საქმე # 020100122006583249
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1161აპ-23 ქ. თბილისი
ჯ-ია მ 1161აპ-23 15 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ჯ-ს, - დაბადებულს .. წლის … მაისს, - ბრალად ედება პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს; ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებულის) იძულება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ნოემბრის დასაწყისის პერიოდში, ქ.ზ-ში, მ. ჯ-ია გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გულისხმობს ქალის მიმართ მამაკაცის სტერეოტიპულ მესაკუთრულ დამოკიდებულებას, სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა ხ. ხ-ს და ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას, მ. ჯ-ია ავტომანქანით დაყვებოდა ყველგან, სადაც მიდიოდა და იმყოფებოდა ხ. ხ-ა, არასრულწლოვანი შვილების სკოლაში, სამსახურსა თუ სახლში დაბრუნების დროს; ამასთან, უშუალოდ ხვდებოდა სხვადასხვა ადგილას და პირადად ეკონტაქტებოდა მას, ეუბნებოდა, რომ ცოლად გაყოლოდა. აღნიშნულმა ქმედებებმა ხ. ხ-ს ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, შეუქმნა მ. ჯ-ას მიერ მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რის გამოც შეიცავალა კიდეც ავტომანქანა და საცხოვრებელი სახლი.
· 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით დროის პერიოდში, ქ.ზ-ში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მ. ჯ-ია გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გულისხმობს ქალის მიმართ მამაკაცის სტერეოტიპულ მესაკუთრულ დამოკიდებულებას, ხ. ხ-ს, მიუხედავად მისი კატეგორიული უარისა, სხვადასხვა ადგილას შეხვედრისა და მასთან კომუნიკაციით, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარის გზით, აიძულებდა ცოლად გაჰყოლოდა მას.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენით:
2.1. მ. ჯ-ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. მ. ჯ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 10 ნოემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის ნოემბრის დასაწყისის პერიოდში, ქ. ზ-ში, მ. ჯ-ია გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით, რაც გულისხმობს ქალის მიმართ მამაკაცის სტერეოტიპულ მესაკუთრულ დამოკიდებულებას, სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა ხ. ხ-ს და ამყარებდა მასთან არასასურველ კომუნიკაციას, რაც გამოიხატებოდა მ. ჯ-ს მიერ ავტომანქანით გაყოლით, სადაც მიდიოდა და იმყოფებოდა ხ. ხ-ა, არასრულწლოვანი შვილების სკოლაში წაყვანის, სამსახურში წასვლისა თუ სახლში დაბრუნების დროს; ამასთან, უშუალოდ ხვდებოდა სხვადასხვა ადგილას და პირადად ეკონტაქტებოდა მას. აღნიშნულმა ქმედებებმა ხ. ხ-ს ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, შეუქმნა მ. ჯ-ას მიერ მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რის გამოც შეიცავალა ავტომანქანა და საცხოვრებელი სახლი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მ. ჯ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. მ. ჯ-ს მსჯავრდების ეპიზოდი (საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება):
7.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ს მხრიდან ხ. ხ-ს მიმართ პირადად უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, სისტემატურად, რამაც მისი ფსიქიკური ტანჯვა, ასევე ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში გამოიწვია, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ხ. ხ-სა და მოწმეების - მ. ხ-ს, დ. ჭ-ს, თ. თ-ას, ა. ხ-სა და სხვათა ჩვენებებით, ამოღებისა და დათვალიერების ოქმებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
8. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მ. ჯ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ეპიზოდშიც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ის ჩამონათვალი, რომელიც პროკურორს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებლად აქვს საჩივარში მიმოხილული, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ ადასტურებს მ. ჯ-ს მიერ ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებულის) იძულებას.
9. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282). მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77). ევროპულმა სასამართლომ საქმეში Capeau v. Belgium (იხ. საქმე ,,კაპო ბელგიის წინააღმდეგ,“ N42914/98, 13/01/2005, §25) აგრეთვე მიუთითა, რომ ყოველი მტკიცებულების მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ფონზე და იგი „inter alia” გულისხმობს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ბრალმდებელს.
11. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში კასატორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს მათ შესაბამისობას გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტთან.
12. საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი (ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებულის) იძულების ეპიზოდი):
12.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
12.2. დაზარალებულ ხ. ხ-ს ჩვენების თანახმად, მ. ჯ-ა გაიცნო რამდენიმე წლის წინ. 2012 წელს ზ-ის რაიონის სოფელ ა-ში ჩამოვიდა სამარშუტო ტაქსიდან, რა დროსაც მ. ჯ-მ გააჩერა ავტომანქანა და შესთავაზა სახლამდე გაყვანა, რასაც დაეთანხმა. მეორე დღესაც განმეორდა ანალოგიური ქმედება მ. ჯ-ს მხრიდან, რაც არ მოეწონა და უარი უთხრა მას ავტომანქანაში ჩაჯდომაზე. რამდენიმე წლის შემდეგ მ. ჯ-ს სახლის მოპირდაპირე მხარეს ავტომანქანიდან ჩამოვიდა და ნაგავი გადაყარა, რა დროსაც კვლავ შეხვდა მას, რომელმაც ხელები მაღლა აღაპყრო, პირჯვარი გადაიწერა და თქვა, მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი შემახვედრაო. დაზარალებულის განმარტებით, იმ დღიდან დაიწყო მ. ჯ-მ მასზე ადევნება. მან იცოდა მისი დღის განრიგი და ყველგან ხვდებოდა. ყოველდღე სახლიდან გასვლისა და შემოსვლის დროს ხვდებოდა ქუჩაში, მაგრამ ამისთვის დაზარალებულს ყურადღება არ მიუქცევია. ცხოვრობდა ზ-ის რაიონის სოფელ ახალსოფელში, მაგრამ, მ. ჯ-ს გამო, შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ამჟამად ცხოვრობს ქ. ზ-ში. ასევე შეიცვალა ავტომანქანა, ვინაიდან, მას ცნობდა მ. ჯ-ია და ყველგან დაჰყვებოდა. დაზარალებულის განმარტებით, მ. ჯ-ას მიზანი იყო მისი ცოლი ან საყვარელი გამხდარიყო და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ იყო გათხოვილი და სამი შვილის დედა. მას შემდეგ, რაც მ-მ უთხრა ჩემი უნდა გახდეო, შეეშინდა და მეუღლეს უამბო აღნიშნულის თაობაზე. გარკვეული პერიოდი მეუღლეც დაჰყვებოდა, რათა მ. ჯ-ას არაფერი დაეშავებინა მისთვის. მასთან სამუშაო ადგილზე მიდიოდა მ. ჯ-ა და თანამშრომლების მეშვეობით უგზავნიდა ჩირს, ლობიანს, დაბადების დღეზე ტორტიც მიართვა და მის თანამშრომელს უთხრა, თუ არ გამოართმევდა, ყელს გამოიჭრიდა და თავს მოიკლავდა. 15 სექტემბერს შვილები მიიყვანა სკოლაში, სადაც დახვდა მ. ჯ-ია იმ მიზეზით, რომ ვითომ ვიღაცის ბავშვი მიიყვანა იმავე სკოლაში. შემდგომ გაიგო, რომ მ. ჯ-ია იყო ნასამართლევი და ძალიან შეეშინდა. ერთ დღეს, როდესაც მ. ჯ-ია კვლავ იდგა და უთვალთვალებდა სამუშაო ადგილთან, მისი და - ე. მ-ი მივიდა მ-ნ და ჰკითხა, რა უნდოდა მისი დისგან, რაზეც უპასუხა, რომ არაფერი და მის დას ყველაფერი ეჩვენებოდა. ასევე უთხრა, რომ როგორც მანქანებს იცვლის, ისე გამოიცვალოს ქმარიც არაფერი იქნებაო, რაზეც მოხდა შეხლა-შემოხლა. გამოიძახეს საპატრულო ეკიპაჟი და მ. ჯ-ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი 1 თვით. ის პერიოდი მ. არსად შეხვედრია, ხოლო შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადის გასვლისთანავე კვლავ გამოჩნდა და დაიწყო თვალთვალი. მ. ჯ-ია მას ასევე უგზავნიდა მობილურ ტელეფონზე შეტყობინებებს, რაც წარუდგინა გამომძიებელს. ყოველივე ამის ნიადაგზე მას შეელახა ჯანმრთელობა და დღემდე მკურნალობს.
12.3. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ხ. ხ-მ ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ მ. ჯ-ია მას უთვალთვალებდა და უთხრა, რომ ,,მისი უნდა გამხდარიყო“, თუმცა დაზარალებულს არ განუმარტავს, რაში გამოიხატებოდა ქორწინების იძულება, რა ფსიქოლოგიური თუ მითუმეტეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას მ. ჯ-ია. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლეს მ. ჯ-ას შესახებ უამბო მას შემდეგ, რაც მან უთხრა, რომ ,,მისი უნდა გამხდარიყო“. ამასთან, ბრალდების მხარის კითხვაზე დაზარალებულმა განაცხადა, რომ მ. ჯ-ას სურდა, იგი მისი ცოლი ან საყვარელი გამხდარიყო და არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომ იყო გათხოვილი და სამი შვილის დედა, თუმცა, კონკრეტულად, რა აძლევდა ამის თქმის საშუალებას არ განუმარტავს.
12.4. სასამართლოში საქმის განხილვისას ასევე დაიკითხა მოწმე მ. ხ-ა, რომელმაც განმარტა, რომ ხ-მ აღნიშნული ფაქტის შესახებ უამბო მას შემდეგ, რაც მ. ჯ-ია დაჰყვებოდა ყველგან, უთვალთვალებდა და იყო შეშინებული.
12.5. დაზარალებულის დის - ე. მ-ის ჩვენებით, მ. ჯ-მ მას უთხრა, რომ ხ-ნა, როგორც მანქანას იცვლიდა, ისე შეეცვალა ქმრებიც, თუმცა მასში ხ. ხ-ს მიმართ იძულების მომენტი არ იკვეთება.
13. სახელმწიფო ბრალმდებელი შორენა გვილავა საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ხ. ხ-მ თავის ჩვენებაში აღნიშნა, თითქოს მ. ჯ-ია ეუბნებოდა, მისი გამხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდა რა დაემართებოდა.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ხ. ხ-ას სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ უხსენებია მ. ჯ-ს მიერ ქორწინების იძულების გარემოება, კერძოდ, რომ ეუბნებოდა მისი გამხდარიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახავდა რა დაემართებოდა.
15. საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქორწინების იძულება. აღნიშნული ქმედება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით კრიმინალიზებული იძულების სპეციალური შემადგენლობაა. ზოგადად იძულება ეს არის ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს პირადი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ხოლო საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლით კრიმინალიზებულია პირის იძულება კონკრეტული - ქორწინების - მიზნით. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება პირად ცხოვრებასთან - მათ შორის ქორწინებასთან - დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს თავისი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომელიც მითითებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში და აუცილებელია იძულების ფაქტის დასადგენად.
17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მ. ჯ-ს დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს მის სასარგებლოდ და მ. ჯ-ია გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მ. ჯ-ს ქმედების კვალიფიკაციის, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ. ჯ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1501-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი