საქმე N 330100121004360055
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1013აპ-23 15 დეკემბერი, 2023 წელი
ბ–ი ს., №1013აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ბ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2019 წლის სექტემბრიდან მ. ტ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს. ბ–თან და მეუღლეები ცხოვრობდნენ თ-ში, ა.ქუჩაზე მდებარე თავიანთ დროებით საცხოვრებელ ბინასა და თ–ში, ბ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში. თანაცხოვრების დაწყებიდან 2020 წლის 9 დეკემბრამდე დროის შუალედში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ს. ბ–ი სისტემატურად, ფსიქოლოგიურად ძალადობს მეუღლეზე - მ. ტ–ზე, კერძოდ, სისტემატურად აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებს, ამცირებს, უშვერი სიტყვებით მიმართავს, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი განიცდის ტანჯვას და თავს გრძნობს დამცირებულად.
1.3. 2019 წლის აგვისტოში, ზ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში, უსაფუძვლო მიზეზით, ს. ბ–მა მეუღლეს - მ. ტ–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ: სახის არეში ხელი დაარტყა. ს. ბ–ს ქმედების შედეგად, მ. ტ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2020 წლის 2 დეკემბერს, თ–ში, ბ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინა №..-ში, უსაფუძვლო მიზეზით, ს. ბ–იმა ორსულ მეუღლეს - მ. ტ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ყელის არეში ხელი ძლიერად მოუჭირა და, ამავე ვითარებაში, ხელის და ფეხის არეში ხელი დაარტყა. ს. ბ–ს ქმედების შედეგად, მ. ტ–იმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ს. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის განაჩენით, ს. ბ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის აგვისტოს ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ს. ბ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 2 აგვისტოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა მედეა ცირამუამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ს. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3.3. გამართლებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ვ–მა, წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით უტყუარად ადასტურებენ ს. ბ–ს ბრალეულობას. დაზარალებულმა მ. ტ–მა სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებით და მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც არ გამორიცხავს ს. ბ–ს ბრალეულობას. დაზარალებულის ქცევა მიმართულია მეუღლის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისკენ. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ს. ბ–ს ბრალეულობა, კერძოდ: მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო მ. ტ–ს შეტყობინების საფუძველზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ს. ბ–თან. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი, რაც გამოიხატებოდა ს. ბ–ს მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით. ს. ბ–ი ხშირად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა მის შეზღუდვას. 2020 წლის ნოემბრიდან ს. ბ–სთვის ცნობილი იყო მისი ორსულობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 2 დეკემბერს, თ–ში, ბ–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში ს. ბ–მა ჩხუბი დაუწყო, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, სწვდა ყელში, ახრჩობდა და უჭერდა ხელებს, გაშლილ ხელს გამეტებით ურტყამდა სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. კონფლიქტისას მოახერხა ძალადობის მცირედი ფაქტები კუთვნილი მობილური ტელეფონით დაეფიქსირებინა, გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს ძალადობა. ასევე, კომუნიკაცია დაამყარა დასთან - თ. ტ–სთან, რომელმაც სახლში წაიყვანა. მიღებული სტრესისა და ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ბავშვის შენარჩუნება ვერ შეძლო. მ. ტ–ს განცხადებას ერთვის შპს „კლინიკა ნ–ს“ 2020 წლის 2 დეკემბრით დათარიღებული სამედიცინო დოკუმენტი, რითაც დასტურდება მ. ტ–ს ორსულობის ფაქტი. 2020 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, დაზარალებულის ორსულობის ფაქტი დასტურდება მოწმეების - თ. ს–ს და მ. ს–ს ჩვენებებით. ამასთან, თ. ს–მ დამატებით მიუთითა, რომ 2020 წლის დეკემბერში დაუკავშირდა მ. ტ–ი. სატელეფონო კომუნიკაციისას მას მ. ტ–მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეუღლესთან კონფლიქტი ჰქონდა. მოგვიანებით დაფიქსირდა ორსულობის შეწყვეტის ფაქტი. კასატორის მითითებით, ს. ბ–ს მამხილებელი მტკიცებულებებია მოწმეების - ა. ტ–ს, თ. ტ–ს, მ. ნ–ს, ლ.-გ–ი ბ–ს ჩვენებები, ასევე, მ. ტ–ს მონაწილეობით ჩატარებული მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი და ორი ჩანაწერი. დანაშაულების გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა კი, დასტურდება თავად ბრალდებულ ს. ბ–ს განმარტებებით. გარდა ამისა, 2019 წლის ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე მ. ნ–ს ჩვენებით, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წელს მ. ტ–თან და ს. ბ–თან ერთად იმყოფებოდა ა–ში, სწორედ იქ შეესწრო მ. ტ–სა და ს. ბ–ს კონფლიქტს, რის შემდეგაც მისთვის მ. ტ–სგან ცნობილი გახდა, რომ ს. ბ–მა დატოვა ა–ა და თ–ში დაბრუნდა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ს. ბ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა მ. ტ–მა (ყოფილმა მეუღლემ) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, ს. ბ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.4. მოცემულ შემთხვევაში მოწმე ა. ტ–ს ჩვენებით, ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს მივიდა მ. ტ–თან. დაზარალებულმა მათ დას - თ. ტ–ს მისწერა შეტყობინება, რომლითაც მისვლა და წამოყვანა სთხოვა. თ. ტ–სმა მისვლა ვერ შეძლო და დაზარალებულთან თვითონ წავიდა. მისი იქ ყოფნისას, ბრალდებულს და დაზარალებულს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონიათ. ის და მ. ტ–ი ერთად წამოვიდნენ ს. ბ–ს სახლიდან. იქ ყოფნისას ს. ბ–ითან და მ. ტ–ითან მომხდარის შესახებ არ უსაუბრია. მისი და, მ. ტ–ი, იმ პერიოდისთვის ორსული იყო. მომხდარიდან მესამე ან მეოთხე დღეს შეწყდა ორსულობა. მითითებული გარემოებები დაადასტურა მოწმე თ. ტ–მაც. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები, ა. ტ–ი და თ. ტ–ი, მიუთითებენ მხოლოდ 2020 წლის 2 დეკემბრის შემთხვევაზე, რომლის შესახებაც ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები წარდგენილი ბრალდების სხვა ეპიზოდების ირგვლივ არაინფორმაციულია. მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ს. ბ–ს მხრიდან დაზარალებულზე სისტემატური შეურაცხყოფისა და 2020 წლის 2 დეკემბერს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, წარმოდგენილი არ არის, თავად დაზარალებულს კი სასამართლოში ჩვენება არ მიუცია. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა.
5.5. რაც შეეხება მოწმეების, თ. ს–სა და მ. ს–ს ჩვენებებს, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება, 2020 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, მ. ტ–ს ორსულობის ფაქტი, რაც არ წარმოადგენს სადავო ფაქტობრივ გარემოებას. მ. ტ–მა მათთან ისაუბრა მეუღლესთან არსებულ კონფლიქტზე, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ამდენად, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი, იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მოწმეები ადასტურებენ ს. ბ–ს მიერ, მეუღლის, მ. ტ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტებს. მათი ჩვენებები, ს. ბ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დადასტურების თვალსაზრისით, არაინფორმაციულია, ამ ეპიზოდში ისინი, ისევე როგორც - ა. ტ–ი და თ. ტ–ი, ეყრდნობიან მ. ტ–ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რაც მათი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს.
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.8. მოწმე ლ.-გ. ბ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში ს. ბ–სა და დაზარალებულს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. მოწმის განმარტებით, მხარეები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს. მან კატეგორიულად გამორიცხა ს. ბ–ს მხრიდან რაიმე სახის ფიზიკური ძალადობა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ლ.-გ. ბ–ს ჩვენებით, შეუძლებელია, დადგინდეს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე მ. ნ–ს ჩვენებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2019 წელს, ა–ში ყოფნისას შეესწრო მ. ტ–სა და ს. ბ–ს შორის არსებულ სიტყვიერ კონფლიქტს, რის შემდეგაც ს. ბ–ი დაბრუნდა თ–ში. გამომწვევი მიზეზი მისთვის უცნობია. ფიზიკურ შეურაცხყოფას, კი ადგილი არ ჰქონია. ამდენად, ზემოაღნიშნული მოწმე არ ადასტურებს 2019 წელს ს. ბ–ს მიერ მ. ტ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
5.10. კასატორის მიერ მითითებული დაზარალებულის 2020 წლის 18 დეკემბრის განცხადების თანახმად, მ. ტ–ი აღწერს ს. ბ–ს მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და 2020 წლის 2 დეკემბრის ფიზიკური ძალადობის ფაქტს, ასევე განცდილ ემოციებს. განცხადებაში საუბარი არ არის 2019 წლის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდზე. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ განცხადება შედგენილია დაზარალებულ მ. ტ–ს მიერ, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. მართალია, დაზარალებული განცხადებით აღწერს განცდილ ემოციებს, თუმცა მითითებული ინფორმაცია არის მწირი და არ ასახავს სავარაუდო შეურაცხყოფის ფაქტებს შორის ინტერვალს, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც გაამყარებდა შეტყობინებაში მითითებულ ინფორმაციას და დაადასტურებდა, ს. ბ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი, წარმოდგენილი არ არის.
5.11. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმზე, რომლითაც ირკვევა, რომ გამომძიებელმა დაზარალებულის მონაწილეობით დაათვალიერა, მის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავს 2020 წლის 2 დეკემბერს, საღამოს საათებში, მ. ტ–სა და ს. ბ–ს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს. აღნიშნული მტკიცებულების შინაარსიდან აშკარაა, რომ მხარეები სიტყვიერად უპირისპირდებიან ერთმანეთს. ბრალდებული დაზარალებულს მიმართავს აგრესიულად. ეუბნება შეურაცხმყოფელ სიტყვებს. დაზარალებული იწყებს ტირილს და მიმართავს ს. ბ–ს, რომ თავი დაანებოს. ს. ბ–ი გადის ოთახიდან და კონფლიქტიც სრულდება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება, გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება მხარეებს შორის არსებული სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა კადრში არ ჩანს ფიზიკური ძალადობა, რაც მოცემული სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული ვიდეოჩანაწერები არარელევანტურია სისტემატური შეურაცხყოფისა და 2019 წლის აგვისტოში განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებთან მიმართებით.
5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე