საქმე # 330100123007082557
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1127აპ-23 ქ. თბილისი
კ-ე დ, 1127აპ-23 15 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განაჩენით:
1.1. დ. კ-ძე, - დაბადებული .. წლის .. მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2023 წლის 15 თებერვლიდან.
1.2. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ. კ-ს, პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, სასჯელის მოხდის პარალელურად, დაეკისრა მოვალეობა გაიაროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსისი 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 14:45 საათზე, ქ. თ-ში, ნ.ხ-ის ქუჩა №-ში მდებარე ბინა №..-ში ყოფნისას დ. კ-მ დედას - ლ. გ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადა მასზე. ასევე, აღნიშნული ძალადობისას დ. კ-ე დედას - ლ. გ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა, რაც დ. კ-ს აგრესიულობიდან და ქმედებებიდან გამომდინარე ლ. გ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2021 წლიდან 2023 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში ქ. თ-ში, ნ.ხ-ის ქუჩა №..-ში მდებარე ბინა №..-ში ყოფნისას დ. კ-ე დედას - ლ. გ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილის - ა. კ-ს თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა ლ. გ-ის ფსიქიკურ ტანჯვას. 2023 წლის 15 თებერვალს დაახლოებით 14:45 საათზე, ქ. თ-ში, ნ. ხ-ის ქუჩა №..-ში მდებარე ბინა №..-ში ყოფნისას დ. კ-მ დედას - ლ. გ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, ორივე ხელი მოუჭირა მხრებზე, უნდოდა მისი წაქცევა, ხელებს უჭერდა მხრებზე, ხელებზე, გულმკერდზე; შემდეგ ხელი კრა და მიანარცხა დივანზე; ასევე ხელი მოუჭირა ყელზე, შემდეგ კი პირსა და ცხვირზე და ახრჩობდა. აღნიშნული ძალადობის დროს ლ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნაზი მირიანაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ დ. კ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებულია პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სრულად მოხდასთან.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ დ. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ლ. გ-ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ნ. ს-სა და დ. ქ-ის გამოკითხვის ოქმებით, არასრულწლოვან ა. კ-ის გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო ბარათით, ლ. გ-ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ნ. ს-ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ დ. კ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. კ-ის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: მსჯავრდებულმა დ. კ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, პირველადაა სამართალში, ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. კ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
12. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში განვითარებულ მსჯელობას და მსჯავრდებულის პიროვნებისა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ არსებობდა მსჯავრდებულ დ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით პირობით ჩათვლის საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
13. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშაულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
15. რაც შეეხება პროკურორ ნაზი მირიანაშვილის აპელირებას დაზარალებულის პოზიციაზე, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ლ. გ-ის 2023 წლის 4 მაისის განცხადების შინაარსზე. დაზარალებული ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ არ იქნეს გამოყენებული მკაცრი მიდგომა, გამოიყენონ შეღავათები - ,,შეეფარდოს რეალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, შემდგომი პირობითი მსჯავრის დაკისრებით“. განცხადების შინაარსი ადასტურებს, რომ დაზარალებული თანახმაა დ. კ-ის მიმართ გავრცელდეს შეღავათები, თუმცა სათანადოდ ვერ აცნობიერებს ტერმინოლოგიას, სასჯელის მოხდის რეჟიმს და მიუთითებს როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ასევე პირობითად ჩათვლით, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ცალმხრივად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის დანიშვნისას, დაზარალებულის პოზიცია, სასამართლომ, უნდა მიიღოს მხედველობაში, თუმცა გადამწყვეტი ფაქტორი, ნებისმიერი პოზიციის შემთხვევაში, არის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი