Facebook Twitter

საქმე # 340100121004709931

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №641აპ-23 4 დეკემბერი, 2023 წელი

ნ-ი ჯ., №641აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ:

1.2. ე. ნ- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

1.3. ჯ. ნ- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

1.4. ჯ. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

1.5. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნატო ტორიაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ე. ნ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო ჯ. ნ-ს – საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ასევე, მათთვის სასჯელის განსაზღვრა შესაბამისი სანქციის ფარგლებში.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, დადგენილად არ მიიჩნია ე. ნ-სა და ჯ. ნ-ს მიერ, წინასწარი შეთანხმებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მათზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული პირის – ყ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-ში, მათ სარგებლობაში არსებულ ფერმაში საცხოვრებლად მისული ა. ფ-ის მიმართ ტრეფიკინგის ჩადენა – ადამიანის მოტყუებით მიღება მისი ექსპლუატაციის მიზნით (რაც ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, გამოიხატა მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებით – ანაზღაურების გარეშე საქონლის მოვლა-პატრონობის იძულებით, პასპორტის ჩამორთმევით, თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნის მიზნით სხვადასხვა დროს ჩადენილი ძალადობით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაუწევლობით, საცხოვრებლად საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში განთავსებით), რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა.

2.2. იმავდროულად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ნ-მა, 2021 წლის მარტის დასაწყისში, ა. ფ-ის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც გამოიხატა დაზარალებულის სახისა და გულმკერდის არეში ხელების, ფეხებისა და ხელკეტის დარტყმით. თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს არ დაუდასტურდა ტრეფიკინგის ჩადენა და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვერ დადგინდა დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიზეზობრივი კავშირი მის გარდაცვალებასთან, სააპელაციო სასამართლომ ჯ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. პროკურორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეების – ბ. ვ-ის, ზ. კ-ის, ე. უ-ის, ზ. ბ-ის, ნ. გ-ის, ე. მ-ის, მ. მ-ის, ვ. ს-ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ჩხრეკის ოქმებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ე. ნ-ისა და ჯ. ნ-ის მიერ ა. ფ-ის მიმართ ძალადობა, მისთვის მძიმე საცხოვრებელი პირობების შექმნა, ანაზღაურების გარეშე შრომის იძულება, საკვების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. ნ-ისა და ჯ. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და ჯ. ნ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ამავე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ე. ნ-სა და ჯ. ნ-ს ბრალად ედებათ ა. ფ-ის მოტყუებით მიღება და მისი ექსპლუატაცია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა.

4.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ადამიანით ვაჭრობის) ქმედების შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი – პირის ექსპლუატაცია, მათ შორის, მოიაზრებს მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით, დაზარალებულის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენებას, რასაც ბრალდების მხარე ედავება ე. და ჯ. ნ-ებს და რაც გულისხმობს პირისთვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, როდესაც ის ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა, ამ პირზე დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება კი, შეიძლება, გამოწვეული იყოს, მათ შორის, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ქმედებებით – პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის (პასპორტის) ჩამორთმევით, თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიხატოს ბრალად წარდგენილი ძალადობრივი ქმედებების ჩადენითა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების შექმნით (ამ შემთხვევაში – საქონლისათვის განკუთვნილ სადგომში საცხოვრებლად მოთავსებით, სამედიცინო დახმარების გაუწევლობით).

4.5. საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ა. ფ-ი იმყოფებოდა ე. ნ-ისა და ჯ. ნ-ის სარგებლობაში არსებულ ფერმაში და ეხმარებოდა მათ.

4.6. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1431-ე მუხლით პირთა მსჯავრდებისათვის, მნიშვნელოვანია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგინდეს, ერთი მხრივ, ე. ნ-ისა და ჯ. ნ-ის მიერ ა. ფ-ის მოტყუებით მიღების ფაქტი, ხოლო, მეორე მხრივ, ე. და ჯ. ნ-ებზე დამოკიდებულების განმაპირობებელი ზემოაღნიშული გარემოებების არსებობა, რის გამოც, ა. ფ-ს არ შეეძლო შეეცვალა არსებული მდგომარეობა და უარი ეთქვა სამუშაოს (ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ანაზღაურების გარეშე საქონლის მოვლა-პატრონობის) შესრულებაზე.

4.7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშავს, რომ ვინაიდან მოწმე რ. ს-მა (ა. ფ-ის მამინაცვალი) უარყო ე. ნ-თან რაიმე შეთანხმება, დადასტურებული არ არის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება – ჯ. ნ-ისა და ე. ნ-ის მიერ ა. ფ-ის მამინაცვალის მოტყუება დაზარალებულის საცხოვრებლად მიღების, მისთვის სათანადო პირობების შექმნისა და მისი მატერიალურად უზრუნველყოფის შესახებ.

4.8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს პროკურორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. ფ-ის მიმართ ძალადობა, მისთვის მძიმე საცხოვრებელი პირობების შექმნა, ანაზღაურების გარეშე შრომის იძულება, საკვების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა.

4.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ: მართალია, მოწმედ დაკითხული პირები ადასტურებენ ა. ფ-ს სხეულზე სიცოცხლის პერიოდში დაზიანებების არსებობას, თუმცა, მოწმეთა ჩვენებები არაინფორმატიულია დაზიანებების წარმოშობის გარემოებების დადგენის თვალსაზრისით. იმავდროულად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმეთა ჩვენებების იმ ნაწილს, სადაც აღწერილია ა. ფ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის შესახებ, რადგან აღნიშნული ინფორმაცია, ერთი მხრივ, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო, მეორე მხრივ, არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია დაზიანებების გამომწვევ მიზეზებთან მიმართებით. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ ა. ფ-ს საქონლის მოვლა-პატრონობას მის მიმართ ჩადენილი ძალადობით აიძულებდნენ.

4.10. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება ა. ფ-ის მიერ ანაზღაურების გარეშე მუშაობა, რადგან დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებით, ნ-ები მას აძლევდნენ რძის ფულს და ე. ნ-მა ხბოც აჩუქა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ გაწეული შრომისთვის ანაზღაურების მიღება არ წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს და არ გამორიცხავს პირის ქმედების ტრეფიკინგად კვალიფიკაციას, თუ, დასტურდება პირის მონობის ჩანამედროვე პირობებში ჩაყენების განმაპირობებელი სხვა გარემოებები.

4.11. რაც შეეხება დაზარალებულისათვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და გადაადგილების კონტროლს, მოწმეები, რომლებმაც სხვადასხვა დროს პირადად ნახეს ა. ფ-ი და ჰქონდათ მასთან კომუნიკაცია, აღნიშნულ გარემოებას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მას თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არ ჰქონია.

4.12. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს ა. ფ-ისათვის პასპორტის ჩამორთმევის შესახებ და აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოების დასადასტურებლად საკმარისი არ არის ხსენებული დოკუმენტის ნ-ების საცხოვრებელი სახლიდან ამოღების ფაქტი. როგორც დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, დაზარალებულის პასპორტი ნ-ების საცხოვრებელ სახლში მიიტანეს რ. ა-ის სახლიდან (რომელიც ა. ფ-ის საცხოვრებელიც იყო), მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა მოითხოვა გარდაცვილი ა. ფ-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.13. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდების მხარის არგუმენტს ა. ფ-ის საცხოვრებელი პირობების შესახებ და აღნიშნავს, რომ, მართალია, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ა. ფ-ი იმყოფებოდა განცალკევებით, მწყემსებისთვის მოწყობილ ცელოფნის სადგომში, თუმცა, მოწმეები არ ადასტურებენ უშუალოდ საქონლის სადგომში მისი ცხოვრების ფაქტს. რაც შეეხება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას დაზარალებულისათვის საკვების მიღების შეზღუდვის შესახებ, ვინაიდან პირის ბრალდების შესახებ დადგენილება არ შეიცავს ამ ქმედების აღწერას, სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას.

4.14. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დასტურდება ჯ. ნ-ისა და ე. ნ-ის მიერ ა. ფ-ის მოტყუებით მიღება და მისი ექსპლუატაცია, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყდა ბრალდებულთა სასარგებლოდ.

4.15. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არ დადასტურდა ჯ. ნ-ის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ჩადენა და იმავდროულად, ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა ა. ფ-ის სხეულზე არსებული დაზიანებების მიზეზობრივი კავშირი მის გარდაცვალებასთან, პროკურორის მოთხოვნა ჯ. ნ-ის ქმედების (2021 წლის მარტის ძალადობის ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) დაკვალიფიცირების შესახებ საფუძველს მოკლებულია.

4.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე