Facebook Twitter

საქმე N 330100122005885652

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №799აპ-23 1 დეკემბერი, 2023 წელი

ა-ი დ., №799აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ დ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. მ–სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ა–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ი) 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2022 წლის 19 მარტს, ღამით, ქ. თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი დ. ა–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, მის მიერ უკანონოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას. გ. ჯ–ს ოპერაციისას ამოღებული ერთი ტყვია ბალისტიკური ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად, არის ქარხნული წესით დამზადებული 5,6 მმ კალიბრიანი რგოლური აალების ვაზნის, საბრძოლო მასალის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 5,6 მმ კალიბრიანი იარაღის ლულიდან.

1.3. 2022 წლის 19 მარტს, ღამით, ქ. თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. მ–მ, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მარცხენა დუნდულოს არეში სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიაყენა გ. ჯ–ს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით:

დ. ა–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

დ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

დ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N.......... გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N.......... გადაწყვეტილებით ჩათვლილია პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ გამოირიცხა გ. ჯ–სის ოპერაციისას ამოღებული ტყვიის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ა–ი, 2022 წლის 19 მარტს, ღამით, თ--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ატარებდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ და შენახულ არა – ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, არამედ – სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. ამასთან, სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, დაადგინა, რომ დ. მ–მ, იარაღის გამოყენებით, მარცხენა დუნდულოს არეში სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიაყენა გ. ჯ–ს.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. მსჯავრდებულ დ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – შ. მ–მ და ნ. ბ-მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ მოითხოვა დ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, ხოლო მსჯავრდებულ დ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – შ. მ–მ და ნ. ბ-მა მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. ბრალდების მხარის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებებით) დასტურდება, რომ დ. ა–ს ხელში ეჭირა მომცრო ზომის პისტოლეტი და არა – სანადირო იარაღი. ამასთან, მსჯავრდებულის მიერ სანადირო იარაღის ფლობა არც ვიდეოჩანაწერიდან იკვეთება, რის გამოც, პროკურორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დ. ა–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა.

4.2. დაცვის მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან იგი ემყარება მოწმე პოლიციელთა და დაცვის თანამშრომელთა არასანდო, მათ შორის – ირიბ ჩვენებებს. საქმეში არ მოიპოვება დ. ა–ს მიერ იარაღის ფლობისა და ამ იარაღიდან გასროლის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ადვოკატთა მოსაზრებით, მამხილებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება ვერც ფარული აუდიო ჩანაწერი, რადგან არ მომხდარა მასში მოსაუბრე პირების იდენტიფიცირება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, დადასტურებულად მიაჩნია დ. ა–ს მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებისა და ამ იარაღის გამოყენებით, გ. ჯ–სათვის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანების მიყენების ფაქტები. თუმცა, არ იზიარებს მსჯავრდებულის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, თვითმხილველ მოწმეთა – ა. ო-ის, დ. მ-ს, ზ. გ-ის, გ. ა-ისა და დ. ო-ის ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი ჩვენებები, სადაც დეტალურად არის გადმოცემული 2022 წლის 19 მარტს, ღამით განვითარებული მოვლენები.

5.4. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ 2022 წლის 19 მარტს, კონფლიქტი დაიწყო კლუბ „.....“, მოგვიანებით კი გაგრძელდა ბ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ......ს ძეგლის მიმდებარედ, რაც დასრულდა გასროლით. მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან და აღნიშნეს, რომ სწორედ ამ გასროლის შემდეგ, მოწინააღმდეგე მხარეს არსებული ხუთკაციანი ჯგუფიდან ერთ-ერთი პირი, რომელიც იყო წელს ზემოთ შიშველი, წელზე/საჯდომზე (დუნდულოს მიდამოში) იკიდებდა ხელს. მათ მოგვიანებით შეიტყვეს, რომ აღნიშნული მამაკაცი იყო დაჭრილი. როგორც საქმეში არსებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დასტურდება, ზემოაღნიშნულმა მოწმეებმა ამოიცნეს დ. ა–ი, რომელიც, მათი განმარტებით, 2022 წლის 19 მარტს მონაწილეობდა კონფლიქტში და რომელმაც გაისროლა იარაღიდან. მოწეებმა ასევე ამოიცნეს წელს ზემოთ შიშველი მამაკაცი – გ. ჯ–ე, რომელიც დ. ა–ს მიერ იარაღიდან გასროლის შემდეგ, ხელს იკიდებდა საჯდომზე და რომელმაც გასროლის შედეგად, მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

5.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია კონფლიქტის დაწყების, განვითარების, დ. ა–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან გასროლისა და შემდგომ, წელს ზემოთ შიშველი მამაკაცის მიერ საჯდომის არეში ხელის მოკიდების ფაქტებთან მიმართებით. მოწმეებმა თანმიმდევრულად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მათი ჩვენებებითა და საქმეში არსებული ამოცნობის ოქმებით ცალსახად დასტურდება დ. ა–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნიდან გ. ჯ–ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი. მოწმეთა ჩვენებები ასევე გამყარებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც ადასტურებს შემთხვევის ადგილზე კონფლიქტის არსებობას და შედეგად, წელს ზემოთ შიშველი მამაკაცის ჯანმრთელობის დაზიანებას.

5.6. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოწმეთა ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობას და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შესაბამისობაშია, როგორც ერთმანეთთან, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც, დაცვის მხარის პოზიცია ხსენებულ მოწმეთა ჩვენებების არასანდოობის შესახებ, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოწმეები, კერძოდ: დ. მ-ი, ზ. გ-ე, გ. ა-ი და დ. ო-ე არიან კლუბ „.... დაცვის თანამშრომლები, ხოლო ა. ო-ი - კლუბ „------- მენეჯერი. ამდენად, ისინი არიან სრულიად მიუკერძოებელი, ნეიტრალური პირები, საქმის შედეგისადმი ყოველგვარი დაინტერესების გარეშე. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მიერ მათი ჩვენებების მოწმე პოლიციელთა ჩვენებების რანგში განხილვა და ამ გზით მათ სანდოობაში ეჭვის შეტანა, მით უფრო, რომ თვით პოლიციელთა ჩვენებებიც კი, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებად მიიჩნევა და არ არსებობს რაიმე წინასწარ დადგენილი სტანდარტი პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისადმი იმთავითვე მცირე ან თუნდაც გადაჭარბებული მნიშვნელობის მისანიჭებლად.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, იმის შესახებ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, თითქოს, ემყარება მოწმე პოლიციელების ჩვენებებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ პოლიციელები ადასტურებენ მათ მიერ ან მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორეს და არა - სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, მათი ჩვენებები არარელევანტურია დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ვითარებისა და მისი მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით, ხოლო ჩვენებათა ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ დანაშაულის ფაქტს შეეხება, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია მისი გაზიარების შესაძლებლობას. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორედ ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით არ დაუდეს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს პოლიციელთა ჩვენებები.

5.8. ზემოაღნიშნულ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები შესაბამისობაშია სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 15 აპრილს N....... დასკვნის შედეგთან, რომლის თანახმად, პაციენტის სამედიცინო ბარათის მონაცემების მიხედვით, გ. ჯ–მ 19.03.2022 წელს, 04:54 საათზე მიმართა შპს „.............ს სახ. ............ ცენტრს“ და დაესვა დიაგნოზი: მარცხენა დუნდულოს მიდამოს შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, მარჯვენა თეძოს შიგნითა არტერიის ტოტების დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, პოსტჰემორაგიული ანემია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დაზიანება განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

5.9. ასევე, საგულისხმოა, რომ 2022 წლის 19 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, გ. ჩ-გან (მიმღების ექიმი) ამოიღეს გ. ჯ–ს სხეულიდან ამოღებული ტყვიის გულა, მოწითალო ფერის ლაქებით.

5.10. ზემოთგანხილული მტკიცებულებების (თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების) მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია დ. ა–ს მიერ, იარაღიდან გასროლით, გ. ჯ–სისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.11. რაც შეეხება დ. ა–ს მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, შეაფასებს ბრალდების მხარის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებას, რაც უკავშირდება სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. ა–ს მფლობელობაში არსებული იარაღის სახის განსაზღვრას.

5.12. საქმეში არსებული საქართველოს შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 20 მარტის N........ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ტყვია არის ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ კალიბრიანი რგოლური აალების ვაზნის, საბრძოლო მასალის შემადგენელი ნაწილი, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისათვის. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 5,6 მმ კალიბრის იარაღის ლულიდან.

5.13. საგულისხმოა, რომ ექსპერტიზის დასკვნით კატეგორიულად ვერ დადგინდა, თუ რომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს გ. ჯ–ს ოპერაციისას ამოღებული ტყვია. ექსპერტმა ნ. ლ-მ, მის მიერ მიცემულ ჩვენებაში, გამორიცხა ამ გარემოების დადგენის შესაძლებლობა და განმარტა, რომ ტყვია, შესაძლოა, გასროლილი ყოფილიყო ყველა ტიპის იარაღიდან, რომელსაც გააჩნია ხსენებული კალიბრის ლულა, მათ შორის, ქარხნული წესით დამზადებული პისტოლეტიდან, რევორველიდან (ბარბნიანი), კომბინირებული სანადირო (გარდა გლუვლულიანი) თოფებიდან.

5.14. ამდენად, ვინაიდან ექსპერტმა არ გამორიცხა ექსპერტიზაზე წარდგენილი –გ. ჯ–ს ოპერაციისას ამოღებული ტყვიის სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შესაძლებლობა, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს დ. ა–ს მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტი.

5.15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტს იმის შესახებ, რომ თითქოს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება დ. ა–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროკურორის მიერ მითითებული მოწმეთა ჩვენებები არაინფორმატიულია მსჯავრდებულის მფლობელობაში არსებული იარაღის სახის დადგენის თვალსაზრისით. კერძოდ, მოწმეები ადასტურებენ მსჯავრდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის ფლობას, თუმცა, ვერ აკონკრეტებენ იარაღის სახეს. ამასთან, პროკურორის მიერ მითითებული გარემოება, რომ ვიდეოჩანაწერშიც არ ჩანს მსჯავრდებულის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა, ვერ გააქარწყლებს სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას.

5.16. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას, თუმცა არ ეთანხმება ქმედების სამართლებრივ შეფასებას ზემოაღნიშული კვალიფიკაციით, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.17. სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილად მიიჩნია დ. ა–ს მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარება, მსჯავრდებულის ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვისათვის, ხოლო კვალიფიკაციის მიღმა დატოვა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

5.18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამავე მუხლით დანაშაულის საგნად მიჩნეული ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღის, მათ შორის - სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის, ხოლო აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ქმედება – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარება, ჩადენილი ამავე მუხლის მე-3, მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, განაპირობებს ქმედების კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

5.19. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ. მ–მ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ტარება ჩაიდინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლობის პირობებში. შესაბამისად, დ. ა–ს ქმედება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

5.20. რაც შეეხება მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციას სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვისათვის, საგულისხმოა, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილი მოიცავს მხოლოდ ამავე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და არ მოიაზრებს ამავე მუხლის პირველ ნაწილს – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას. შესაბამისად, დ. ა–ს მიერ სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა ვერ იქნება მოცული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც, მსჯავრდებულის ქმედება საჭიროებს დამატებით კვალიფიკაციას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

5.21. მიუხედავად ზემოთთქმულისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. ა–ს ბრალად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა) და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარება) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირის მიერ – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, დ. ა–სათვის ბრალად წარდგენილი კვალიფიკაცია სრულად მოიცავდა ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ინკრიმინირებულ ქმედებებს – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარებას. თუმცა, სასამართლოს მიერ დანაშაულის საგნად სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მიჩნევა, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის რედაქციის გათვალისწინებით, იწვევს პირის ქმედების კვალიფიკაციას დანაშაულთა ერთობლიობით – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ტარების ნაწილში) და ამავე მუხლის პირველი ნაწილით (შეძენა, შენახვის ნაწილში).

5.22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გასცდეს ბრალდების ფარგლებს და ბრალად წარდგენილი ქმედების (იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარების) დანაშაულთა ერთობლიობით დაკვალიფიცირებით გააუარესოს პირის სამართლებრივი მდგომარეობა, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ა–ს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

5.23. რაც შეეხება მსჯავრდებულისთვის სასჯელის განსაზღვრას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თერთმეტ წლამდე.

5.24. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს დ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს. კერძოდ, ჩადენილია საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, მომეტებული საშიშროების მქონე დანაშაული, რაც, თავის მხრივ, არა მარტო ხელყოფს საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, არამედ მნიშვნელოვნად ამაღლებს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესაძლო ხელყოფის საფრთხეს. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ა–ს ნასამართლობა, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს, რის გამოც, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის სავალდებულო წესით გამკაცრების საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა შეეფარდოს მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ერთი მხრივ, სრულად შეესაბამება ჩადენილი ქმედების საშიშროებასა და ხასიათს, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

5.25. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებულ სასჯელს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია სასჯელის სახედ და ზომად ადგენდა სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას), სააპელაციო სასამართლომ, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის (ჩადენილია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება იარაღის გამოყენებით), დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზნის მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა პროპორციული და სამართლიანი სასჯელი, გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 531-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დ. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. მ–სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის საკასაციო საჩივარის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

4. დ. ა–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 27 აპრილის N.... გადაწყვეტილებით დ. ა–სათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

8. დ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2022 წლის 20 მარტიდან. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ. ა–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;

10. ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას;

11. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე