე ბოლო ორი წლის განმავლობაში არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა ოჯახის მიმართ. აღნიშნული გარემოებების გამო 2000წ. მაისში მიმართა სასამართლოს განქორწინების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ხანდაზმულობის ვადის დინება უნდა აითვალოს 1999წ. ნოემბრიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 2001წ. 29 ივნისს ე.ი. კანონით გათვალისწინებული ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე კი არის სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ამასთან აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება გამოტანილია კასატორის სასარგებლოდ, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 411-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ა. წ-ის წარმომადგენელის ე. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 მაისის გადაწყვეტილება 1998წ. 8 დეკემბრის და 1999წ. 26 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების და ქონების დაბრუნების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

მ. ბ-ს სარჩელი ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების და ქონების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.