საქმე # 330100122006153183
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1092აპ-23 ქ. თბილისი
ქ. მ, 1092აპ-23 21 დეკემბერი, 2023 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. მ. ქ-ს, - დაბადებულს --- წლის - აგვისტოს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას - ოჯახის წევრის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2022 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 01:40 საათზე, თ-ში, შ-ს მეორე შესახვევის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მ. ქ-მ შვილს, არასრულწლოვან ნ. ქ-ს მრავალჯერ დაარტყა ხელები სხეულსა და სახეზე, რის შედეგადაც ნ. ქ-მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება სახეზე, ყურის მიდამოში, მუცელზე, კიდურებზე დაზიანებების, ხოლო მარცხენა ლავიწზე მოტეხილობის სახით, რაც დაკავშირებულია ნ. ქ-ს ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განაჩენით:
2.1. მ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზშივე.
2.2. მ. ქ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მარიამ ნიკოლაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენის გაუქმება, მ. ქ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
4.1. გამართლებულ მ. ქ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ჯ. კ-ა და ზ. კ-ა შესაგებლით მოითხოვეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა.
3. საქმის მასალების თანახმად, თავდაპირველად 112-ში შევიდა შეტყობინება ა. ბ-ნ, რომ მასთან სახლში უნდა მივიდეს სიძე მ. ქ. და საპატრულო პოლიციას ქალბატონი იძახებს პრევენციის მიზნით. შემდგომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ა. ბ-ს შეტყობინება და შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის მითითება იმის თაობაზე, რომ ყოფილმა სიძემ - მ. ქ-მ ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვან შვილზე - ნ. ქ-ზე.
4. მოწმე ა. ბ-ს ჩვენებით, მ. ქ. არის მისი ქალიშვილის - ნ. ბ-ს ყოფილი მეუღლე. ისინი ხასიათის შეუთავსებლობის გამო დაშორდნენ ერთმანეთს. მ. ქ-სა და ნ. ბ–ს ჰყავთ არასრულწლოვანი ქალიშვილი - ნ. ქ, რომელიც მასთან ცხოვრობს. ბოლო პერიოდში მ. ქ. ყურადღებას იჩენდა ქალიშვილის მიმართ და ზრუნავდა მასზე, ასევე ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან. 2022 წლის 19 ივლისს, დღის საათებში, ნ. ქ. იმყოფებოდა საბავშვო ბაღში. ამავე დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, მათთან დარეკა მ. ქ-მ, რომელმაც უთხრა, რომ ვერ უკავშირდებოდა ნ. ბ-ს. მან მ. ქ-ს აუხსნა, რომ ნ. მუშაობდა ტურისტულ სააგენტოში და, სავარაუდოდ, საქმიანი შეხვედრის გამო ვერ პასუხობდა. შემდეგ იკითხა, თუ ვინ გამოიყვანდა ბავშვს ბაღიდან, რაზეც უპასუხა, რომ თვითონ გამოიყვანდა. როდესაც შვილიშვილი საბავშვო ბაღიდან გამოჰყავდა, მ. ქ-მ კვლავ დაურეკა მას და ბავშვს უთხრა, რომ როლიკებით გაასეირნებდა. დაახლოებით 21:00 საათზე ისინი იმყოფებოდნენ მ-ს პარკში. შემდეგ წავიდნენ სახლში. მათ ივახშმეს და ბავშვმა დაიძინა. მანამდე ნ-მ დაურეკა მამას და უთხრა, რომ უყვარდა და იძინებდა. ნ. ქ-ს დაძინების შემდეგ, დაახლოებით 10 წუთში, მ. ქ-მ მას დაურეკა და დაემუქრა. მ-ი ამ დროს ზედმეტად მთვრალი იყო. იგი უთიშავდა ტელეფონს, თუმცა მ. ქ. მაინც ურეკავდა. მოწმის ჩვენებით, მისი არაერთი დაჟინებული დარეკვის გამო მან პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია. იგი გამოვიდა სახლიდან ეზოში პატრულის დასახვედრად, რა დროსაც დაინახა, რომ მ. ქ. მათი სახლისკენ გაემართა, ღობეზე გადაძვრა და შევიდა ეზოში, რის შემდეგაც მან ჭიშკარი შიგნიდან ურდულით დაკეტა. ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები. როდესაც მ. ქ-მ კარი გააღო, იგი სწრაფად შევიდა სახლში, რადგან ბავშვის ტირილის ხმა ისმოდა. სახლში შესვლისას მან დაინახა ნ. ქ. რომელსაც ცხვირზე ჰქონდა სისხლი, მისი თვალებიც არ მოეწონა და ამიტომ ჩავარდა პანიკაში, დაიწყო ყვირილი მოკლა, მოკლაო. იგი იმდენად აღელვებული იყო, რომ წესიერად ვერც ნახა ბავშვი. სახლში შევიდნენ პოლიციელებიც, რომლებმაც მოუწოდეს, რომ დამშვიდების მიზნით წამალი დაელია. პატრულმა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მან უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე და ითხოვდა ბავშვის მიხედვას. ამ ინციდენტამდე ბავშვს არანაირი დაზიანება არ ჰქონია. მ. ქ-ს გარდა სახლში ბავშვთან ერთად არავინ ყოფილა. იგი სახლში შესვლისას შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ვეგეტონერვოზი აქვს. ამ შემთხვევამდე მ. ქ-ს ჰქონია აგრესიული საუბარი მეუღლესთან, თუმცა ხშირად არა.
5. მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორის - ლ. რ-ს ჩვენებით, 2022 წლის 19 ივლისს, 21:00 საათზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას თავის მეწყვილე ი. ი--ნ ერთად. 2022 წლის 20 ივლისს, ღამის საათებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მათ მიიღეს შეტყობინება ქ. თ--ში, შ--ს მეორე შესახვევის №--დან. შეტყობინების ინიციატორმა ქალბატონმა ტელეფონზე განაცხადა, რომ სახლის გარეთ შეხვდებოდა მათ, რადგან შეშინებული იყო. ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ ხსენებული ქალბატონი, რომელიც ვარაუდობდა, რომ მისი ყოფილი სიძე მ. ქ. მივიდოდა მის სახლში, რის შემდეგაც, შესაძლოა, მომხდარიყო კონფლიქტი და პრევენციის მიზნით გამოიძახა პოლიცია. შემდეგ, როდესაც ამ ქალბატონმა გადაწყვიტა სახლის ეზოში პოლიციელების შეყვანა, აღმოაჩინა, რომ ეზოს კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. ქალბატონი მიხვდა, რომ მისი სიძე იყო მისული. მათ ა. ბ-ს ტელეფონით დაურეკეს მ. ქ--ს, რომელსაც გამოსვლა და კარის გაღება თხოვეს. მ ქ. მართლაც გამოვიდა, კარი გააღო, იგი ადეკვატურად და ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მშვიდად და ზრდილობიანად საუბრობდა. შემდეგ სახლისკენ გაუძღვა მათ. ეზოში ყოფნისას აღნიშნულმა ქალბატონმა გადაუსწრო ყველას და სახლში შეასწრო, საიდანაც დაიწყო შემზარავი ყვირილი, იგი იძახდა, ,,მიშველეთ, მოკლა მოკლაო“. ისინი სწრაფადვე შევიდნენ სახლში, სადაც დახვდათ პატარა გოგონა, რომელმაც მათ წინაშე მოულოდნელად დაიწყო ტირილი. ბავშვს სისხლი მოსდიოდა ცხვირიდან, იყო გაბურძგნული და ყველაფერს იტკიებდა. მან თავის მეწყვილეს დაუძახა, რომ მ. ქ. არ გაეშვა, რადგან ბავშვმა უთხრა ბებიას - მამამ მცემაო. ასევე ოთახში მდებარე საწოლიც სისხლიანი იყო. მათ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, ბავშვი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ბავშვმა ასევე განაცხადა, რომ მამამ სცემა. მ. ქ. დააკავეს.
6. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმემ, პატრულ-ინსპექტორმა ი. ი-ა და დამატებით განმარტა, რომ მ. ქ-ს ჰქონდა სასმლის სუნი, გარკვეულ პერიოდში კითხვებზე პასუხს სცემდა, თუმცა გარკვეულ პერიოდში იყო არაადეკვატური, ბავშვი იძახდა მამამ მცემაო.
7. პატრულ-ინსპექტორმა გ. უ–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ლ. რ-სა და ი. ი--ს შემდეგ იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა თავის მეწყვილე ე. ბ-ნ ერთად, რა დროსაც მ. ქ. დახვდათ ეზოს ჭიშკართან; იყო მშვიდი და იქცეოდა ადეკვატურად. სიტუაციაში გარკვევის მიზნით მათ მ. ქ-ს სთხოვეს, რომ არ წასულიყო და შეაჩერეს. ცოტა ხანში სახლიდან გაიგონეს ქალბატონის ხმა, რომელიც ყვიროდა, ბავშვი მოკლაო. ლ. რ. და ი. ი. შევიდა სახლში, სადაც დახვდათ ამ ქალბატონის შვილიშვილი, არასრულწლოვანი გოგონა მრავლობითი დაზიანებებით თვალისა და სხეულის არეში, ეტყობოდა ცემის კვალი. ბავშვი არ შემოდიოდა კონტაქტში, ბავშვი ვერ გამოკითხა, რადგან შეშინებული იყო. მათ გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ამის შემდეგ, ბებიის მითითების საფუძველზე, ადგილზე დააკავეს მ. ქ. არასრულწლოვანი ნ. ქ. გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც გამოკითხვისას დაადასტურა, რომ სახლში იყო ჩხუბი, რა დროსაც მთვრალმა მამამ - მ. ქ-მ მას მიაყენა გარკვეული ფიზიკური დაზიანებები. ბავშვს დაზიანებული ჰქონდა თვალის მიდამოები და ჰქონდა მოტეხილობაც. იგი იყო ძალიან შეშინებული და სტრესულ მდგომარეობაში. მ. ქ-მ განაცხადა, რომ ბავშვი წაექცა და უარყო ყველაფერი. ასევე გახდა აგრესიული, რადგან რასაც აბრალებდნენ, ამას არ იზამდა.
8. მოწმე მ. ქ-ს ჩვენებით, არის ბავშვთა ფსიქოლოგი და მუშაობს შპს ,,ა-ში“. 2022 წლის 20 ივლისს, დილის საათებში, მასთან მიიყვანეს 2015 წელს დაბადებული პაციენტი - ნ. ქ. ბავშვი კლინიკაში შეიყვანეს გვიან ღამით. იგი გაეცნო პაციენტის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციას, რომელშიც ეწერა, რომ პაციენტი იყო მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ამას ადასტურებდა ბავშვის დედაც. მას ბავშვის დედასთან არ უსაუბრია, რადგან იმ დროისთვის ჰქონდა კოვიდვირუსი და მალევე წავიდა სახლში. ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უშუალოდ მისგან რაიმე ინფორმაცია არ მიუღია. ბავშვს არ სურდა კონტაქტი, თვალები ჰქონდა დახუჭული და იყო თავის თავში ჩაკეტილი. სტკიოდა მარცხენა ლავიწი, ცხვირიდან სისხლდენის კვალი ეტყობოდა, ასევე აღენიშნებოდა ექსკორიაციები და სილურჯეები კიდურებსა და სახეზე. ეს ყველაფერი გახლდათ სხვადასხვა ფიზიკური ზემოქმედების შედეგი.
9. მოწმე ა. ხ-მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგი. 2022 წლის 29 აგვისტოს, ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოიკითხა დაზარალებული არასრულწლოვანი ნ. ქ, რასაც იგი ესწრებოდა როგორც ფსიქოლოგი. გამოკითხვისას ბავშვი ცდილობდა ყურადღების სხვა საგნებზე გადატანას, მან ისეთი ტერმინებიც ახსენა, რაც მისი ასაკის ბავშვს წესით არ უნდა სცოდნოდა. გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად. გამომძიებელი საკმაოდ ეფექტურად სვამდა კითხვებს. როგორც კი შემთხვევის თაობაზე იწყებდა საუბარს, ნ. ქ. ნელა ლაპარაკობდა და თითოეულ სიტყვას სიფრთხილით არჩევდა. იგი მამაზე საუბრობდა პოზიტიურად და ძირითადად ამართლებდა მის ქმედებებს. მან მოჰყვა თუ როგორ დაიძინა, შემდეგ როგორ გაიღვიძა და კიბეზე როგორ წაიქცა. იგი ამ ყველაფერს ქაოტურად ჰყვებოდა და ზუსტად ვერ იხსენებდა. მან ასევე ახსენა გადახტომის ფაქტიც.
10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №-- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი №--ის ჩანაწერების მიხედვით, ნ. ქ--ს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია 2022 წლის 20 ივლისს, 01:59 საათზე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ნ. ქ-ს აღენიშნება დაზიანებები: ჰემატომა ზედა ტუჩსა და ცხვირზე; გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ექსკორიაციები; სისხლნაჟღენთი და ექსკორიაცია მარცხენა ყურზე. შპს ,,ა--ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №--ის ჩანაწერების თანახმად, ნ-ა ქ. აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2022 წლის 20 ივლისიდან იმავე წლის 22 ივლისამდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით, ნ. ქ-ს აღენიშნება დაზიანებები: ექსკორიაციები/სისხლნაჟღენთები სახის, ორივე თვალბუდის, ორივე ყურის, გულმკერდისა და მუცლის წინა ზედაპირზე (უპირატესად მარცხნივ), სისხლჩაქცევა მარცხენა სკლერაში, ასევე ექსკორიაციები - მარცხნივ ზედა ტუჩისა და ორივე თვალის მიდამოში, მარცხენა ყურის არეში, კანქვეშა ჰემატომა თავის არეში მარცხნივ, სისხლნაჟღენთები და ექსკორიაციები კიდურების არეში. რენტგენოლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა მარცხენა ლავიწის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა ფრაგმენტების ცდომით. ნევროლოგის კონსულტაციით დაუდგინდა თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი. ექსპერტიზის კვალდაკვალ შესწავლილ იქნა 2022 წლის 20 ივლისს გადაღებული რენტგენოგრამა, ნ. ქ-ს CD დისკზე ჩაწერილი მარცხენა ლავიწის ძვლის ,,წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნება მარცხენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა დიაფიზის შუა მესამედში ფრაგმენტების ცდომით. მოტეხილი ფრაგმენტების კიდეები უსწორმასწოროა და არამკვეთრი. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს - 2022 წლის 20 ივლისს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ვინაიდან სამედიცინო დოკუმენტაციებში არ არის აღწერილი ექსკორიაციების, სისხლნაჟღენთების (ჰემატომების), სისხლჩაქცევის მორფოლოგიური სურათი, მათი ხანდაზმულობის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია - ამდენად იზოლირებულად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები თავის ტვინის შერყევისა და მარცხენა ლავიწის ძვლის მოტეხილობის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2022 წლის 20 ივლისის თარიღს და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა სოფიკო ბელქანიამ დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
11. მოწმე ნ. ბ-ს ჩვენებით, მ. ქ. არის მისი ყოფილი მეუღლე. 2022 წლის 20 ივლისს, საღამოს საათებში, სახლში დაბრუნდა, ეზოს გარეთ დახვდა საპატრულო პოლიციის მანქანა, ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. სახლში შესვლისას მისი არასრულწლოვანი შვილი ნ. ქ. იყო ნამტირალევი, ხელს იტკივებდა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა დაზიანებები. ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმის ჩვენებით, საავადმყოფოში მას გაუკეთეს კოვიდ-ვირუსის ტესტი, დაუდგინდა ვირუსი და წავიდა სახლში. საავადმყოფოდან გამოწერისას მან ნ. ქ-ს ჰკითხა თუ რა მოხდა რეალურად. ბავშვმა მიუგო, რომ იმ ღამეს შინ ეძინა, მასთან მივიდა მამა - მ. ქ, რომელმაც იკითხა, თუ სად იყვნენ დედა და ბებია, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცოდა. შემდეგ მ. ქ-ს თ-ს ქუჩაზე მასთან წასვლა შეუთავაზებია. მამამ ზურგზე შეისვა შვილი და დააპირეს სახლიდან გასვლა; ამ დროს მ-ს ბავშვი ხელიდან გაუვარდა და თვითონაც ზემოდან დაეცა. მოწმის განმარტებით, იგი, მართალია, დაშორებულია მ. ქ-ს, თუმცა მამას თავის შვილთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და არასდროს ყოფილა რაიმე ფიზიკური ძალადობის ფაქტი. რაც შეეხება დედამისის მიერ პოლიციის გამოძახების ფაქტს, მოწმის შეფასებით, დედა არის ემოციური ქალი, რომელიც ხშირად უმიზეზოდაც კი რეკავს 112-ში.
12. მ. ქ-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა. საღამოს პერიოდში იყო შესვენებაზე, რა დროსაც ქუჩაში შეხვდნენ მისი ქალიშვილი - ნ. და სიდედრი. შეთანხმდნენ, რომ საქმეებს მალე მორჩებოდა, რის შემდეგაც მივიდოდა მათთან, გაასეირნებდა ბავშვს და როლიკებით გაასეირნებდა. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მას სამსახურში საქმეები გაუგრძელდა და ლუდიც დალია, რის გამოც დროულად ვერ მივიდა შვილთან. იგი სამსახურიდან გამოვიდა დაახლოებით 23:00 საათზე. სიდედრმა დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი მალე აპირებდა დაძინებას, თავად კი სთხოვა, რომ ჯერ არ დაეძინებინა, რადგან მალე მივიდოდა შვილის სანახავად. ადგილზე მისვლისას ეზოს ჭიშკარი დაკეტილი დახვდა, ხოლო გასაღები არ იყო შენახული თავის ადგილზე, რის გამოც ეზოში ღობიდან გადაძვრა. სახლში შესულს, ბავშვის გარდა, არავინ დახვდა, რაც ძალიან გაუკვირდა. მან ნ. ქ-ს უთხრა, რომ ჩაეცვა და წაიყვანდა თავისთან, რაზეც დასთანხმდა; ბავშვი მხრებზე შეისვა და თამაშით ჩამოიყვანა. კიბეებზე გაახსენდა ტელეფონის წაღება და გასაღებით კარის ჩაკეტვა, რა დროსაც ფეხებთან ძაღლი დაეჯახა, ბავშვი ჩამოუვარდა მხრებიდან და მას ზემოდან დაეცა. ამ დავარდნის შედეგად დაზიანებები მანაც მიიღო. როდესაც ბავშვს პირს ჰბანდა, მას ტელეფონზე დაურეკა პოლიციამ და მოითხოვეს ეზოს ჭიშკრის გაღება. კარის გაღებისას იგი პოლიციამ დააკავა.
13. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანი დაზარალებულის ნ. ქ-ს ჩვენება არ გამოკვლეულა, ვინაიდან ის მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და მას, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტისა, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
14. ნ. ქ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად (რომელიც მხარეთა შორის არასადავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული), დაზარალებულმა განმარტა შემდეგი: ,,2022 წლის 20 ივლისს, ღამით ვიყავი სახლში მარტო ბებიასთან, ხოლო დედა იყო დაბადების დღეზე. მე დავიძინე დივანზე. რამდენიმე ხანში ჩემით გამეღვიძა და მომინდა ტუალეტში. წამოდგომისას დავინახე, რომ მამაჩემი მ. ქ. იყო მოსული. იგი იყო გაბრაზებული დედაჩემზე - ნ-სა და ბებია ა-ზე იმის გამო, რომ მისი განმარტებით, მათ დამტოვეს სახლში მარტო. მამა იყო მთვრალი, გაბრაზებული ყვიროდა მათი მისამართით და გამოხატავდა უკმაყოფილებას, თუმცა ჩემთან არ უჩხუბია და არც ცუდი სიტყვები უთქვამს. ცოტა ხანში მამამ მთხოვა წავყოლოდი მეორე სახლში, რაზეც დავთანხმდი. მამამ შემისვა ზურგზე და ჩვენ აჩუ-აჩუთი წავედით, რა დროსაც მამა წაბორძიკდა და ერთად წავიქეცით კიბეზე. წაქცევის შედეგად მე ძლიერ მეტკინა მარცხენა ხელი და ასევე დავარტყი თავი; მამამ ამიყვანა უკან დივანზე, ამ დროს გარედან ისმოდა ბებიას ხმა, რომელიც კარის გაღებას ითხოვდა. მამა წავიდა და გააღო კარი, მოვიდა ბებიაც; როდესაც მნახა, თუ რა მჭირდა სახესა და სხეულზე, ბებია აკივლდა და დაუძახა პოლიციას. ასევე მოვიდა სასწრაფოს დახმარების ექიმი და წამიყვანეს საავადმყოფოში. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მამას ჩემთვის არ დაურტყამს და არ უგინებია. მე ვერ ვიხსენებ, ვინმესთვის მეთქვა იმის თაობაზე, თუ რა დამემართა. მამაჩემი იყო მთვრალი და, ალბათ, ამიტომ წაბორძიკდა კიბეზე, რის გამოც ჩვენ წავიქეცით, მერე მამა დამეცა ზედ; შემდეგ ამიყვანა დივანზე, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმები არ გამოუძახებია და ჩემთვის სისხლი არ მოუწმენდია. მამასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, მას არ ჰქონია ჩემთვის რამის დაშავების სურვილი. არ მახსოვს ექიმებს ეკითხათ მომხდარის თაობაზე და არც ის მახსოვს, თავად მომეყოლა ვინმესთვის, თუ საიდან მაქვს დაზიანებები“ (ტ.1.ს.ფ. 268-271).
15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმად მ. ქ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
16. მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე №397აპ–14), რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის, მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე, ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას - ოჯახის წევრის მიმართ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არცერთი მოწმე არაა უშუალოდ მომხდარის თვითმხილველი. შესაბამისად, არცერთი ჩვენება პირდაპირ არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შვილზე - ნ. ქ-ზე, მამამ - მ. ქ-მ ფიზიკურად იძალადა. თავად დაზარალებულ ნ. ქ-ს ჩვენებითაც არ დასტურდება მ. ქ-ს ბრალეულობა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით.
19. დაზარალებულ ნ. ქ-ს გამოკითხვის ოქმის შინაარსის თანახმად, რაც თანხვდენილია მ. ქ-ს ჩვენებასთან, ბავშვმა დაზიანებები მიიღო მამის მიერ ნ. ქ-ს ზურგზე შესმისა და შემდეგ მასთან ერთად კიბეზე წაქცევის შედეგად. მოწმე ნ. ბ--მა თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ როგორც შვილისაგან მისთვის ცნობილია, როდესაც იგი მამამ ზურგზე შეისვა და დააპირა სახლიდან გასვლა, ხელიდან გაუვარდა და თვითონაც ზემოდან დაეცა. დაზარალებულის დედისა და ბებიის ჩვენების თანახმად, მ. ქ-ს შვილთან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და არასდროს უძალადია მასზე. იგივე დაადასტურა თავად ნ. ქ-მ.
20. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ნ. ქ-ს დაზიანებები მიაყენა მ. ქ-მ მისი ცემის შედეგად. მართალია, ჩამოთვლილთაგან რამდენიმე ჩვენება ირიბად უთითებს მ. ქ-ზე, მაგრამ ამ ჩვენების ავტორები ან ვერ ასახელებენ ასეთი ინფორმაციის ანდა, დასახელების შემთხვევაში, თვითონ წყარო არ ადასტურებს მას.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ პასუხობს მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა მ. ქ-ს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს აკისრებს გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდებულის ბრალეულობის დასაბუთების ვალდებულებას .... ხშირ შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების მხოლოდ კრიტიკული შეფასების გზით (რაც დასტურდება სარჩელში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებითაც) და უკავშირდება დაცვის მხარის მიერ კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ქმნის გონივრულ ეჭვს ბრალდების დასაბუთებულობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N1/1/650,699 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-28, 42).
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადად აცხადებს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია მ. ქ-ს მიერ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების გაუფრთხილებლობით მიყენების ფაქტის დასადასტურებლად. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა. ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.
25. არასრულწლოვანი დაზარალებულის - ნ. ქ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2022 წლის 20 ივლისს, ღამით, მამა იყო მთვრალი და გაბრაზებული, თუმცა მასთან არ უჩხუბია და არც ცუდი სიტყვები უთქვამს. მამამ სთხოვა მეორე სახლში წაყოლა, რაზეც დასთანხმდა. მან ბავშვი შეისვა ზურგზე და აჩუ-აჩუთი წავიდნენ, მაგრამ უეცრად მამა წაბორძიკდა და ერთად წაიქცნენ კიბეზე, მერე მამა ზედ დაეცა. წაქცევის შედეგად ძლიერად ეტკინა მარცხენა ხელი და დაარტყა თავი.
26. მოწმე ა. ხ-მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგი. 2022 წლის 29 აგვისტოს, ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოიკითხა დაზარალებული არასრულწლოვანი ნ. ქ. გამოკითხვისას იგი ესწრებოდა, როგორც ფსიქოლოგი. ბავშვი მამაზე საუბრობდა პოზიტიურად და ძირითადად ამართლებდა მის ქმედებებს. მან მოჰყვა, თუ როგორ დაიძინა, შემდეგ როგორ გაიღვიძა და კიბეზე როგორ წაიქცა.
27. მოწმე ნ. ბ-ს ჩვენებით, საავადმყოფოდან გამოწერისას მან ნ. ქ-ს ჰკითხა, თუ რა მოხდა რეალურად, რაზეც ბავშვმა მიუგო, რომ იმ ღამეს სახლში ეძინა, მასთან მივიდა მამა - მ. ქ, რომელმაც იკითხა თუ სად იყვნენ დედა და ბებია, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცოდა. შემდეგ მ. ქ-ს თ--ს ქუჩაზე მასთან წასვლა შეუთავაზებია. მამამ ზურგზე შეისვა შვილი და დააპირეს სახლიდან გასვლა; ამ დროს მ–ს ბავშვი ხელიდან გაუვარდა და თვითონაც ზემოდან დაეცა.
28. მ. ქ-მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მან ნ. ქ-ს უთხრა, ჩაეცვა და წაიყვანდა თავისთან, რაზეც დათანხმდა. შემდეგ ბავშვი მხრებზე შეისვა და თამაშით ჩამოიყვანა. კიბეებზე გაახსენდა ტელეფონის წაღება და გასაღებით კარის ჩაკეტვა, რა დროსაც ფეხებთან ძაღლი დაეჯახა, ბავშვი ჩამოუვარდა მხრებიდან და მას ზემოდან დაეცა.
29. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ნასვამმა მ. ქ-მ ზურგზე შეისვა არასრულწლოვანი შვილი - ნ. ქ, არ გაითვალისწინა წინდახედულობის ნორმა და ის მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც ასეთ პირობებში, შესაძლოა, დამდგარიყო. რეალურად ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მ. ქ-ს ქმედებას აფასებს დაუდევრობად, რაც მის ქმედებას გაუფრთხილებლობითი დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებში მოაქცევს.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ქ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, რომლითაც არასრულწლოვან ნ. ქ-ს მიადგა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით.
31. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. ქ-ს მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულად, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551,3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამდენად, სსკ-ის მე-111 მუხლის ჩამონათვალში არ არის საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლი.
32. საკასაციო სასამართლოს მიერ მ. ქ--სათვის შეფარდებული სასჯელი:
32.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ „სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
32.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (ნასამართლობის არმქონე), პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
32.3. საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე.
32.4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის პრევენციის, ბრალდებულის რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს ჯარიმა - 2000 ლარი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2022 წლის 20 ივლისიდან 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მარიამ ნიკოლაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის გამამართლებელი განაჩენი.
3. მ. ქ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორიათასი) ლარი.
4. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2022 წლის 20 ივლისიდან 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით მ. ქ. გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
5. ნივთიერი მტკიცებულებები:
· ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაუბრუნდეს მ. ქ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· დაზარალებულის ტანსაცმელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
· ისტორიის დასკვნები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი