Facebook Twitter

საქმე # 330100122006368299

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1148აპ-23 ქ. თბილისი

თ-ი თ, 1148აპ-23 15 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. თ-ს, - დაბადებულს .. წლის .. აპრილს, - ბრალად ედება ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 8 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, ვ-ის დასახლებაში, ჯ. ლ-ას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „დ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. თ-მა ფეხების რამდენჯერმე ზურგის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა. ბ-ს, რის შემდეგაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 8 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, ვ-ის დასახლებაში, ჯ. ლ-ას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „დ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ქურდობისთვის ნასამართლევი თ. თ-ი აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა. ბ-ის კუთვნილ ,,SAMSUNG A9” მოდელის მობილურ ტელეფონს და ფულად თანხას - 275 ლარს, რის შემდეგაც დაზარალებულს მიადგა 788 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აპრილის განაჩენით:

2.1. თ. თ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. თ. თ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.3. გამართლებულ თ. თ-ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, თ. თ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას თ. თ-ის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისათვის იხილეთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - №404აპ-14, № 453აპ-15, №410აპ-16). სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი - სახელმწიფო ბრალმდებელი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. თ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

8. სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა ა. ბ-მა განმარტა, რომ 2022 წლის 8 სექტემბერს, ი-ში გააჩერა ტაქსი და მძღოლს უთხრა, რომ სურდა ვ-ში წასვლა. მძღოლმა მიუგო, რომ მგზავრობის ღირებულება იქნებოდა 12 ლარი, რაც, მართალია, ეძვირა, თუმცა დათანხმდა და ჩაჯდა ავტომანქანაში. მძღოლი იყო დაახლოებით 30-40 წლის, საუბრობდა ქართულად, თუმცა აშკარად შესამჩნევი იყო აზერბაიჯანული აქცენტი. ვ-ის მე-.. მიკრორაიონში ასვლისას ა. ბ-მა მძღოლს სთხოვა გაეჩერებინა, რაზეც მან უპასუხა - „რა იყო, შეგეშინდაო“. თავად უთხრა, რომ არაფრის შეშინებია. ამის შემდეგ, მძღოლმა განაგრძო გზა და ავიდა მ-ს მთისკენ, თან გზად ვიღაცას ელაპარაკებოდა აზერბაიჯანულად. შუქნიშანს რომ გასცდნენ ავტომანქანაში მესამე პირიც ჩაჯდა. ცოტა ხანში მძღოლი გადმოვიდა თავისი ადგილიდან, გამოაღო მის მხარეს არსებული კარი, სწვდა საყელოში, გადმოაგდო ძირს და დაუწყო წიხლებით მთელი ძალით ცემა, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. იმ მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია, რითიც ისარგებლა მძღოლმა და ხელიდან მოხსნა „სამსუნგის“ ფირმის საათი, ჯიბიდან ამოაცალა საფულე, რომელშიც ედო 280 ლარი და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. იმ დროს ავტომანქანიდან გადმოვიდა უკან მჯდომი, მისთვის უცნობი პირი, რომელმაც მას სრულად დაუბრუნა კუთვნილი ნივთები. ამის შემდეგ მძღოლმა კვლავ ამოაცალა ჯიბიდან მობილური ტელეფონი. იმ მომენტში გახსნა საფულე, თუმცა მასში ფული აღარ იდო. თავდამსხმელს სთხოვა, გზის ფული მაინც დაეტოვებინა. მას 2 ლარიანი და 1 ლარიანი მონეტა დაუტოვეს და მარტო დატოვეს შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულის განმარტებით, მასზე ძალადობა და თავდასხმა ვაზისუბნის ბოლოსკენ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მარტო დატოვების შემდეგ ფეხით წავიდა სასტუმროსკენ. პოლიციას მომდევნო დღის შუადღისას აცნობა მომხდარის თაობაზე. მანამდე საკუთარ მობილურ ტელეფონზე დარეკვა არ უცდია. მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში - საგამოძიებო ექსპერიმენტსა და ამოცნობაში; ამოიცნო თ. თ-ი - პირი, რომელმაც მასზე იძალადა და წაართვა კუთვნილი ნივთები. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ დაბლოკილი მობილური ტელეფონის გათიშვა შეიძლებოდა ერთი ღილაკის მეშვეობით.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას თ. თ-მა წარდგენილ ბრალდებებში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მუშაობს ტაქსისტად. შემთხვევის დღეს, დაახლოებით 21:00-23:00 საათის დროის მონაკვეთში, გათიშული ჰქონდა აპლიკაცია და ავტომანქანით ბრუნდებოდა სახლში. გზად, მეტრო ი-ის მოპირდაპირე მხარეს, მამაკაცმა დაუქნია ხელი, მან გააჩერა მანქანა. აღნიშნული პირი ჩაჯდა ავტომანქანაში. საწყის ეტაპზევე შეთანხმდნენ მგზავრობის ღირებულებაზე - 8 ლარზე. მიუხედავად შეთანხმებისა, საუბრიდან გამომდინარე მიხვდა, რომ მის მიერ დასახელებული თანხა მგზავრისთვის მისაღები არ ყოფილა. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა. ამის გამო, გზად, ვ-ის გზაზე, ავტომანქანა აფთიაქთან გააჩერა და მგზავრს უთხრა გადასულიყო, რაზეც მან უპასუხა: „შენ ვიღაც ხომ არ გგონივარ, მე იცი ვინ ვარ, მიმიყვანე დანიშნულების ადგილზეო“. იმ მომენტში არ სურდა კონფლიქტის მეტად გამწვავება, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მგზავრი ნასვამი იყო და გზა განაგრძო. მიუხედავად თხოვნის შესრულებისა, მგზავრი არ ჩერდებოდა - „მე ვინ ვარ გაგაგებინებ“ და მსგავს ფრაზებს იძახდა. იმ მომენტში გადაწყვიტა შეშინების მიზნით 112-ის სამსახურში დაერეკა, თუმცა მგზავრმა ტელეფონის წართმევა სცადა, ვეღარ მოახერხა ოპერატორთან გასაუბრება, თუმცა მისმა ნათქვამმა, რომ 112-ში რეკავდა, სიტუაცია განმუხტა. მალევე გადმოურეკა 112-ის ოპერატორმა, რომელსაც განუმარტა, რომ შემთხვევით დაერეკა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ არ სურდა დამშვიდებული სიტუაციის გამწვავება. ამის შემდეგ, მგზავრი წაიყვანა მითითებულ მისამართზე. დანიშნულების ადგილზე მისვლისას მგზავრმა უთხრა, რომ ეს არ იყო მისი მისამართი და მოსთხოვა სხვა ადგილზე წაყვანა. მან ავტომანქანა საბოლოოდ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ პუნქტში გააჩერა და მგზავრს უთხრა, გადასულიყო. მგზავრმა მასაც მოსთხოვა ავტომანქანიდან გადასვლა. როდესაც გადავიდა, მგზავრი ხელით წვდა ყელში. თავად მოგერიების მიზნით ხელი აუქნია, რის გამოც იგი წაიქცა. მას ამ დროს დაუვარდა საფულე და სხვადასხვა ნივთი. იმ მომენტში გასაშველებლად მივიდნენ გამვლელები. გამვლელებთან ერთად თავადაც მიუახლოვდა წაქცეულ მამაკაცს და მიაწოდა საფულე. ამის შემდეგ მგზავრი კვლავ ჩაისვა ავტომანქანაში, ჩამოიყვანა გაჩერებასთან, ჩამოსვა და წავიდა სახლში. მომდევნო დღეს, ავტომანქანაში აღმოაჩინა ძირს დავარდნილი მობილური ტელეფონი. მიხვდა, ვისი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავს. არაერთი შემთხვევა ჰქონია, როდესაც მგზავრს მობილური დარჩენია, შემდეგ დაურეკავს და გადაუცია. შესაბამისად, მოლოდინით, რომ ნივთის მეპატრონე დაურეკავდა, ნაპოვნი ტელეფონი ჩართული ედო ავტომანქანაში. დაკავების მომენტში თან ჰქონდა კუთვნილი თანხა - 1020 ლარის ოდენობით.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფიზიკური ძალადობის, ისე ძარცვის ეპიზოდებში თ. თ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად პირდაპირი მტკიცებულების სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ა. ბ-ის ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული მისი ჩვენებისგან დამოუკიდებელი, ნეიტრალური და პირდაპირი ხასიათის ისეთი უტყუარი მტკიცებულებით, რაც მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთობლივად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შექმნიდა თ. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის საფუძველს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი სხვა მოწმე, ასევე წერილობითი მტკიცებულება პირდაპირ არ მიუთითებს უშუალოდ თ. თ-ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.

11. რაც შეეხება პროკურორ ზურა ბაიდოშვილის აპელირებას ამოცნობის ოქმზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ ა. ბ-ის მიერ ამოცნობის ოქმში მითითებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლებელია დადგენილად და დადასტურებულად იქნეს მიჩნეული თ. თ-ის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნული მტკიცებულების ერთადერთი წყარო არის კვლავ დაზარალებული და ამოცნობის ოქმს არ გააჩნია არანაირი დამატებითი მტკიცებულებითი ძალა; ამასთან, შემთხვევის დღეს, ა. ბ-ის მიერ თ. თ-ის ტაქსით მგზავრობისა და დაზარალებულთან გარკვეული კონფლიქტის განვითარების ფაქტს არ უარყოფს თავად გამართლებულიც.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. თ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.

13. დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მიმწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. იმ პირობებში, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღწერილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა ვერ ჰპოვა დადასტურება საქმეზე წარმოდგენილი სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, იგი ვერ გახდება თ. თ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ვითარების აღდგენის შეფასების თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია შემდეგი: თუ გამოვრიცხავთ საგამოძიებო ექსპერიმენტისას ა. ბ-ის მიერ ჩვენების სახით მოწოდებულ ინფორმაციას, მის მიერ ვითარების აღდგენის ნაწილში არ გამოვლენილა რაიმე ისეთი ახალი გარემოება, რაც მანამდე არ იყო ცნობილი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისათვის და რაც მისი ჩვენებისაგან დამოუკიდებლად მიანიშნებდა თ. თ-ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.

14. საქმეში წარმოდგენილ ავტომანქანის ჩხრეკის ოქმთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ამ ოქმით, მართალია, დგინდება, რომ თ. თ-ის კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით, თუმცა, მხოლოდ აღნიშნული ნივთების აღმოჩენა, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერანაირად ვერ გამოდგება თ. თ-ის მიერ დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონისა და ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტის დასადასტურებლად. გარდა ამისა, როგორც თავად გამართლებულმა თ. თ-მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, საფულე და მასში მოთავსებული ფულადი თანხა იყო მისი საკუთრება, ხოლო დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი შემთხვევით იპოვა ავტომანქანის სავარძლებს შორის. მისი ჩვენების სარწმუნოობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ თ. თ-ს დაზარალებულის მობილური ტელეფონი არ გაუთიშავს და მისივე განმარტებით, მობილური ტელეფონის მესაკუთრის ზარს ელოდებოდა ნივთის დასაბრუნებლად, რაც ქმნის ეჭვს იმის თაობაზე, რომ თ. თ-ს ამოძრავებდა ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ჩხრეკის შედეგად ამოღებული საფულისა და მასში არსებული ფულადი თანხის თ. თ-მი კუთვნილებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საფულეში მოთავსებული იყო 155 აშშ დოლარი და 1020 ლარი, რაც ეწინააღმდეგება ა. ბ-ის ჩვენებას, რომლის თანახმად, თ. თ-მა ჯიბიდან ამოაცალა საფულე 280 ლარით.

15. ასევე უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ის“ ჩანაწერთან დაკავშირებით.

16. საკასაციო სასამართლოს აზრით, 2022 წლის 8 სექტემბერს, შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული თ. თ-ის სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმი (უდავო მტკიცებულება) ასევე ვერ იქნება მიჩნეული თ. თ-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ და დამატებით მტკიცებულებად, ვინაიდან ირიბადაც კი ვერ ადასტურებს, რომ თ. თ-მა ფიზიკურად იძალადა დ. ბ-ზე ან აშკარად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ნივთებსა და ფულად თანხას. პირიქით, დასახელებული მტკიცებულება ამყარებს დაცვის მხარის ვერსიის საფუძვლიანობას თ. თ-ის მიერ 112-ში აგრესიული მგზავრის შეშინების მიზნით დარეკვასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა თ. თ-ის მიერ 112-ში დარეკვა. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული გამამამრთლებელი განაჩენის მსგავსად მიიჩნევს, რომ არალოგიკური და არადამაჯერებელია დახმარების სათხოვნელად მოძალადემ დარეკოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტში.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ბრალდების მხარემ საკმარისად მიიჩნია დაზარალებულის ნაამბობი ფიზიკური ძალადობისა და ძარცვის ფაქტებთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ მისი ჩვენება არ იყო გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით. ამ ვითარებაში, საგამოძიებო ორგანომ არ ჩათვალა საჭიროდ გამოეკითხა სასტუმროს ის თანამშრომლები, რომლებიც დაზარალებულის ჩვენების თანახმად, შეესწრნენ ნაცემი, გაძარცვული ალექსანდრე ბეჟანიშვილის სასტუმროში მისვლას და შეეძლოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოეწოდებინათ სასამართლოსთვის. საქმეში არაა წარმოდგენილი ალექსანდრე ბეჟანიშვილის სასტუმროში მისვლის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ასევე არ არის დადასტურებული დაზიანების არსებობის ფაქტი. საქმეში არ მოიპოვება რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა. ბ-ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში განცდილ ტკივილს; ასევე არ არის წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც, ობიექტური ტესტის საფუძველზე, სასამართლოს ტკივილის განცდის შეფასების საშუალებას მისცემდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ამ მოცემულობაში, თ. თ-ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გასაზიარებლად, საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებებისა და მყარი არგუმენტაციის წარმოდგენა, რაც არ მომხდარა.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეჭვისგამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული, სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულადაა თანხვდენილი ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის პოზიციას, თ. თ-ის მიერ დაზარალებულ ა. ბ-ის ცემისა და ძარცვის შესახებ, საფუძვლად არ უდევს უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ბაზა.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, რომ სასამართლომ უგულებელყო დადგენილი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში თ. თ-ის მამხილებელი მტკიცებულებები. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად (რომელიც განამტკიცებს „in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

20. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

22. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი