Facebook Twitter

საქმე N 010142223701402120

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №35აგ-23 14 დეკემბერი, 2023 წელი

ნ-ე ნ. 35აგ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენით მხარეთა შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ნ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 000 ლარი.

1.2. 2023 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენის ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა.

1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

1.4. 2023 წლის 16 ნოემბერს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება.

1.5. კასატორის პოზიციით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ: თ. გ–ს, ნ. ს–ს, ქ. კ–ს, ლ. ს–ს, ხ. ღ–ს, მ. ტ–ს, შ. ყ–ს, ზ. მ–ს – ჩვენებები არ წარმოადგენს ახლადგამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან თითოეული ამ მტკიცებულების არსებობის შესახებ იმთავითვე ცნობილი იყო მხარეებისთვის. უფრო მეტიც, უშუალოდ ნ. ნ–ე, მისი მეუღლე და ოჯახის ახლობელი პირები იმთავითვე დაკითხულნი იყვნენ ნ. ნ–ს მსჯავრდების საქმეზე ან, სულ მცირე მხარეებისათვის ცნობილი იყო ამ პირების ჩვენებების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ. რაც შეხება პოლიციელებს, ცნობილი იყო, რომ მათ მოცემული საქმის ფარგლებში შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ როდესაც განაჩენის გამოტანიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მოწმეები გამოძიებას აწვდიან არსებითად განსხვავებულ ინფორმაციას - აღნიშნული წარმოადგენს ახალ გარემოებას, ხოლო მათი სასამართლოს მხრიდან გაუზიარებლობა ცალსახად დაუსაბუთებელია.

1.6. კასატორს მიაჩნა, რომ 2014 წლის 21 თებერვლის განცხადების საფუძველზე, დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებები, ეწინააღმდეგება ნ. ნ–ს მსჯავრდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. განაჩენის გამოტანისას ზემოხსენებული მტკიცებულებები სასამართლოსთვის უცნობი იყო, რადგან მოწმეთა ნაწილმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ნ. ნ–ს მიმართ 2008 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გამოტანისას ცნობილი არ იყო. კერძოდ, ირკვევა, რომ ნ. ნ–ს ბინის ჩხრეკა ჩატარებულია საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დარღვევით და რეალურად მის საცხოვრებელ ბინაში არ ინახებოდა ის ნარკოტიკული საშუალება რისი შენახვისთვისაც განმცხადებელი იქნა გასამართლებული. ბრალდების მხარის განმარტებით, არსებობს ვარაუდი იმისა, რომ, ხსენებული ინფორმაციის საწყის ეტაპზევე შესწავლის და სასამართლოში გამოკვლევის პირობებში, ნ. ნ–ს მიმართ დადგებოდა არსებულისგან განსხვავებული განაჩენი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

2.1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ შუამდგომლობა სისხლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად არ არის დაყენებული ან დაუსაბუთებელია, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით დაუშვებლად ცნობს მას.

2.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომელიმე ახალი გარემოების არსებობა, რაც საფუძვლად დაედებოდა განაჩენის გადასინჯვას.

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

2.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა კუმულაციურია და იურიდიული შედეგის დადგომა დაკავშირებულია ორი პირობის ერთდროულად არსებობასთან. კანონის უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს, რომ სასამართლოსთვის წარდგენილი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ უნდა იყოს ცნობილი და, ამავდროულად, თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად უნდა ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის დროს, შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია დაუსაბუთოს სასამართლოს, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არის ახალი და ამასთან, გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო მისთვის ცნობილი.

2.7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის ახალი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ ნ. ნ–ს მიერ ნარკოტიკების ფლობის შესახებ 2008 წლის 16 სექტემბრის ცნობა, ნ. ნ–ს ბინის ჩხრეკის ოქმი, ნ. ს-საგან ავტომანქანის ამოღების ოქმი, ნ. ნ–ს, ნ. ს–ს, თ. გ–ს და ლ. ს–ს ჩვენებები განთავსებული იყო ნ. ნ–ს მსჯავრდების №090080718 სისხლის სამართლის საქმეში. საქმის მასალებით ასევე დადგენილი იყო, რომ პოლიციის თანამშრომლებს: ხ. ღ–ს, მ. ტ–ს, შ. ყ–ს და ზ. მ–ს შემხებლობა ჰქონდათ საქმის გამოძიებასთან. საქმის განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები თუ გარემოებები და მხარეთა მიერ წარდგენილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

2.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პოზიცია იმის შესახებ, რომ ახალი გამოძიების პირობებში, №74212214808 სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს არ უნდა იქნეს გაზიარებული.

2.9. საკასაციო სასამართლოს აზრით არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე