Facebook Twitter

საქმე # 140100120003848646

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №802აპ-23 ქ. თბილისი

ა-ი ლ, 802აპ-23 15 დეკემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურორის მოადგილის მორის ჩუბინიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 17:30 საათზე, გ-ში, ა-ის ქუჩის №..-ელის მიმდიბარედ, ნასვამმა ლ. ა-მა, შელაპარაკებისას, თანნაქონი დანა ერთხელ დაარტყა გ. ვ-ს მარჯვენა ხელის არეში, რის შედეგადაც, მან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენით:

ლ. ა-ი, დაბადებული .. წლის .. ოქტომბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. ა-ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განაჩენით:

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია მეფარიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორი, გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ლ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ლ. ა-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად დადასტურებულია და სასამართლომ არასწორად შეაფასა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები.

5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. ამდენად, საკასაციო პალატა ბრალდების მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა შესაბამისად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. განსახილველ შემთხვევაში, პროკურატურა ლ. ა-ს ედავება, რომ მან შელაპარაკებისას თანნაქონი დანა ერთხელ დაარტყა გ. ვ-ს, რითაც მას სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა.

9. საკასაციო პალატა უთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით, ლ. ა-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ვერ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით, ვინაიდან:

10. მართალია, დაზარალებული გ. ვ-ი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ შემთხვევის დღეს, მან ნახა ლ. ა-ი, რომელთან ერთადაც ზ. მ-ან სახლში, საქეიფოდ მივიდა, მაგრამ ამავდროულად, აღნიშნა, რომ ხსენებული ადგილიდან ისინი, დაახლოებით, ერთ საათში წამოვიდნენ. გზაში მოწმემ ლ. ა-ს შესთავაზა, სასმელი კიდევ დაელიათ, რაზეც იგი არ დასთანხმდა და შინ დაბრუნდა. დაზარალებულის განმარტებით, ის კვლავ მივიდა ლ. ა-ან სახლში, მაგრამ კარი არავინ გაუღო. ეზოში ჩასვლისას, მას ფეხი დაუცდა, წაიქცა და სწორედ ამ დროს მიიღო დაზიანება მარჯვენა მკლავზე. მოწმე დანამდვილებით ვერ იხსენებს, რა საგანზე დაეცა, თუმცა, ახსოვს, რომ მარჯვენა მკლავიდან სისხლი წამოუვიდა. საავადმყოფოში მას გამაყუჩებლებს უკეთებდნენ და ვერ იხსენებს, მასთან მისულ მნახველებს რაზე ესაუბრობდა.

11. თავად ლ. ა-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, ხოლო მოწმე ზ. მ-მა, (ესე იგი პირმა, რომელმაც შემთხვევის დღეს ბრალდებულსა და დაზარალებულს უმასპინძლა) აღნიშნა, რომ 7 ივნისს ისინი სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა, როდესაც გ. ვ-ი და ლ. ა-ი სახლიდან გააცილა, საღ გონებაზე იყვნენ. ქეიფის დროს სუფრასთან მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტი არ ყოფილა.

12. ამდენად, როგორც მოწმე ზ. მ-ის, ისე ბრალდებულისა და დაზარალებულის ჩვენება არ მიუთითებს ლ. ა-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

13. რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, კასატორი მიუთითებს, რომ გ. ვ-ს დაზიანება მჭრელი თვისების მქონე საგნით აქვს მიყენებული და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანებიც სწორედ მჩხვლეტავ-მჭრელი ცივი იარაღებია. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ხსენებული საკითხი სასამართლომ არაჯეროვნად შეაფასა. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, მხედველობაში იღებს ბიოლოგიური (გენეტიკურ, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანებზე აღმოჩენილი კვალი არ ეკუთვნის ლ. ა-ს. სხვა შემთხვევაში, არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.

14. შესაბამისად, კასატორის ზემოხსენებული პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ დეტალურად გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები (მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედების ოქმები) და მიაჩნია, რომ ხსენებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ მიუთითებს ლ. ა-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურორის მოადგილის მორის ჩუბინიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი