Facebook Twitter

საქმე N 330100123006833175

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1051აპ-23 13 დეკემბერი, 2023 წელი

ა–ნ ა., №1051აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც–ს, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ა–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, ეჭვიანობის ნიადაგზე და იმ მოტივით, რომ თითქოსდა ნ. ა–ს არ ჰქონდა აივანზე, მეუღლის ნებართვის გარეშე გასვლის უფლება და მის სრულ მორჩილებაში უნდა ყოფილიყო, 2022 წლის ნოემბრის თვეში, დაახლოებით 10 ნოემბერს თ–ში, ..........ში, დ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას ა. ა–მა მეუღლეზე, ნ. ა–ზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, ა. ა–მა ნ. ა–ს ყელის არეში მოუჭირა ორივე ხელი, რის გამოც ნ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩინებითა და მესაკუთრული დამოკიდებულებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, იმ მოტივით, რომ თითქოსდა ნ. ა–ს არ ჰქონდა ოჯახში რაიმე სახის გადაწყვეტილების მიღების უფლება, არ შეეძლო მეუღლის ნებართვის გარეშე ტანსაცმლის შეძენა და ჩაცმა, საოჯახო საქმიანობის განხორციელება, მრწამსის თავისუფლად არჩევისა და ლოცვის უფლება, შვილისთვის სკოლის შერჩევის უფლება და მის ვალდებულებას წარმოადგენდა მეუღლის უსიტყვო მორჩილება, ა. ა–ი, 2022 წლის, დაახლოებით, 13 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, თანაცხოვრების პერიოდში, თ–ში, ..........ში, დ–ს ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას სისტემატურად – ყოველდღიურად, მეუღლეს – ნ. ა–ს მათი არასრულწლოვანი შვილების, მათ შორის, მ. ა–სის, თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო, ბილწი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით, უყვიროდა, ლანძღავდა, რაც ნ. ა–სათვის იყო შეურაცხმყოფელი, მორალურად დამამცირებელი და იწვევდა მის ტანჯვას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენით, ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ა. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ა–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის, კერძოდ – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 1 სექტემბერს მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ა–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის, კერძოდ – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, ა. ა–სთვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. დაცვის მხარემ მთელი რიგი მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, უდავოდ მიიჩნია. ა. ა–ი იმ პერიოდში, როდესაც მისი საქმის განხილვა მიმდინარეობდა არ იმყოფებოდა საქართველოში. ამასთან, მან ნაწილობრივ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას მეუღლესთან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებები: ის არ არის ნასამართლევი წარსულში და მის მიმართ არასდროს ყოფილა გამოტანილი შემაკავებელი ორდერი, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არის უცხო ქვეყნის მოქალაქე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლომ ა. ა–ს განუსაზღვა სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ასევე, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში ა. ა–ს ბრალად წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო შესაბამისი მუხლებით, რის გამოც დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. რაც შეეხება მოტივს – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობას გათვალისწინებულია სასჯელის დანიშვნის დროს.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე, 531-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა.

5.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ა–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც–ს, საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე