საქმე # 330141223007702906
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №50I -23 5 დეკემბერი, 2023 წელი
ჩ-ე ზ. N50I -23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. 2023 წლის 10 აგვისტოს, მსჯავრდებულმა ზ. ჩ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გავრცელება.
1.2. პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ჩ-ე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1961 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებს ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით:
ზ. ჩ-ის მიერ ჩადენილი ქმედება – საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე; საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე; საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე;
მსჯავრდებულ ზ. ჩ-ეს საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-9 პუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
1.4. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N28/02/01 განკარგულებით ზ. ჩ-ე შეწყალებულ იქნა და საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად განესაზღვრა – 2032 წლის 24 ივნისი.
1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა ზ. ჩ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 პუნქტზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინება სხვა, მათ შორის – საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. ჩ-ეს 1/4-ით შეუმცირდა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის განკარგულებით განსაზღვრული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი – 2032 წლის 24 ივნისი და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღად დაუდგინდა – 2028 წლის 22 ნოემბერი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი.
2.2. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ზ. ჩ-ე უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულია, მის მიმართ არ გამოიყენება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლი, რადგან ეს უკანასკნელი ითვალისწინებს მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შემცირების შესაძლებლობას. ამასთან, სასამართლომ, შესაბამისი პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, ზ. ჩ-ის მიმართ ხსენებული კანონის არც ის ნორმები გაავრცელა, რომლებიც უშუალოდ უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს მიემართება.
3. კასატორის მოთხოვნა:
3.1. მსჯავრდებულმა ზ. ჩ-ემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გავრცელება, კერძოდ, სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღის შემცირება 75 დღით.
3.2. კასატორის განმარტებით, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შედეგად განჭვრეტადი გახდა მისთვის შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთის დასასრული, რამაც უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, შესაძლებელი გახადა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მის მიმართ გავრცელება, ანალოგიურად უნდა გადაწყდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენების საკითხიც.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, მათ შორის, კასატორის მიერ მითითებული 2023 წლის 14 მარტის N81-23 განჩინება მიემართება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შემთხვევებს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც სასჯელის სახედ შეფარდებული ჰქონდათ უვადო თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით განესაზღვრათ სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი.
4.3. გასათვალისწინებელია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი უშვებდა უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ ამნისტიის გავრცელებისა და სასჯელის შემცირების შესაძლებლობას, თუმცა, ეს უკანასკნელი პრაქტიკულად აღუსრულებადი იყო, ხსენებული სასჯელის ბუნებიდან გამომდინარე.
4.4. ზემოაღნიშნულ საქმეებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით (იხ. 2023 წლის 14 მარტის N81-23, 2023 წლის 20 მარტის N141-23, 2023 წლის 23 მაისის N291-23 განჩინებები), მართალია, შეწყალების აქტით მსჯავრდებულებს სასჯელის სახე – უვადო თავისუფლების აღკვეთა არ შეცვლიათ, თუმცა, პრეზიდენტის განკარგულებით სასჯელმა მიიღო პროგნოზირებადი სახე და განჭვრეტადი გახდა მისი მოხდისაგან გათავისუფლების თარიღი, რის გამოც, უზენაესმა სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის აღსრულება და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს ¼-ით შეუმცირდათ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი.
4.5. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, იმისთვის, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს შეუმცირდეთ დანიშნული სასჯელი, აუცილებელია შემდეგი ორი პირობის კუმულაციურად არსებობა:
ა) ცნობილი უნდა იყოს უვადო თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი;
ბ) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებული დებულებები უნდა მიემართებოდეს, მათ შორის, უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებსაც.
4.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორის მიერ გამოსაყენებლად მიჩნეული ნორმა, კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ცალსახად და არაორაზროვნად ითვალისწინებს მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შემცირების შესაძლებლობას. კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად: „2020 წლის 5 მარტიდან 2021 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის სახით შეფარდებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მიზნით მყოფ მსჯავრდებულს აღნიშნული სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდეს 75 დღით“.
4.7. ცხადია, რომ ზემოაღნიშნული დებულება არ მიემართება უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებს და არ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთის შემცირების შესაძლებლობას, რის გამოც, განსახილველი შემთხვევა განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი და საკასაციო საჩივარში მითითებული, ზემოთგანხილული პრაქტიკისაგან, რა დროსაც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი არ კრძალავდა უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ სასჯელის შემცირების შესაძლებლობას.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N28/02/01 განკარგულებით და შემდგომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით ზ. ჩ-ეს დაუდგინდა უვადო თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების კონკრეტული თარიღი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის გავრცელებისა და გათავისუფლების თარიღის 75 დღით შემცირების შესაძლებლობას.
4.9. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის მე-3 და მე-6 მუხლები ადგენენ სპეციალურ დებულებებს უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთათვის, რაც, შესაბამისი პირობების არსებობისას, გულისხმობს საქართველოს სსკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილით (უვადო თავისუფლების აღკვეთისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება) ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით (უვადო თავისუფლების აღკვეთის შეცვლა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით) გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადების (20 წლისა და 15 წლის) ერთ შემთხვევაში – შემცირებას, ხოლო, მეორე შემთხვევაში – მოხდილად ჩათვლას. თუმცა, აღნიშნული ნორმები გამოყენებადია იმ უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მოუხდიათ საქართველოს სსკ-ის 721-ე მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი სასჯელის მინიმალური ვადები.
4.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე